საქმე №ას-1608-2022 28 თებერვალი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო.კ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.10.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ო.კ–ის“ მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 02.05.2013 წლიდან, ძირითადი თანხისა და სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4224 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 28.04.2011 წელს ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდსა“ (გამსესხებელი) და შპს „თ.ფ.ი–ბს“ (მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 11 000 000 ლარი არაუგვიანეს 2013 წლის პირველ მაისამდე. 16.10.2012 წელს შპს „თ.ფ.ი–ბს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ო.კ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“).
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2014 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს დაეკისრა 28.04.2011 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 14 080 000 ლარის ოდენობით, დარიცხული პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 14 080 000 ლარის 0.03%-ის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 000 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.11.2016 წლის განჩინებით ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო მოსარჩელე.
2.3. ზემოხსენებული დავის ფარგლებში არ ყოფილა განხილული ხელშეკრულების 3.5 პუნქტით (მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გამსესხებლისათვის სრული ოდენობით დაუბრუნებლობის შემთხვევაში, მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.03%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) გათვალისწინებული მზარდი პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი, რომელიც მოპასუხეს უნდა დაეკისროს 02.05.2013 წლიდან (ვალდებულების შესრულების უკანასკნელი დღე - 01.05.2013წ.) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4224 ლარის ოდენობით, ძირითადი თანხისა და სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდამდე.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ დაყენებული ყველა მოთხოვნა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია, მათ შორის პირგასამტეხლოს ნაწილშიც. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება მართლაც შეიცავს დათქმას პირგასამტეხლოს შესახებ და აღნიშნულის თაობაზე სასამართლომ იმსჯელა ჯერ კიდევ 27.03.2014 წლის გადაწყვეტილებაში. სასამართლომ განიხილა სარჩელი, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ პირგასამტეხლო იყო. მოსარჩელის მიერ გამოყენებული ტერმინი „მზარდი“ არ არის ნახსენები არც ხელშეკრულებასა და არც თავდაპირველ სარჩელში. ხელშეკრულების 3.5 პუნქტი ვერ შეიძენს ახალ შინაარსს. ამდენად, მოთხოვნა განმეორებითაა დაყენებული იმავე საფუძველზე.
3.2. გარდა ამისა, მოთხოვნა ხანდაზმულია. ხელშეკრულება დადებულია 28.04.2011 წელს და მისი შესრულების ბოლო ვადა დადგა 01.05.2013 წელს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადამ დინება დაიწყო სწორედ 01.05.2013 წლიდან. პირველი სარჩელი შეტანილ იქნა 17 ივლისს, შესაბამისად, ამ დროიდან შეჩერდა ხანდაზმულობის ვადა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 28.01.2015 წელს, მას შემდეგ, რაც გავიდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ვადა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადამ დინება განაგრძო 28.01.2015 წლიდან. სარჩელი წარმოდგენილია ხანდაზმულობით დადგენილი სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.07.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.10.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
6.1. 28.04.2011 წელს ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდსა“ და შპს „თ.ფ.ი–ბს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 11 000 000 ლარი არაუგვიანეს 2013 წლის პირველ მაისამდე.
6.2. 16.10.2012 წელს შპს „თ.ფ.ი–ბს“ შეეცვალა სახელწოდება წინამდებარე დავის მოპასუხის საფირმო სახელწოდებით.
6.3. მოპასუხეს არც ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში და არც დღეის მდგომარეობით არ აქვს შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
6.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2014 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს დაეკისრა 28.04.2011 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა - 14 080 000 ლარის ოდენობით, დარიცხული პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის (14 080 000 ლარის) 0.03%-ის ოდენობით და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2014 წლის №2/10200-13 გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 28.04.2011 წლის სესხის ხელშეკრულებით ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდმა“ მოპასუხეს ასესხა 11 000 000 ლარი 2013 წლის პირველ მაისამდე;
- სესხი იყო სარგებლიანი. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრებოდა შემდეგნაირად: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების სესხის მინიმალურ წლიურ საპროცენტო განაკვეთს დამატებული წლიური 4%;
- მსესხებლის მიერ სესხისა და სარგებლის ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში მსესხებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა.
6.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.12.2014 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2014 წლის გადაწყვეტილება.
6.6. მოსარჩელე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.11.2016 წლის განჩინებით ჩართულ იქნა ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ უფლებამონაცვლედ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2014 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 15.06.2017 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
6.7. 28.04.2011 წლის სესხის ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გამსესხებლისათვის სრული ოდენობით დაუბრუნებლობის შემთხვევაში, მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.03%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.8. 28.04.2011 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნების ნაწილში მოსარჩელე წარმოადგენს ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ უფლებამონაცვლეს.
6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 27.03.2014 წლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვალდებულების არსებობასთან მიმართებით განსახილველი დავისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობისაა და დამატებით კვლევას არ საჭიროებს. წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელე 28.04.2011 წლის სესხის ხელშეკრულების 3.5 მუხლზე დაყრდნობით მოითხოვს მოპასუხისთვის დამატებით პირგასამტეხლოს დაკისრებას, 02.05.2013 წლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4224 ლარის ოდენობით, ძირითადი თანხისა და სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდამდე. მითითებული მოთხოვნის საპირისპიროდ, მოპასუხე მიუთითებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე, მიმდინარე სააღსრულებო წარმოებასა და გადაწყვეტილებით უკვე აღიარებულ ვალდებულებაზე, რაც მოპასუხის შეფასებით, გამორიცხავს დამატებითი სამართალწარმოების განხორციელებას იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხი უკვე შეფასებული და გადაწყვეტილია. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევს სარჩელის ხანდაზმულობას.
6.10. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 128.1, 129.1, 144.1, 130-ე მუხლებით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით. პალატის მითითებით, სადავო ხელშეკრულება დადებულია 28.04.2011 წელს და მისი შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 01.05.2013 წელი. ამდენად, ხანდაზმულობის ვადამ დინება დაიწყო სწორედ ამ დროს (01.05.2013წ.). თავდაპირველი სარჩელი წარდგენილია 17.07.2013 წელს, რაც სსკ-ის 139-ე მუხლის თანახმად, განაპირობებს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 28.01.2015 წელს, მას შემდეგ, რაც გავიდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ვადა, შესაბამისად, ამ დროიდან, სსკ-ის 141-ე მუხლის თანახმად, ხელახლა დაიწყო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის ათვლა. განსახილველი სარჩელი კი სასამართლოში წარმოდგენილია 12.03.2018 წელს, 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, რაც აღნიშნული საფუძვლით აფერხებს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
6.11. პალატის შეფასებით, სარჩელი დაუსაბუთებელია იმ საფუძვლითაც, რომ 28.04.2011 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ერთხელ უკვე გადაწყვეტილია სასამართლოს მიერ, გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ 27.03.2014 წლის გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას ხელშეკრულების 3.5 პუნქტით განსაზღვრულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით. გადაწყვეტილების 3.2.4 პუნქტი შეიცავს მითითებას პირგასამტეხლოს თაობაზე („სესხის ხელშეკრულებით, მსესხებლის მიერ სესხის და სარგებლის ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში, მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, გადაუხდელი თანხის 0.03%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე“). პირგასამტეხლოსთან მიმართებით მსჯელობა ასახულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილშიც და სწორედ მითითებულ დასაბუთებაზე დაყრდნობით დაკმაყოფილდა მოთხოვნა სრულად. საგულისხმოა, რომ ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ მე-2 სასარჩელო მოთხოვნა სწორედ პირგასამტეხლოს დაკისრებას ეხებოდა და, შესაბამისად, თუ მხარისათვის გადაწყვეტილებით არ განისაზღვრა სასურველი შედეგი, შესაძლებელი იყო მისი გასაჩივრება, რისი განუხორციელებლობაც უფლებამონაცვლეს - მოსარჩელეს ართმევს შესაძლებლობას ახალი სარჩელების წარმოდგენის გზით მოითხოვოს დამატებითი პირგასამტეხლოს დაკისრება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2014 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ (28.04.2011 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიმართ მოთხოვნის ნაწილში მისი უფლებამონაცვლე ცესიის საფუძველზე არის მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა - 14 080 000 ლარი და დარიცხული პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.03%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 4224 ლარს. გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ 28.04.2011 წლის სესხის ხელშეკრულების 3.5 მუხლზე დაყრდნობით მოითხოვა მოპასუხისთვის დამატებით პირგასამტეხლოს დაკისრება, 02.05.2013 წლიდან, ძირითადი თანხისა და სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4224 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი (ანალოგიურ საკითხზე იხ. სუსგ №ას-1190-2018, 12.04.2019წ.).
12. სსსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2014 წლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იგივე სასარჩელო მოთხოვნა განაცხადა იმავე საფუძვლით, კერძოდ, ის ითხოვს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 14 080 000 ლარის 0.03%-ის, ანუ 4224 ლარის დაკისრებას ძირითადი თანხისა და სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდამდე. მოსარჩელეს თავდაპირველი სარჩელის წარდგენის დროს შეეძლო მოეთხოვა პირგასამტეხლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე და არა მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ არის ახალი სარჩელი. მოსარჩელემ, ფაქტობრივად, თავდაპირველი მოთხოვნა გაზარდა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება არა ერთჯერადად, არამედ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის მოითხოვა, რაც დაუშვებელია. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების ან გაზრდის უფლებას სსსკ-ის 83.2-ე მუხლი ითვალისწინებს. ამგვარი შესაძლებლობა მოსარჩელეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე აქვს და ამის შესახებ სასამართლო მოპასუხეს ატყობინებს, რათა არ დაირღვეს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპი (იხ. სუსგ №ას-1190-2018, 12.04.2019წ.). დაუშვებელია წინა სარჩელისაგან განსხვავება მხოლოდ ასანაზღაურებელი თანხის დროის მონაკვეთში იყოს (სუსგ №ას-268-255-2016, 27.10.2016წ., პუნ.16).
13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია