Facebook Twitter

საქმე №ას-1359-2021 30 იანვარი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.მ–ი (პირველ სარჩელზე მოპასუხე, მეორე სარჩელზე მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.მ–ძის უფლებამონაცვლე ხ.მ–ძე (პირველ სარჩელზე მოსარჩელე, მეორე სარჩელზე მოპასუხე), გ.მ–ძე, გ.მ–ძე (მეორე სარჩელზე მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.11.2021 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - პირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მეორე სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა (პირველი სარჩელით) უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (მეორე სარჩელით)

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.04.2021 წლის გადაწყვეტილებით თ.მ–ძის უფლებამონაცვლე ხ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი სარჩელით მოსარჩელე“) სარჩელი ვ.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე სარჩელით მოსარჩელე“, „მესაკუთრე“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; პირველი სარჩელით მოსარჩელე ცნობილ იქნა ქობულეთში, ...... მდებარე №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 63,95 კვ.მ საცხოვრებელი ფართის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო საცხოვრებელი სადგომი“) მესაკუთრედ და დადგინდა სადავო საცხოვრებელი სადგომის, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით ამჟამად ირიცხება მეორე სარჩელით მოსარჩელის სახელზე, პირველი სარჩელით მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვა, ამ უკანასკნელის მიერ მესაკუთრისთვის აღნიშნული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის, ანუ 10 264 ლარის გადახდის სანაცვლოდ; მეორე სარჩელით მოსარჩელის სარჩელი პირველი სარჩელით მოსარჩელის, გ.მ–ძისა და გ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მეორე სარჩელით მოპასუხეები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მესაკუთრემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - პირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მეორე სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.11.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. თ.მ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მამკვიდრებელი“) გარდაიცვალა 04.07.2016 წელს. პირველი სარჩელით მოსარჩელე და გ.მ–ძე არიან მამკვიდრებლის შვილები, ხოლო გ.მ–ძე - მეუღლე. ისინი (მეორე სარჩელით მოპასუხეები) ამ დრომდე ფლობენ სადავო საცხოვრებელ სადგომს და სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ.

3.1.2. 24.01.2017 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება (აქტივები და პასივები) სრულად მიიღო მისმა ქალიშვილმა - პირველი სარჩელით მოსარჩელემ. აღნიშნულის გამო, იგი მოცემულ დავაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.03.2017 წლის განჩინებით ცნობილ იქნა მამკვიდრებლის უფლებამონაცვლედ.

3.1.3. სადავო საცხოვრებელი სადგომი, 14.08.1991 წლის №4256 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ირიცხება მეორე სარჩელით მოსარჩელის საკუთრებად.

3.1.4. სადავო საცხოვრებელ სადგომზე მამკვიდრებელმა განახორციელა მიშენება და კეთილმოაწყო იგი. ამჟამად სადავო საცხოვრებელი სადგომი არის 63,95 კვ.მ.

3.1.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.03.2019 წლის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სადავო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება შეადგენს 41056 ლარს.

3.1.6. მესაკუთრე მოითხოვს, მამკვიდრებლის ოჯახის წევრების გამოსახლებას სადავო საცხოვრებელი სადგომიდან და უარს აცხადებს მოსარჩელისთვის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სადავო ფართის ღირებულების 75%-ის გადახდაზე.

3.2. 18.04.2018 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა.ა–მა განმარტა, რომ არის მხარეთა მეზობელი. მამკვიდრებელი და მესაკუთრე იყვნენ მეზობლები და მეგობრები. მამკვიდრებლის ოჯახი იყო მრავალსულიანი და მათი საცხოვრებელი ფართი არ იყო საკმარისი. მამკვიდრებელმა მოწმის (ა.ა–ის) და კიდევ ერთი მეგობრის თანდასწრებით, რომელიც ამ დროისთვის გარდაცვლილია, გადასცა 1500 რუსული მანეთი. მეორე დღეს მესაკუთრე წავიდა მოსკოვში.

3.3. 01.07.2015 წლის გადაწყვეტილებით დადგენილია ფაქტი, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაახლოებით 23 წლის წინ, მამკვიდრებელი დაეუფლა სადავო ქონებას. ამდენად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ მამკვიდრებელი 1992 წელს დაეუფლა მესაკუთრის ქონებას (სადავო საცხოვრებელ სადგომს) და არა 1991 წელს, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა.

3.4. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან. სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 01.03.2016 წელს და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია კანონის 25.06.1998 წლის რედაქცია. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

3.5. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს (მუხლი 1). ამ კანონის მიზნებისათვის „მოსარგებლე“ არის პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად, ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით (მუხლი 11 „ა“). გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა) (მუხლი 2.4.). თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისთვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისთვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში (მუხლი 2.3.). თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა (მუხლი 2.6.).

3.6. განსახილველ შემთხვევაში, პირველი სარჩელით მოსარჩელე სწორედ საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის დათმობის გარიგებაზე მითითებით ცდილობს საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების მოპოვებას. მისი მტკიცებით, მამკვიდრებელმა მესაკუთრესთან დადო გარიგება და სადავო სადგომის სარგებლობის უფლება თანხის - 1500 მანეთის გადახდის სანაცვლოდ მიიღო. საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეობის დასადასტურებლად პირველი სარჩელით მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე: 1991 წლიდან სადავო ქონების ფაქტობრივი დაუფლება/ფლობის ფაქტზე; თანხის გადაცემაზე; თანხის გადაცემის შემდეგ მესაკუთრის რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებაზე და ათეული წლების განმავლობაში ამ ქონებასთან რაიმე კავშირის არარსებობაზე; ქონებით სარგებლობის მიზნით კომუნალური გადასახადების გადახდაზე; საკუთარი ხარჯებით ქონების რეკონსტრუქციის ფაქტზე. აღნიშნული ფაქტების დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა მოწმის ჩვენებაზე, სს „ე.ჯ–ას“ მიერ გაცემულ ცნობაზე, მეზობლების განმარტებებზე, ექსპერტიზის დასკვნაზე.

3.7. მესაკუთრემ დაადასტურა რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისა და იქ ცხოვრების ფაქტი. ასეთად მიუთითა 1997 წელი და აღნიშნა, რომ პირველი სარჩელით მოსარჩელემ სადავო საცხოვრებელი სადგომი მისი რუსეთში წასვლის შემდეგ - 1997 წლიდან დაიკავა თვითნებურად, თუმცა რაიმე მტკიცებულება, რაც მის ამ არგუმენტებს დაადასტურებდა და მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებს გააქარწყლებდა, არ წარმოუდგენია.

3.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 105-106-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში განთავსებული, კანონიერ ძალაში შესული 01.07.2015 წლის გადაწყვეტილების, განსახილველ საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების, სს „ე.ჯ–ას“ მიერ გაცემული ცნობისა და სარჩელზე თანდართული სხვა წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებელი ოჯახთან ერთად მესაკუთრის საცხოვრებელ სახლს (სადგომს) თანხის გადახდის სანაცვლოდ დაეუფლა 1992 წელს. ამდენად, ადგილი აქვს 25.06.1998 წლის რედაქციით მოქმედი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 2.4. მუხლის შესაბამისად დადებულ გარიგებას, რაც მოსარგებლეს აძლევს უფლებას, მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%) სანაცვლოდ, დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რადგან უძრავი ქონების მესაკუთრე წლების განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში, ათეული წლების განმავლობაში არ სარგებლობდა სადავო საცხოვრებელი სადგომით, ამ პერიოდის განმავლობაში მამკვიდრებელი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, სარგებლობდა ამ ქონებით და რეკონსტრუქცია-მიშენებაც განახორციელა მასზე, შეიძლება დავუშვათ პრეზუმფცია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საცხოვრებელი სადგომის დათმობის გარიგებიდან გამომდინარე ურთიერთობა, მით უფრო მაშინ, როდესაც მესაკუთრემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა 1997 წლამდე სადავო საცხოვრებელი სახლის ფლობის, სარგებლობის ან/და ამ დროისათვის რუსეთის ფედერაციაში გამგზავრების დამადასტურებელი მტკიცებულება. პრეზუმირებული ფაქტი ისეთი ფაქტია, რომელიც არ შედის მტკიცების საგანში, ხოლო პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს პრეზუმფცია. მოცემულ შემთხვევაში, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების არსებობის ფაქტის გასაქარწყლებლად მესაკუთრემ მიუთითა პირველი სარჩელით მოსარჩელის მიერ ნივთის თვითნებურად დაკავებაზე, თუმცა მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. სასამართლომ აღნიშნა, თუ არა დათმობის გარიგება, სხვა რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მესაკუთრესა და მამკვიდრებელს შორის 23 წლის განმავლობაში (2015 წლამდე), ვიდრე სასამართლო წესით არ დაიწყებოდა სხვადასხვა დავა.

3.9. პალატამ უსაფუძლოდ მიიჩნია მეორე სარჩელით მოსარჩელის/მესაკუთრის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. პალატის მითითებით, ვინაიდან დადასტურდა სადავო საცხოვრებელი სადგომის ფლობაზე პირველი სარჩელით მოსარჩელის მართლზომიერი უფლება, რამაც განაპირობა საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის შესახებ მისი სარჩელის დაკმაყოფილება, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მესაკუთრემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - პირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მეორე სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და განსახილველი დავა მართებულად დაუქვემდებარა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ (შემდეგში - „სპეციალური კანონი“) საქართველოს კანონის მოწესრიგებას. პირველი სარჩელით მოსარჩელე 01.03.2016 წელს აღძრული სარჩელით ითხოვს იმ დროს მოქმედი სპეციალური კანონის თანახმად (სუსგ №ას-396-369-2017, 15.02.2018წ; №ას-714-714-2018, 08.02.2019წ.) სადგომზე თანხის გადახდის სანაცვლოდ მესაკუთრედ ცნობას (ტ.1, ს.ფ.1-14). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სპეციალური კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა. ამავე ნორმის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა). მესაკუთრის 06.04.2016 წლის შესაგებელი კი ძირითადად დაფუძნებულია მასზე, რომ პირველი სარჩელით მოსარჩელე ვერ ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის დათმობის გარიგების არსებობას და არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი მოთოვნა საცხოვრებელი სადგომს 25%-ის გადახდის სანაცვლოდ მესაკუთრედ ცნობის თაობაზე (ტ.1, ს.ფ.70-80).

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული კანონით წესრიგდება არა ყველა ის ურთიერთობა, რაც უძრავი ნივთის თაობაზე დადებულ ფორმადაუცველ გარიგებასთანაა დაკავშირებული, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც მოითხოვდა სპეციალურ მოწესრიგებას. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი ვალდებული იყვნენ დაეცვათ უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის იმ დროს მოქმედი წესები, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში ამ წესების დარღვევა უკავშირდებოდა გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს, რაც დამახასიათებელი იყო იმ დროს მოქმედი სამართლებრივი სივრცისათვის, კერძოდ, სამოქალაქო უფლებათა განხორციელება იმ დროს ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში ხშირად მხარეთა ურთიერთობა არ სცილდებოდა მათი ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის ფარგლებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური მოწესრიგება უკავშირდება უშუალოდ ამ ურთიერთობების სპეციფიკას, კერძოდ, ურთიერთობებს, რომლებიც არსებობდა ზემოაღნიშნულ პერიოდში ფაქტის სახით, განსახილველმა კანონმა მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები. ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს (კანონის პირველი მუხლი) (სუსგ №ას-1193-1138-2013, 31.03.2015წ; №ას-396-369-2017, 15.02.2018წ.).

10. სპეციალური კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით არატიპიურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა, რომელიც სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) შეიცავდა, თუმცა ამავდროულად რადიკალურად განსხვავდებოდა მათგან. მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ამასთან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიდა ბინის ქირასაც; მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს; მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა. მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალური კანონით მოწესრიგებას დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით რეგულირდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავენ, შესაძლებელია ეს ნიშნები კუმულატიურადაც არსებობდეს ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანის სახითაც (სუსგ №ას-1000-957-2013, 11.06.2015წ.).

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

12. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.). მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მათ შორის მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მამკვიდრებელი ოჯახთან ერთად სადავო საცხოვრებელ სადგომს თანხის გადახდის სანაცვლოდ დაეუფლა 1992 წელს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მამკვიდრებელს სადავო საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება მიღებული ჰქონდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე. ამრიგად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მიერ აღძრული ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (შდრ. სუსგ №ას-795-2021, 22.11.2022წ; №ას-922-2019, 01.08.2019წ; №ას-1523-1443-2017, 28.02.2018წ.).

13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. კასატორი, სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით) საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია