საქმე №ას-37-2024 30 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ც–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.10.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.03.2023 წლის გადაწყვეტილებით ბ.ც–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სარჩელი ა(ა)იპ ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის დირექტორის 31.12.2021 წლის №01-04/458 ბრძანება დამსაქმებლის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის - მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა დამსაქმებლის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 31.12.2021 წლიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად დარიცხვით 550 ლარის ოდენობით; დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.10.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მოსარჩელე 2015 წლიდან მუშაობდა ა(ა)იპ „ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში“. აღნიშნულ ორგანიზაციაში 2019 წელს ჩატარდა რეორგანიზაცია და ხელვაჩაურის კულტურის ცენტრს შეუერთდა სახელოვნებო სკოლა, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა როგორც ა(ა)იპ „ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი“ (მოპასუხე).
3.2. 16.01.2020 წელს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება №03, რომლის თანახმად, მოსარჩელე დაინიშნა მოპასუხის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის პოზიციაზე. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება დაიდო 6 თვის ვადით, 03.01.2020 წლიდან 03.07.2020 წლის ჩათვლით, თუმცა, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით 16.01.2020 წლის შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა ჯერ 05.10.2020 წლამდე, ხოლო შემდეგ 31.12.2020 წლის ჩათვლით.
3.3. 18.01.2021 წელს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის კვლავ გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება №09, რომლის თანახმად, მოსარჩელე კვლავ დაინიშნა მოპასუხის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის პოზიციაზე. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება დაიდო ერთი თვის ვადით, 01.01.2021 წლიდან 31.01.2021 წლის ჩათვლით. მხარეებს შორის 18.02.2021 წელს კვლავ გაფორმდა ახალი შრომის ხელშეკრულება №191, რომლითაც მოსარჩელე კვლავ დაინიშნა იმავე პოზიციაზე, კერძოდ, მოპასუხის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ამჯერად ხელშეკრულება დაიდო 10 თვის ვადით, 2021 წლის თებერვლიდან 31.12.2021 წლის ჩათვლით.
3.4. 31.12.2021 წელს მოპასუხის დირექტორის №01-04/458 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა მოპასუხის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მოპასუხის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
3.5. მოსარჩელისთვის მისი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე ცნობილი გახდა 10.01.2022 წელს, ხოლო გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაბარდა 17.01.2022 წელს.
3.6. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ დღეის მდგომარეობით, მოპასუხის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის თანამდებობა ვაკანტურია.
3.7. საქმეში წარმოდგენილი 31.12.2021 წლის ბრძანების თანახმად, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა.
3.8. დამსაქმებლის პრეტენზია მიმართულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ დასაქმებული დამსაქმებელთან იმყოფებოდა უვადო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში, რაც გამორიცხავდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო სამსახურიდან მის გათავისუფლებას.
3.9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სშკ-ის მე-12 მუხლით და ყურადღება გაამახვილა მასზე, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მიმდინარეობდა არაერთი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მასთან, 2015 წლიდან გათავისუფლებამდე (31.12.2021წ.) სისტემატურად, მიმდევრობით და უწყვეტად ფორმდებოდა შრომითი ხელშეკრულებები. ამდენად, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის 2015 წლიდან ჩამოყალიბებული იყო სტაბილური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა დამსაქმებელთან უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში.
3.10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება არ შეიცავდა დათქმას კანონით განსაზღვრული საფუძვლების ან ობიექტური გარემოებების შესახებ, რომლითაც დასაშვებია მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება. ცხადია, ნებისმიერ დამსაქმებელს, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება დასჭირდეს მოკლევადიანი შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, მაგრამ ეს გარემოება უნდა აისახოს შრომით ხელშეკრულებაში ნათლად და არაორაზროვნად. შრომის ხელშეკრულება უნდა იყოს განჭვრეტადი, ხოლო დამსაქმებლის ნება მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე დასაქმებულისათვის გასაგები. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დასაქმებული 2015 წლიდან სტაბილურ, სისტემატურ და არაერთჯერად შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან. შესაბამისად, მისთვის არ შეიძლება ცნობილი ყოფილიყო იმის შესახებ, რომ დამსაქმებელი მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას შეწყვეტდა. სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 54-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს.
3.11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დასაქმებული აღდგენილ იქნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური, დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია დაკავებული პოზიციიდან მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (შდრ. სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.).
9. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას მოქმედებს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-1421-2020, 05.03.2021წ; №ას-512-2020, 18.02.2021წ.).
10. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).
11. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).
12. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 31.12.2021 წლის ბრძანების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა.
13. სშკ-ის მე-12 მუხლის თანახმად: 1. შრომითი ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით; 2. თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება; 3. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადა არის 1 წელი ან 1 წელზე მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას; ვ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას; 4. თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ დადების შედეგად გრძელდება და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მისი ვადის გასვლისთანავე გაგრძელდა ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება პირველი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის ვადაში დაიდო; 5. თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.
14. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულება იდება ერთ წელზე ნაკლები ვადით, აუცილებელია ობიექტური საფუძვლის არსებობა. ყველა სხვა შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან დადოს შრომითი ხელშეკრულება, სულ მცირე, ერთი წლის ვადით, რაც განაპირობებს შრომითი ურთიერთობების სტაბილურობას და დასაქმებულთა სოციალურ დაცულობას (შდრ. სუსგ №ას-895-2020, 06.10.2022წ; №ას-584-2023, 07.07.2023წ.). ვინაიდან ვადის განსაზღვრის დასაშვებობის შემოწმება შრომის ხელშეკრულების დადების მომენტში ხდება, ობიექტური საფუძველიც ხელშეკრულების დადების მომენტში უნდა არსებობდეს (სუსგ №ას-1572-2022, 04.05.2023წ., პუნ. 57).
15. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის შრომითი ურთიერთობა არსებობდა 2015 წლიდან 31.12.2021 წლამდე. ამასთან, 16.01.2020 წლიდან მიმდევრობით ფორმდებოდა ერთ წელზე ნაკლები ვადით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულებები მოსარჩელის დამსაქმებლის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ (იხ. წინამდებარე განჩინების 3.2, 3.3 პუნქტები). არ დასტურდება, რომ მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება განპირობებული იყო სშკ-ის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობით. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე,რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის იყო უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.
16. რადგან დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა იმ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის კანონიერება, რომელიც მიუთითა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანებაში, ბრძანება მართებულად იქნა ცნობილი ბათილად. ვინაიდან საფუძვლიანია მოთხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, სშკ-ის 48.8 (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლების, ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების საფუძველზე, არსებობს თანმდევი სასარჩელო მოთხოვნების - სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების, დაკმაყოფილების წინაპირობებიც.
17. კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, რომელიც უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომ, არ ირკვევა თუ რა ოდენობით განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა მოპასუხეს, რადგან, ერთ შემთხვევაში სასამართლო უთითებს 19 800 ლარის გადახდაზე, მეორე შემთხვევაში კი - 31.12.2021 წლიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიურად 550 ლარის ანაზღაურებაზე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ამ პრეტენზიას, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების როგორც სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილში ნათლად და არაორაზროვნადაა მითითებული, რომ დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 31.12.2021 წლიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 550 ლარის ოდენობით. რაც შეეხება გადაწყვეტილების საპროცესო ხარჯების ნაწილში აღნიშნულ 19 800 ლარს, მასზე მითითებულია სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის მიზნებისათვის, თანახმად სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა (ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (შდრ. სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ; №ას-27-2019, 15.11.2019წ.).
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 660 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 462 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ა(ა)იპ ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს (ს/ნ: ....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამურად 660 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №02958, გადახდის თარიღი 15.12.2023წ., გადახდილი თანხა 300 ლარი; საგადახდო მოთხოვნა №00252, გადახდის თარიღი 01.02.2024წ., გადახდილი თანხა 360 ლარი) 70% – 462 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. ა(ა)იპ ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ს.ფ. 335, 371, 372).
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია