Facebook Twitter

საქმე №ას-749-2021 30 იანვარი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ S.A.T.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“, ლ.ლ–ია (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.03.2021 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეგისტრაცია, იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.05.2019 წლის გადაწყვეტილებით შპს „ S.A.T.“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი შპს „ა–ისა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და ლ.ლ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს უარი ეთქვა იპოთეკის საგნის რეგისტრაციისა და იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 590 150 აშშ დოლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იპოთეკის საგნის რეგისტრაციისა და იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.03.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. 24.02.2018 წელს პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო მოძრავი ნივთების ნასყიდობა, კერძოდ, გამყიდველი ყიდის, ხოლო მყიდველი ყიდულობს ავტომობილებს, რომლის მახასიათებლები, ფასი, მიწოდების წესი და ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით და მისი დანართით №1.

3.2. ხელშეკრულების 1.3. პუნქტით განისაზღვრა მანქანების მიწოდების ვადა: სამიდან ოთხ თვემდე, ავანსი (ხელშეკრულების სრული ღირებულების 10%), მანქანები უნდა გადასცემოდა მყიდველის აგენტს საბალანსო ღირებულების (ხელშეკრულების სრული ღირებულების 90%) მიღებიდან 3 სამუშაო დღეში. ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის საფუძველზე, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება გადაეცა მყიდველისათვის 1.2. პუნქტის და დანართი №1-ის შესაბამისი ნასყიდობის საგანი, ინვოისში მითითებული ღირებულების სრულად მიღების შემდეგ. ხელშეკრულების დანართი №1-ით ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 345 500 აშშ დოლარით.

3.3. პირველმა მოპასუხემ დაარღვია ავტომანქანების მიწოდების ვალდებულება და 31.08.2018 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის თანახმად, მხარეებმა განსაზღვრეს პირველი მოპასუხის დავალიანება, რამაც შეადგინა 590 750 აშშ დოლარი, ხოლო დაბრუნების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 30.10.2018 წელი. ამავე შეთანხმებაზე ხელი მოაწერა მეორე მოპასუხემ, რომელმაც მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით თანხმობა გამოხატა იპოთეკით დაეტვირთა კუთვნილი უძრავი ნივთი.

3.4. სააპელაციო პალატის მითითებით, ავანსის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან მიმართებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ მოსარჩელემ ინვოისებითა და თანხის გადახდის ქვითრებით დაადასტურა მის მიერ ავანსის სახით გადახდილი თანხის ოდენობა, რომელიც შეადგენს 686 367 აშშ დოლარს, ხოლო პირველ მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია 31.08.2018 წელს პირველი მოპასუხის დირექტორის - დ.კ–ას მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე მხარე ადასტურებს 590 750 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების არსებობას და იღებს 30.10.2018 წლამდე თანხის დაბრუნების ვალდებულებას. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ავტომანქანების მიწოდების ბოლო ვადა იყო 26.09.2018 წელი, გადარიცხული თანხებიდან კი პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა ორი ავტომანქანა, ღირებულებით - 96 200 აშშ დოლარი.

3.5. პირველ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია სრულად, რაც მოსარჩელეს ანიჭებდა ხელშეკრულებიდან გასვლისა და ავანსის სახით გადახდილი თანხის - 590 750 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.

3.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ნაწილობრივ, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა იპოთეკის საგნის რეგისტრაციისა და იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

3.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 3111 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთის ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებისთვის დადგენილია წერილობითი ფორმა, ამავდროულად, გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით, ანუ ნოტარიუსის მიერ. ამავე ნორმის მეორე ნაწილის დეფინიციით, თუ გარიგების მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისთვის არ მოითხოვება გარიგების ან მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. აღნიშნული ნორმის შინაარსის მიხედვით, უძრავ ნივთთან დაკავშირებით შედგენილი გარიგებისათვის აუცილებელია ან თავად გარიგების ან მონაწილე მხარეების ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება; სანოტარო წესით ხელმოწერების დამოწმება სავალდებულო არაა, თუკი მხარეები გარიგებას დადებენ მარეგისტრირებელ ორგანოში. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარიგება ძალაში შედის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.

3.8. სსკ-ის 328-ე მუხლით, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. სსკ-ის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირებულია წინარე ხელშეკრულების დადების შედეგები, კერძოდ, ნორმის თანახმად, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც.

3.9. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს ვალდებულების უზრუნველსაყოფად მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყენების საფუძველი, რაც იპოთეკის საგნის რეგისტრაციის/რეალიზაციის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია, იპოთეკის რეგისტრაციისა და იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.

9. იპოთეკის ლეგალური დეფინიცია მოცემულია სსკ-ის 286-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). იპოთეკა უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება. ერთი მხრივ, ის განმტკიცებულია სანივთო სამართალში, ხოლო მეორე მხრივ, წარმოადგენს რეგისტრირებულ სანივთო უფლებას ინდივიდუალიზებულ და კონკრეტულ უძრავ ნივთზე. იპოთეკა, როგორც სანივთო უფლება, აფუძნებს სანივთო პასუხისმგებლობას, რომელიც დგება მესაკუთრის ბრალის მიუხედავად (შდრ. ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, გვ. 60-61. Lüke, Sachenrecht, 2.Aufl.,2010, §18,Rn. 674) (სუსგ №ას-475-2019, 15.04.2021წ.).

10. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზე, რომ 31.08.2018 წლის შეთანხმება ვერ იქნება მიჩნეული პირველი მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით მეორე მოპასუხის კუთვნილ უძრავ ნივთზე იპოთეკის რეგისტრაციის საფუძვლად (ტ.1, ს.ფ.21). წერილობითი დოკუმენტი შედგა ორ საწარმოს შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე, რის უზრუნველსაყოფადაც უფლებრივად უნდა დატვირთულიყო ფიზიკური პირის ქონება. მასში, სხვა საკითხებთან ერთად, მოცემულია მსჯელობა მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე, თუ „იპოთეკა ნოტარიულად ვერ გაფორმდა“. თავად სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „ადვოკატმა ნოტარიუსთან ერთად მოამზადა იპოთეკის ხელშეკრულების პროექტი“, თუმცა, მეორე მოპასუხემ „უარი განაცხადა იპოთეკის ნოტარიულად გაფორმებაზე“ (ტ.1, ს.ფ.5).

11. რაც შეეხება მოსარჩელის მსჯელობას მასზე, რომ მოსარჩელემ პირველი მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ სსკ-ის 902-ე მუხლის (თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ) შესაბამისად აცნობა მეორე მოპასუხეს (იხ. სარჩელი, ტ.1, ს.ფ.11) და მეორე მოპასუხეს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს როგორც პირს, 31.08.2018 წლის ხელშეკრულების არა როგორც სანივთოსამართლებრივი, არამედ როგორც ვალდებულებითსამართლებრივი ხელშეკრულების საფუძველზე (ტ.2, ს.ფ.440), საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მოცემულ საქმეში სარჩელის საგანია თანხის მხოლოდ პირველი მოპასუხისთვის დაკისრება. მოსარჩელე არ ითხოვს მეორე მოპასუხისთვის, როგორც თავდებისთვის, თანხის დაკისრებას. შესაბამისად, წინამდებარე დავაში არარელევანტურია მსჯელობა მასზე, 31.08.2018 წლის შეთანხმება წარმოშობს თუ არა მეორე მოპასუხის, როგორც თავდების ვალდებულებას პირველი მოპასუხის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში. სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილისა (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) და ამავე კოდექსის 248-ე მუხლის (სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა) თანახმად, სასამართლო შებოჭილია მოსარჩელის მიერ, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, ჩამოყალიბებული სარჩელის ფარგლებით (შდრ. სუსგ №ას-1304-2019, 07.04.2020წ., პუნ.19; №ას-934-2020, 25.03.2021წ., პუნ. 105; №ას-1016-2021, 20.09.2022წ., პუნ.50).

12. არ არსებობს იპოთეკის საგნის რეგისტრაციისა და იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ S.A.T.“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ S.A.T.“-ს (ლიცენზიის №607097) უკან დაუბრუნდეს თ.ჯ–ძის (პ/ნ: .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 17.05.2021წ.) 70% – 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია