Facebook Twitter

საქმე №ას-749-2021 15 მარტი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს „S. A.T.“-ის წარმომადგენელი თ.ჯ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“, ლ.ლ–ია

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2024 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.05.2019 წლის გადაწყვეტილებით შპს „S. A.T.“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი შპს „ა–ისა“ და ლ.ლ–იას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს უარი ეთქვა იპოთეკის საგნის რეგისტრაციისა და იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე; შპს „ა–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 590 150 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.03.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2024 წლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. დადგინდა კასატორისთვის (ლიცენზიის №607097) თ.ჯ–ძის (პ/ნ: ..........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 17.05.2021წ.) 70%-ის – 5600 ლარის უკან დაბრუნება.

4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და მოითხოვა განჩინების გაცემა, რომლითაც მას დაუბრუნდება სახელმწიფო ბაჟის 70% - 5600 ლარი. განმცხადებლის მითითებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა მან თავისი პირადი ანგარიშიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს სსსკ-ის 260-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

7. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ცვლილების შეტანა, რაც უკავშირდება დაშვებულ უსწორობას ან აშკარა არითმეტიკულ შეცდომებს (სუსგ №ა-5261-შ-129-2018, 16.02.2022წ.).

8. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2024 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული არ არის რაიმე უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომა. არ არსებობს არც სსსკ-ის 261-ე (დამატებითი გადაწყვეტილება) და 262-ე (გადაწყვეტილების განმარტება) მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები.

9. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ასეთ პირებში კანონმდებელი მოიაზრებს საკასაციო საჩივრის შემომტან ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს და სწორედ მათ მიმართ უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ბაჟის დაბრუნების თაობაზე, მიუხედავად იმისა უშუალოდ მან გადაიხადა საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟი თუ სხვა პირმა, როგორც ამას მოცემულ საქმეში ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის კასატორის წარმომადგენლისათვის დაბრუნების შესაძლებლობას (სუსგ №ას-381-361-2011, 17.10.2011წ.).

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2024 წლის განჩინებით კასატორს მართებულად დაუბრუნდა თავის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ოდენობა, რის გამოც არ არსებობს განჩინებაში ცვლილების შეტანისა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 260-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „S. A.T.“-ის წარმომადგენლის, თ.ჯ–ძის განცხადება არ დაკმაყოფილდეს.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია