Facebook Twitter

6 მარტი, 2024 წელი

საქმე №ა-102-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ო–ძე

მოთხოვნა - დროებითი განკარგულების მიღება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განკარგულება - შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის 25 ივნისს, ნ.მ–მა ზ.ო–ძის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი და მოითხოვა მამას არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაჰკისრებოდა ალიმენტის - 1000 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე (სსკ-ის 1212-ე მუხლი).

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მან თანხმობა განაცხადა ბავშვისათვის 300 ლარის ყოველთვიურად გადახდაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის, 700 ლარის, გადახდა ყოველთვიურად 2021 წლის 25 ივნისიდან მის სრულწლოვანებამდე. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-18, 25-ე, 46-ე, 47-ე და „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-18 და 27-ე მუხლები გამოიყენა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრვ გაუქმების მოთხოვნით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე მომზადების ეტაპიდან განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. ამასთან, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე, კერძოდ, ითხოვა სარჩელის აღძვრიდან (2021 წლის 25 ივნისი) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ზ.ო–ძეს ნ.მ–ის სასარგებლოდ, დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2007 წლის 11 ნოემბერს დაბადებული ლ.ო–ძის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის, 700 ლარის გადახდა.

6.1. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, სარჩელის აღძვრიდან, 2021 წლის 25 ივნისიდან დღემდე, მოპასუხეს ალიმენტი არ გადაუხდია, შესაბამისად, ბავშვისთვის საყოფაცხოვრებო ელემენტარული პირობების შექმნა მარტოს უწევს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 1 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ დავებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას სასამართლო ხელმძღვანელობს საოჯახო დავების განხილვისთვის დამახასიათებელი ინკვიზიციურობის პრინციპით (სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილი).

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს: ა) შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები; ბ) ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან; გ) ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის; დ) მცირეწლოვანი ბავშვის შენახვის ვალდებულება; ე) საკითხი ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლისათვის მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ; ვ) საოჯახო მეურნეობისა და ბინით სარგებლობის საკითხი; ზ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვასთან დაკავშირებით ხარჯების ავანსის სახით გადახდევინების საკითხი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, აღნიშნულ საკითხებზე სასამართლოს განჩინება შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

11. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს სასამართლოს საგამონაკლისო უფლებამოსილებას, ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, არ დაელოდოს საქმის საბოლოო გადაწყვეტას და დროებითი ღონისძიების სახით მოაწესრიგოს შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას (იხ. ბავშვის უფლებების ევროპული სამართლის სახელმძღვანელო, ლაშა ლურსმნაშვილის თარგმანი, თბილისი, 2020, გვერდი 11.).

13. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაცის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესის ცნება არის სამგანზომილებიანი: (ა) მატერიალური უფლება: ბავშვის უფლება, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება, როდესაც ხდება სხვადასხვა ინტერესის განხილვა კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, და გარანატია, რომ ეს უფლება განხორციელდება ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები ბავშვთან დაკავშირებით. (ბ) ძირითადი, სამართლებრივი პრინციპი: თუ სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი განმარტება, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში ასახული უფლებები ქმნიან ჩარჩოს განმარტებისათვის. (გ) საპროცესო ნორმა: როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება კონკრეტულ ბავშვს, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფს ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამის ბავშვზე ან ბავშვებზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი) შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა ჩანდეს, რომ ეს უფლება ცალსახად იქნა გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული ეს უფლება გადაწყვეტილებაში, ე.ი. რა იქნა მიჩნეული ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებად, რა კრიტერიუმებს დაეფუძნა იგი და როგორ შეფასდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სხვა მოსაზრებებთან შედარებით, იქნება ეს პოლიტიკის ზოგადი საკითხები თუ ცალკეული შემთხვევები. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 31-ე მუხლის თანახმად, ბავშვის მოთხოვნები მოიცავს ფართო დიაპაზონს, ესენია: განათლების, კულტურული და სოციალური მოთხოვნები.

14. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 10 ოქტომბერი, 2017 წ.; №ას-1347-2022, 08 ივნისი, 2023 წ.).

15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა.

16. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

17. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. (იხ. სოფო კილაძე, პაატა ტურავა, ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარი, თბილისი, 2021, გვერდი 65.).

18. სსკ-ის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, 1234.1 მუხლის შესაბამისად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან, 1198.2 მუხლის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება, 1202-ე მუხლით კი, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

19. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსით მშობლებისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამდენად, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მოთხოვნებთან.

20. საკასაციო პალატა მიუბრუნდება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების კვლევის საკითხს და აღნიშნავს, რომ რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

21. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელით მოითხოვა მამას არასრულწლოვანი შვილის ჩენა-აღზრდისათვის დაჰკისრებოდა ალიმენტის - 1000 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მან თანხმობა განაცხადა ბავშვისათვის 300 ლარის ყოველთვიურად გადახდაზე.

22. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე საბოლოო შედეგი (გადაწყვეტილება), რომლითაც მოწესრიგდებოდა ალიმენტის დაკისრების საკითხი მიღებული არ არის, კერძოდ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის, 700 ლარის გადახდა დაეკისრა, გაუქმდა და საქმე მომზადების ეტაპიდან განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის გადაწყვეტის მიზნით, დროებითი განკარგულების მიღებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, არასრულწლოვნის საუკეთესო ინეტერსებიდან და მისი სრულფასოვანი განვითარებისთვის გონივრული პირობების შექმნის საჭიროებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, საკასაციო პალატას საქმეში დაცული მასალებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ სარჩელის აღძვრიდან (2021 წლის 25 ივნისი) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ზ.ო–ძეს ნ.მ–ის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2007 წლის 11 ნოემბერს დაბადებული ლ.ო–ძის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის, 300 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 354-ე, 355-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.მ–ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სარჩელის აღძვრიდან (2021 წლის 25 ივნისი) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ზ.ო–ძეს ნ.მ–ის სასარგებლოდ, დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2007 წლის 11 ნოემბერს დაბადებული ლ.ო–ძის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის, 300 ლარის გადახდა.

3. დროებითი განკარგულება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე