საქმე #ა-3129-გან-8-2024 20 ივნისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებლები - მ.ბ–ძე, ს.ბ–ძე (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ც.მ–ძე, ჯ.ბ–ძე (მოპასუხეები), ჭ.ბ–ძე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება
განხილვის საგანი - გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მათთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით ჯ.ბ–ძისა (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და ც.მ–ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ სამართლოში სარჩელი აღძრა მ.ბ–ძემ (შემდეგში - პირველი განმცხადებელი ან პირველი მოსარჩელე) და ს.ბ–ძემ (შემდეგში - მეორე განმცხადებელი ან მეორე მოსარჩელე).
2. მოგვიანებით, თავდაპირველ მოსარჩელეთა მიმართ იმავე სასამართლოში სარჩელი შეიტანა ჭ.ბ–ძემ (შემდეგში - შეგებებული მოსარჩელე), რომელმაც მოითხოვა: ა). 1988-1996 წლებში საკოლმეურნეო კომლიდან მისი ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ ხელვაჩაურის არქივის მიერ საკომლო წიგნის ამონაწერში არსებული მინაწერის ბათილად ცნობა; ბ). სადავო ქონების თანამესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ზემომითითებული სარჩელებით აღძრული საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- დადგინდა, რომ უძრავი ქონება გამოთხოვილიყო მოპასუხეთა მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეებს გადასცემოდათ;
- შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შეგებებულმა მოსარჩელემ და მოპასუხეებმა, ამ გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფისა და, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით:
- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
- სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;
- შეგებებული მოსარჩელის საკოლმეურნეო კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ 1988-1996 წლებში ხელვაჩაურის არქივის მიერ საკომლო წიგნის ამონაწერში არსებული მინაწერი ბათილად იქნა ცნობილი;
- სადავო ქონების 1/6 ნაწილზე საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა სახელზე არსებული საკუთრების რეგისტრაციის ჩანაწერი გაუქმდა;
- საჯარო რეესტრის ზემომითითებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილება შევიდა და დადგინდა, რომ უძრავი ქონების 1/6 ნაწილი შეგებებული მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხულიყო.
6.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, საკომლო წიგნის ჩანაწერს. კომლიდან გამოყოფას თავისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდებოდა, უნდა არსებულიყო გამოსაყოფი პირის ნება, თანხმობა (ამ შემთხვევაში განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა გამოყოფას) და, შესაბამისი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორ გადაწყდა აღნიშნული საკითხი. კონკრეტულ შემთხვევაში, არც ერთი დასახელებული დოკუმენტი საქმეში არ მოიძებნებოდა და არც არქივში იყო დაცული. ამდენად, არ დგინდებოდა, თუ რა გახდა შეგებებული მოსარჩელის კომლიდან გამოყოფის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ჩანაწერის არსებობა საკმარისი არ იყო იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შეგებებული მოსარჩელე სწორედ 1993 წლამდე, კერძოდ კი 1988 წელს ცალკე კომლად გამოეყო, მაშინ როდესაც თავად მხარეთა განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა, რომ 1993 წელსაც და მის შემდგომ პერიოდშიც, ოჯახთან ერთად, იგი იმავე საცხოვრებელ სახლში მუდმივად ცხოვრობდა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკოლმეურნეო კომლის საოჯახო ქონების გაყოფა ძირითადად კომლის შემადგენლობის შეცვლასთან იყო დაკავშირებული, რის შედეგადაც კომლი, როგორც საოჯახო შრომითი გაერთიანება ან მთლიანად წყვეტდა თავის არსებობას და მის ბაზაზე ორი ან რამდენიმე ახალი კომლი იქმნებოდა, ან იგი რიცხობრივად მცირდებოდა, კომლიდან წევრის გასვლის გამო. პირველი შემთხვევა შეეხებოდა – კომლის გაყრას, ხოლო მეორე შემთხვევა – კომლიდან გამოყოფას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან გაუსვლელად მამისეული კომლიდან გამოყოფის ფაქტის დადგენილად მიჩნევის პირობებშიც კი, შეგებებულ მოსარჩელეს კომლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე უფლება არ დაუკარგავს, რადგან მამისეული სახლის (ე.ი. კომლის კუთვნილი სახლის) გარდა, მას სხვაგან არ უცხოვრია.
6.2. რაკი საქმეზე დადგინდა, რომ მოსარჩელეებიც და შეგებებული მოსარჩელეც, 1993 წლამდე კომლის წევრები იყვნენ, ხოლო იმ დროისათვის კომლს 6 წევრი ჰყავდა, შესაბამისად, შეგებებული მოსარჩელის წილი სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრა, როგორც მთლიანი ქონების 1/6 ნაწილი, იდეალურ წილში. აქვე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეგებებული მოსარჩელე დავობდა, როგორც კომლის წევრი და, არა, როგორც გარდაცვლილი რეჯებალ ბერიძის მემკვიდრე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია წილთა თანაფარდობა სხვაგვარი ყოფილიყო. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაცო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა ვინდიკაციური მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან მოპასუხეები იყვნენ სადავო ქონების ერთ-ერთი მესაკუთრის, შეგებებული მოსარჩელის ოჯახის წევრები და ისინი სადავო საცხოვრებელ სახლს სწორედ შეგებებული მოსარჩელის თანხმობით ფლობდნენ.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
- მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. შეგებებული მოსარჩელის, პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა იყო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, კერძოდ, უძრავი ქონების 1/3 იდეალური წილის მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- შეგებებული მოსარჩელისა და მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ის ნაწილი, რომლითაც სადავო ქონების 1/6 ნაწილი შეგებებული მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;
- სადავო ქონების 1/3 ნაწილზე საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა სახელზე არსებული საკუთრების რეგისტრაციის ჩანაწერი გაუქმდა, საჯარო რეესტრის ზემომითითებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილება შევიდა და უძრავი ქონების 1/3 ნაწილი შეგებებული მოსარჩელის (ჭ.ბ–ძის) საკუთრებად აღირიცხა;
- დანარჩენ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
9. 2024 წლის 12 ივნისს, მოსარჩელეებმა საკასაციო სასამართლოში განცხადება წარმოადგინეს, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტება ითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის შემდეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმარტების შესახებ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 262-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას (ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის შინაარსი), ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას.
ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს.
კანონის მიხედვით, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან, თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების უმთავრესი მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა.
საგულისხმოა ისიც, რომ, დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან (შდრ. იხ. სუსგ, №ას-1762-2018, 27.02.2019).
11. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტების მიზანი აღსრულების ხელშეწყობაა, შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს, უნდა იყოს აღსრულებადი - იგი უნდა განსაზღვრავდეს უფლების საკითხს. შესაბამისად, განმარტებას ექვემდებარება გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი აღსრულებაუნარიანი, სამართლებრივი მართლწესრიგის დამდგენი ნაწილი - სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია და არ შეიცავს ცხად და არაორაზროვან პასუხს სასარჩელო მოთხოვნაზე. აღნიშნული მიმართულია იმისკენ, რომ გადაწყვეტილების არასწორი აღსრულებით არ დაირღვეს მხარეთა უფლებები (იხ. სუსგ, №ა-4551-გან-27-2023, 28.09.2023).
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ცალსახა და არაორაზროვანი შინაარსისაა, გადაწყვეტილება არ არის ბუნდოვანი და მისი სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას აყალიბებს განხილული საქმის სამართლებრივ შედეგთან მიმართებით.
ამავდროულად, განცხადებაზე თანდართული საჯარო რეესტრის 2022 წლის 2 მაისის ამონაწერით ირკვევა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება აღსრულებულია, კერძოდ, სადავო ქონების განსაზღვრულ ნაწილებზე მხარეთა საკუთრების უფლება რეგისტრირებულია, ხოლო რეგისტრაციის საფუძვლად სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაა მითითებული.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გამოკვეთილია 2022 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილების განმარტების დამაბრკოლებელი არსებითი ხასიათის გარემოებანი: გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ცალსახა და არაორაზროვანი შინაარსისაა, გადაწყვეტილება არ არის ბუნდოვანი, ამასთან გადაწყვეტილება აღსრულებულია და განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები ცალსახად არ იკვეთება, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ბ–ძისა და ს.ბ–ძის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე