საქმე №ას-522-2024 14 ივნისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.გ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ტ.კ–მა“ (შემდეგ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.გ–იას (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 1 ივლისის საბანკო კრედიტის №4131863-10547864 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანება - 13 843.43 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა - 8 086.70 ლარი, პროცენტი - 3 208.18 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 2 500 ლარი და დაზღვევა - 48.55 ლარია; 2021 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 1 ივლისის საბანკო კრედიტის №4131863-10547864 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 8 086.70 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 20.7%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 139.49 ლარს. 2019 წლის 18 ნოემბრის საბანკო კრედიტის №4131863-10739182 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა შემცირებული დავალიანების - 4730.22 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაც, საიდანაც ძირითადი თანხა - 2 474.54 ლარი, პროცენტი - 1 755.68 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 500 ლარია და, ამავე ხელშეკრულების თანახმად, ძირითად თანხაზე - 2474.54 ლარზე, აღსრულებამდე, წლიური 37% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 76.29 ლარს (სს „თ.ბ–მა“ მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება დაუთმო).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2019 წლის 1 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 11 873.52 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა - 8 086.70 ლარი, პროცენტი - 3 208.18 ლარი, პირგასამტეხლო - 530.09 ლარი და დაზღვევა - 48.55 ლარია; ასევე, 2021 წლის 27 დეკემბრიდან (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი), 2019 წლის 1 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე – 8 086.70 ლარზე, მიუღებელი შემოსავლის სახით – 202.49 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2019 წლის 18 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 4 425.64 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა - 2 474.54 ლარი, პროცენტი - 1 755.68 ლარი და პირგასამტეხლო - 195.42 ლარია; 2021 წლის 27 დეკემბრიდან (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი), 2019 წლის 18 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე - 2 474.54 ლარზე, მიუღებელი შემოსავლის სახით, 433.52 ლარის გადახდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა, კერძოდ, 2019 წლის 1 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო 10-ჯერ შემცირდა (დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, სესხზე დარიცხული ჯარიმა შეადგენდა 5300.91 ლარს) და განისაზღვრა 530.09 ლარით, ხოლო 2019 წლის 18 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 1055.25 ლარიდან 195.42 ლარამდე შემცირდა, რისი გათვალისწინებითაც, პირგასამტეხლო უფრო მეტად შემცირებას აღარ ექვემდებარება.
6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის ოდენობასთან დაკავშირებითაც და განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების დებულებები, რომლითაც სესხისათვის სარგებელი განისაზღვრა, არ არის შეუსაბამოდ მაღალი, არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 54-ე მუხლის მიხედვით, არ არის ბათილი. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 394-ე, 408-ე, 411-ე და 412-ე მუხლებზე მითითებით არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზიაც მიუღებელი შემოსავლის დამაყოფილების არამართებულობაზე.
7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ (აპელანტმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9. კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ის გარემოება, რომ მისი შვილი, რომელიც კასატორთან ერთად ცხოვრობს და მის კმაყოფაზეა, მხარდამჭერის მიმღებია. ამასთან, კასატორს აქვს სხვა ვალიც ლიბერთი ბანკში, თვითონ და მისი ოჯახი სოციალურად დაუცველები არიან.
10. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ მისცა საშუალება, დასწრებოდა სხდომას, მხარეთა დაუსწრებლად განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რითაც დაადასტურა, რომ სასამართლოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარე და საქმის განხილვის სწრაფად დასრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის (ძირი თანხა, სარგებლი, პირგასამტეხლო და მიუღებელი შემოსავალი) დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 868-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო), მუხლების დანაწესებიდან გამომდინარეობს.
16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.
17. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მისი ოჯახური და მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე არ არსებობს მისთვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების საფუძველი.
18. პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327 მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაც.
19. პალატა მიუთითებს, რომ ბანკმა და კასატორმა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დადეს ხელშეკრულება, რომელიც კრედიტის გადაუხდევლობის შემთხვევაში, ძირ თანხასთან ერთად ითვალისწინებდა პროცენტის, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის მსესხებლისათვის დაკისრებას, რისი გათვალისწინებითაც, კასატორის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, ვერ გახდება სახელშეკრულებო მოთხოვის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ თავისი დისკრეციის ფარგლებში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე მაქსიმალურად შეამცირა (შემცირებულ იქნა 10-ჯერ). ამასთან, სრულად არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებითაც და მიუღებელ შემოსავლად სასამართლომ განსაზღვრა არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა, არამედ, მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მისაღებ თანხასა და მის მიერ გადახდილ თანხებს შორის სხვაობა.
20. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასთან დაკავშირებითაც და მიუთითებს, რომ განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ,,...... აგრეთვე, თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით“, უფლებამოსილი იყო, საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა.
21. პალატა მიუთითებს ერთ-ერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა განმცხადებლის პრეტენზია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა (საკუთრების უფლება) და კონვენციის მეექვსე მუხლით მინიჭებულ (სამართლიანი სასამართლოს უფლება) უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით (იხ. Fredin v Sweden, 18.02.1991წ./განაცხადის №12033/86). განმცხადებლის პრეტენზია იმ არგუმენტს ეფუძნებოდა, რომ მას შეეზღუდა საქმის განხილვაში მონაწილეობის საპროცესოსამართლებრივი შესაძლებლობა, ხოლო სამოქალაქო უფლებათა სრულყოფილად რეალიზებისათვის, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ზეპირი მოხსენებით წარდგომისა და, შესაბამისად, საქმის მხარეთა დასწრებით განხილვა. აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებით, ვინაიდან მატერიალური თვალსაზრისით, განმცხადებლის მოთხოვნა შეეხებოდა საკუთრების უფლებას, რომელიც სამართლებრივი ბუნებით „სამოქალაქო“ ხასიათისა იყო, ამიტომ კონვენციის მეექვსე მუხლით მინიჭებული უფლების დარღვევის საკითხიც სამოქალაქო ჭრილში უნდა განხილულიყო. ეს ყოველივე კი, ნათელს ჰფენდა იმას, რომ „წრფელი და ღრმააზროვანი“ კამათი (შეჯიბრი) მხარეთა შორის და საქმის განმხილველი სასამართლოს წინაშე, გადამწყვეტი იყო თითოეულის უფლებათა დასადგენად, თუმცა საკვანძო საკითხის არსი, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ის იყო, რომ „წრფელ და ღრმააზროვან“ ზეპირ განხილვაზე სავალდებულო მოთხოვნა არ ვრცელდებოდა ზემდგომ და საბოლოო ინსტანციის სასამართლოზე.
22. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი სისტემა და მასში სააპელაციო სასამართლოს როლის მნიშვნელობა.“ როდესაც შესაბამისი სააპელაციო განხილვა მხოლოდ კანონის საკითხებს ეხება, ზეპირი მოსმენა, ზოგადად, არ მოითხოვება (ECTHE, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, №8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32).
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
27. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: იხ. სუსგ-ები: № ას-1214-2018, 31.10.2019წ.; № ას-1741-2019, 28.07.2020წ.; №ას-1316-2018, 30.09.2019წ.).
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
29. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.გ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე