Facebook Twitter

საქმე №ას-687-2021 16 მაისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორები - შპს „ე.ს–ი“, შპს „ფ.მ.ჯ–ი“ (მოპასუხეები/შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი-ი.“ (მოსარჩელე/შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

II კასატორი - შპს „ი-ი.“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე.ს–ი“, შპს „ფ.მ.ჯ–ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 13 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი - საავტორო უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს საავტორო უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს, კონტრაფაქციული ასლების (კომპიუტერული პროგრამის გაშვებისათვის საჭირო გასაღებების) მოპასუხისათვის ჩამორთმევისა და უფლების მფობელისათვის გადაცემა, იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც მოპასუხემ მიიღო საავტორო უფლებების დარღვევის შედეგად, მოპასუხეებისათვის მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა (სარჩელში) საავტორო უფლების დარღვევა, ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ი-ი–ომ“ (შემდგომ - მოსარჩელე, მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.ს–ისა“ (შემდგომ - პირველი მოპასუხე) და შპს „ფ.მ.ჯ–ის“ (შემდგომ - მეორე მოპასუხე, ასევე ერთობლივად აპელანტი, პირველი კასატორი) მიმართ და მოითხოვა, აეკრძალოს მოპასუხეებს კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტრის“ ქართული ვერსიის (რომლის თარგმანზეც საავტორო უფლებები ეკუთვნის მოსარჩელეს) გავრცელება და რეალიზაცია – დასახელებით „ინფო ბუღალტერი“ ან ნებისმიერი სხვა დასახელებით, მათ შორის, „ეფემჯი ბუღალტრის“ და „FMG ბუღალტრის“ სახელწოდებით; პირველი მოპასუხისათვის მის საკუთრებაში არსებული კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტრის“ გაშვებისთვის საჭირო კონტრაფაქციული „გასაღებების“ (231 ცალი) მოსარჩელისათვის უსასყიდლოდ გადაცემა; პირველ მოპასუხეს დაეკისროს 2010-2011-2012 წლებში კომპიუტერული პროგრამის „ინფო-ბუღალტერი“ (მათ შორის – „ეფემჯი ბუღალტრის“ ან/და „FMG ბუღალტრის“ სახელით) რეალიზაციისგან მიღებული შემოსავალი 321 461 ლარი; აეკრძალოთ მოპასუხეებს მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნების (რეგ. №20962; 21384) გამოყენება, მათ შორის აღნიშნული სასაქონლო ნიშნების საკუთარ ვებგვერდზე განთავსება და კომპიუტერულ პროგრამებზე (მათ შორის – საინსტალაციო პაკეტებში) მიმაგრება.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელე ფლობს განსაკუთრებულ უფლებებს კომპიუტერული პროგრამის „ინფო-ბუღალტრის“ ქართულ ვერსიაზე. მოპასუხეები 2010-2011-2012 წლების განმავლობაში რეგულარულად ავრცელებდნენ ქართულ ვერსიას საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი ვებგვერდების (www.f.ge; www.f.ge) მეშვეობით, ხოლო აღნიშნული პროგრამის გაშვებისთვის საჭირო „გასაღების“ რეალიზაციას პირველი მოპასუხე ეწეოდა ჩვეულებრივი გაყიდვის გზით. ამ ქმედებებით მოპასუხეები არღვევენ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით მოსარჩელის გარანტირებულ უფლებებს და ზიანს აყენებენ მას, რადგან მოსარჩელე თავად ეწევა საავტორო უფლებებით დაცული კომპიუტერული პროგრამის რეალიზაციას. ამასთან, მოპასუხეების მიერ ზემოაღნიშნული პროგრამა რეალიზდება მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით, რაც დამატებით მოსარჩელისთვის მინიჭებული უფლებების დარღვევაა.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ არ დაურღვევიათ მოსარჩელეთა უფლებები, შესაბამისად, არც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა.

პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

4. პირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება (საბუღალტრო პროგრამის რეალიზაციის აკრძალვიდან/დაყადაღებიდან შეგებებული სარჩელის შემოტანამდე (2013 წლის 6 ივნისამდე)), რომელიც შეადგენს 22 415 ლარს; 2013 წლის 1 ივნისიდან მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებამდე ყოველთვიურად 4 483 ლარის ანაზღაურება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, პირველ მოპასუხეს აეკრძალა საქართველოში კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტრის“ ქართული ვერსიის გავრცელება და რეალიზაცია, მათ შორის ვებგვერდის მეშვეობით და ყადაღა დაედო მის მფლობელობაში არსებულ კომპიუტერული პროგრამის – „ინფო ბუღალტრის“ გაშვებისთვის საჭირო გასაღებებს. სასამართლოს მიერ აკრძალვისა და ყადაღის გამო მოპასუხეს ადგება ზიანი. ყადაღის გამო მას ეზღუდება ეკონომიკური საქმიანობის სრულად რეალიზაციის უფლება. რეალურად, დასტურდება, რომ მოპასუხემ პროგრამა თარგმნა ქართულ ენაზე თავად, თავისი რესურსით, ნაწარმოების ორიგინალის (რუსული ვერსიის) ავტორის თანხმობით. „ინფო ბუღალტრი“ ავრცელებს საბუღალტრო პროგრამის რუსულ ვერსიას, რომლის გაშვებისათვისაც იგივე გასაღებები გამოიყენება. შეგებებული სარჩელის მოპასუხე კონკურენტი კომპანიაა და ამგვარად მიზანმიმართულად მოქმედებს შეგებებული სარჩელის მოსარჩელის საქმიანობის შეზღუდვის ხარჯზე, ბაზრის წილის გაზრდის მიზნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს აეკრძალათ კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტრის“ ქართული ვერსიის (რომლის თარგმანზეც საავტორო უფლებები ეკუთვნის მოსარჩელეს) გავრცელება და რეალიზაცია – დასახელებით „ინფო ბუღალტერი“ ან ნებისმიერი სხვა დასახელებით, მათ შორის, „ეფემჯი ბუღალტრის“ და „FMG ბუღალტრის“ სახელწოდებით. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ჩამოერთვა 2010-2011-2012 წლებში კომპიუტერული პროგრამა „ინფო-ბუღალტრის“ (მათ შორის – „ეფემჯი ბუღალტრის“ ან/და „FMG ბუღალტრის“ სახელით) რეალიზაციისგან მიღებული შემოსავალი 321 461 ლარი. მოპასუხეებს აეკრძალათ მოსარჩელის კუთვნილი გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნების (№20962 და №21384) გამოყენება, მათ შორის – აღნიშნული სასაქონლო ნიშნების საკუთარ ვებგვერდზე განთავსება და კომპიუტერულ პროგრამებზე (მათ შორის საინსტალაციო პაკეტებში) დატანა. პირველი მოპასუხისათვის მის საკუთრებაში არსებული კომპიუტერული პროგრამის – „ინფო ბუღალტრის“ გაშვებისთვის საჭირო „გასაღებების“ (231 ცალი) უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება მიღებული შემოსავლის ჩამორთმევის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტი) და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; პირველ მოპასუხეს დაეკისრა 2010-2012 წლებში კომპიუტერული პროგრამის – „ინფო-ბუღალტრის“ რეალიზაციდან მიღებული შემოსავალი (მოგება) 152 496 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე, საქმეზე მტკიცებულებათა დართვის შესახებ 2019 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინება; სასამართლო ხარჯები განაწილდა შემდეგნაირად: მოსარჩელეს აპელანტების სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის, დაკმაყოფილებული სააპელაციო მოთხოვნის პროპორციულად (დავის საგნის 49.1%) – 3437 ლარის ანაზღაურება.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტი) შეიცვალა ნაწილობრივ და ამ ნაწილში მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 5000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოებისათვის.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება – თარგმნის უფლება მოსარჩელეს გადაცემული აქვს ავტორისგან, ამ უფლების რეალიზაციის შედეგად, მოსარჩელემ თარგმნა საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა - „ინფო-ბუღალტერი“. სარჩელის აღძვრის წინაპირობა გახდა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს თავისი უფლება და მისი ნებართვის გარეშე გამოიყენეს მოსარჩელის მიერ ნათარგმნი ვერსია. შესაბამისად, ძირითად სადავო გარემოება, მოცემულ სამართალწარმოებაში, იმის გამორკვევაა, მოახდინეს თუ არა მოპასუხეებმა მოსარჩელის მიერ, საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის – „ინფო-ბუღალტრის“ ქართულ ენაზე ნათარგმნი ვერსიის უნებართვო კოპირება-გამოყენება.

11. საქმის განხილვის ფარგლებში, მოსარჩელის ინტელექტუალური საკუთრებისა და მოპასუხეების მიერ გამოყენებული კომპიუტერული პროგრამის იდენტურობის შესამოწმებელი რამდენიმე ექსპერტიზა მეტ-ნაკლებად განსხვავებულ შეფასებებსა და დასკვნებს შეიცავს. გარდა ექსპერტიზის დასკვნებისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმები, სადაც აღწერილია ვებგვერდიდან პროგრამის საინსტალაციო ფაილის გადმოწერა; გადმოწერილი საინსტალაციო ფაილის გაშვება და პროგრამის დაინსტალირება; დაინსტალირებული პროგრამის გაშვების შეუძლებლობა; დაინსტალირებული პროგრამის გაშვება გასაღების მეშვეობით; პროგრამის გაშვების შემდეგ მისი გარეგნული მხარის აღწერა.

12. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ სადავო საბუღალტრო პროგრამის თარგმანებს შორის არსებობდა იმგვარი დამთხვევები, რაც წარმოშობდა მოსარჩელის მტკიცების გაზიარების მყარ საფუძველს. მართალია, თარგმანი განხორციელებულია ერთსა და იმავე საბუღალტრო პროგრამიდან და, ცხადია, დიდი იქნება მსგავსება ტერმინებისა და სიტყვათა შეთანხმებებისა, თუმცა მნიშვნელოვანია ორივე სადავო თარგმანში დაშვებული ერთი და იგივე მექანიკური შეცდომები, კერძოდ, „ორი წერტილი“ - „სამი წერტილის“ ნაცვლად, ზედმეტი დაშორებები ერთსა და იმავე ადგილას, ერთნაირი გრამატიკულ-ორთოგრაფიული შეცდომები, როგორიცაა: „დასშვები“, „მეხსიერაბა“ და მრავალი სხვა. ალბათობა იმისა, რომ ეს შეცდომები, შესაძლოა, იყოს დამთხვევა, ლოგიკური მოცემულობას სცდება და, პალატის მოსაზრებით, განპირობებულია სწორედ სხვისი საავტორო უფლების შელახვისა და მითვისების ხარჯზე.

13. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელის მიერ ნათარგმნი საბუღალტრო პროგრამის ასლი უნებართვოდ დააკოპირეს რითაც დაარღვიეს მისი საავტორო უფლებები, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, აეკრძალოთ მოპასუხეებს, კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტრის“ ქართული ვერსიის (რომლის თარგმანზეც საავტორო უფლებები ეკუთვნის მოსარჩელეს - შპს „ი. ი–ოს“) გავრცელება და რეალიზაცია – დასახელებით „ინფო ბუღალტერი“ ან ნებისმიერი სხვა, მათ შორის – „ეფემჯი ბუღალტერისა“ და „FMG ბუღალტერის“ სახელწოდებით, საფუძვლიანია და მართებულად დაკმაყოფილდა საქალაქო სასამართლოს მიერ.

14. პროგრამის „ინფო-ბუღალტერი“ (მათ შორის „ეფემჯი ბუღალტერის“ ან/და „FMG ბუღალტრის“ სახელით) რეალიზაციისგან მიღებული შემოსავალთან დაკავშირებით სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის დასაბუთება და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სადავო პერიოდში რეალიზაციისგან მიიღო 321 461 ლარი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, 2010- 2011-2012 წლებში პირველი მოპასუხის მიერ კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტრის“ რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 321 461 ლარი, კერძოდ: 2010 წლის ოქტომბერს, ნოემბერსა და დეკემბერს 39 125 ლარი, 2011 წელს - 130 260 ლარი; 2012 წელს – 152 076 ლარი. აღნიშნულ ნაწილში პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტა და აღნიშნა, „მიღებული შემოსავლის’’ განმარტების თვალსაზრისით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც პროგრამის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, ასევე – გაწეული ხარჯი, რაც მიჩნეული იქნება იმ მოგებად, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს საავტორო უფლების დამრღვევებს, კერძოდ, პალატამ გაიზიარა აპელანტის განმარტება და აღნიშნა, რომ 321 461 ლარი, რომელსაც მიუთითებდა მოსარჩელე და სასამართლომ მიიჩნია შემოსავლად, სინამდვილეში, წარმოადგენდა ამ ოპერაციებიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის „შემოსავალი“, რისი მოთხოვნის უფლებაც არსებობს კანონის თანახმად (საფუძვლების არსებობისას). შემოსავალი და მოგება დგინდება საგადასახადო მიზნებისათვის სამეურნეო წლის მიხედვით. ვინაიდან ამ შემთხვევაში საკითხი კონკრეტული პროდუქციის რეალიზაციას უკავშირდება, შემოსავალი/მოგება უნდა დაანაგრიშდეს ამ პროდუქციის მიმართ ერთობლივი შემოსავლისა და ხარჯების გათვალისწინებით. შესაბამისად, 321 461 ლარს, რომელიც ერთობლივი შემოსავალია, უნდა გამოაკლდეს ამ შემოსავალთან დაკავშრებული ხარჯები იმ პრინციპით, რაც წარმოდგენილი იყო მოპასუხის მიერ (ხარჯები, რომელიც გათვალისწინებულია კანონით). რეალურად კომპანიის შემოსავალი, მითითებულ პერიოდში 152 496 ლარია და სწორედ აღნიშნულ ნაწილში ექვემდებარება დაკმაყოფილებას მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურება.

15. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტში დარეგისტრირებული აქვს გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნები (M20962; M21384) საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-9 და 42-ე კლასებისთვის. მათ შორის, მე-9 კლასში შემავალი შემდეგი საქონლისთვის: „კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა; კომპიუტერული პროგრამები“ და 42-ე კლასის შემდეგი მომსახურებისთვის: „პროგრამირება“, საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტერი“. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის იდენტური ნიშანი განთავსებული ჰქონდა ვებგვერდზე და კომპიუტერული პროგრამა „ეფემჯი ბუღალტრის“ საინსტალაციო ფანჯრებზე. ასევე, კომპიუტერული პროგრამის – „ეფემჯი ბუღალტრის“ კომპიუტერში ინსტალაციის შემდეგ, ამ პროგრამის გამშვები ღილაკი მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის იდენტური გამოსახულება იყო, რაც დასტურდება აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის №F12000009 ოქმით. ასევე დგინდება, რომ ანალოგიური პროგრამის გამშვები საინსტალაციო ბაზა იძებნებოდა ფ.მ.ჯ–ის ვებგვერდზე.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხეები მოსარჩელეების კუთვნილ სასაქონლო ნიშნებს იყენებდნენ ინტელექტუალური საკუთრების უფლების მქონე პირის თანხმობის გარეშე, რითაც დაირღვა მოსარჩელის კანონით გარანტირებული უფლებები და მოპასუხეებს აეკრძალათ სადავო სასაქონლო ნიშნების გამოყენება, მათ შორის – აღნიშნული სასაქონლო ნიშნების საკუთარ ვებგვერდზე განთავსება და კომპიუტერულ პროგრამებზე (მათ შორის საინსტალაციო პაკეტებში) მიმაგრება.

17. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია სასარჩელო მოთხოვნები, ასევე დადგენილად არის მიჩნეული მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელის საავტორო და ინტელექტუალური უფლებების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, შენარჩუნებულია საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და არ არსებობს მისგან მომდინარე ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები. გარდა აღნიშნულისა, ცალსახად არ დგინდება მიყენებული ზიანის ოდენობაც, რომელიც მოპასუხეს, შესაძლოა, მიეღო დაყადაღებული „გასაღებების“ (231 ცალი) რეალიზაციის აკრძალვისგან. მოპასუხეს სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით გაუჩერდა მხოლოდ კონკრეტული რაოდენობის ე.წ. გასაღები. დამოუკიდებლად მხოლოდ გასაღებებით შემდგომი ვაჭრობა მას არ აკრძალვია. თვით შეგებებული სარჩელის თანხების კალკულაცია აგებულია პროგრამის სადავო ქართული ვერსიის გამოყენების, მათი გასხვისების აკრძალვით მიყენებულ ზიანზე. ამ ნაწილში კი უზრუნველყოფის ღონისძიება გამართლებული გამოდგა, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სავალდებულო წინაპირობათა ერთობლიობა, რის გამოც შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

19. კასატორთა მტკიცებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირველი მოპასუხე უშუალოდ პროგრამის რეალიზაციას არ ეწეოდა, ამდენად, იმთავითვე აბსურდული იყო აღნიშნული პროგრამის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის მოსარჩელისათვის გადაცემის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა, რაც სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მიუხედავად არსებითი ხასიათის შეცდომისა, კერძოდ, პირველი მოპასუხის მიერ წარდგენილი ცნობები მის მიერ მიღებულ ამონაგებთან დაკავშირებით, ასახავს პროგრამის გაშვებისათვის საჭირო გასაღებების რეალიზაციის შედეგად მიღებულ შემოსავალს, რაზეც მოსარჩელეს არავითარი პრეტენზიის გაცხადება არ შეუძლია, რადგან გასაღებები არ არის კონტრაფაქციული, რაც დადგინდა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით, რომელიც არ გასაჩივრებულა. ამასთან, მოსარჩელეს სარჩელით არც მოუთხოვია გასაღებების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის მისთვის გადაცემა. ამდენად, არ არსებობდა პირველი მოპასუხისათვის თუნდაც 152 496 ლარის დაკისრების არავითარი სამართლებრივი საფუძველი.

20. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საწარმოს „შემოსავლის“ ცნებაში მოიაზრება არა მთლიანად მის მიერ მიღებული შემოსავლის ოდენობა, არამედ საწარმოს მოგება. პირველი მოპასუხის მიერ სადავო 27 თვის განმავლობაში (2010 წ. სამი თვე და 2011-2012წ.) მიღებული შემოსავალი შეადგენს არა 321 461, არამედ 121 041 ლარს (4483 X 27 თვეზე). შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები არათუ ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლის არმქონეა, არამედ აბსურდულიც კია მოთხოვნილი თანხის ოდენობა.

21. სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 28 იანვრის დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამები „FMG-ბუღალტერი“ და „ინფო ბუღალტერი“ ორი დამოუკიდებელი ქართულად ნათარგმნი მოდიფიცირებული ვერსიაა, რომელთა ძირითადი ნაწილის ტექსტობრივი მაჩვენებლები მცირედი მსგავსებით ერთმანეთისგან განსხვავებულია. არაერთ შემთხვევებში მსგავსება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მსგავსი ტექსტები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოსაყენებელი ტერმინებია. შესაბამისად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის „FMG-ბუღალტრის“ ტექსტობრივი ნაწილი არ არის იდენტური საბუღალტრო პროგრამა „ინფობუღალტრის“ ტექსტობრივი ნაწილისა და მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. პალატამ გაიზიარა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ–ის“ მიერ 2016 წლის 14 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა და უგულებელყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.

22. კასატორის მტკიცებით, რამდენიმე გრამატიკული უსწორობა გამოწვეულია ტექსტის აკრეფისას მექანიკური შეცდომებით. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მათ დეტალურად განმარტეს, რომ გაურკვეველია, თუ რა მსგავს ანალოგიურ გრამატიკულ შეცდომაზე საუბრობდა მოსარჩელე, როდესაც მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებით აღნიშნული არ დასტურდება. რაც შეეხება აბრევიატურების დამთხვევას, გამოწვეულია საერთო ტერმინების გამოყენებით, ასეთი მსგავსება იქნება სხვა ნებისმიერ პროგრამებს შორისაც. აღნიშნული დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01.06.2015 წლის დასკვნითაც, რომელიც ეხება: „ორის ბუღალტერს“, „ინფო ბუღალტერს“ და „ეფ ემ ჯი ბუღალტერს“ და რომელიც სასამართლომ ასევე შეფასების გარეშე დატოვა. რაც შეეხება ველთა თანმიმდევრობის იდენტურობას - პროგრამის ინტერფეისში, მენიუს სტრიქონში, განყოფილებებისა და ქვეგანყოფილებების თანამიდევრობა შემუშავებულია პროგრამის ავტორის მიერ და მისი რედაქტირება არ არის მიზანშეწონლი, ამიტომ არის თანმიმდევრობა დაცული, როგორც „ეფემჯი ბუღალტერში“, ისე „Info ბუღალტერში“. ბუღალტრული პროგრამის ორივე ქართული ვერსიის წყარო, საიდანაც ორივე ვერსია დამუშავდა, ერთი და იგივე პროგრამაა.

23. პირველი მოპასუხე საქპატენტის მიერ გაცემული დეპონირების დამადასტურებელი მოწმობისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონოის მე-9 პრიმა მუხლის შესაბამისად, მიიჩნევა კომპიუტერული პროგრამა „ინფო-ბუღალტრის“ ქართული მოდიფიცირებული ვარიანტის მფლობელად და დაცულია ყველა იმ სამართლებრივი დაცვის საშუალებით, რასაც ითვალისწინებს ზემოაღნიშნული კანონი. სასამართლო კი ცალმხრივად მიუთითებს მხოლოდ მოსარჩელის მიერ დეპონირების ფაქტზე და არაფერს ამბობს იმ უდავოდ დადგენილ გარემოებაზე, რომ კომპიუტერული პროგრამის ქართულ მოდიფიცირებულ ვარიანტზე უფლების მფლობელი მოპასუხეა.

24. გარდა იმისა, რომ პირველ მოპასუხეს არ მოუხდენია მოსარჩელის მიერ ნათარგმნი საბუღალტრო პროგრამის რეპროდუცირება ან მისი უფლების რაიმე ფორმით დარღვევა, უდავოა, რომ პროგრამის თარგმანზე მოსარჩელის საავტორო უფლება საერთოდაც ვერ დადასტურდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სამოქალაქო ბრუნვაში შეიტანა საქონელი, რაც, კანონის თანახმად, გამორიცხავს მის უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეფასების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ გასაღებების არაკონტრაფაქციულობა დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

25. სასამართლომ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არ მიიჩნია და სრულად უგულებელყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 მარტის განჩინებით (საქმე №2ბ/525-13) დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მეორე მოპასუხე არ ახორციელებს საქართველოში კომპიუტერული პროგრამის „ინფო ბუღალტრის“ ქართული ვერსიის დამოუკიდებლად გავრცელებასა და რეალიზაციას. შესაბამისად, მეორე მოპასუხე არ არის საქმეზე სათანადო მოპასუხე და მისი პროცესში ჩართვა ემსახურებოდა მოსარჩელის არაკეთილსინდისიერ მიზანს, ზიანი მიეყენებინა ბაზარზე მოქმედი წარმატებული ბიზნეს სუბიექტისათვის.

26. უკანონოა სააპელაციო პალატის მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების გაზიარება შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მტკიცდება, რომ პირველ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ თარგმნილი საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტრის“ ასლი არ გადაუღია და მან პროგრამა ქართულ ენაზე თავად თარგმნა, თავისი რესურსით, ავტორის თანხმობით. შესაბამისად, შეზღუდვებისა და ყადაღის უსაფუძვლობის გამო, მოპასუხემ დაკარგა და პერიოდულად კარგავს შემოსავალს, რომელიც მას უნდა მიეღო აღნიშნული პროგრამის გამშვები გასაღებების რეალიზაციიდან. „ინფო ბუღალტრის“ მიერ საბუღალტრო პროგრამის რუსული ვერსიაც გავრცელდა, რისთვისაც იგივე გასაღებები გამოიყენება. დაყადაღებული მოპასუხის კუთვნილი გასაღებები არ არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, არ არის კონტრაფაქციული ასლები და, შესაბამისად, ცხადია, რომ გამოყენებული ამკრძალავი ღონისძიება, აღმოჩნდა უსაფუძვლო და გაუმართლებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვლინდება უსაფუძვლო, ზიანის მიმყენებელი სარჩელის უზრუნველყოფის შედეგად პირველი მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების პირდაპირი, უშუალო და უპირობო საფუძველი, რაც უგულებელყო სააპელაციო პალატამ.

27. უკანონოა და უნდა გაუქმდეს 2019 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.2 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმეს დაურთო მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, სახელდობრ კომპაქტდისკზე ჩაწერილი „DLL ფაილის“ პროგრამული დაშლის ელვერსია, შესაბამისად, ვლინდება მითითებული განჩინების გაუქმებისა და მის საფუძველზე დართული მტკიცებულების საქმიდან ამოღების სამართლებრივი საფუძველი.

28. სასამართლოს მიერ დაშვებულ კიდევ ერთ არსებით დარღვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მან მთავარ სხდომაზე ნება დართო მოსარჩელეს, არსებითად შეეცვალა სასარჩელო მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, მოპასუხე მხარე ამის წინააღმდეგი იყო, კერძოდ, მოსარჩელის 06.05.2015 წლის დაზუსტებულ სარჩელში მითითებულ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა: „აეკრძალოთ მოპასუხეებს კომპიუტერული პროგრამის „ინფო ბუღალტრის“ ქართული ვერსიის გავრცელება და რეალიზაცია დასახელებით „ინფო ბუღალტერი“ ან ნებისმიერი სხვა, მათ შორის, „ეფემჯი ბუღალტრისა“ და „FMG ბუღალტრის“ სახელწოდებით.“ 2020 წლის 25 ივნისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსარჩელემ არსებითად შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა და ჩამოაყალიბა შემდეგი სახით: „აეკრძალოთ მოპასუხეებს კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტრის“ ქართული ვერსიის, რომლის თარგმანზეც საავტორო უფლებები ეკუთვნის მოსარჩელეს, გავრცელება და რეალიზაცია – დასახელებით „ინფო ბუღალტერი“ ან ნებისმიერი სხვა დასახელებით, მათ შორის, „ეფემჯი ბუღალტრის“ და „FMG ბუღალტრის“ სახელწოდებით.“

29. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კიდევ ერთ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის ოქმები, რითაც არათუ მოსარჩელის პოზიციის სისწორე არ დასტურდება, არამედ, პირიქით, ცხადი ხდება მისი სიმცდარე და აბსურდულობა. მტკიცებულებით ნათლად ჩანს სხვაობა მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ დეპონირებულ მოდიფიცირებულ ვერსიებს შორის.

30. საგულისხმოა, რომ მრავალწლიანი სასამართლო დავის მსვლელობისას მოსარჩელე მოპასუხეს ბრალს სდებდა მთლიანი რესურსული ციფრული ჩანაწერების პირის გადაღებაში (ფაილის კოპირებაში). მას შემდეგ, რაც მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ მთლიანი რესურსული ჩანაწერების გადაღების შემთხვევაში მას გადაჰყვებოდა ინფორმაცია ე.წ - „პროგრამის შესახებ“, რომლის შეცვლაც შეუძლებელი იყო, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე შეცვალა პოზიცია, სარჩელის საფუძველი და მიუთითა, თითქოს მოპასუხემ რესურსული ჩანაწერი მთლიანად კი არა, არამედ დაშალა და ნაწილ-ნაწილ გადაიღო. აღნიშნული ბრალდებაც, ცხადია აბსურდულია, ასევე, მოსარჩელემ პოზიცია შეიცვალა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, რაც უხეში პროცესუალური დარღვევაა. რაც შეეხება პროგრამის მეორე ელემენტს, ეს გახლავთ კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტრის“ მთავარი ელემენტი. იგი წარმოადგენს პირველი ელემენტის (მონაცემთა ბაზის) გაშვებისათვის (ამოქმედებისთვის) აუცილებელი ელგასაღებია (ლიცენზია), რომელზეც საავტორო უფლება არ გააჩნია მოსარჩელეს და ის არც დავის საგანს არ წარმოადგენდა.

31. კასატორმა წარმოადგინა საქპატენტის მიერ გაცემული მოწმობა სასაქონლო ნიშანზე „Info Bukhalter“, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სასაქონლო ნიშნის მფლობელი კვლავ პირველი მოპასუხეა. აღნიშნული კასატორის მიერ ხელმეორედ იქნა რეგისტრირებული და ძალაში 2032 წლის 10 ნოემბრამდეა. სასაქონლო ნიშნის მოწმობა გაიცა 2022 წლის 10 ნოემბერს, შესაბამისად, საქმის ქვედა ინსტანციებით საქმის განხილვისას კასატორს მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

მეორე კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

32. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მოთხოვნით.

33. სააპელაციო სასამართლომ არ განმარტა, თუ რატომ შეამცირა მოპასუხისათვის დაკისრებული 321 461 ლარი 152 496 ლარამდე. პირველ რიგში, მოსარჩელემ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა არა ზიანის ანაზღაურება, არამედ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც უფლების დამრღვევმა მიიღო საავტორო უფლების დარღვევით. ამასთან, ამ მექანიზმს აქვს პრევენციული ხასიათი, კერძოდ, სანქციების მიზანია არამხოლოდ უფლების მფლობელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, არამედ იმდენად არახელსაყრელი პირობების შექმნა, რომ დამრღვევმა თავი შეიკავოს საავტორო უფლებების დარღვევისაგან. აღნიშნული კანონის მიზნიდან გამომდინარე უკანონო შემოსავალს წარმოადგენს ყველაფერი, რაც შესაძლო უფლების დამრღვევმა მიიღო უფლების დარღვევით.

34. სააპელაციო სასამართლომ არ განმარტა, თუ როგორ დათვალა თუნდაც გადაწყვეტილებაში მითითებული შემოსავალი. სასამართლო ყოველგვარი დასაბუთებისა და შემოსავლების შემოწმების გარეშე დაეყრდნო უფლებების დამრღვევის მიერ სასამართლოში წარდგენილ ცნობას, რომლის მიხედვითაც მოპასუხის შემოსავალმა ყოველთვიურად შეადგინა 5 648 ლარი. სასამართლო დაეყრდნო საბუთს, სადაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მითითებულია ციფრი, რომელიც არ ეფუძნება არავითარ საბუთს. დაუშვებელია მოწინააღმდეგე მხარეს კანონიერად ჩაეთვალოს შემოსავალი, რომელიც მან დახარჯა საავტორო უფლების დარღვევისათვის.

35. უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილებაც, რომლითაც პირველი ინსტანციის მიერ მოპასუხეთათვის დაკისრებული მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი - 11 520 ლარი შემცირდა 5 000 ლარამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

36. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

37. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

39. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

40. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

41. სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხეთათვის მოსარჩელის მიერ ნათარგმნი საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის გავრცელებისა და რეალიზაციის აკრძალვა და ამ პროგრამის რეალიზაციისაგან მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტიის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებს (საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ) ეფუძნება.

42. დადგენილია, რომ, როგორც მოსარჩელეს, ისე პირველ მოპასუხეს სადავო საბუღალტრო პროგრამის თარგმნის უფლებამოსილება კანონიერად ჰქონდათ მოპოვებული. ამასთან, მოსარჩელეს კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტერი“ (ქართული ვერსია) 2010 წლის 29 ოქტომბრიდან დეპონირებული აქვს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - საქპატენტში, ხოლო პირველ მოპასუხეს საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის ქართული მოდიფიცირებული ვარიანტი 2010 წლის 28 დეკემბრიდან დეპონირებული აქვს საქპატენტში. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა მოპასუხეებმა მოსარჩელის ქართულ ენაზე ნათარგმნი ვერსიის ასლი უნებართვოდ გადაიღეს/გამოიყენეს თუ თავად თარგმნეს პროგრამა.

43. საქმეზე წარმოდგენილია თარგმანთა იდენტურობის შესამოწმებლად გამართული რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 28 იანვრის დასკვნის მიხედვით, საბუღალტრო პროგრამები „FMG-ბუღალტერი“ და „ინფო ბუღალტერი“ ორი დამოუკიდებელი, ქართულად ნათარგმნი მოდიფიცირებული ვერსიაა, რომელთა ძირითადი ნაწილის ტექსტობრივი მაჩვენებლები მცირედი მსგავსებით ერთმანეთისგან განსხვავებულია. არაერთ შემთხვევაში მსგავსება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მსგავსი ტექსტები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოსაყენებელ ტერმინებს შეიცავს. შესაბამისად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის „FMG-ბუღალტრის“ ტექსტობრივი ნაწილი არ არის იდენტური საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტრის“ ტექსტობრივი ნაწილისა და მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 22 აპრილის დასკვნის მიხედვით, ექსპერტის მიერ შესწავლილია „ინფო ბუღალტრის“ და „FMG-ბუღალტრის“ იდენტური ელემენტები და დადგენილია არაერთი მსგავსება, როგორც სიტყვების შემოკლებისას, ისე დაშვებული შეცდომების გამეორებისას.

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 1 ივნისის დასკვნის მიხედვით, შედარებულია პროგრამებს შორის არსებული მსგავსებები და გამოვლენილია ანალოგიური ტიპის განსხვავებები.

- დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს „ვ–ის“ მიერ 2016 წლის 14 აპრილის ექსპერტიზის თანახმად, საბუღალტრო პროგრამა „ინფობუღალტერის“ ქართული ვერსიების „ინფო ბუღალტრის“ და „FMG-ბუღალტრის’’ მსგავსების დადგენის მიზნით შედარებითი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ პროგრამების რესურსულ ჩანაწერებში ძალზე ხშირია მსგავსი და იდენტური ქართული ტერმინების დამთხვევა. ანალიზის შედეგად გამოვლენილი მსგავსებებისა და დამთხვევების სიმრავლე და სპეციფიკა ქმნის საფუძველს დასკვნისთვის, რომ პროგრამის ამ ორი შესადარებელი ვერსიიდან უფრო „გვიანდელი ვერსია“ შექმნილია (აღებულია) უფრო „ადრინდელი ვერსიიდან“.

44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რომ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი დადგენილია სსსკ-ის 105-ე მუხლით (სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ) რომლის თანახმადაც, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც მათ როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივად სწავლობს, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას. მოცემული ნორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპერტის დასკვნასთან მიმართებით. სსსკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის. მან ექსპერტიზის დასკვნის კრიტიკული განხილვის შედეგად უნდა ჩამოიყალიბოს საკუთარი აზრი, რადგან არ არის დამოკიდებული ექსპერტის აზრზე. ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევი მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. ამასთან, ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე (იხ.: სუსგ №ას-349-2021, 11.06.2021წ.; №ას-1152-2021, 31.01.2022წ.; ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122.).

45. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ ექსპერთა დასკვნების შეფასებას და მიიჩნევს, რომ სადავო პროგრამებში დაშვებული იდენტური ტექნიკური და შინაარსობრივი შეცდომები ქმნის მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის თარგმანის უნებართვო კოპირების თაობაზე დასაბუთებული ეჭვის საფუძველს. გარდა ამისა, საკასაციო პალატის შეფასებით, აღნიშნულ ეჭვს ამყარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმები, სადაც აღწერილია ვებგვერდიდან პროგრამის საინსტალაციო ჩანაწერის („ფაილის“) გადმოწერა; გადმოწერილი საინსტალაციო ჩანაწერის გაშვება და პროგრამის დაინსტალირება; დაინსტალირებული პროგრამის გაშვების შეუძლებლობა; დაინსტალირებული პროგრამის გაშვება გასაღების მეშვეობით; პროგრამის გაშვების შემდეგ მისი გარეგნული მხარის აღწერა. უფრო მეტიც, დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიებს ხელი მიუწვდებოდათ მოსარჩელის კომპიუტერულ პროგრამებთან.

46. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის მიხედვით, თითქოს პროგრამის კოპირებისას, მას გადმოყვებოდა ინფორმაცია ე.წ - „პროგრამის შესახებ“, რომლის შეცვლაც შეუძლებელი იყო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ პრეტენზიას აქარწყლებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარდგენილი პრეზენტაცია, სადაც სპეციალისტმა ეს ინფორმაცია შეცვალა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების წინააღმდეგ მოპასუხეებს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, რის გამოც საკასაციო პალატა იზიარებს მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნას.

47. რაც შეეხება უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ოდენობას, მასზე ორივე მხარე დავობს. დადგენილია, რომ 2010-2012 წლებში პირველი მოპასუხის მიერ კომპიუტერული პროგრამის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამურად შეადგინა 321 461 ლარი (2010 წლის ოქტომბერს, ნოემბერსა და დეკემბერში 39 125 ლარი, 2011 წელს - 130 260 ლარი; 2012 წელს – 152 076 ლარი), რომლის მოპასუხისათვის დაკისრებასაც მოსარჩელე სრულად მოითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიღებულ ერთობლივ შემოსავალს უნდა გამოჰკლებოდა კანონით გათვალისწინებული და მოპასუხის მიერ გაწეული ხარჯი, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა. საკასაციო პალატა უარყოფს ორივე მხარის საკასაციო პრეტენზიას, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და განმარტავს, რომ ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, დამრღვევის მიერ გაღებული ხარჯი უფლების დარღვევის შედეგად მიღებულ შემოსავლად ვერ მიიჩნევა, მეორე მხრივ, კი საქმის მასალებით სადავო პერიოდში შემოსავალი ხარჯის გამოკლებით სწორედ 152 496 ლარი დასტურდება. აქედან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ პირველ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა 152 496 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ.

48. მოპასუხეთათვის მოსარჩელის კუთვნილი გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნების (№20962 და №21384) გამოყენების აკრძალვა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტსა (სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შეწყვეტა) და 6.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს (განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტურია და საქონელიც იდენტური) ეფუძნება.

49. იმისათვის, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სასაქონლო ნიშნის გამოყენება აუკრძალოს, მოსარჩელე უნდა იყოს მის მიერ მითითებულ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი; უნდა დადგინდეს მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოყენება; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება.

50. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საუძველზე. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ სასაქონლო ნიშანი მოსარჩელე კომპანიას კანონით დადგენილი წესით აქვს რეგისტრირებული.

51. მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელის განსაკუთრებული უფლების მოცულობა სასაქონლო ნიშანზე. მისი მტკიცებით, მას იგივე სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული აქვს 35-ე კლასისათვის. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო კლასიფიკატორი არის 1957 წლის 15 ივნისს ნიცის შეთანხმებით მიღებული და ხელმოწერილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორი (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, ჟენევაში - 1977 წლის 13 მაისს); ნიშნების რეგისტრაციისათვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის შესახებ ნიცის შეთანხმების (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2002 წ. - 10 ოქტომბრის №1684-I2 დადგენილებით) პირველი მუხლის შესაბამისად, კლასიფიკაცია შედგება ნაწილებისგან, მათ შორის (ii) საქონლისა და მომსახურების ანბანური ჩამონათვალი იმ კლასის მითითებით, რომელშიც ხვდება საქონლისა და მომსახურების თითოეული სახეობა. ნიცის კლასიფიკაცია არის ისმოს მიერ ადმინისტრირებული სისტემა, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისთვის საქონლისა და მომსახურების კლასიფიცირების მიზნით და შექმნილია ნიშნების რეგისტრაციისათვის განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის შესახებ ნიცის შეთანხმების საფუძველზე. ნიცის კლასიფიკაცია შედგება კლასის დასახელებების, განმარტებითი შენიშვნების და საქონლისა და მომსახურების ანბანური ჩამონათვლისგან. კლასის დასახელება ვრცლად აღწერს ამ კლასში შემავალი საქონლის, ასევე – მომსახურების შინაარსსა და ბუნებას. ამასთან, თითოეულ კლასს აქვს განმარტებითი შენიშვნები, რომლებიც აღწერს კლასში შემავალი საქონლის ან მომსახურების ტიპს და ზოგ შემთხვევაში საქონელსა და მომსახურებას, რომელიც არ შედის კლასში. საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკაციის დასათაურებებში (ნიცის კლასიფიკაცია მე-11 რედაქცია) მე-9 კლასი წარმოდგენილია სათაურით: სამეცნიერო, საკვლევი, სანავიგაციო, გეოდეზიური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, აუდიოვიზუალური, ოპტიკური, აწონვის, გაზომვის, სიგნალიზაციის, გამოსავლენი, ტესტირების, ინსპექტირების, სამაშველო და სასწავლო აპარატურა და ინსტრუმენტები; აპარატურა და ინსტრუმენტები ელექტროობის გადაცემის, გადართვების, გარდაქმნის, დაგროვების, განაწილების ან გამოყენების რეგულირების ან მართვისთვის; აპარატურა და ინსტრუმენტები ხმის ან გამოსახულების ჩაწერის, გადაცემის, აღწარმოების ან დამუშავებისთვის; მონაცემების მაგნიტური მატარებლები, ჩასაწერი დისკები, ციფრული ან ანალოგიური ჩამწერი ან დამმახსოვრებლები; მონეტებზე მომუშავე აპარატების მექანიზმები; სალარო აპარატები, მთვლელი მოწყობილობები; კომპიუტერები და კომპიუტერის პერიფერიული მოწყობილობები; მყვინთავის სამოსი, მყვინთავის ნიღბები, მყვინთავის ყურსაცობები, ცხვირის სამაგრები მყვინთავებისა და მოცურავეებისთვის, მყვინთავის ხელთათმანები, სასუნთქი აპარატურა წყალქვეშა ცურვისთვის; ცეცხლმქრობი მოწყობილობები, ხოლო 42-ე კლასი სათაურით: სამეცნიერო და ტექნოლოგიური მომსახურება და მათთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევები და ნაშრომები; სამრეწველო ანალიზი, სამრეწველო კვლევა და სამრეწველო დიზაინი; ხარისხის კონტროლისა და ავთენტიკურობის დადგენის სამსახური; კომპიუტერებისა და კომპიუტერული პროგრამების შექმნა და განვითარება.

52. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს საქპატენტში დარეგისტრირებული აქვს გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნები (M20962; M21384) საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-9 და 42-ე კლასებისთვის. მათ შორის, მე-9 კლასში შემავალი შემდეგი საქონლისთვის: „კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა; კომპიუტერული პროგრამები“ და 42-ე კლასის შემდეგი მომსახურებისთვის: „პროგრამირება’’, საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტერი“. მოპასუხეს მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის იდენტური ნიშანი განთავსებული ჰქონდა ვებ-გვერდზე და კომპიუტერული პროგრამის – „ეფემჯი ბუღალტრის“ საინსტალაციო ფანჯრებზე. ასევე, კომპიუტერული პროგრამა „ეფემჯი ბუღალტრის“ კომპიუტერში ინსტალაციის შემდეგ, ამ პროგრამის გამშვებ ღილაკს წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის იდენტური გამოსახულება. აღნიშნული დასტურდება აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის №F12000009 ოქმით. ასევე დგინდება, რომ ანალოგიური პროგრამის გამშვები საინსტალაციო ბაზა იძებნებოდა ფ.მ.ჯ–ის ვებგვერდზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოპასუხეებს მართებულად აეკრძალათ სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენება, მათ შორის, აღნიშნული სასაქონლო ნიშნების საკუთარ ვებგვერდზე განთავსება და კომპიუტერულ პროგრამებზე (მათ შორის საინსტალაციო პაკეტებში) დატანა.

53. რაც შეეხება პირველი მოპასუხის შეგებებულ სარჩელს უზრუნველყოფის ღონისძიების მოქმედების შედეგად მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან მიმართებით, დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინებით პირველ მოპასუხეს აეკრძალა საქართველოში კომპიუტერული პროგრამის – „ინფო ბუღალტრის“ ქართული ვერსიის გავრცელება და რეალიზაცია, მათ შორის ვებგვერდის მეშვეობით და ასევე ყადაღა დაედო ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებულ კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტრის“ გაშვებისთვის საჭირო გასაღებებს, რომლებიც ინახება მის ოფისში. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია 2012 წლის 31 დეკემბერს. შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცებით, ზემოხსენებული სასამართლო აკრძალვისა და ყადაღის გამო მას მიადგა და პერიოდულად ადგება ზიანი, ეზღუდება ეკონომიკური საქმიანობის სრულად რეალიზაციის უფლება. ბაზარზე არსებობს მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილების საშუალება მას აღარ აქვს აკრძალვების გამო. მისი მტკიცებით, რაკი რეალურად მოსარჩელის თარგმნილი საბუღალტრო პროგრამა არ დაუკოპირებია და ქართულ ენაზე თავად თარგმნა, უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართელებელია და მიყენებული ზიანი უნდა აუნაზღაურდეს.

54. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რაკი სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, ამასთან, დადგენილად არის მიჩნეული მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელის საავტორო და ინტელექტუალური უფლებების დარღვევის ფაქტი და, აქედან გამომდინარე, შენარჩუნებულია საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, არ ვლინდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებიდან მომდინარე სსკ-ის 992-ე, 411-ე და სსსკ-ის 199.3 მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა და, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები.

55. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელემ დაძლია თავისი უფლების დარღვევის მტკიცების ტვირთი, წარადგინა განკუთვნადი და დასაშვები მტკიცებულებები, რაც მხარის საპროცესო უფლებების რეალიზებას წარმოადგენს დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) საფუძველზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, მოპასუხის მიერ შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები დაუსაბუთებელი იყო, რაც კანონის ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

56. პირველი კასატორი მოითხოვს, საქმეზე მტკიცებულების დართვასაც, კასატორის მტკიცებით, წარმოადგინა საბუთი, რომლითაც სადავო სასაქონლო ნიშანზე მის უფლებას ადასტურებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, შესაბამისად, მოთხოვნა დაუსაბუთებელია (იხ.: სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ.; №ას-27-2019, 15.11.2019წ.; №ას-852-2020, 12.04.2022წ.).

57. მეორე კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს დამატებით გადაწყვეტილებას, რომლითაც პირველი ინსტანციის მიერ მოპასუხეთათვის დაკისრებული მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი - 11 520 ლარი შემცირდა 5 000 ლარამდე. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება (იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა) იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები განახორციელა ადვოკატმა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (იხ.: სუსგ №ას-1054-2019, 30.09.2019წ.; №ას-316-316-2018, 7.05.2018წ.; №ას-160-2021, 21.07.2022წ.) მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (შემცირდა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეამცირა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი (ხარჯის ანაზღაურება მხარეს დაკისრებული აქვს კანონით განსაზღვრული ფარგლების გათვალისწინებით და გონივრული ოდენობით).

58. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

59. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

60. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

61. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

63. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, კასატორებს დაუბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ე.ს–ისა“ და შპს „ფ.მ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ი-ი–ოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

3. შპს „ე.ს–სა“ (ს/კ .......) და შპს „ფ.მ.ჯ–ს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე შპს „ე.ს–ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის (საგადასახადო დავალება №1624353432, გადახდის თარიღი 22.06.2021) 70% - 5 600 ლარი;

4. შპს „ი-ი–ოს“ (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის (საგადასახადო დავალება №288, გადახდის თარიღი 21.07.2021) 70% - 5 600 ლარი;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე