Facebook Twitter

საქმე №ას-1399-2019 31 მაისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - გ.ნ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.კ–ია (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

II კასატორი - თ.კ–ია

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ნ–ძე, თ.ნ–ძე (თავდაპირველი მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა (ნაწილობრივ), შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - არასრულწლოვან შვილთან/შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.კ–იამ (შემდგომ - დედა, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ნ–ძის (შემდგომ - მამა, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, პირველი კასატორი) მიმართ და მოითხოვა 2012 წლის 27 დეკემბერს დაბადებული მ.ნ–ძის (შემდგომ - ბავშვი, არასრულწლოვანი) საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ასევე, მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის - ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრის დღიდან - 2016 წლის 7 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე და მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არასრულწლოვანი შვილის მიმართ საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში.

2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელის მიმართ არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით.

3. არასრულწლოვნის პაპამ – თ.კ–ძემ (შემდგომ - პაპა) სარჩელი აღძრა დედის მიმართ და მოითხოვა, მიეცეს არასრულწლოვანი შვილიშვილის კანადაში წაყვანის უფლება ყოველწლიურად, ზაფხულში, აგვისტოში, ერთი თვით; მიეცეს არასრულწლოვანი შვილიშვილის, კანადაში წაყვანის უფლება ორ წელიწადში ერთხელ შობის დღესასწაულზე, სამი კვირით – 15 დეკემბრიდან 5 იანვრამდე; საქართველოში ყოფნის პერიოდში მიეცეს არასრულწლოვან შვილიშვილთან ყოველდღიური ურთიერთობის (ბავშვის ნახვა, სასეირნოდ წაყვანა) და რამდენიმე დღით პაპასთან საცხოვრებელ სახლში დარჩენის უფლება, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე, ერთი კვირის ვადით არასრულწლოვნის დასასვენებლად წაყვანის უფლება. პაპას კანადაში ან სხვა ქვეყანაში ყოფნისას მიეცეს არასრულწლოვან შვილიშვილთან ელექტრონული კომუნიკაციის ან სხვა ტექნიკური საშუალებებით რეგულარული ურთიერთობის უფლება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით – ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დედის სარჩელი, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, მამას დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის, 350 ლარის, გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან - 2016 წლის 7 ივლისიდან სრულწლოვანების მიღწევამდე. მამას შეეზღუდა მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის მიმართ საქართველოდან საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში 2023 წლამდე დედის თანხმობის გარეშე. მამას მიეცა უფლება, არასრულწლოვანი შვილი გაიყვანოს საზღვარგარეთ 2023 წლიდან. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა/შემოყვანაზე შეთანხმდებიან ბავშვის მშობლები. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მამის შეგებებული სარჩელი. მამას მიეცა უფლება, არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს საზღვარგარეთ - კანადაში 2023 წლიდან ზაფხულის არდადეგებზე 27 ივნისიდან 1 აგვისტომდე უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;

- მამას მიეცა უფლება, არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს საზღვარგარეთ - კანადაში 2025 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ 10 დღით 5 იანვრიდან 15 იანვრამდე უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. საქართველოში ყოფნისას ამ უკანასკნელის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან განისაზღვრა შემდეგი სახით: ხუთშაბათს, დღის 18:00 საათიდან კვირამდე, დღის 11:00 საათამდე, ხოლო სამშაბათს, დღის 16:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე სასწავლებლიდან ან დედის საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;

- ზამთრის არდადეგების დროს არდადეგების დაწყებიდან 6 იანვრამდე არასრულწლოვანი იქნება დედასთან, ხოლო 6 იანვრიდან 14 იანვრამდე – მამასთან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. ზაფხულის არდადეგების პერიოდში ივნისში 15 ივნისიდან ყოველი ოთხი დღე არასრულწლოვანი ბავშვი იყოს დედასთან, შემდეგი ოთხი დღე მამასთან. 1 ივლისიდან 15 ივლისამდე არასრულწლოვანი ბავშვი იქნება მამასთან ივლისის დანარჩენი დღეები იქნება დედასთან. 1-ელ აგვისტოდან 15 აგვისტომდე არასრულწლოვანი ბავშვი იქნება მამასთან, აგვისტოს დანარჩენი დღეები იქნება დედასთან;

- 2023 წლიდან ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან განისაზღვრა შემდეგი სახით: (ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ამ უკანასკნელის სურვილის შემთხვევაში მამა წაიყვანს კანადაში) არასრულწლოვანი 27 ივნისიდან 1 აგვისტომდე იქნება მამასთან (მამის მხრიდან არასრულწლოვნის წაყვანის და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით), 1 აგვისტოდან ზაფხულის არდადეგების დასრულებამდე ბავშვი იქნება დედასთან; 2025 წლიდან განსხვავებული წესით განისაზღვრა ზამთრის არდადეგების დროს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან: ზამთრის არდადეგების დაწყებიდან 5 იანვრამდე არასრულწლოვანი იქნება დედასთან, ხოლო 5 იანვრიდან 15 იანვრამდე იქნება მამასთან (მამის მხრიდან არასრულწლოვნის წაყვანისა და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით);

- დაევალათ დედასა და მამას 2018 წლის სექტემბრიდან კავკასიის ფრანგული სკოლის საბავშვო ბაღში (მდებარე: თბილისში, ........) არასრულწლოვნის მიყვანა, ხოლო 2019 წლიდან კი ამავე – კავკასიის ფრანგულ სკოლაში, კავკასიის ფრანგული სკოლის საბავშვო ბაღის/კავკასიის ფრანგული სკოლის - სწავლების ხარჯის გადახდის უზრუნველყოფა დაევალა მამას;

- მამის მიერ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის, კერძოდ, ოპერაციის ან მკურნალობის მიზნით, კანადაში წაყვანის უფლების მიღების ნაწილში - დაკმაყოფილდა უშუალოდ დედის თანხმობის (დასტურის) არსებობის შემთხვევაში, რასაც უნდა ადასტურებდეს ბავშვის ჯანმრთელობის (ოპერაციის ან მკურნალობის) საჭიროების არსებობის შესახებ ექიმის მიერ გაცემული დასკვნა;

- დედამ მამას უნდა აცნობოს არასრულწლოვნის საერთო ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანის, საქართველოს ტერიტორიაზე არდადეგების პერიოდში რამდენიმე დღით დასასვენებლად გაყვანის შესახებ. უარყოფითი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციად მიჩნეულ იქნეს ექიმის შეფასება. დედა ვალდებულია, აღნიშნული ინფორმაცია გაუგზავნოს მამას სატელეფონო („სმს“) შეტყობინების სახით იმავე დღეს ან ერთი დღის განმავლობაში. დედა ვალდებულია, მის მიერ არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ ან საქართველოს ტერიტორიაზე არდადეგების პერიოდში რამდენიმე დღით დასასვენებლად წაყვანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მამას არანაკლებ 5-7 დღით ადრე სატელეფონო („სმს“) შეტყობინების სახით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით;

- არასრულწლოვნის კანადაში ან სხვა ქვეყანაში ყოფნისას (იგულისხმება არანაკლებ ორი კვირის ვადისა) მიეცეს უფლება, იქონიოს არასრულწლოვან შვილთან საკომუნიკაციო კავშირი (სკაიპით, ვაიბერით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით მხარეთა შეთანხმებით) კვირაში 2 ჯერ - 3 ჯერ (ერთი დღე შაბათს ან კვირას, მეორე (მესამე) დღე – კვირის ნებისმიერი დღეს დედასთან შეთანმხებით) 20-30 წუთამდე დროის ხანგრძლივობით ან უფრო მეტი დროით ბავშვის სურვილის გათვალისწინებით. დედამ უზრუნველყოს ბავშვის საკომუნიკაციო კავშირი/ურთიერთობა მამასთან, ორივე მხარისათვის მისაღებ დროს. თუ რა დროის მონაკვეთში დაელაპარაკება შვილი მამას, ამის თაობაზე დედამ არანაკლებ ერთი დღით ადრე აცნობოს მამას. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შეიძლება, შეიცვალოს (ჩამოყალიბდეს) საკომუნიკაციო საშუალება;

- მამის სხვა სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა;

- პაპის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პაპას საქართველოში ყოფნისას არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი სახით: არდადეგების დროს, ერთი კვირით არასრულწლოვნის წაყვანის და უკან, დედასთან ან მამასთან (ვისთანაც უწევს ბავშვს ყოფნა ურთიერთობის დადგენილი, განსაზღვრული წესით) დაბრუნების ვალდებულებით; სასწავლო პერიოდში ყოველი კვირის პარასკევი დღის სასწავლო პროცესის დასრულებიდან კვირა დღის 21:00 საათამდე არასრულწლოვნის წაყვანის და უკან დედასთან ან მამასთან (ვისთანაც უწევს ბავშვს ყოფნა ურთიერთობის დადგენილი, განსაზღვრული წესით) დაბრუნების ვალდებულებით; არდადეგებისა და სასწავლო პერიოდში პაპა-შვილიშვილის ურთიერთობისას ბავშვის მშობლებთან დადგენილი ურთიერთობის წესი ჩერდება, გარდა იმ შემთხვევაში, როცა შვილი არ იმყოფება საქართველოში ან დედას დასასვენებლად ჰყავს გაყვანილი. პაპა არასრულწლოვან შვილიშვილთან განსაზღვრული ურთიერთობის დაწყების თაობაზე რამდენიმე დღით (არანაკლებ 5-7 დღისა) ადრე აცნობებს დედას (საკომუნიკაციო საშუალებით). არდადეგების პერიოდში პაპა-შვილიშვილის ურთიერთობა (ზემოაღნიშნული დადგენილი წესი) მოქმედებს მხოლოდ ერთხელ ზამთარში და მხოლოდ ერთხელ ზაფხულში. პაპის სხვა სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა; ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესი მოქმედებს არასრულწლოვნის სურვილის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მამა-შვილის ურთიერთობის დადგენილი წესი (2.1, 2.2, 2.3, 2.7) შეიძლება შეიცვალოს არასრულწლოვანი ბავშვის სურვილის გათვალისწინებით და მშობელთა ურთიერთშეთანხმებით.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის დამატებითი გადაწყვეტილებით სასამართლო ხარჯები განაწილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, დედის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების 1.3, 2.1, 2.2, 2.3.4, 2.3.5, 3.2 პუნქტები, დაემატა 2.3 და 6.1 პუნქტები და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

- მამას შეეზღუდა მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის მიმართ საქართველოდან საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში 2023 წლამდე დედის თანხმობის გარეშე. მამამ არასრულწლოვანი შვილი გაიყვანოს საზღვარგარეთ 2023 წლიდან დედასთან ერთად ამ უკანასკნელის სურვილის შემთხვევაში. თუ დედას არ ექნება სურვილი, წაჰყვეს საზღვარგარეთ - კანადაში მამას უფლება აქვს, 2023 წლიდან არასრულწლოვანი შვილი გაიყვანოს საზღვარგარეთ - კანადაში დედის თანხმობის გარეშე.

- მამას მიეცეს უფლება, არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს საზღვარგარეთ - კანადაში 2023 წლიდან ზაფხულის არდადეგებზე 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, დედასთან ერთად ამ უკანასკნელის სურვილის შემთხვევაში, უკან საქართველოში დედის საცხოვრებელს ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით. თუ დედას არ ექნება სურვილი, წაყვეს საზღვარგარეთ - კანადაში არასრუწლოვან შვილს, მამას უფლება აქვს, 2023 წლის ზაფხულის არდადეგებზე 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით არასრულწლოვანი შვილი გაიყვანოს საზღვარგარეთ - კანადაში დედის თანხმობის გარეშე;

- მამას მიეცეს უფლება, არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს საზღვარგარეთ - კანადაში 2025 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ 10 დღის ვადით 5 იანვრიდან 15 იანვრამდე დედასთან ერთად ამ უკანასკნელის სურვილის შემთხვევაში, უკან საქართველოში დედის საცხოვრებელს ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით. თუ დედას არ ექნება სურვილი წაჰყვეს საზღვარგარეთ - კანადაში არასრუწლოვან შვილს მამას უფლება აქვს, არასრულწლოვანი შვილი გაიყვანოს საზღვარგარეთ - კანადაში დედის თანხმობის გარეშე;

- დედის მგზავრობისა და ცხოვრების (ბინის დაქირავების) ხარჯების გადახდა დაეკისროს მამას. მამის მიერ არასრულწლოვანი შვილის დედასთან ერთად კანადაში წაყვანის ვალდებულება, ამ უკანასკნელის შვილთან ერთად წასვლის სურვილის შემთხვევაში, განისაზღვროს არასრულწლოვანი შვილის 15 წლის ასაკის მიღწევის ჩათვლით - 2027 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. 2027 წლის 28 დეკემბრიდან არასრუწლოვანი კანადაში წაყვანის უფლება მიეცეს მამას დედის სავალდებულო წაყვანისა და თანხმობის გარეშე;

- 2023 წლიდან მამის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან განისაზღვროს შემდეგი სახით (ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ამ უკანასკნელის სურვილის შემთხვევაში მამა წაიყვანს კანადაში) არასრულწლოვანი 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით დედასთან ერთად ამ უკანასკნელის სურვილის შემთხვევაში იქნება მამასთან (მამის მხრიდან არასრულწლოვანის წაყვანის და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით), 1 აგვისტოდან ზაფხულის არდადეგების დასრულებამდე ბავშვი იქნება დედასთან;

- 2025 წლიდან განსხვავებული წესით განისაზღვროს ზამთრის არდადეგების პერიოდში მამის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან: ზამთრის არდადეგების დაწყებიდან 5 იანვრამდე არასრულწლოვანი იქნება დედასთან, ხოლო 5 იანვრიდან 15 იანვრამდე დედასთან ერთად ამ უკანასკნელის სურვილის შემთხვევაში იქნება მამასთან (მამის მხრიდან არასრულწლოვნის წაყვანის და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით);

- პაპას მიეცა უფლება, სასწავლო პერიოდში ყოველი თვის პირველი პარასკევი დღის სასწავლო პროცესის დასრულებიდან შემდგომ შაბათამდე, დღის 12:00 საათამდე, არასრულწლოვნის წაყვანის და უკან დედასთან ან მამასთან (ვისთანაც უწევს ბავშვს ყოფნა ურთიერთობის დადგენილი, განსაზღვრული წესით) დაბრუნების ვალდებულებით;

- არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის საოქმო განჩინების (განკარგულების) გაუქმების თაობაზე ნ.ბ–ის საჩივარი, ნ.ბ–ისათვის სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას წესრიგის დარღვევის გამო ჯარიმის დაკისრების ნაწილში;

- დედის სააპელაციო საჩივარი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

- მამის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საყურადღებო იყო მცირეწლოვნის ფსიქოემოციური მდგომარეობა, ფსიქოლოგთა მოსაზრებები და რეკომენდაციები, მცირეწლოვნის ასაკი და მისი მიჯაჭვულობა დედის მიმართ. აქედან გამომდინარე, პალატამ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე მიზანშეწონილად მიიჩნია ბავშვსა და მამას შორის ჯანსაღი, ნორმალური ურთიერთობის დამყარების აუცილებლობა. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ბავშვის საუკეთესო ინტერესების განხორციელება, რაც სახელმძღვანელო პრინციპია არამხოლოდ სასამართლოსათვის ან სხვა დაწესებულებისათვის, არამედ ოჯახის, უპირველეს ყოვლისა, მშობლებისათვის. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად იმსჯელა და დაადგინა არასრულწლოვანი ბავშვის მამასა და პაპასთან ურთიერთობის წესი, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნია ურთიერთობის წესის ნაწილობრივ შეცვლა წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში ჩამოყალიბებული წესით.

პირველი კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მამამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

9. პირველი კასატორის მტკიცებით, სასამართლომ მამას უნდა მისცეს უფლება, წაიყვანოს შვილი კანადაში ყოველი წლის ზაფხულში სამი თვით და ამ პერიოდის განმავლობაში შვილის საქართველოდან ან კანადიდან ევროპის რომელიმე ქვეყანაში სამი კვირით წაყვანის უფლება, ხოლო შობის დღესასწაულზე ორ წელიწადში ერთხელ ერთი თვით 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე კანადაში წაყვანის უფლება; ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ოპერაციის ან მკურნალობის მიზნით ბავშვის კანადაში წაყვანის უფლება დედასთან ერთად, რომლისთვისაც საჭირო ხარჯებს დაფარავს მამა; არ დაკმაყოფილდეს მამისათვის მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ დედის სარჩელი.

10. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლოს არ გამოუკვლევია მამის ქონებრივი მდგომარეობა, კერძოდ, აქვს თუ არა მას მატერიალური შესაძლებლობა, 1 თვის განმავლობაში ყოფილი მეუღლე უზრუნველყოს საცხოვრებელი ბინით კანადაში და გაიღოს მისი მგზავრობის ხარჯები.

11. სასამართლო გადაწყვეტილებიდან იკითხება, რომ მამამ შვილი და ყოფილი მეუღლე კანადაში უნდა წაიყვანოს, ხოლო მამას შვილთან ურთიერთობა ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედას ამის სურვილი გაუჩნდება.

12. სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ დაუსაბუთებია, რატომ დარჩა ასეთი უნდობლობა სასამართლოს მამის მიმართ, რატომ ვერ დაიმსახურა მამამ ნდობა იმისათვის, რომ მცირე ხნით დედის გარეშე წაიყვანოს შვილი თავის საცხოვრებელ ადგილზე? სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა, რა მავნე ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მამას შვილზე, მით უფრო, როცა ყველა დასკვნით დგინდება, რომ არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობს მამასთან, აქვს ჯანსაღი მიჯაჭულობა და უკონფლიქტო ურთიერთობა. არც ის არ არის დასაბუთებული, დედასთან განშორება რატომ აისახება ბავშვზე ცუდად.

13. სასამართლოსათვის ცნობილია, რომ მამის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი კანადაა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, თუ მამას არ ექნება საკმარისი ფულადი სახსრები იმისათვის, რომ 1 თვით კანადაში წაიყვანოს და საცხოვრებლით უზრუნველყოს მეუღლე, მას ფაქტობრივად ურთიერთობა აღარ ექნება შვილთან. მამის საქართველოში ყოფნის დროს მხოლოდ მცირეხნიანი ვიზიტები დადებითად ვერ აისახება არასრულწლოვნის ფსიქიკაზე და გამოიწვევს მამა-შვილის გაუცხოვებას.

14. გასათვალისწინებელია ისიც, როგორ უნდა მოიპოვოს მამამ დედის უარი კანადაში წასვლაზე სანოტარო წესით გაფორმებული თანხმობით. თუ ამასაც არ დაეთანხმა დედა, ძალით ვერ დააწერინებენ განცხადებას. ასეთ შემთხვევაში გამოვა, რომ მამა 2028 წლამდე ვერ წაიყვანს შვილს კანადაში. სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ დედას სჭირდება ვიზა კანადაში გასამგზავრებლად, ვინ გაიღებს ამის ხარჯს ან თუკი ვიზა ვერ მიიღო, რა ხდება მაშინ?

15. სასამართლო უთითებს მშობელთა თანაბარ უფლებებზე, თუმცა არსად დაუსაბუთებია დედისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი.

16. ამასთან, მამა იმედოვნებს, რომ შვილს ჯანმრთელობის პრობლემები არასოდეს შეექმნება, მაგრამ გაუგებარია, რა პრობლემა დაინახა სასამართლომ, რომ მამას უფლება ჰქონდეს შვილს უმკურნალოს იმ ქვეყანაში, რომლის სამედიცინო მომსახურებასაც ენდობა.

მეორე კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დედამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1.3, 2.1, 2.2, 2.3, 2.3.4, 2.3.5, 3.2 პუნქტების გაუქმება.

18. კასატორის მტკიცებით, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, არასრულწლოვანი კანადის მოქალაქეა, თუმცა არ არის მითითებული, რომ საქართველოში დაიბადა, ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას და მუდმივად იზრდებოდა თბილისში.

19. მამის მიერ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის მცდელობა მითითებულია როგორც დედის ვარაუდი და არა – როგორც ფაქტი. არც თავად მხარე უარყოფს, რომ ბავშვი წაყვანილი ჰყავდა აეროპორტში. რეესტრის თანამშრომელმა დედას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბავშვის პასპორტში საზღვრის კვეთაზე უარი იყო ჩარტყმული, შესაბამისად, ბავშვი პასპორტის კონტროლამდე იყო მისული. არასწორია იმის მითითებაც, რომ მამას ყაზბეგში ბავშვი 4 დღე ჰყავდა წაყვანილი, სადაც მამა-შვილი 2 დღე იმყოფებოდნენ, მას 5 დღე ჰყავდა წაყვანილი ყაზბეგში არასრულწლოვანი და დედასთან პოლიციამ დააბრუნა.

20. სასამართლომ არ გაიზიარა და არ მიიღო არცერთი მტკიცებულება, რომელიც მამის მოძალადობრივ ხასიათს დაადასტურებდა. საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის ძალადობის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება.

21. სასამართლომ თვითნებურად ახსნა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული მოსარჩელის მოთხოვნა. ეს უკანასკნელი მოითხოვდა ამ უფლების მთლიანად შეზღუდვას, თუმცა გადაწყვეტილებაში წერია, რომ მან მხოლოდ საზღვარგარეთ გაყვნის ნაწილში მოითხოვა შეზღუდვა.

22. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე არასოდეს ეწინააღმდეგებოდა არათუ მამა-შვილის, არამედ პაპა-შვილიშვილის ურთიერთობას, თუმცა გაჩნდა მამასთან ურთიერთობის გადახედვის აუცილებლობა. სასამართლო გადაწყვეტილებით, მამას ექნება ბაშვის ერთი თვით საზღვარგარეთ გაყვანის უფლება, როდესაც ბავშვი იქნება 10 წლის. სასამართლოს არ დაუსაბუთებია, იქნება თუ არა 10 წლის ბავშვის საზღვარგარეთ დედის გარეშე 1 თვით გაყვანა ბავშვის ინტერესებისაკენ მიმართული. რაც შეეხება დედის თანხლებით გამგზავრებას, სასამართლომ ამ შემთხვევაში დედის უფლებები დაარღვია, აიძულა რა მას ყოფილ მეუღლესთან ერთად გამგზავრება. არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ დედის გამგზავრების შემთხვევაში, არ დაირღვევა ბავშვის უფლებები და იგი დაბრუნდება თავის საცხოვრებელ გარემოში, ამიტომ უნდა გაუქმდეს სასამართლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მამას მიეცა უფლება, არასრულწლოვანი გაიყვანოს საზღვარგარეთ.

23. კანადაში ხანგრძლივად გამგზავრების შემთხვევაში გამოსაკვლევი იქნება ბებია-ბაბუის ცხოვების წესი და მათი ფსიქიკური მდგომარეობა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ მხრივაც დაუსაბუთებელია.

24. პაპას ბავშვთან ურთიერთობის ცალკე დღეები გამოეყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვი დედასთან იქნება მხოლოდ 2 საღამო და 4 ღამე და არცერთი დღე. პაპა საქართველოში ჩამოსვლისას უმეტეს დროს ატარებს შვილთან ერთად, ამიტომ მამასთან ყოფნის პერიოდში ბავშვი ისედაც პაპასთან ერთად იქნება. შესაბამისად, პაპისათვის დამატებითი ნახვის საათების განსაზღვრა დაუსაბუთებელია და დედისათვის განკუთვნილი დროის ხარჯზე პაპასთან არ უნდა იყოს.

25. სასამართლომ განგებ თუ შეცდომით თვითნებური ინტერპრეტაცია გგაუკეთა მოსარჩელის შუამდგომლობას და იმის ნაცვლად, რომ პოლიციისათვის ეკითხა, ჰქონდა თუ არ მამას შვილის საზღვარგარეთ გაყვანის მცდელობა 2015 წლის ნოემბერში, მიმართა, კითხვით მიმდინარეობდა თუ არა სისხლის სამართლის გამოძიება მამის მიმართ. რაკი ამ კითხვაზე დედას არ პასუხობენ, სასამართლომ ხელახლა თავად უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს. ამასთან, დედა მოითხოვს, სასამართლომ მიანიჭოს უფლება აღუდგინოს ბავშვს საქართველოს მოქალაქეობა მამის თანხმობის გარეშე. სწორედ ამას გულისხმობდა დედა, როდესაც დაზუსტებული სარჩელით მამის წარმომადგენლობითი უფლების სრულად შეზღუდვა მოითხოვა. უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის საოქმო განჩინების (განკარგულების) გაუქმების თაობაზე ნ.ბ–ის საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

26. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, ხოლო შეგებებული სარჩელით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

28. წინამდებარე საქმეში კვლევის საგანს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დადგენა და იმის განსაზღვრა წარმოადგენს, თუ რა იქნება ბავშვის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულფასოვანი წევრის ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის სასარგებლო. ამ მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულ მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

29. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

30. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ).

31. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.

32. პალატა განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობასაც მოიაზრებს და ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 1202-ე მუხლზე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები). ნორმა მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, უკრძალავს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვას. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვასა და პატივისცემას, არამედ ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულებას ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, არამედ მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირს, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს. საკასაციო პალატა დეტალურად გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მათი ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ ასეთი შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დასკვნისა თუ ფსიქოლოგთა შეფასებებით არ დასტურდება.

33. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მამის ძირითად საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს კანადის სახელმწიფო, ქალაქი ონტარიო. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის გამოკვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო განჩინების დავალების საფუძველზე გამოკვლეულ იქნა არასრულწლოვნის ფსიქოემოციური მდგომარეობა, მისი მშობლებთან მიჯაჭვულობისა და მათთან დაშორების შესაძლო რისკების განსაზღვრა. როგორც კვლევის შედეგად დადგინდა, არასრულწლოვანი ბავშვი ორივე მშობლის მიმართ დადებით დამოკიდებულბას, ემოციებს გამოხატავს და ორივე მშობელი ადეკვატურად რეაგირებს ბავშვის საჭიროებებზე. ორივე მშობელი ბავშვისთვის ერთნაირად აუცილებელია, თუმცა მშობლების სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების ფაქტის გათვალისწინებით, ფსიქოლოგი კვლევის საფუძველზე ადგენს, რომ ბავშვის მამასთან ერთად საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა გულისხმობს დედასთან ხანგრძლივი პერიოდით განშორებას, რაც დედასთან არსებულ მიჯაჭვულობის რღვევას გამოიწვევს. ეს კი, შესაძლოა, გახდეს ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური ხასიათის ცვლილებების (როგორიცაა დაბალი თვითშეფასება, მუდმივი შფოთვა, აგრესია, ცუდად განვითარებული ემოციური უნარები) საფუძველი. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეფასებითია, თუ რას წარმოადგენს ფსიქოლოგის დასკვნაში მითითებული „ხანგრძლივი პერიოდი“. მოცემულ შემთხვევაში, მცირეწლოვანი ასაკთან მიმართებით, კანადის სახელმწიფოში იმ პერიოდით გაყვანა ბავშვის, რასაც ამ ეტაპზე მოითხოვს მამა (ზაფხულის არდადეგებზე 3 თვით), შესაძლოა, შეფასდეს იმ ხანგრძლივ პერიოდად, რაც დაარღვევს არასრულწლოვნის დედასთან არსებულ მიჯაჭვულობას, რამაც პოტენციურად, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ემოციური სირთულეები გამოიწვიოს. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგი შვიდჯერ შეხვდა არასრულწლოვანს. კვლევის პროცესში ქცევაზე დაკვირვების შედეგის მიხედვით, არასრულწლოვანი მხიარული, აქტიური და ენერგიით სავსეა. იგი ადვილად ურთიერთობს ფსიქოლოგთან, მასთან უშუალო და თავისუფალია, ხშირად იღიმის, ამყარებს თვალებით კონტაქტს. მშობლებთან ერთად ვიზიტისას მათ ირგვლივ ტრიალებს, დედასაც და მამასაც რთავს თამაშის პროცესში, ბავშვი დავალებებს ხალისით ასრულებს, ავლენს ინტერესს და იჩენს ინიციატივას. არასრულწლოვანი პოზიტიურად მიჯაჭვულია ახლობელ ადამიანებთან, აქვს უსაფრთოხებიას და დაცულობის გრძნობა. ორივე მშობელთან სრულიად კომფორტულად გრძნობს თავს, ხალისიანად ურთიერთობს მათთან. ბავშვს ყოველი ვიზიტისას კარგი გუნება-განწყობილება აღენიშნებოდა. ფსიქოლოგის კვლევის შედეგად მიღებული დასკვნა შემდეგი სახისაა: არასრულწლოვან მ.ნ–ძეს ფიზიკური და ემოციური მიჯაჭვულობა აკავშირებს ორივე მშობელთან, მათთან თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს. ორივე მშობელი ადეკვატურად რეაგირებს ბავშვის საჭიროებებზე და უზრუნველყოფს სათანადო ემოციური მხარდაჭერით. მამა ბავშვის ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი ფიგურაა. ბავშვს, რომელიც მამისგან სისტემატურად ემოციურ მხარდაჭერას იღებს, ნაკლებად აღენიშნება ფსიქიკური პრობლემები. მამის ნაკლებად ჩართულობა ბავშვის აღზრდაში არაერთ ფსიქიკურ კომპლექსებს, ქცევით სირთულეებს, დესტრუქციულ ემოციებს, ურთიერთობის პრობლემებს უკავშირდება. ბავშვის საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა (მამასთან ერთად) გულისხმობს დედასთან ხანგრძლივი პერიოდით განშორებას. შემცირებულმა ურთიერთობამ კი შეიძლება ემოციური და ფიზიკური მიჯაჭვულობის შემცირება გამოიწვიოს. მიჯაჭვულობის დარღვევა კი საბოლოოდ ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური ხასიათის სერიოზულ და ხანგრძლივ ცვლილებებს იწვევს. ფსიქოლოგის მიერ გაიცა შემდეგი სახის რეკომენდაციები: ბავშვისთვის ორივე მშობელი ერთნაირად მნიშვნელოვანია და ორივე მშობელი მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ბავშვის ცხოვრებაში. მუდმივი ურთიერთობა ორივე მშობელთან მომავალში განაპირობებს ბავშვის უკეთ ადაპტაციას გარემოსთან. შვილებს, რომელთაც თანაბარი და დადებითი ურთიერთობა აქვთ ორივე მშობელთან, ნაკლებად აქვთ უარყოფილობის შეგრძნება და დაბალი თვითშეფასება.

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის თავისებურების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საკითხი შეფასდეს არა ცალმხრივად, არამედ ყოველმხრივ, თოთოეული მშობლის ბავშვებთან ურთიერთობის რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, რათა მიღწეულ იქნეს დასახული მიზანი, რაც გულისხმობს ოჯახთან გაერთიანებასა და, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების რეალიზაციას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რაკი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა საქართველოში, მამისა და შვილის შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას ხელშეწყობა სჭირდება, მით უფრო, რომ მამა საქართველოში არ ცხოვრობს. ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მამას უნდა ჰქონდეს უფლება, ზაფხულის სამთვიან არდადეგებზე საკუთარი შვილი თავის საცხოვრებელ ადგილზე ერთი თვით წაიყვანოს, ხოლო ორ წელიწადში ერთხელ – ზამთრის არდადეგებზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ გამოვლენილა მამასთან ურთიერთობის ხელისშემშლელი გარემოება, რამაც შესაძლოა, ცუდი გავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე, მათ შორის, არდადეგებზე კანადაში მამასთან წასვლის შემთხვევაშიც, მით უფრო, რომ მას პირველი ვიზიტი 11 წლის ასაკში მოუწევს.

35. შეგებებული სარჩელის მოპასუხე თავის პრეტენზიას აფუძნებს იმას, რომ მამის მოძალადეობრივ ხასიათს ადასტურებს „ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი - პერსონას“ კლინიკური ფსიქოლოგ ნათია წერეთლის დასკვნა, რომელიც სასამართლომ საქმეს არ დაურთო. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს იმ მტკიცებულებაზე რომელიც საქმეს არ ერთვის, ამასთან, საქმეში წარმოდგენილია იმავე ფსიქოლოგის 2016 წლის ივნისში შედგენილი დასკვნა, რომელიც სასამართლოს კასატორის მიერ მითითებულ გარემოებების შესახებ ეჭვის საფუძველს არ აძლევს. უფრო მეტიც, როგორც აღინიშნა, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2017 წლის 2 თებერვლის ფსიქოლოგიური გამოკლევის შედეგები (N04-00-2885) საპირისპიროზე მიუთითებს, კერძოდ კი, დასკვნის თანახმად, ბავშვს ფიზიკური და ემოციური მიჯაჭვულობა აკავშირებს ორივე მშობელთან, მათთან თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს.

36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამგვარ დავებზე შეძლებისდაგვარად უნდა გათვალისწინდეს სუბიექტური ფაქტორებიც - ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მამასა და შვილს შორის პოზიტიური ურთიერთობაა, ბავშვი მამის მიმართ გამოხატავს დადებით ემოციას, სურს მასთან ურთიერთობა. ფსიქოლოგის რეკომენდაციაც მამასა და შვილს შორის ხშირი კავშირის აუცილებლობაზე მიუთითებს. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე წარმოდგენილი საკასაციო შესაგებლითაც დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა ჰქონდეს მამას შვილთან ურთიერთობა იმაზე შეზღუდული დროით, ვიდრე ეს პირველი ინსტაციის სასამართლომ დაადგინა. დედა ვერ ასახელებს მამის მხრიდან მშობლის ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შესახებ ვერცერთ დამაჯერებელ არგუმენტს. რაც შეეხება ფაქტს, რომ მამა ეცადა, გაეტაცა ბავშვი კანადაში, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. უფრო მეტიც, ამავე საქმეში კანონიერ ძალაშია შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი განისაზღვრა. აღნიშნულ ნაწილში მამას გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, პირიქით, შეგებებული სარჩელით ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა მოითხოვა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა დედის მტკიცება მამის მიერ ბავშვის კანადაში წაყვანისა და ქვეყანაში არდაბრუნების რისკთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საზღვარგარეთ ბავშვის გაყვანის უფლებამოსილების მამისთვის შეზღუდვის ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.

37. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, უნდა გათვალისწინდეს ბავშვის ინტერესები, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებია, რომ განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდეს მისი კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში. შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მოსარჩელეს ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება არ უნდა შეეზღუდოს (იხ.: სუსგ №ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; №ას- 440-2020, 13.04.2021წ.; №ას-732-2021 , 30.04.2024წ.).

38. ამასთან, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დედა ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს მამა-შვილის ურთიერთობას, პირიქით, ხელი შეუწყოს მათ იმგვარი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, რაც უზრუნველყოფს ბავშვის ჰარმონიულ აღზრდა-განვითარებას. ამასთან, საგულისხმოა, რომ არასრულწლოვანს დადებით ემოციებს ანიჭებს მამასთან ურთიერთობა და ამას ხელშეწყობა და მოფრთხილება სჭირდება, რაც არა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ევალება კასატორს, არამედ იგი ზნეობრივადაც ვალდებულია - საკუთარი შვილის საუკეთესო ინტერესებისათვის. მეორე მხრივ კი, სწორედ მამაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მართებულად გამოიყენებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ წესს შვილთან ურთიერთობაში, იზრუნებს ოჯახური კავშირის გამყარებაზე ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესობის გათვალისწინებით.

39. საკასაციო სასამართლო, ბუნებრივია, წინამდებარე გადაწყვეტილებით არ ცდილობს რაიმე ფორმით შეზღუდოს სსკ-ის 1202-ე მუხლით აღიარებული რომელიმე მშობლის ინტერესი, უფრო მეტიც, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჯახური ცხოვრების პატივისცემის მრავლისმომცველ უფლებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხ. „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“). შესაბამისად, უკიდურესი და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, თითოეული მშობლის მიერ წახალისებული უნდა იყოს ბავშვის მეორე მშობელთან ურთიერთობა, ვინაიდან ბავშვის სრულყოფილი აღზრდა - განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა.

40. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა კონვენციის დარღვევა, როდესაც მომჩივანს არ მიეცა შვილთან ურთიერთობის საშუალება, მაგ: ევროსასამართლომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ისეთი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, რათა მომჩივნის, კონკრეტულ შემთხვევაში - მამის უფლება უზრუნველყოფილიყო, რომ ენახა საკუთარი ვაჟი იძულებითი აღსრულების გზით, რადგან დედამ უარი განაცხადა მანამდე მშობლებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე (Zawadka v. Poland, No.48542/99, 23.06.05). ერთ-ერთ საქმეზე მე-8 მუხლის დარღვევა დადგინდა იმის გამო, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა ვერ შეძლეს მომჩივნის (მამის) უფლების აღსრულება (Eberhard v. Slovenia, No.8673/05 and 9733/05, 01.12.09).

41. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა - არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე ქმნის ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისოსამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. სსკ-ის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი ქმნის ცალსახა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.; №ას-159-149-2017, 31.07.2017წ.; №ას-1323-2023, 7.02.2024წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანადაში ბავშვის წაყვანასთან დაკავშირებული დედის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, ხოლო მამის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებლია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მამას უფლება უნდა მიეცეს არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს საზღვარგარეთ - კანადაში ზაფხულის არდადეგებზე ყოველ წელს 27 ივნისიდან 1 აგვისტომდე, ხოლო 2025 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ზამთრის არდადეგების პერიოდში უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

42. რაც შეეხება მამის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ოპერაციის ან მკურნალობის მიზნით ბავშვის დედასთან ერთად კანადაში წაყვანის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, მამის მიერ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის, კერძოდ, ოპერაციის ან მკურნალობის ჩატარების მიზნით, კანადაში წაყვანის უფლების მიღების ნაწილში - დაკმაყოფილდა უშუალოდ დედის თანხმობის (დასტურის) არსებობის შემთხვევაში, რასაც ასევე, უნდა ადასტურებდეს ექიმის მიერ გაცემული დასკვნა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ოპერაციის ან მკურნალობის) საჭიროების არსებობის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო არ იყო ბავშვის მკურნალობასთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულების მიერ სათანადო ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე, საჭიროებიდან გამომდინარე ოპერაციის ან მკურნალობის მიზნით კანადაში წაყვანის თაობაზე მხარეთა თანხმობის შემთხვევაში. არასრულწლოვან ბავშვს, როგორც კანადის მოქალაქეს, მიეცემა შესაძლებლობა, ისარგებლოს კანადის სახელმწიფოში არსებული ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რაკი თავად მამა მოითხოვდა ასეთ შემთხვევაში ბავშვის დედასთან ერთად წაყვანასა და ამ ხარჯების თავის მიერ დაფარვას, რაც პრაქტიკულად თანხვედრაშია სასამართლოს მიერ დადგენილ წესთან, გაუგებარია კასატორის დაჟინება დედის თანხმობის გარეშე ბავშვის სამკურნალოდ წაყვანასთან მიმართებით. საკასაციო პალატის განსჯით, თუკი საკითხი ბავშვის ჯანმრთელობას უკავშირდება, მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები სწორედ ორივე მშობლის ურთიერთშეთანხმებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს.

43. დედამ საკასაციო საჩივარში მამის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სრულად შეზღუდვაზე მიუთითა. პირველ რიგში, მოსარჩელე დაზუსტებულ სარჩელში პირდაპირ მიუთითებს, რომ მოითხოვს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში. ამასთან, შინაარსობრივადაც დასაბუთებაში სწორედ ამას მიუთითებს, რომ მოპასუხეს აქვს ბავშვის პასპორტი, იმ შემთხვევაში, თუ შეინარჩუნებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება, წაიყვნოს ბავშვი კანადაში დედის თანხმობის გარეშე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის საკითხი მოწესრიგდა. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ ბავშვისათვის მამის თანხმობის გარეშე დედის მიერ მოქალაქეობის შეცვლას, ამგვარი არც მოთხოვნა და არც მოთხოვნის საფუძვლად რაიმე ფაქტობრივ გარემოებაზე მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია.

44. რაც შეეხება პაპასთან ბავშვის ურთიერთობას, კასატორის პრეტენზიის თანახმად, პაპის ურთიერთობა არასრულწლოვანთან ცალკე არ უნდა განისაზღვროს და მამისათვის განკუთვნილ პერიოდს უნდა დაემთხვეს. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსკ-ის 1203-ე მუხლის მიხედვით, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მასზე. ამრიგად, ბავშვისა და მშობლების ან/და ოჯახის სხვა წევრების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განწყობა პაპა-ბებიისა და შვილიშვილებს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით ანალოგიურია, აუცილებელი და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სასამართლო მხარს უჭერს მათ შორის კავშირის შენარჩუნებასა და აღდგენას. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა იმ საფუძვლით, რომ სოციალურმა სამსახურმა არ გადადგა „ადეკვატური ან საკმარისი ნაბიჯები“ ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის „თითქმის სრულად გაწყვეტილი“ ურთიერთობის შესანარჩუნებლად (იხ. Case of Beccarini and Ridolfi v. Italy, 07.12.2017). სხვა საქმეზე, იმავე სასამართლომ, ასევე დაადგინა მე-8 მუხლის დარღვევა, ვინაიდან ხელისუფლებამ არ გასწია აუცილებელი ძალისხმევა, რათა დაეცვა ოჯახური კავშირი ბებიას, ბაბუასა და შვილიშვილს შორის, რომელთაც ერთმანეთი თორმეტი წლის განმავლობაში არ ენახათ (იხ. Case of Manuello and Nevi v. Italy, 20.01.2015). ამ სულისკვეთებას იზიარებს საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკაც.

45. განსახილველ შემთხვევაში, როგორც სააპელაციო სასამართლომ პაპისათვის დაადგინა, „სასწავლო პერიოდში ყოველი თვის პირველი პარასკევი დღის სასწავლო პროცესის დასრულებიდან შემდგომი შაბათი დღის 12:00 საათამდე არასრულწლოვანის წაყვანის და უკან დედასთან ან მამასთან (ვისთანაც უწევს ბავშვს ყოფნა ურთიერთობის დადგენილი, განსაზღვრული წესით) დაბრუნების ვალდებულება“, რომელიც ისედაც მამის ნახვის დღეებს ემთხვევა (შდრ. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების 2.3.1. პუნქტს, რომლითაც საქართველოში ყოფნისას მამის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან განისაზღვრა შემდეგი სახით: ხუთშაბათს, დღის 18:00 საათიდან კვირამდე, დღის 11:00 საათამდე, ხოლო სამშაბათს, დღის 16:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე სასწავლებლიდან ან დედის საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით). შესაბამისად, პაპას ფაქტობრივად დამატებით არდადეგების პერიოდში ერთი კვირით წაყვანის და უკან დედასთან ან მამასთან (ვისთანაც უწევს ბავშვს ყოფნა ურთიერთობის დადგენილი, განსაზღვრული წესით) დაბრუნების უფლება მიენიჭა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დასაბუთებულად განსაზღვრეს პაპის ბავშვთან დამოუკიდებლად ურთიერთობისთვის აუცილებელი დროის მონაკვეთები და ურთიერთობის წესი. შესაბამისად, დედის საკასაციო საჩივარი ამ კუთხითაც დაუსაბუთებელია.

46. მეორე კასატორის პრეტენზია ქვედა ინსტაციების სასამართლოთა საოქმო განჩინებების გაუქმებასაც უკავშირდება. პალატის მითითებით, აღნიშნულზე კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. პალატა იზიარებს ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს. კასატორი მოითხოვს, სასამართლომ ხელახლა უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს და გამოითხოვოს მტკიცებულება, ჰქონდა თუ არ მამას შვილის საზღვარგარეთ გაყვანის მცდელობა 2015 წლის ნოემბერში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, შესაბამისად, მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

47. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ დედის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მამის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 – 2.3.4 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მამას მიეცეს უფლება არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს საზღვარგარეთ - კანადაში ზაფხულის არდადეგებზე ყოველ წელს 27 ივნისიდან 1 აგვისტომდე უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; ხოლო 2025 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ზამთრის არდადეგებისას უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ.კ–იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 – 2.3.4 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. გ.ნ–ძეს (პ/ნ .........) მიეცეს უფლება არასრულწლოვანი შვილი მ.ნ–ძე (დაბადებული 2012 წლის 27 დეკემბერს; პ/ნ ........) წაიყვანოს საზღვარგარეთ - კანადაში ზაფხულის არდადეგებზე ყოველ წელს 27 ივნისიდან 1 აგვისტომდე უკან დედასთან, თ.კ–იასთან დაბრუნების ვალდებულებით;

5. გ.ნ–ძეს (პ/ნ ......) მიეცეს უფლება არასრულწლოვანი შვილი მ.ნ–ძე (დაბადებული 2012 წლის 27 დეკემბერს; პ/ნ ........) წაიყვანოს საზღვარგარეთ - კანადაში 2025 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ზამთრის არდადეგების პერიოდში უკან დედასთან, თ.კ–იასთან დაბრუნების ვალდებულებით;

6. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე