საქმე №ას-1551-2023 31 მაისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი - ზ.ა–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.გ.წ.კ–ია“ (მოპასუხე)
II კასატორი - შპს „ს.გ.წ.კ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ა–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ.ა–ძემ (შემდგომ - დასაქმებული, მოსარჩელე, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.გ.წ.კ–იის“ (შემდგომ - კომპანია, დამსაქმებელი, მოპასუხე, აპელანტი, მეორე კასატორი) მიმართ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელე თავდაპირველად 2011 წლიდან 2013 წლის ბოლომდე მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში. 2020 წელს მას კვლავ დაუკავშირდნენ, შესთავაზეს უფროსი საველე ინჟინრის თანამდებობა, რაზეც დასთანხმდა, დატოვა მოქმედი სამსახური და გადავიდა მოპასუხე კომპანიაში. დირექტორის ბრძანებით, იგი 2020 წლის 4 ნოემბრიდან 2021 წლის 4 მაისამდე გამოსაცდელი ვადით დაინიშნა მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტის (უფროსი საველე ინჟინერი) თანამდებობაზე. გადმოსვლისთანავე მას ჩააბარეს რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომელსაც წარმატებით ართმევდა თავს. 2021 წელს მოპასუხე ორგანიზაციაში შეიცვალა იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელიც, რომელსაც ექვემდებარებოდა მოსარჩელე. ცვლილებიდან გარკვეული დროის შემდეგ მოსარჩელეს გამოუცხადეს, რომ გათავისუფლდა სამსახურიდან, რაც იყო მოულოდნელი, ვინაიდან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ დამსაქმებელს არ უცნობებია მასთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. რაკი ჩაბარებული ჰქონდა გრძელვადიანი პროექტები და ვადიან გარიგებაზე არავინ შეთანხმებია, დასაქმებული ფიქრობდა, რომ თანამდებობაზე დანიშნული იყო უვადოდ. ვადის გასვლის საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე კი შეიტყო დასაბუთების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ.
3. მოსარჩელის მტკიცებით, დასახელებული გარემოებები მას და მოპასუხეს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის განუსაზღვრელი ვადით დადებულად აღიარებისა და კომპანიის მიერ 2022 წლის 4 მაისს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა ტოლფას სამუშაოზე - სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს ზედამხედველობის სამსახურის მე-2 კატეგორიის მთავარი სპეციალისტის (საველე ინჟინერი) თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის, 2022 წლის 4 მაისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად, 2 475 ლარის (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის ჩათვლით) დაკისრება.
მოპასუხის შესაგებელი
4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე 2020 წლის 4 ნოემბრიდან 2021 წლის 4 მაისამდე დანიშნული იყო გამოსაცდელი ვადით, ხოლო 2021 წლის 21 მაისის ბრძანებით მასთან ურთიერთობა გაგრძელდა 1 წლით, 2021 წლის 4 მაისიდან 2022 წლის 4 მაისამდე. რამდენიმე დღის დაგვიანებით ბრძანების მიღება არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ამგვარი პრაქტიკა ხშირია სხვა დასაქმებულებთან მიმართებითაც. ამასთან, 2021 წლის 4 მაისიდან 2021 წლის 21 მაისამდე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ვადიანი ხელშეკრულების დადების თაობაზე და მას პრეტენზიაც არ გამოუთქვამს. შესაბამისად, მოპასუხის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47- ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. დასაქმებულის მიერ ამის შესახებ ცოდნას ადასტურებს ისიც, რომ 2022 წლის 5 მაისიდან ფაქტობრივადაც აღარ გამოცხადებულა სამუშაოდ. არასწორია მოპასუხე კომპანიაში დიდი ცვლილებების შესახებ განმარტება. მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი უფროსის დანიშვნა კი, განაპირობა ძველი უფროსის ბრალდებულად ცნობამ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც მას შეეფარდა აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა. ამასთან, მოპასუხის მითითებით, გასულია 2021 წლის 21 მაისის №პ/1071 ბრძანების გასაჩივრების ერთწლიანი ვადა და რაც ამ ნაწილში სარჩელს ხანდაზმულად აქცევს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა განისაზღვრა უვადოდ დადებულად. მოპასუხის მიერ 2022 წლის 4 მაისს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გაბათილდა. მოსარჩელე აღდგა ტოლფას სამუშაოზე - სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს ზედამხედველობის სამსახურის მე-2 კატეგორიის მთავარი სპეციალისტის (საველე ინჟინრის) თანამდებობაზე. მოპასუხეს დაეკისრა: იძულებითი განაცდურის – ყოველთვიურად 2 475 ლარის ანაზღაურება 2022 წლის 4 მაისიდან საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის ჩათვლით; და სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის, ანაზღაურება. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ – დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი – 791 ლარი.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით – მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის 1.3 ქვეპუნქტი - მოსარჩელის ტოლფასს სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და ტოლფასს სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად, მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 5 000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა); დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ კომპანიის დირექტორის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანებით, მოსარჩელე 2020 წლის 4 ნოემბრიდან 2021 წლის 4 მაისამდე გამოსაცდელი ვადით დაინიშნა მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტის (უფროსი საველე ინჟინერი) თანამდებობაზე. ბრძანების გაცნობა დადასტურებულია მოსარჩელის ხელმოწერით. უდავოა, რომ მოსარჩელემ მოპასუხე ორგანიზაციაში გადმოსასვლელად დატოვა ძველი, მოქმედი სამსახური. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე, როგორც უფროსი საველე ინჟინერი, მიამაგრეს რამდენიმე გრძელვადიან პროექტს. მოსარჩელე გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგაც უწყვეტად აგრძელებდა ფაქტობრივ შრომით ურთიერთობას, მათ შორის 2021 წლის 21 მაისს ბრძანების მიღებამდე. ბრძანების მოსარჩელისათვის გაცნობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა. ზეპირად მის გაცნობასა და შეთანხმებას 1-წლიან მოქმედების ვადაზე მოსარჩელე უარყოფს, ხოლო სადავოობისას მარტოოდენ ახსნა-განმარტება ვერ მიიჩნევა ფაქტის დადასტურების საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად.
9. შრომით დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკის გათვალისწინებით, სადავოობის შემთხვევაში, მოპასუხეს, როგორც დამსაქმებელს, რომელსაც აქვს სრული შესაძლებლობა, შექმნას და წარადგინოს მათ შორის წერილობითი მტკიცებულებებიც, ეკისრება სახელშეკრულებო არსებითი პირობის მტკიცების ტვირთიც. მოსარჩელე 2021 წლის 4 მაისის შემდეგაც ასრულებდა სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებს და იღებდა შესაბამის გასამრჯელოს, რაიმე განსაზღვრულ ვადაზე მხარეთა წერილობითი შეთანხმება არ დგინდება, მოპასუხე ვერ ადასტურებს კონკრეტული პერიოდით მუშაობაზე მხარეთა შორის თანხვდენილი ნების გამოვლენას, რის გამოც, პალატამ მიიჩნია, რომ ზეპირი შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადის გარეშე იყო დადებული.
10. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ დამსაქმებელმა ვერ შეძლო მტკიცება არსებითი პირობის - სამუშაო დროის ხანგრძლივობის 1 წლის ვადით განსაზღვრის შესახებ. პირის მიერ ცალმხრივად შედგენილი ნების გამოვლენა, მეორე მხარის მიერ გაცნობისა და დადასტურების გარეშე, ფაქტის დასაბუთებად ვერ მიიჩნევა, ისევე, როგორც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი, კომპანიაში დასაქმებულ სხვა პირებთან არსებული შრომით სამართლებრივი პრაქტიკა. თითოეული თანამშრომელი ინდივიდუალურად წარმართავს კომპანიასთან კერძოსამართლებრივ ურთიერთობას, ნაკისრი ვალდებულებაც ინდივიდუალურია, არ ვლინდება კოლექტიური სახელშეკრულებო ურთიერთობა და მსჯელობა მოსარჩელესთან სხვა დასაქმებულთა მსგავს ან იდენტურ სახელშეკრულებო პირობაზე შეთანხმებასთან მიმართებით, საფუძველს მოკლებულია.
11. სააპელაციო პალატამ ვადიან სახელშეკრულებო პირობაზე შეთანხმების დასტურად არ მიიჩნია არც 2022 წლის 5 მაისიდან მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ მოპასუხის მითითებულ გარემოება. დასაბუთების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაში, დასაქმებული აღნიშნავს, რომ მას ხელმძღვანელობამ განუმარტა 2022 წლის 5 მაისიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რის შემდეგაც ჩააბარა სამსახურებრივი ავტომანქანაც და სამსახურში აღარ გამოცხადებულა. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2022 წლის 17 მაისს მოითხოვა გათავისუფლების დასაბუთება და გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა სასამართლოსაც. აღნიშნულ ქმედებათა ერთობლიობა არ ქმნის ვადიან სახელშეკრულებო პირობაზე დასაქმებულის მხრიდან არც წინასწარ და არც შემდგომი ნების გამოვლენით თანხმობის გაცემის დადასტურებულად მიჩნევის წინაპირობებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა ვერ შეძლო სპეციალური სტანდარტით მისთვის განსაზღვრული მტკიცების ტვირთის რეალიზება, ვერ დაადასტურა გარიგების განსაზღვრული ვადით დადება.
12. გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის წინა პირობები განხორციელებულად იქნა მიჩნეული, შესაფასებელია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან მიმართებით. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო განხილვის ეტაპზე დამსაქმებელმა წარადგინა კომპანიის დირექტორის მოადგილის 2023 წლის 15 სექტემბრის მოხსენებითი ბარათი, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს ზედამხედველობის სამსახურის მე-2 კატეგორიის მთავარი სპეციალისტის (საველე ინჟინერი) ადგილი არ არის ვაკანტური. ამდენად, ვაკანტური თანამდებობის არარსებობისას, სამსახურში აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულება ბრკოლდება, შესაბამისად, პალატამ გამართლებულად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და, სამსახურში აღდგენის ნაცვლად, პირისათვის კომპენსაციის მინიჭება, რომელიც სამუშაოს ხანგრძლივობის, სახელფასო ანაზღაურებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სიმძიმის გათვალისწინებით 5 000 ლარით (ხელზე ასაღები თანხა) განსაზღვრა, იძულებითი განაცდურის დაკისრებასთან ერთად მიჩნეული უნდა იქნეს გონივრულ ანაზღაურებად. პალატის შეფასებით, მითითებული ოდენობით კომპენსაციის განსაზღვრა მეტწილად უზრუნველყოფს ორივე მხარის ინტერესის გათვალისწინებას. სახელდობრ, ერთი მხრივ, უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულისათვის წარმოადგენს მინიმალურ სოციალურ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ოდენობით კომპენსაციის მიკუთვნება არ წარმოშობს მოპასუხის ინტერესების გაუმართლებელ შეზღუდვას.
პირველი კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. მოსარჩელემ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
14. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის თანამდებობაზე აღუდგენლობა და მოპასუხისათვის მხოლოდ კომპენსაციის დაკისრება, ფაქტობრივად მოპასუხის მიზანი იყო, რამდენადაც დაკისრებულ თანხას მაინც ბიუჯეტი იხდის და მოსარჩელის მითითებულ თანამდებობაზე ყოფნა კი, მოპასუხის ახალ ხელმძღვანელობას არ აწყობს. ამის გამო, სწორედ მაშინ მოხდა რეორგანიზაცია, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ინფორმაცია გამოითხოვა, რეორგანიზაციის ბრძანებაც მეორე დღეს გამოიცა, თუმცა არც ამან უშველათ და მოსარჩელე აღდგა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ტოლფასს შტატზე. სწორედ ამიტომ, აპელაციის ეტაპზე წარმოადგინეს 15 სექტემბრის დოკუმენტი, ამ დავისთვის დაწერილი მოხსენებითი ბარათი და განაცხადეს, რომ ის თანამდებობა, რომელზეც საქალაქო სასამართლომ აღადგინა მოსარჩელე, აღარ იყო ვაკანტური. სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლომ ეს პოზიცია გაიზიარა და მოსარჩელე უმუშევარი დატოვა. სანაცვლოდ კი მისცა კომპენსაცია 5 000 ლარი, რაც ძალიან მწირია. ამასთან, კონკრეტული თანამდებობის ვაკანტურობა არ შეიძლება გახდეს უფლებადარღვეული დასაქმებულის უფლებების აღდგენაზე უარის თქმის საფუძველი. განსაკუთრებით კი, ამ შემთხვევაში, როდესაც პირველი ინსტანიის სასამართლოში აღნიშნული ადგილი ვაკანტური იყო. შემდგომ, დამსაქმებლისათვის ცნობილია ამ შტატზე დასაქმებულის აღდგენის თაობაზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შესახებ და ვაკანსიას არ ინახავს. დაუშვებელია დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის საკითხის ისე გაგება, რომ ის დაინტერესებული მხარის, ანუ დამსაქმებელის კონტროლ ქვეშ მოექცეს.
15. აღდგენაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია დასაქმებულის ასაკისა და პროფესიის გათვალისწინება, რამდენადაც პირი შესაძლოა, საერთოდ უსამსახუროდ დარჩეს და კომპენსაციამაც ვერ უზრუნველყოს ამის დაბალანსება. მოსარჩელე 67 წლის, პროფესიით ჰიდროტექნიკოსია. ასაკისა და პროფესიის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად უსამსახურობისთვის გაიმეტა.
მეორე კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან არსებობდა ვადიანი შრომითი ურთიერთობა, თავდაპირველად გამოსაცდელი 6 თვით, 2020 წლის 4 ნოემბრიდან 2021 წლის 4 მაისამდე, ხოლო შემდგომში შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა 1 წლის ვადით, 2021 წლის 4 მაისიდან 2022 წლის 4 მაისამდე. შესაბამისად, დასაქმებულთან არსებობდა განსაზღვრული ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის ხანგრძლივობაც არ აღემატებოდა 30 თვეს. სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის შემთხვევაში, სადავო გარემოებების სათანადო შესწავლის შედეგად, ცალსახაა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო კონკრეტული ვადით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეწყდა ვადის გასვლით.
17. სასამართლომ მტკიცების ტვირთი დამსაქმებლის მხარეს შეატრიალა, რაც არ შეესაბამება საკასაციო სასამართლოს განმარტებას.
18. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს შრომის კოდექსის“ 74-ე მუხლის მიხედვით, პირს უფლება აქვს, ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის გარდა, ამ კანონიდან გამომდინარე, სხვა სარჩელით სასამართლოს მიმართოს 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მან შეიტყო ან მას უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კომპანიის დირექტორის 2021 წლის 21 მაისის ბრძანების მიხედვით, მოსარჩელეს გაუგრძელდა შრომითი ურთიერთობა (ხელშეკრულება) კომპანიის მშენებლობის ზედამხედველობის დეპარატმენტის მოწვეული სპეციალისტის (უფროსი საველე ინჟინრის) თანამდებობაზე 2021 წლის 4 მაისიდან 2022 წლის 4 მაისამდე. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის კომპანიის დირექტორის 2021 წლის 21 მაისის ბრძანებას (რომლის საფუძველზეც მოსარჩელე, როგორც დასაქმებული, ასრულებდა სამუშაოებს და, შესაბამისად, ბრძანება ცნობილი იყო მისთვის) მას გაშვებული აქვს გასაჩივრების 1-წლიანი ვადა, რაც იწვევს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 48.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილი (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია).
22. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-235-2021, 18.06.2021წ.; №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-877-2023, 20.10.2023წ.; №ას-928-2023, 16.11.2023წ.; №ას-1651-2023, 31.01.2024წ.; №ას-1494-2022, 31.01.2024წ.). მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის სადავო ბრძანების მიხედვით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა) შესაბამისად. ნორმის თანახმად, ვადის ამოწურვით განპირობებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოადგენს ამ სამართალურთიერთობის დასრულების ლეგიტიმურ საფუძველს.
23. წარმოდგენილი საკასაციო შედავების ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია შრომითი ურთიერთობის ვადის განსაზღვრა, კერძოდ, რა ტიპის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხარეთა შორის, ვადიანი თუ უვადო.
24. უპირველესად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სშკ ითვალისწინებს როგორც უვადო, ისე განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას. ორგანული კანონით ორი ტიპის ვადიანი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობაა განხილული: ა. ხელშეკრულება ფორმდება კონკრეტული კალენდარული ვადით; ბ. ხელშეკრულების ვადის განსაზღვრა უკავშირდება გარკვეულ მიზანს. კონკრეტული მიზნით დადებული ვადიანი ხელშეკრულების შეწყვეტა დამოკიდებულია სამომავლო მოვლენის დადგომაზე. ასეთი ვადიანი ხელშეკრულება ვლინდება, როდესაც ხელშეკრულების ხანგრძლივობა უკავშირდება სამუშაოს შესრულების სახეს, მიზანსა და სამუშაოს შინაარსს. გარკვეული მიზნით ვადიანი ხელშეკრულების გაფორმებისას ამ მიზნის შესახებ მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული ხელშეკრულებაში. ხელშეკრულებიდან უნდა იკითხებოდეს, რომ მხარეთა ნება სწორედ ამ ნიშნით ხელშეკრულების მოქმედების ხანგრძლივობის განსაზღვრისკენ არის მიმართული და რომ ეს პირობა ორივე მხარის მიერ არის ჩართული ხელშეკრულებაში. ნათლად და ერთმნიშვნელოვნად უნდა იკვეთებოდეს, რომ ამ პირობის წარმოშობისას შრომითი ურთიერთობა უნდა დასრულდეს. ასეთ პირობაზე შეთანხმებისა და მის წარმოშობაზე მითითებისა და მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს (თამარ ხაჟომია, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ.177,178).
25. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კომპანიის დირექტორის 2020 წლის 5 ნოემბრის ბრძანებით, მოსარჩელე 2020 წლის 4 ნოემბრიდან 2021 წლის 4 მაისამდე გამოსაცდელი ვადით დაინიშნა მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტის - უფროსი საველე ინჟინრის თანამდებობაზე. ბრძანების გაცნობა დადასტურებულია მოსარჩელის ხელმოწერით. მოსარჩელემ მოპასუხე ორგანიზაციაში გადმოსასვლელად დატოვა ძველი, მოქმედი სამსახური. მოსარჩელე, როგორც უფროსი საველე ინჟინერი, მიამაგრეს რამდენიმე გრძელვადიან პროექტს. მოსარჩელე გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგაც უწყვეტად აგრძელებდა ფაქტობრივ შრომით ურთიერთობას, მათ შორის 2021 წლის 21 მაისს ბრძანების მიღებამდე. დადგენილია ისიც, რომ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, კონკრეტულ ვადაზე შეთანხმებითა და ორმხრივი ხელმოწერით არ დადებულა. ამასთან, განსაზღვრულ სახელშეკრულებო ვადაზე შეთანხმება არც საქმის მასალებით არ დასტურდება. მოპასუხე ამგვარ პირობაზე შეთანხმების დასტურად მიუთითებს ბრძანებასა და ახსნა-განმარტებაზე. ბრძანების მოსარჩელისათვის გაცნობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარმოდგენილა. ამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა წინააღმდეგ მეორე კასატორს დასაბთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. როდესაც დამსაქმებელს საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო დასაქმებული ზეპირად ბრძანების გაცნობასა და ხელშეკრულების მოქმედების ერთწლიან ვადაზე შეთანხმებას უარყოფს, საკასაციო პალატა იზიარებს შრომითი ხელშეკრულების უვადოდ მიჩნევისა და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნას.
26. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანება ბათილად ცნო და მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის სახედ კომპენსაციის გადახდა დაადგინა. პირველი კასატორის პრეტენზიის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს ძალაში უნდა დაეტოვებინა დასაქმებულის ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
27. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
28. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა შემდეგი: დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოთ დასახელებული სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებით მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება შეეძლოს. საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ.: სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.; №ას-637-637-2018, 29.08.2018წ.; №ას-729-2022, 09.01.2024წ.; №ას-1420-2023, 28.03.2024წ.).
29. დადგენილია, რომ დასაქმებულის იმავე თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია. რაც შეეხება ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებულის შესაბამისი თანამდებობა. აღნიშნული შესაძლებელია, გაირკვეს მოპასუხე საზოგადოების საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის გამოკვლევის შედეგად (იხ.: სუსგ №ას-890-857-2016, 09.10.2017წ.; №ას-475-456-2016, 24.06.2016წ.; №ას-1208-2018, 18.02.2021წ.; №ას-1101-2022, 17.11.2022წ.; №ას-523-2023, 6.07.2023წ.; №ას-772-2023, 10.10.2023წ.).
30. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტაციის სასამართლომ მოსარჩელის პირვანდელი სამუშაოსათვის გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობებისა და ტოლფასი თანამდებობის ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს ზედამხედველობის სამსახურის მე-2 კატეგორიის მთავარი სპეციალისტის (საველე ინჟინერი) თანამდებობა ტოლფასი იყო. არსებითი მსგავსება და განსხვავების არარსებობა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის დაადასტურა მოპასუხემაც. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელე ტოლფას თანამდებობაზე აღადგინა. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ეტაპზე დამსაქმებელმა წარადგინა კომპანიის დირექტორის მოადგილის 2023 წლის 15 სექტემბრის მოხსენებითი ბარათი, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს ზედამხედველობის სამსახურის მე-2 კატეგორიის მთავარი სპეციალისტის (საველე ინჟინერი) პოზიცია აღარ იყო ვაკანტური. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ თანამდებობა, რომელზეც აღდგა მოსარჩელე, არ იყო ვაკანტური და, სამსახურში აღდგენის ნაცვლად, მოსარჩელეს კომპენსაცია - 5 000 ლარი მიანიჭა.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, პირვანდელი (ისევე, როგორც ტოლფასი) სამუშაო რომ დაკავებულია, დამსაქმებელმა უნდა ადასტუროს. მისივე მტკიცების საგანში შედის იმის დადასტურება, რომ მესამე პირი სადავო ადგილს იკავებს და ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია და სადავო პოზიციის მესამე პირის მხრიდან დაკავება ფორმალური არ არის და მხოლოდ რეალური საჭიროებიდან გამომდინარეობს. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ტოლფასი თანამდებობა რომ ვაკანტური იყო, დაეთანხმა მოპასუხეც და, რაკი მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს განხილვის ეტაპზე მიუთითა მან ტოლფასი თანამდებობის დაკავების შესახებ, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ემტკიცებინა ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერება. რაკი მოპასუხემ ამგვარი მტკიცება არ წარადგინა, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მესამე პირი აღნიშნულ თანამდებობაზე მხოლოდ იმ მიზნით დასაქმდა, რომ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა გამოერიცხა, ასეთ შემთხვევაში კი, უკანონოდ დათხოვნილი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგება (შდრ.: ქ. მესხიშვილი, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო სტანდარტები, 2017, გვ. 270). უფრო მეტიც, სადავო არ გამხდარა, რომ სარჩელის აღძვრის დროისთვის მოსარჩელის მიერ მითითებული პოზიცია ვაკანტური იყო. ხოლო ის გარემოება, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვამდე მოპასუხემ ამ პოზიციაზე დაასაქმა სხვა პირი, ვერ მიიჩნევა უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამუშაოზე აღდგენის დამაბრკოლებელ გარემოებად (იხ.: სუსგ №ას-543-2020, 24.02.2021წ.; №ას-1256-2023, 15.11.2023წ.).
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი დადგენილია ტოლფასი თანამდებობის არსებობა, მისი ტოლფასი ბუნება იმ პირვანდელ სამუშაო ადგილთან მიმართებით, საიდანაც დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა, ასევე ტოლფას თანამდებობაზე დასაქმების მოსარჩელის სურვილი და ფუნქციური თუ კომპეტენციური შესაბამისობა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უნდა აღდგეს ტოლფას თანამდებობაზე.
33. დაუსაბუთებელია მეორე კასატორის პრეტენზია ხანდაზმულობასთან მიმართებითაც. როგორც დადგინდა, მოსარჩელისათვის კომპანიის მიერ 2021 წლის 21 მაისს ცალმხრივად მიღებული ბრძანების შესახებ ცნობილი არ იყო და უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო მხოლოდ 2022 წლის მაისში. შესაბამისად, სარჩელის აღძვრისას მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის მიერ 2022 წლის 4 მაისს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა გასული არ იყო.
34. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და მოსარჩელე უნდა აღდგეს ტოლფას თანამდებობაზე. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
35. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ს.გ.წ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ზ.ა–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ტოლფას სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად, შპს „ს.გ.წ.კ–იას“ ზ.ა–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის – 5000 ლარის გადახდა (ხელზე ასაღები თანხა); (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ზ.ა–ძე შპს ს.გ.წ.კ–იაში აღდგეს ტოლფას სამუშაოზე – სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს ზედამხედველობის სამსახურის მე-2 კატეგორიის მთავარ სპეციალისტად (საველე ინჟინერი);
5. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
6. შპს „ს.გ.წ.კ–იას“ დაეკისროს ზ.ა–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ;
7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე