Facebook Twitter

საქმე№ას-201-2024

11 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს ,,კ.ნ.თ–სი“

მოწინააღმდეგე მხარე - შ.ჯ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინება.

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება;

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შ.ჯ–მა 2023 წლის 01 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „კ.ნ.თ–სის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისთვის სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით: 1. შ.ჯ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 1.1. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 14165.64 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა); 1.2. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება -7 866.75 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა); 1.3. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2023 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 2529.6 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა); 1.4. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის ივლისის თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 2205 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ჯამში 1418.34 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა); 1.5. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის მარტის თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 1436.04 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 01 აპრილიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.6. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის აპრილის თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 2246.4 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 01 მაისიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.7. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის მაისის თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 2246.4 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 01 ივნისიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.8. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის ივნისის თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 1996.8 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 01 ივლისიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.9. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის ივლისის თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 2246.4ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 01 აგვისტოდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.10. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის აგვისტოს თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 2246.4 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 01 სექტემბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.11. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის სექტემბრის თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 1747.2 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 01 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.12. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის ივნისის თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 378.75 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2022 წლის 01 ივლისიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.13. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის აგვისტოს თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 1580.8 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2022 წლის 01 სექტემბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.14. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის სექტემბრის თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 1164.8 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2022 წლის 01 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.15. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის ოქტომბრის თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 1497.6 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2022 წლის 01 ნოემბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.16. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის ნოემბრის თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 1414.4 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2022 წლის 01 დეკემბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.17. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის დეკემბრის თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 1830.4 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2023 წლის 01 იანვრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.18. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2023 წლის იანვრის თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 1164.8 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2023 წლის 01 თებერვლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.19. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2023 წლის თებერვლის თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 1164.8 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2023 წლის 01 მარტიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.20. მოპასუხე შპს „კ.ნ.თ–სს“ მოსარჩელე შ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2023 წლის მარტის თვის ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის - 200 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2023 წლის 01 აპრილიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 2. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, შპს „კ.ნ.თ–სის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ.ნ.თ–სმა“ რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით, კასატორს შპს „კ.ნ.თ–სს“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, გასაჩივრების საფუძვლების მითითებით და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, დავის საგნის ღირებულების შესაბამისად. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის მითითებულ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

აღნიშნული განჩინება კასატორის შპს „კ.ნ.თ–სის“ დირექტორს მ.ღ–ს გაეგზავნა და ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს 2024 წლის აპრილს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად (ს.ფ.406).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „კ.ნ.თ–სის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

როგორც უკვე აღინიშნა, შპს „კ.ნ.თ–სის“ საკასაციო საჩივარზე საქართველოს უზნაესი სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, გასაჩივრების საფუძვლების მითითებით და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, დავის საგნის ღირებულების შესაბამისად. განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა. აღნიშნული განჩინება კასატორის შპს „კ.ნ.თ–სის“ დირექტორის მ.ღ–ის ოჯახის წევრს მ.ბ–ს ჩაბარდა 2024 წლის აპრილს (ს.ფ.406).

სსსკ-ის 74 -ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო, ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლო განჩინების ჩაბარებიდან, 2024 წლის 10 აპრილის მომდევნო დღეს, 2024 წლის 11 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 17 აპრილს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2024 წლის 17 აპრილის ჩათვლით.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორს ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით, არ მოუმართავს სასამართლოსთვის, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით განსაზღვრულ შვიდ დღიან ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად.

საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018; სუს 2024 წლის 25 მარტის განჩინება №ას-58-2024).

პალატა დამატებით ასევე აღნიშნავს, რომ საქმეს არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რაც დაასაბუთებდა კასატორისათვის დადგენილი ხარვეზის, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შევსების შეუძლებლობას, როგორც მძიმე მატერიალური მდგომარეობის, ან სხვა ობიექტური გარემოების გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე 372-ე, 396.3-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ.ნ.თ–სის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი