Facebook Twitter

საქმე №ას-1274-2023

28 თებერვალი 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი (მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „B. M.G.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ჩ–ძე, ი.მ–ძე (მოსარჩელე)

მოპასუხე - მ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო

საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და

ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხე - შპს ,,B.M.G’’-ის და მ.მ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება, მდებარე, ქ.ბათუმი, ........, ს/კ .........; აღნიშნული უძრავი ქონება, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეთ მ.ჩ–ძეს და ი.მ–ძეს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეების - შპს ,,B.M.G’’-ის და მ.მ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე, ქ.ბათუმი, ......., ს/კ ........ და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცათ მ.ჩ–ძეს და ი.მ–ძეს.

2.2 აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საჩივარი.

2.3 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, შპს ,,B.M.G" -ის და მ.მ–ძის საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2.4 დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,B.M.G“-მა და მ.მ–ძემ, რომლებმაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

3.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით, შპს ,,B.M. G.’’-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ.მ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მ.მ–ძის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს საქმის მოსამზადებელი ეტაპიდან;

3.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ.ჩ–ძისა და ი.მ–ძის სარჩელზე, მოპასუხეებმა 2021 წლის 6 დეკემბერს, წარადგინეს შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს; შპს ,,B.M. G.’’-ის წარმომადგენლის გ.ს–ძის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომა რამდენჯერმე გადაიდო; 2022 წლის 21 ივლისს, 15:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე, სატელეფონო აქტით ეცნობა მოსარჩელეების წარმომადგენელს ლ.ქ–ძეს და შპს ,,B.M. G.’’-ის წარმომადგენელს გ.ს–ძეს; მოპასუხე - მ.მ–ძეს სასამართლო უწყება გაეგზავნა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ მოპასუხის მისამართზე: ბათუმი, ........., თუმცა უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა; 2022 წლის 25 მაისის განჩინებით, მოპასუხეებისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება მოხდა საჯარო შეტყობინების გზით, რა მიზნითაც განჩინება 2023 წლის 26 მაისს გამოქვეყნდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ვებ გვერდზე; 2022 წლის 21 ივლისს, 15:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე, მოპასუხეები - შპს ,,B.M. G.’’-ი და მ.მ–ძე არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის; მოსარჩელეების წარმომადგენლის, ლ.ქ–ძის, შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის სხდომაზე, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მისი გაუქმების მოთხოვნით 2022 წლის 07 სექტემბერს საჩივარი წარადგინეს შპს ,,B.M. G.“-მა და მ.მ–ძემ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა შპს ,,B.M. G." -ის და მ.მ–ძის 2022 წლის 07 სექტემბრის საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე და ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

3.3 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მ.მ–ძისათვის სასამართლოს უწყების ჩაბარება (საჯარო შეტყობინების გზით) სათანადო წესით გზავნილის (უწყების) ჩაბარებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს უწყება ეგზავნებოდა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ.ბათუმი, ........) და არა თავად, მოპასუხის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ. ბათუმი, ........ ). სასამართლოს არ ჰქონია მცდელობა უწყება განმეორებით გაეგზავნა მოპასუხის მიერ მითითებულ მისამართზე. საჯარო შეტყობინება კი შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება. განსახილველ შემთხვევაში, კი სასამართლოსთვის მოპასუხე მ.მ–ძის მისამართი ცნობილი იყო.

3.4 რაც შეეხება მოპასუხე შპს ,,B.M. G.’’-ს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარე ინფორმირებული იყო სხდომის თაობაზე, შპს ,,B.M. G.’’-ის წარმომადგენელთან, გ.ს–ძესთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით.

4. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

4.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,B.M. G.“-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი.

4.2 კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 230-ე მუხლი და ამავე კოდექსის 233-ე მუხლის, პირველი ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, უარი უნდა ეთქვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, შპს ,,B.M. G.“-ის, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სსსკ-ის 230-ე მუხლის შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმება შპს ,,B.M. G.“-ის ნაწილში.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის შპს ,,B.M. G.’’-ს, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი. საქმის მასალებში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი, მხარის სატელეფონო კომუნიკაციით სასამართლოში დაბარების შესახებ, საიდანაც დგინდება, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელი, გ.ს–ძე, ინფორმირებული იყო როგორც სხდომის თაობაზე, ასევე სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებზე. (იხ. ტ.I, ს.ფ 131). შპს ,,B.M. G.’’-ს, წარმომადგენელს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის წინასწარ არ უცნობებია. სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო.

12. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (იხ. სუსგ. Nას-1183-2019 13.12.2019წ.).

13. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 241-ე მუხლსა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით ,,დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (241 მუხლი)“; ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობასა და განცხადების წარდგენას... (215.3 მუხლი), განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლებით კანონმდებელი განსაზღვრავს გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება (იხ.სუსგ. Nას-620-2021 13.10.2021).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი იმგვარად განიმარტება, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ჩაეთვლება, როდესაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას, სასამართლომ გამოიკვლიოს და დაადგინოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, ცხადია, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან.

15. საკასაციო სასამართლო, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილია ზოგადი სახის შედავება. კასატორი არ უთითებს სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის - შპს ,,B.M. G.“-ის გამოუცხადებლობის მიზეზზე, რაც შესაძლებელია გამხდარიყო საკასაციო პალატის შეფასების საგანი.

16. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, სადაც მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარემ წარადგინა შესაგებელი, არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 230-ე მუხლი.

17.საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს სსსკ, რომლის 230-ე მუხლის თანახმად, ,,თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება; თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე“.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.

(იხ.სუსგ.Nას-1003-2023 04.12.2023წ.).

19. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ. I, ს.ფ 16).

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება, ამ უფლების არსი მოიაზრებს, როგორც მის მფლობელობას ასევე მის შეუფერხებლად განკარგვის უფლებას. შესაბამისად, უძრავი ქონების მესაკუთრეს არ უნდა შეეზღუდოს მისი ქონებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლება.

22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „B. M.G.“-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, გ.ს–ძის მიერ, სს „საქართველოს ბანკში“, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2023 წლის 08 დეკემბერს, N19704424647 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% 105 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

ლაშა ქოჩიაშვილი