Facebook Twitter

საქმე Nას-1632-2022

20 დეკემბერი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი (მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „თ.ს.კ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „გ-?“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2019 წლის 27 ნოემბერს, სარჩელით მიმართა სს „გ - 9?“-ს წარმომადგენელმა (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“), მოპასუხის - შპს „თ.ს.კ–იას“ (შემდგომში წოდებული, როგორც „მოპასუხე, აპელანტი, კასატორი“), მიმართ, თანხის დაკისრების, საიჯარო უძრავი ქონების გამოთავისუფლების და მესაკუთრისთვის გადაცემის მოთხოვნით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სს „გ - ?“-ის სარჩელი, მოპასუხე შპს „თ.ს.კ–ია“-ს მიმართ, დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოპასუხე - შპს „თ.ს.კ–იას“, მოსარჩელე - სს „გ-?“-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 01.05.17 წლის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 25.09.2019 წლის მდგომარეობით არსებული დავალიანების - 208 885.94 ლარის გადახდა, საიდანაც საიჯარო დავალიანებაა -190 676.35 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 18 209.59 ლარი; მოპასუხე - შპს „თ.ს.კ–იას“, მოსარჩელე - სს „გ-?“-ის სასარგებლოდ დაეკისრა, 01.05.17 წლის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 24.09.2019 წლიდან, ყოველთვიურად 14749 ლარის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხე - შპს „თ.ს.კ–იას“, მოსარჩელე - სს „გ-?“-ს სასარგებლოდ დაეკისრა იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იჯარის ხელშეკრულების 5.5 პუნქტის საფუძველზე ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ხარჯების - 14120,65 ლარის გადახდა; განხორციელდა საიჯარო ფართის გამოთავისუფლება, მასში განთავსებული 26.08.19 N19/08/26-02 დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული დანადგარებისგან და მესაკუთრეს გადაეცა თავისუფალ მდგომარეობაში; მოპასუხე - შპს „თ.ს.კ–იას“, მოსარჩელე - სს „გ-?“-ს სასარგებლოდ, დაეკისრა, ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 5000 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე ბაჟის სახით გადახდილი - 50 ლარი, აუდიტის მომსახურების ხარჯი - 4000 ლარის, მტკიცებულებათა მოპოვების ხარჯი - 68.50 ლარი, ასევე, ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 11 860 ლარის გადახდა.

2.1 2021 წლის 29 მარტს, შპს „თ.ს.კ–იას“-ს მიერ, სასამართლოში წარდგენილი იქნა საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

2.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით, შპს „თ.ს.კ–იას“ საჩივარი, განუხილველად იქნა დატოვებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი საჩივრის სასამართლოში წარდგენის 10 დღიანი ვადის გასვლის გამო.

2.3 აღნიშნულ განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა შპს „თ.ს.კ–იამ“, რომელმაც განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

2.4 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით, დაკმაყოფილდა შპს „თ.ს.კ–იის“ კერძო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება, საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე, საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2.5 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, შპს „თ.ს.კ–იის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2.6 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე, სააპელაციო საჩივარი წარადგინა, შპს „თ.ს.კ–იამ“, რომელმაც განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა.

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

3.1თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით, შპს „თ.ს.კ–იას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

3.2 სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 230-ე, 233-ე, 241-ე, 215-ე მუხლებზე და განმარტა, რომ გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, მორიგების მიზნით, მოსამზადებელი სხდომა რამდენჯერმე გადაიდო.

3.3 მოსამზადებელ სხდომაზე, დ.გ–ს ტელეფონით, თარჯიმნის დახმარებით ეცნობა მომდევნო სხდომის თარიღი და განემარტა, რომ მომდევნო სხდომაზე დასრულდებოდა საქმის განხილვა. აღნიშნული სხდომა გადაიდო 2020 წლის 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე (მისთვის მისაღები დროით).

3.4 2020 წლის 29 ოქტომბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხის სავარაუდო წარმომადგენელი - ს.კ–ი, რომელმაც წარადგინა აზერბაიჯანულ ენაზე გაცემული მინდობილობა. იმ მოტივით, რომ სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, სასამართლომ წარდგენილი დოკუმენტი არ მიიღო და ვერ იმსჯელა წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებზე, ამასთან პალატამ აღნიშნა, რომ წინა სხდომა გადაიდო ერთი თვით საჩივრის ავტორისათვის მისაღები დროით. ამდენად, სასამართლო უწყება მოპასუხე მხარისათვის ჩაბარებულად ჩათვალა.

3.5 სააპელაციო პალატამ მიუთითა - მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, ეკისრებოდა საჩივრის ავტორს.

4. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის განჩინებაზე, საკასაციო საჩივარი წარადგინა, შპს „თ.ს.კ–იამ“, რომელმაც განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა.

4.2 კასატორის განმარტებით, 2020 წლის 10 მარტს, შპს „თ.ს.კ–ია“-ს დირექტორმა კომპანიის საზიანოდ გაიუქმა დირექტორის უფლებამოსილება. ამ გარემოებამ მოპასუხეს წაართვა შესაძლებლობა დროულად და სრულფასოვნად დაეცვა საკუთარი ინტერესები. ამის შემდგომ, კომუნიკაცია ხდებოდა მოპასუხის დამფუძნებელ - დ.გ–თან, რომელიც იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე მოხდა საზღვრების ჩაკეტვა, დ.გ–მა ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, შესაბამისი განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სხდომის გადადება ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენამდე. მდგომარეობა გაართულა სომხეთ-აზერბაიჯანის ომმა. მითითებული გარემოებების გამო, მოპასუხემ ვერ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა და ვერც შესაბამისი წარმომადგენლის მოძიება.

4.3 კასატორის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა განუხილველად მათი საჩივარი, დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებებს და არ გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, აზერბაიჯანის ფოსტამ სასამართლოს გზავნილი მიიღო 26.02.2021წ., ხოლო მოპასუხეს ჩააბარა 18.03.2021წ., რასაც უტყუარად მოწმობს 05.05.2021 წ აზერბაიჯანის ფოსტის წერილობითი დასტური NPF-2-2/89 და ამონარიდი საფოსტო ჩანაწერიდან. 07.05.2021წ. დ.გ–ის მიერ პასუხი სწრაფი გზავნილით იქნა გამოგზავნილი საქართველოში, რომელიც ქვეყნებს შორის საყოველთაოდ ცნობილი პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, ადრესატს ჩაბარდება მისი გამოგზავნიდან, 5 დღის ვადაში. შესაბამისად, გაუგებარია სასამართლოს მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღის 02.03.2021 წ. განსაზღვრა.

4.4 კასატორმა პრეტენზია გამოთქვა და განმარტა, რომ მას სარჩელი კანმონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია.

4.5 კასატორი, აგრეთვე აღნიშნავს, რომ სასამართლომ სატელეფონო ზარის მეშვეობით საქმეში მოპასუხის წარმომადგენლად ჩართო დ.გ–ი ისე, რომ მოპასუხეს არ გადასცემია საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რამაც ცალსახად დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან დ.გ–ი არ წარმართავდა საზოგადოებას, არ იმყოფებოდა თბილისში და საერთოდ მისთვის უცნობი იყო აღნიშნული სასამართლო დავის არსებობის შესახებ.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 თებერვლის განჩინებით, შპს „თ.ს.კ–იის“, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სსსკ-ის 230-ე მუხლის შესაბამისად, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით, აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს სსსკ, რომლის 230-ე მუხლის თანახმად, ,,თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება; თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე“ (იხ. სუსგ ას-780-780-2018.22.10.2019წ.).

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია.

12. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (იხ. სუსგ. Nას-1183-2019 13.12.2019წ.)

13. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

14. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

15. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება, შეუძლია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში/კერძო საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ №ას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.; №ას-1270-2018,02.11.2018წ.). 16. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

17. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (სუსგ №ას-780-780-2018, 22.10.2019წ.; №ას-484-2023, 16.05.2023წ.).

18. ამგვარად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა წარმოადგენს მხარის სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პროცესუალურ შედეგს და მისი გამოყენების მართლზომიერება პირდაპირ უკავშირდება საკითხს იყო თუ არა მხარე ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის ინფორმირება სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. კერძოდ, საქმის მასალებით, ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, (ტ.I, ს.ფ.212) საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა. საქალაქო სასამართლოში არაერთი სხდომა ჩატარდა მხარეთა მორიგების ხელშეწყობის მიზნით (იხ. ტ.I, ს.ფ.215-219; 222-242; 247). ასევე, 25.02.2020წ. დანიშნული სხდომა მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, მხარეთა შორის შესაძლო მორიგების მიზნით გადაიდო 24.03.2020წ., 12:00 საათზე (ტ.I, ს.ფ. 264-265). 2020 წლის 11 მარტს, შპს „თ.ს.კ–ია“-ს დირექტორმა, ბ.ხ–მა, სასამართლოს მიმართა განცხადებით და განმარტა, რომ იგი აღარ არის კომპანიის დირექტორი, რის გამოც საქმის განხილვაში მონაწილეობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ გააჩნდა (ტ.I, ს.ფ. 268). 24.03.2020წ. დანიშნული სხდომა გადაიდო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 30.04.2020წ. 14:00 საათზე (ტ.I, ს.ფ. 272). 30.04.2020წ. დანიშნული სხდომა მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, გადაიდო სხვა დროისთვის (ტ.I, ს.ფ. 288-290). საქმეზე შემდეგი სხდომა დაინიშნა 30.06.2020, 11:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით (ტ.I,ს.ფ.291). 23.06.2020წ. სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის - შპს „თ.ს.კ–იის დამფუძნებელმა (67% აქციის წილის მფლობელი) დ.გ–მა და კვლავ ითხოვა სასამართლო სხდომის გადადება მსოფლიოში გამოცხადებული კოვიდ-პანდემიის გამო. ამასთან, განცხადებაში მიუთითა, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, შპს-ს დირექტორის დანიშვნა ვერ ხერხდებოდა (ტ.I, ს.ფ. 309). საქმეზე მომდევნო სხდომა დაინიშნა 10.09.2020, 12:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით, ხოლო მოპასუხე მხარის წარმომადგენელს - დ.გ–ს (მოპასუხე შპს „თ.ს.კ–ია“-ს მთავარი დამფუძნებელი, 67% აქციის წილის მფლობელი) აზერბაიჯანში, სასამართლოსთვის ცნობილ მისამართებზე გაეგზავნა სასამართლოს უწყებები. (ტ.I, ს.ფ. 312, 325-326). 10.09.2020წ. დანიშნული სხდომა გადაიდო 29.09.2020წ. 12:00 საათზე იმ მოტივით, რომ სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო მოპასუხისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე (ტ.I, ს.ფ. 334). 29.09.2020წ. სხდომის შესახებ მოპასუხე მხარის წარმომადგენელს - დ.გ–ს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით, რომლის თაობაზეც შედგენილი იქნა სატელეფონო აქტი (ტ.I, ს.ფ. 339). 25.09.2020წ. დ.გ–მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა კოვიდ პანდემიის გამო 29.09.2020წ. დანიშნული სხდომის გადადება. ამავე განცხადებაში მოპასუხემ აღნიშნა, რომ სარჩელს ცნობდა ნაწილობრივ (ტ.I, ს.ფ. 341). 29.09.2020წ. გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დ.გ–ს ტელეფონით, თარჯიმნის დახმარებით, ეცნობა მომდევნო სხდომის თარიღი და განემარტა, რომ შემდეგ სხდომაზე დასრულდებოდა საქმის განხილვა. აღნიშნული სხდომა გადაიდო 2020 წლის 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე (ტ.I ს.ფ 344-346).

19. აქვე, საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დ.გ–ი წარმოადგენს შპს „თ.ს.კ–ია“-ს მაჟორიტარ პარტნიორს (67% აქციის წილის მფლობელი). იმის გათვალისწინებით, რომ შპს „თ.ს.კ–ია“ სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს წარმოადგენდა, საზოგადოების მთავარ დამფუძნებელს ევალებოდა კომპანიის ინტერესების დაცვა. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარე არის იურიდიული პირი/მეწარმე სუბიექტი, რომლისთვისაც ცნობილი იყო სასამართლო წარმოების თაობაზე და შესაბამისად, დავის განხილვის ეტაპზე მოპასუხეს ევალებოდა უზრუნველეყო უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება სასამართლო სხდომაზე. სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნებოდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის დანიშვნა და შემდგომ, საპროცესო წარმომადგენლის უზუნველყოფა. ("მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების, კოოპერატივის ხელმძღვანელ პირს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო კრება, თუ მისი დანიშვნა არ განეკუთვნება სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებას.)

20. ასევე საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარეს წინასწარ არ მოუხდენია სასამართლოს შეტყობინება, რომ კონკრეტულ საპროცესო მოქმედებას ვერ ასრულებდა არსებული ან წარმოშობილი ობიექტური საფუძვლების გამო. მხარე, ვერც იმ გარემოებას ადასტურებს, რომ ასეთი შეტყობინების განხორციელება წინასწარ შეუძლებელი იყო (იხ. სუსგ. №ას-355-2023 28.04.2023წ.).

21. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2020 წლის 29 ოქტომბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა ს.კ–ი, რომელმაც წარადგინა კანონით დადგენილი წესების დაუცველობით, კერძოდ, არასახელმწიფო ენაზე შედგენილი მინდობილობა, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა საქალაქო სასამართლოს მიერ.

22. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 29 სექტემბრის სასამართლო სხდომის თარიღი, სასამართლოს მიერ, მხარისათვის მისაღები დროით განისაზღვრა. ასევე, მოპასუხე მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა (2020 წლის 23 ივნისიდან), დროულად უზრუნველეყო წარმომადგენლის დანიშვნა და დაეცვა თავისი ინტერესები. ყოველივე აღნიშნული კი, საკასაციო პალატას უმყარებს რწმენას, რომ მოპასუხე მხარე ცდილობდა საქმის განხილვის გაჭიანურებას.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის ხელოვნურად გაჭიანურების არიდებას. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გარკვეული სანქციაა ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს. (იხ.სუსგ. Nას-1003-2023, 12.04.2023წ).

24. საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. საბაზრო ეკონომიკაზე მორგებული კერძო სამართლის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებით გამოიკვეთა ,,კეთილსინდისიერების” მნიშვნელობა. განვითარებული ქვეყნების სამართალში იგი წარმოადგენს მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედს. ქართულ სამოქალაქო სამართალშიც იმავე მიზანს ემსახურება კეთილსინდისიერების, როგორც სამართლებრივი ფასეულობის შემოღება. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეულ უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე“ (იხ.სუსგ №ას-23-18-2011,24.05.2011წ., №ას-1184-1145-2016,17.02.,2017წ.). 25. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. არაკეთილსინდისიერი ქცევის დადგენა კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია და მოსამართლის მიერ უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოსამართლის მიერ წარმოებული შეფასების ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, რადგან კეთილსინდისიერების მოთხოვნას არ გააჩნია აბსოლუტური უპირატესობა სახელშეკრულებო თავისუფლების მიმართ და დაუშვებელია ყოველი გადაწყვეტილების დასაბუთება აბსტრაქტული პრინციპების საფუძველზე. აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკურობის გათვალისწინება. კეთილსინდისიერების პრინციპი, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ზოგადსახელმძღვანელო პრინციპი, მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არაერთ მუხლში. ამიტომაც კეთილსინდისიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედების ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელშეკრულებო სამართლით, არამედ იგი ამოსავალი და ფუნდამენტური ქცევის პრინციპია ზოგადად კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში.

26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ვერ უზრუნველყო ნორმალური ფუნქციონირება და საპროცესო მოვალეობების შესრულება, როგორც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე მხარემ. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან.

27. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაუბარებლობის შესახებ და მიუთითებს საქმის მასალებზე, კერძოდ, სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით დასტურდება რომ სს „გ-?“-ის სარჩელი ჩაბარდა მოპასუხეს შპს „თ.ს.კ–იას“.(ტ. I ს.ფ. 197). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპანიის დირექტორის შეცვლა სასამართლოსთვის არ წარმოშობს მომდევნო დირექტორისთვის სარჩელის ხელახლა გაგზავნის საპროცესო საფუძველს. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ სასამართლო სხდომა არაერთხელ გადაიდო მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა სარჩელის ჩაუბარებლობაზე პრეტენზია მოპასუხეს არ გამოუთქვამს. მეტიც, საქმეში არსებულ, დ.გ–ის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე სარჩელს ნაწილობრივ ცნობს ნაწილობრივ (ტ.I, ს.ფ. 341). საკასაციო პალატა, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით უარყოფს კასატორის პრეტენზიას სარჩელის ჩაუბარებლობის კუთხით.

28. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება საკასაციო სასამართლოს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ კასატორის ქმედებები ემსახურებოდა არა მხარის უფლებებისა და კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის, არამედ საქმის განხილვის გაჭიანურების მიზანს, რაც სცილდება მართლმსაჯულების და, მით უფრო, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს.

29. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 581-ე, 417-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

6. პროცესის ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თ.ს.კ–იის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ს.კ–ის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“ 2022 წლის 19 დეკემბერს, N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% 5600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

ამირან ძაბუნიძე