Facebook Twitter

საქმე №ას-619-2023

05 აპრილი 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – პ.ი–ვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, შპს „ჯ–ა“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1 პ.ი–ვმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და შპს „ჯ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“), მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.2 მოპასუხეებს - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს „ჯ–ას“ დაევალოთ ხელისშემშლელი მოქმედების აღკვეთა, კერძოდ, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტაში (ახალიკი) ახლად აშენებული საჯარო სკოლის (კოხტას დაწყებითი სკოლა) შენობიდან გარე პერიმეტრზე გამომავალი საკანალიზაციო მილის გაყვანა განხორციელდეს მოსარჩელე პ.ი–ვის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2876 კვ.მ. მიწის ფართზე, ს.კ №..... გამავალი რუს წყალთან მიერთების გარეშე და ამ ფართის გვერდის ავლით. ხელისშემშლელი მოქმედების აღსაკვეთად მოპასუხეებს განესაზღვროთ 3 თვიანი ვადა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3.2 გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით, პ.ი–ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება;

4.2 სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებები.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და შეფასებები მოწინააღმდეგე მხარეთა არასათანადო მოპასუხეებად მიჩნევასთან დაკავშირებით.

4.3 პალატის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა სამეზობლო სამართლის ნორმებიდან გამომდინარეობს, ვინაიდან მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის ნაკვეთზე მომდინარე ზემოქმედების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

4.4 პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ №........ საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე სახელმწიფოა, ხოლო მოსარგებლეა სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი კოხტას საჯარო სკოლა. გამოდის, რომ სადავო ურთიერთობის სუბიექტები არიან უძრავი ქონების მესაკუთრეები და არა სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი და შპს „ჯ–ა“. მოსარჩელის მითითებით, სწორედ აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან მომდინარეობს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უარყოფითი ზემოქმედება შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება მასზედ, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხეთა მიმართ.

4.5 პალატის განმარტებით, სასამართლო სარჩელს იხილავს და გამოაქვს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იმ პირის წინააღმდეგ, რომლის მიმართაცაა სარჩელი აღძრული. შესაბამისად, მოპასუხედ მითითებული პირი აუცილებელია, რომ იყოს ,,პასუხისმგებელი“. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ თუ სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღადგინოს მოსარჩელის დარღვეული სამოქალაქო უფლება.

4.6 სააპელაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 174-ე-176-ე მუხლების დანაწესზე, რომელთა ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული ურთიერთობის მხარეები პირველ რიგში შესაძლოა იყვნენ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები. სამეზობლო სამართლის მარეგულირებელი ნორმები ადგენს მესაკუთრეთა უფლებამოსილებათა შეზღუდვებს, რომლებიც მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ მოქმედებს.

4.7 საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხეების მიმართ, ვინაიდან არც შპს „ჯ–ა“ და არც სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი არ წარმოადგენენ იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, რომლიდანაც, მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე (ს/კ №.....) მომდინარეობს უარყოფითი ზემოქმედება.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა ცალსახად გაიზიარეს მოპასუხეთა პოზიცია, რომ დავა სამეზობლო ურთიერთობებიდან გამომდინარეობდა და სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ამ თავით გათვალისწინებულ ნორმებს, რაც არასწორია. მისი განმარტებით მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 170-ე, 172.2-ე მუხლები.

5.3 კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარეები არასათანადო მოპასუხეებად, უგულებელყო მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობები და მისი 8.1 პუნქტი, რომლის მიხედვითაც შპს ,,ჯ–ა“ იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება იქნება უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კისრულობს ვალდებულებას აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზიანი. ხსენებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ჯ–ა“ და სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ვალდებულნი არიან გაასწორონ ყოველგვარი ხარვეზი, რაც მათ მიერ განხორციელებული მშენებლობის შედეგად წარმოიშვა.

5.4 კასატორი ასევე მიუთითებს რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე საქმეში მესამე პირებად ჩართვის თაობაზე, რამდენადაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები მათ ინტერესებზეც ახდენდა გავლენას.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით, პ.ი–ვის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

11. საჯარო რეესტრის მონაცემებით, უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე: წალკის რაიონი, სოფელი კოხტა (ახალიკი), საკადასტრო კოდით №......, აღრიცხულია პ.ი–ვის საკუთრებად.

11.1 საჯარო რეესტრის მონაცემებით უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: წალკის რაიონი, სოფელი კოხტა (მიწის ნაკვეთი - დაზუსტებული ფართობი: 5766 კვ.მ., შენობა-ნაგებობები №1, №2) საკადასტრო კოდით №...., აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრებად. მითითებული უძრავი ნივთის მოსარგებლე არსებობის ვადით არის სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტას საჯარო სკოლა.

11.2 2019 წლის 9 მარტს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (შემსყიდველი) და შპს „ჯ–ას“ (მიმწოდებელი) შორის ფონდის მიერ გამოცხადებული NAT190010175 ტენდერის შედეგების გათვალისწინებით გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს შემსყიდველს აღნიშნული ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად წალკის მუნიციპალიტეტის ქ. წალკის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით 90 მოსწავლეზე გათვლილი №1 საჯარო სკოლის (კოხტას დაწყებითი სკოლა) შენობის დეტალური პროექტი და აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები, ხოლო შემსყიდველი კისრულობდა ვალდებულებას მიეღო მიწოდებული დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია და მის საფუძველზე შესრულებული სამუშაოები და უზრუნველეყო ანგარიშსწორება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

11.3 წალკის მუნიციპალიტეტის მერის 03.04.2020წ. №216-09-4-202004031603 ბრძანების საფუძველზე, გაიცა ნებართვა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №......) საჯარო სკოლის მშენებლობის შესახებ.

11.4 წალკის მუნიციპალიტეტის მერის 26.10.2021წ. №718-09-4- 202110261606 ბრძანების საფუძველზე, ექსპლუატაციაში იქნა მიღებული სოფელ კოხტას საჯარო სკოლა.

11.5 საჯარო სკოლიდან გამომავალი გადამღვრელი მილი ჩაშვებულია რუში, რომლის ნაწილი მიედინება მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის (ს/კ№......) ფარგლებში.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ.

13. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია საპროცესო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრინციპი - დისპოზიციურობა, რომლის თანახმადაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად, თვითონ მოსარჩელე იღებს გადაწყვეტილებას, მიმართოს თუ არა სასამართლოს სარჩელით. ამიტომ, საქმის აღსაძვრელად აუცილებელია სარჩელის (განცხადების) შეტანა პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით („ვერ შედგება სასამართლო მოსარჩელის გარეშე“ – „nemo judex sine actore” ან „nemo invitus agree cogitur“ – „სურვილის წინააღმდეგ ვერავინ მიიჩნევა მომჩივნად.)“ სასამართლო სარჩელს იხილავს და გამოაქვს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იმ პირის წინააღმდეგ, რომლის მიმართაცაა სარჩელი აღძრული. შესაბამისად, მოპასუხედ მითითებული პირი აუცილებელია, რომ იყოს ,,პასუხისმგებელი”. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ თუ სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღადგინოს მოსარჩელის დარღვეული სამოქალაქო უფლება (იხ. სუსგ. Nას-95-11.03.2024წ.).

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

15. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებს - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს „ჯ–ას“ დაევალოთ ხელისშემშლელი მოქმედების აღკვეთა, კერძოდ, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტაში (ახალიკი) ახლად აშენებული №1 საჯარო სკოლის (კოხტას დაწყებითი სკოლა) შენობიდან გარე პერიმეტრზე გამომავალი საკანალიზაციო მილის გაყვანა განხორციელდეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე, ს.კ №........ გამავალ რუს წყალთან მიერთების გარეშე და ამ ფართის გვერდის ავლით.

16. საკასაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მის ნაკვეთზე მომდინარე ზემოქმედების აღმოფხვრას ისახავს მიზნად, მისი შინაარსიდან გამომდინარე, მოცემული დავა სამეზობლო სამართლის მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება. ზოგადად, სამეზობლო სამართალი სანივთო სამართლის ნაწილია და ამ ნორმათა მიზანია მეზობლებს შორის არსებული დავების გადაჭრა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა. სამეზობლო სამართლის ნორმებით დგინდება მეზობელ მიწის ნაკვეთსა ან სხვა უძრავ ქონებაზე დასაშვები ზემოქმედების ფარგლები, „მეზობელი მესაკუთრის“ ვალდებულება. მეზობელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის მრავალგვარი კონფლიქტი შეიძლება არსებობდეს, თუმცა, სამეზობლო სამართლის ნორმებში თავმოყრილია მხოლოდ კანონმდებლის მიერ მოსაწესრიგებლად მიჩნეული საკითხები. პრაქტიკაში გავრცელებულია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის, დაუშვებელი ხელყოფის, სხვისი მიწის ნაკვეთზე გადასვლის შემთხვევებთან დაკავშირებული დავები (იხ.სუსგ. №ას-1065-2020, 08.04.2021წ.).

17. კასატორის პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად მიიჩნია სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და შპს „ჯ–ა“ არასათანადო მოპასუხეებად, რის გამოც უსაფუძვლოდ უთხრა უარი მის სარჩელს დაკმაყოფილებაზე.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

19. ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი, (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია (იხ. სუსგ.№ას-825-791-2016; 12.06.2017წ. №ას-17-2022. 29.09.2022წ.).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. ამ პრინციპის კონკრეტულ გამოხატულებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის დანაწესი, რომელიც ადგენს სარჩელის შინაარსობრივ მოთხოვნებს და მოსარჩელისაგან მოითხოვს, რომ მან სარჩელში აღნიშნოს დავის საგანი, მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები, მოპასუხე და სხვა. სწორედ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე თავად წყვეტს ვის მიმართ წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ, ხოლო არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლის შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, როგორც სასამართლოს უფლებას და არა ვალდებულებას. სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს მოსარჩელის დისპოზიციურ უფლებაში და თავისი ინიციატივით შეცვალოს არასათანადო მოპასუხე. მოსამართლის ამგვარი ქმედება ჩაითვლება მხარის დისპოზიციური უფლების შეზღუდვად - თავად აირჩიოს საკუთარ სასარჩელო მოთხოვნაზე პასუხისმგებელი სუბიექტი (მოპასუხე). სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელეს მხოლოდ შესთავაზოს არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლა. სასამართლოს აღნიშნულ შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, როგორც სასამართლოს უფლებას და არა ვალდებულებას. სათანადო მოპასუხის სტატუსით სამართალწარმოებაში მხარის შემოსაყვანად მოსარჩელის თანხმობაა საჭირო. ხოლო, თუ მოსარჩელე არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლას არ დაეთანხმა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს (იხ. სუსგ.№ას-17-2022 29.09.2022წ., №ას-312-2019,22.06.2021წ.).

21. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეებმა სათანადოობის საკითხი, როგორც შესაგებელში დაფიქსირებული პოზიციით აქციეს სადავოდ, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში 2022 წლის 23 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე, შუამდგომლობის სახით დააყენეს. აღნიშნულ საკითხს მოსარჩელე მხარე არ დაეთანხმა (ტ. I, ს.ფ 170).

22. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან, რომლის მონაცემებით უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე წალკის რაიონი, სოფელი კოხტა (მიწის ნაკვეთი - დაზუსტებული ფართობი: 5766 კვ.მ., შენობა- ნაგებობები №1, №2) საკადასტრო კოდით №..., აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრებად. მითითებული უძრავი ნივთის მოსარგებლე არსებობის ვადით არის სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტას საჯარო სკოლა. შესაბამისად, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და შპს „ჯ–ა“ არ წარმოადგენენ იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, საიდანაც მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე (ს/კ №....) მომდინარეობს უარყოფითი ზემოქმედება.

23. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ სარჩელზე. სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხეების მიმართ, რაც სსსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

24. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

25. კასატორი ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებას, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი კოხტას საჯარო სკოლისა და წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე პირების სახით საქმეში ჩაბმის თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებით არ დაკმაყოფილდა და რაც, ასევე სააპელაციო პალატის მიერ გაზიარებულ იქნა.

26. საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო.

27. ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. ასეთი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. ზეპირი განცხადება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის თაობაზე.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის სუბიექტური დაინტერესება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის ჩართვაზე საკმარისი არაა. იმისათვის, რომ ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს მესამე პირის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ, ამასთან მისი პროცესში ჩაბმის მიზანი შესაძლოა იყოს ის, რომ დაეხმაროს მხარეს საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტაში.

29. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი წარდგენილია არასათანადო მოპასუხეების მიმართ, ხოლო მოსარჩელე არ დაეთანხმა მოპასუხეების შუამდგომლობას სათანადო მოპასუხეებით შეცვლის თაობაზე, პალატას მიაჩნია, რომ დავაში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირების ჩაბმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად უთხრეს მოსარჩელეს უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

30. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ხოლო დარჩენილი 150 ლარიდან 70% - 105 ლარი, სულ - 255 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ.ი–ვის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150), დაუბრუნდეს მილერი ხარებავას მიერ საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „ლიბერთი ბანკში“ 2023 წლის 02 მაისს, N32353647 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ხოლო დარჩენილი 150 ლარიდან 70% - 105 ლარი, სულ - 255 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე