20 მარტი 2024 წელი
საქმე №ას-345-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ს.კ.ს–ო“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2023 წლის 25 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ.ბ–ძემ, მოპასუხე - შ.პ.ს. “ს.კ.ს–ო“-ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით გ.ბ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არსებობს ერთი და იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევით გამოწვეული პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე, სასამართლოს ორი კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ერთსა და იმავე მხარეებს შორის.
3. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა განჩინების გაუქმება და სარჩელის განსახილველად მიღება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება.
5. 2023 წლის 22 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა გ.ბ–ძემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნით, განმცხადებელს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადის დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დაზუსტებული განცხადების წარმოდგენა, ასევე, მითითება თუ კონკრეტულად რომელი გარემოებები და მტკიცებულებები მიაჩნდა ახლად აღმოჩენილად, როდის გახდა თითოეული ამ გარემოების შესახებ მისთვის ცნობილი და რა მტკიცებულებით დასტურდებოდა ზემოაღნიშნული გარემოებები. გ.ბ–ძემ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დაცვით ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ.ბ–ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. იმავე კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
11. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 აპრილის განჩინებით გ.ბ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე. აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 აპრილის განჩინება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ.ბ–ძემ 2023 წლის 22 აგვისტოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა არა შემაჯამებელი განჩინების გამომტან თბილისის საქალაქო სასამართლოს, არამედ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში მხოლოდ უცვლელად დატოვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება.
12. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
14. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-21-2019, 21.01.2019წ; №ას-1587-2019, 04.11.2019წ; №ას-478-2020, 03.07.2020წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ; შდრ. ასევე, ს.უ.ს.გ. №ას-1007-2018, 23.07.2018წ; № ას-134-2021, 22.02.2021წ; №ას-12-2022, 17.01.2022წ.).
15. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე ყოველგვარი წარმოება სრულდება სააპელაციო ინსტანციაში და კერძო საჩივარზე წარმოების ფარგლებში მიღებული მეორე ინსტანციის განჩინებები, მაგალითად, იქნება ეს დამატებითი განჩინების გამოტანაზე უარისა თუ კერძო საჩივარზე მიღებულ განჩინებაში უსწორობის გასწორების განჩინება, დამატებით კერძო საჩივრით საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ საჩივრდება (ს.უ.ს.გ. №ას-13-2024, 22.01.2024წ.). დაუშვებელია ამ გზით რაიმე ცვლილება/დამატება იქნეს შეტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს (ანუ ზემდგომი სასამართლოს) განჩინებაში.
16. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ.ბ–ძემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა არა შემაჯამებელი განჩინების გამომტან თბილისის საქალაქო სასამართლოს, არამედ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს (რომელმაც კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში მხოლოდ უცვლელად დატოვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება) და წარმოდგენილი კერძო საჩივარი შეეხება იმ განჩინების კანონიერებას, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს მიერ განუხილველად დარჩა კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში მიღებული განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების განცხადება, სადავო განჩინების კანონიერების შემოწმება საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება.
17. ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ შეცვლის გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მისი გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითება (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-21-2019, 21.01.2019წ.).
18. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ რომც ყოფილიყო წარმოდგენილი კერძო საჩივრის განხილვის საფუძველი, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმების წინაპირობა. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის ავტორს განცხადებაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5, 423-ე, 425-ე, 429-ე მუხლების საფუძველზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის შესავსებად. განმცხადებელს კი, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განცხადება განუხილველად.
19. როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. ს.უ.ს.გ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ.). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ბ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : ლაშა ქოჩიაშვილი