Facebook Twitter

ბს-05-05(კ-08) 30 ივლისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღარაძე

კასატორი(მოსარჩელე) _ ლ. ხ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.07წ. განჩინება

დავის საგანი _ სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ხ-ამ 09.03.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ და მოპასუხის 26.01.07წ. ბრძანების ბათილად ცნობა, წინანდელ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.11.06წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ხ-ას სასარჩელო განცხადება, ბათილად იქნა ცნობილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 28.04.06წ. ¹220 ბრძანება მისი სასჯელაღსრულების ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ და დაევალა მოპასუხეს, გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი. მოპასუხეს არანაირი ღონისძიება არ გაუტარებია, რითაც უგულებელყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.11.06წ. გადაწყვეტილება. ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო კვლავ ხელოვნურად შექმნილი ბრალდებები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შეცდომაში შეყვანით 26.01.07წ. გამოცემული იქნა ახალი ადმინისტრაციულ აქტი მისი სასჯელაღსრულების ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ. მოპასუხე მხარემ საჭიროდ არ ჩათვალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევა და ისე გამოსცა 26.01.07წ. ახალი ადმინისტრაციული აქტი. სასჯელარსრულების დეპარტამენტის 26.01.07წ. ¹109 ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის 26.01.07წ. დასკვნა, რომელიც შედგენილია სასჯელარსრულების დეპარტამენტის შტაბის უფროსი ინსპექტორის მიერ, რომელიც ადრე მონაწილეობას იღებდა 12.04.06წ. შემოწმების ცნობის შედგენაში და ხელს აწერდა ამ ცნობას. დასკვნის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის მიერ სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი იქნა 12.04.06წ. შემოწმების ცნობაში აღნიშნული დარღვევები და აღმოჩნდა, რომ ამავე დეპარტამენტის ¹6 საპყრობილეში სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსის, იუსტიციის კაპიტან ლ. ხ-ას მიერ არ იყო შესრულებული “მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 29.12.99წ. ¹370 ბრძანების II თავის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტების მოთხოვნები. დასკვნის თანახმად მოსარჩელეს ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი, რომ შეესრულებინა მასზე დაკისებული მოვალეობა. 15.03.06წ. შეტანილი იყო ყველა სახის ბარათები, რასაც ადასტურებდა აგრეთვე ¹6 საპყრობილის დირექტორის 03.11.06წ. ¹10/37-7-1652 წერილი. დასკვნის მიხედვით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ. რუსთავის ¹6 საპყრობილის სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსის იუსტიციის კაპიტან ლ. ხ-ას მიერ დარღვეულ იქნა სამსახურებრივი დისციპლინა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 28.12.99წ. ¹367 ბრძანებით დამტკიცებული “საპყრობილის დებულების” მე-3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ფუნქციონალური მოვალეობის განაწილება შეადგენს საპყრობილის დირექტორის კომპეტენციას, 10 დღეში 2668 ბარათის შევსება ექსტრემალურ პირობებში იყო შეუძლებელი. ახალი აქტის გამოცემამდე მოსარჩელისათვის ახსნა-განმარტება არ ჩამოურთმევიათ, მისთვის არ გაუცვნიათ 26.01.07წ. შედგენილი დასკვნა, 26.01.07წ. დასკვნაში და სადავო ბრძანებაში არ არის მითითებული დისციპლინური დარღვევის კონკრეტული სახე, დარღვეულია საქართველოს პრეზიდენტის 31.12.99წ. ¹706 ბრძანებულების 21.4, 21.9 მუხლის მოთხოვნები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.06.07წ. გადაწყვეტილებით ლ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.07წ. განჩინებით ლ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.06.07წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქალაქო სასამართლომ მართებულად გამოიყენა “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის” შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ¹706 ბრძანებულების მე-20 მუხლის “ზ” პუნქტი, მე-17, 21.7-ე მუხლები, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 78-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა”ქვეპუნქტი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 29.12.99წ. ¹370-ე ბრძანების მე-2 თავის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “ბ”, “გ”, “დ” და “ე” ქვეპუნქტები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.09.06წ. ¹712 ბრძანების “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “კ” და “ჟ” ქვეპუნქტები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ლ” ქვეპუნქტი. სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებდა აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დეპარტამენტის შტაბის უფროს ინსპექტორს მ. მუმლაძეს უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში, როგორც 12.04.06წ. შემოწმებაში მონაწილე პირს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით განსაზღვრულია ის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირი არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციულ წარმოებაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ჩამონათვალი არ გავრცელდება მ. მუმლაძეზე, რადგან იგი არ წარმოადგენდა დაინტერესებულ მხარეს საქმეში. იგი იყო ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, რომელსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ ფუნქციურად დაევალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.11.06წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შემდგომი რეაგირება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.09.06წ. ¹712 ბრძანების “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დებულების” 73-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი _ შტაბი აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და იღებს ზომებს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების თავიდან ასაცილებლად. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 23.10.07წ. ¹17519 წერილის თანახმად, 2007 წლის 18 იანვრიდან 2007 წლის 04 მაისამდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის უფროსის თანამდებობა იყო ვაკანტური და შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებდა შტაბის უფროსი ინსპექტორი მ. მუმლაძე. ამავე დეპარტამენტის 22.10.07წ. ¹10/1-17454 წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.11.06წ. გადაწყვეტილება ლ. ხ-ას საქმესთან დაკავშირებით გადაეცა დეპარტამენტის იურიდიულ განყოფილებას და დეპარტამენტის შტაბს შემდგომი რეაგირებისათვის. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მ. მუმლაძე, როგორც შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, უფლებამოსილი იყო დეპარტამენტის თავჯდომარის დავალების საფუძველზე მოემზადებინა 23.01.07წ. დასკვნა სასჯელაღსრულების დეპარატამენტის ¹6 საპყრობილის თანამშრომლის ლ. ხ-ას შესახებ, რომლის თანახმადაც დადგინდა ლ. ხ-ას მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სააღსრულებო დეპარტამენტში ბარათები სტამბიდან შემოტანილ იქნა 04.04.06წ., ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 13.06.07წ. ¹10/6/1-9618 წერილის თანახმად, ქ. რუსთავის ¹6 საერთო, მკაცრი და სპეციალური რეჟიმის დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებისათვის საჭირო ფორმები და ბლანკები შეტანილ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის განყოფილების იმდროინდელი უფროსის მიერ 15.03.06წ. და არა 04.04.06წ., როგორც ამას აპელანტი მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აპელანტის მიერ რაიმე სახის მტკიცებულება სააღრიცხვო ბარათების ქ. რუსთავის ¹6 საერთო, მკაცრი და სპეციალური რეჟიმის დაწესებულებებისათვის 04.04.06წ. გადაცემის თაობაზე წარმოდგენილი არ ყოფილა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.11.06წ. გადაწყვეტილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების მითითებებით, შესაბამისად გამოკვლეულ და კონკრეტულად მითითებულ იქნა ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლის საფუძველზეც ლ. ხ-ა დათხოვნილ იქნა სამსახურიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ლ. ხ-ას სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, შესაბამისად არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

ლ. ხ-ამ 28.12.07წ. საკასაციო საჩივრით მიმართა სასაქრთველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.10.07წ. განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 31.03.06წ. ¹749პ/შ ბრძანებით დაინიშნა რუსთავის ¹6 საპყრობილეში საინფორმაციო სპეციალური განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზემოაღნიშნული ბრძანებით მასთან ერთად ¹6 საპყრობილეში დანიშნეს ორი ინსპექტორი, რომლებიც იყვნენ სრულიად გამოუცდელები და ამ სისტემაში მუშაობის პრაქტიკას მოკლებულნი. რუსთავის ¹6 საპყრობილეში პატიმრების პირველი ნაკადი (96 პატიმარი) შეიყვანეს 27.03.06წ., შემდეგ კი 31.03.06წ. ღამით ქ. თბილისის ¹5 საპყრობილედან გადაიყვანეს 553 პატიმარი. კასატორის აზრით ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ სასჯელარსრულების დეპარტამენტის შტაბის 26.04.06წ. ¹10/2-2564 დასკვნის თანახმად, თბილისის ¹5 საპყრობილის შემოწმების დროს აღმოჩენილი იქნა უამრავი დარღვევები, მათ შორის: პატიმართა პირადი საქმეები შეკერილი იყო თაბახის ფურცელზე, სპეციალური ყდების უქონლობის გამო. პირადი საქმეების უმრავლესობაში არ იყო პატიმრის ფოტოსურათები, დაქტილობარათები და სხვა ხარვეზები, რის გამოც ქ. თბილისის ¹5 საპყრობილის აღრიცხვის უფროსი ინსპექტორი პ. ცისკარიძე დაითხოვეს დაკავებული თანამდებობიდან. ასეთი ნაკლოვანებებით აღნიშნული 553 პატიმრის პირადი საქმე გადაგზავნილი იქნა 31.03.06წ. ღამით ¹6 საპყრობილეში, რის გამოც გადაგზავნილი პირადი საქმეების წესრიგში მოყვანას და მათში სათანადო ჩანაწერების შეტანას სჭირდებოდა ტიტანური შრომა და რაც მთავარია დრო. ¹6 საპყრობილის გახსნის დღიდან 10 დღის შემდეგ, 12.04.06წ. საპყრობილეში შემოვიდა სასჯელარსრულების დეპარტამენტიდან კომისია 5 თანამშრომლის შემადგენლობით და იმავე დღეს დაიწყეს იმ განყოფილების დეტალური შემოწმება, სადაც ლ. ხ-ა მუშაობდა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 11.04.06წ. ¹190 ბრძანებიდან ცხადია, რომ კომისიის მიზანი იყო რიგი დაწესებულებების შემოწმება მათში არსებული დარღვევების აღმოფხვრის, ძირითადად არსებული მდგომარეობის შესწავლისა და პრაქტიკული დახმარების გაწევის მიზნით. სინამდვილეში კი დაიწყეს ორი კვირის გახსნილი ¹6 საპყრობილის სპეცგანყოფილების სრულფასოვანი რევიზიული შემოწმება, არავითარი პრაქტიკული დახმარება არ გაუწვიათ ახლად გახსნილი დაწესებულებისათვის, სადაც მიმდინარეობდა ლ. ხ-ასა და ორი ინსპექტორის მიერ ყოველდღიური, უდიდესი შრომატევადი მუშაობა: პირადი საქმეების რეგისტრაცია ჟურნალში, მისი შემოწმება ნაკლოვანებების აღმოჩენების და გასწორების მხრივ, შიგთავსი საბუთების შედარება და სასწრაფო ვადების გაკონტროლება და ა.შ. კასატორის მითითებით, არცერთ სასამართლო სხდომაზე არ გაუმახვილებიათ ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ¹5 საპყრობილიდან გადაგზავნილი იქნა პატიმართა პირადი საქმეები, 672 პირადი საქმის წესრიგში მოყვანა, ყველა საჭირო დოკუმენტის შევსება, ყდების შეცვლა, მოითხოვდა პირადი საქმეების ხელახლა შეკვრას და მხოლოდ ამის შემდეგ იყო შესაძლებელი თითოეული პატიმრის პირადი საქმიდან ოთხი ახალი სხვადასხვა სახის ბარათების შევსება, რასაც ითვალისწინებს “მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 29.12.99წ. ¹370 ბრძანების მე-2 თავი და “პატიმართა რეესტრისა და პირადი საქმეების წარმოების” მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “ბ”, “გ”, “დ” და “ე” ქვეპუნქტები. თითოეულ ახალ ბარათში არის დაახლოებით 20-25 კითხვა, რომლებზეც უნდა გაეცეს ზუსტი, ამომწურავი პასუხი, ე.ი. შესავსები იყო სულ 2688 ბარათი, ვინაიდან თითოეულ პატიმარზე ივსება ოთხი სხვადასხვა ბლანკი-ბარათი, სადაც შეტანილი იყო საშუალოდ 53760 კითხვის პასუხი. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოასწრო 100 ბარათის შევსება. ამასთან, გარდა ზემოაღნიშნული ბარათების შევსებისა, სპეცგანყოფილება ასრულებს ყოველდღიურ აუცილებელ სამუშაოს, რომელსაც ქ. თბილისის ¹5 საპყრობილეში ასრულებდა 15 კაციანი ჯგუფი, ხოლო ¹6 საპყრობილეში მხოლოდ სამი კაცი. კასატორის მოსაზრებით მის მიმართ სასჯელარსრულების დეპარტამენტის მიერ მიღებული ზომები არის უკანონო, დარღვეულია “სასჯელარსრულების ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის შესახებ” 31.12.99წ. ¹706 პრეზიდენტის ბრძანებულების მე-18 მუხლის “გ” პუნქტი და მე-20 მუხლი, რომლის თანახმად სასჯელაღსრულების ორგანოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებობრივი დისციპლინის მდგომარეობისათვის, იგი მათ მიმართ მაღალი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ვალდებულია: უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურეობრივი საქმიანობის შეფასებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, საკითხის შესწავლისა და ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით მოწვეულ უნდა იქნეს დამოუკიდებელი ექსპერტ-სპეციალისტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ნორმალურ ვითარებაში, 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ზემოაღნიშნული რაოდენობის ბარათების შევსება და მათი ანბანური წესით დალაგება შეუძლებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.01.08წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარი. აღნიშნულ განჩინებაზე მოსაზრება წარმოადგინა სასჯელარსრულების დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართევლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.05.08წ. განჩინებით ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. 23.07.08წ. სასამართლო სხდომაზე მხარეებმა გამოთქვეს მორიგების სურვილი, რისთვისაც განესაზღვრათ ვადა. 30.07.08წ. სასამართლოს წარუდგინეს ლ ხ-ასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

30.07.08წ. საკასაციო პალატას წარედგინა ლ. ხ-ასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი, რომლის თანახმად, ლ. ხ-ა უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე და თანახმაა სანაცვლოდ მოპასუხისაგან მიიღოს 1000 (ათასი) ლარი. საქართველოს იუსტიციის სამინისტოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კისრულობს ვალდებულებას ლ. ხ-ას გადაუხადოს 1000(ათასი) ლარი.

საკასაციო პალატამ განიხილა 30.07.08წ. მხარეებს შორის დადებული მორიგების აქტი. მორიგების აქტს ხელს აწერენ საამისოდ უფლებამოსილი პირები. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპატრამენტის თავმჯდომარის 29.07.08წ. ¹1/0/9/2-13937 რწმუნებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების უფროსი ინსპექტორი ე. შ-ას მიენიჭა მოცემულ საქმეზე მორიგების უფლებამოსილება. ლ. ხ-ა მორიგების აქტს ხელს აწერს პირადად. მორიგების აქტის საფუძველზე, მხარეებს შორის არსებული ყველა სადავო საკითხი მოგვარებულია და ისინი სსკ-ის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად წყვეტენ სასამართლო დავას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მორიგებით დამთავრება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შესაძლებელია მორიგების აქტის დამტკიცება. სასკ-ის მე-3 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეოებით. სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ ან უარი თქვან სარჩელზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, მხარეთა მორიგება არის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ხ-სა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა შორის მორიგების მიღწევის გამო;

1. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით: ლ. ხ-ა უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე, რის სანაცვლოდაც თანახმაა მიიღოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისაგან 1000(ათასი) ლარი. თავისი მხრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კისრულობს ვალდებულებას ლარისა ხოხლოვას გადაუხადოს 1000 (ათასი) ლარი;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.