Facebook Twitter

25 აპრილი 2024 წელი

№ას-150-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებლები _ შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ი“, შ.პ.ს. „გ–ი“

განმცხადებლის მოთხოვნა მოთხოვნა _ სარჩელის უზრუნველყოფის

ერთი სახის შეცვლა მეორით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–მა“ სარჩელი აღძრა შ.პ.ს. „გ–ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 2 401 469 ა.შ.შ. დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 1 405 550 ლარის დაკისრება. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა შ.პ.ს. „გ–ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ..... ქუჩა №3 (ნაკვეთი 62/6), ს/კ N...... ყადაღის დადება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ის“ წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო მოპასუხე შ.პ.ს. „გ–ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ..... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N.............

2021 წლის 18 მაისს შ.პ.ს. „გ–ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის განჩინებით შ.პ.ს. „გ–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება შეიცვალა და შ.პ.ს. „გ–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ...... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N.....გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

2021 წლის 11 ივნისს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–მა“ საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ამავე სასამართლოს 2021 წლის 07 ივნისის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად ყადაღის აღდგენის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ივლისის განჩინებით შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ის“ საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდა და საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შ.პ..ს „გ.თ.გ. ჯ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის განჩინება.

2021 წლის 23 დეკემბერს შ.პ.ს. „გ–მა“ შეგებებული სარჩელი აღძრა შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ის“ მიმართ და მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის სახით საიჯარო ქირის - 1 837 000 ა.შ.შ. დოლარისა და 1 837 000 ა.შ.შ. დოლარის წლიური 10%-ის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ის“ სარჩელი მოპასუხე შ.პ.ს. ,,გ–ის“ მიმართ და შ.პ.ს. ,,გ–ის“ შეგებებული სარჩელი შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შ.პ..ს ,,გ–ს“ (ს/ნ ....2) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ...... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N......, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა ხოლო შ.პ.ს. „გ–მა“ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და საოქმო განჩინებები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო შ.პ.ს. „გ–მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განჩინებით შ.პ.ს. „გ–ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. ამავე სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2024 წლის 26 თებერვალს ერთობლივი შუამდგომლობით მომართეს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ისა“ და შ.პ.ს. „გ–ის“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოითხოვეს 2021 წლის 07 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა შემდეგი შინაარსის უზრუნველყოფით: „შ.პ.ს. „გ–ს“ აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, ..... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N...... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გარდა შ.პ.ს. გ. თ. გ. ჯ–ზე“ გასხვისებისა და ს.ს. „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვისა, რომელიც იპოთეკურ კრედიტს გასცემს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ზე“ აღნიშნული უძრავი ქონების შესაძენად. იმ შემთხვევაში, თუ შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ი“ შ.პ.ს. „გ–ისაგან“ იყიდის ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებას ს.ს. „თ.ბ–გან“ მიღებული კრედიტით და ამ უძრავი ქონების იპოთეკური უზრუნველყოფით, მაშინ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ჩაითვალოს გაუქმებულად“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 მარტის განჩინებით შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ი“-ს წარმომადგენლის თ.ჩ–ძის და შ.პ.ს. „გ–ი“-ს დირექტორის ქ.ქ–ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შ.პ.ს ,,გ–ს“ (ს/ნ .....) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისი, ......... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N...........) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, შეიცვალა უზრუნველყოფის მეორე სახით _ აეკრძალა შ.პ.ს. „გ–ს“ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისში, ......... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N...... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გარდა შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ზე“ გასხვისებისა და ს.ს. „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვისა, რომელიც იპოთეკურ კრედიტს გასცემს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ზე“ აღნიშნული უძრავი ქონების შესაძენად. ამავე განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2024 წლის 15 აპრილს ერთობლივი შუამდგომლობით მომართეს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ისა“ და შ.პ.ს. „გ–ის“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა შემდეგი შინაარსის უზრუნველყოფით: „შ.პ.ს. „გ–ს“ (ს/ნ .....) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ..... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N...........გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გარდა აღნიშნული უძრავი ქონების ს.ს. „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვისა, რომელიც იპოთეკურ კრედიტს გასცემს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ზე“ (ს/ნ .....) შ.პ.ს. „გ–ში“ (ს/ნ .....) 100% წილის შესაძენად. შ.პ.ს. „გ–ის“ (ს/ნ ........) 100% წილის შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ის“ (ს/ნ ...........) საკუთრებაში გადასვლის შემდეგ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს.“

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ განმცხადებლების შუამდგომლობა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალურად განხორციელების სწრაფ და ეფექტიან საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს, ან აღსრულება მნიშვნელოვნად გაძნელდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს - მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი უნდა შეფასდეს როგორც მოსარჩელის, ისე - მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული და ადეკვატური უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს, რათა მინიმუმადე იქნეს დაყვანილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული შესაძლო ზიანი და რისკები.

მხარეთა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის მიზნით, კანონმდებელი უშვებს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე.

სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვის დროს, სასამართლო ამოწმებს, რამდენად საფუძვლიანია მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, ხომ არ შეუშლის ხელს მოთხოვნილი ცვლილების განხორციელება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ან მისი განუხორციელებლობით ხომ არ მიადგება ზიანი მხარის კანონიერ ინტერესებს. სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას სასამართლოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებაში ცვლილების შეტანა გამართლებულია და გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების, თუ შეუძლებლობის საფრთხე არ დასტურდება.

განსახილველ შემთხვევაში, ორივე მხარე შუამდგომლობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლას, კერძოდ: აეკრძალოს შ.პ.ს. „გ–ს“ (ს/ნ ........) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, .... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N.......გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გარდა აღნიშნული უძრავი ქონების ს.ს. „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვისა, რომელიც იპოთეკურ კრედიტს გასცემს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ზე“ (ს/ნ ......) შ.პ.ს. „გ–ში“ (ს/ნ .......) 100% წილის შესაძენად. მხარეები ასევე შეთანხმდნენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხზე, კერძოდ შუამდგომლობენ გაუქმდეს გამოყენებული (შეცვლილი) უზრუნველყოფის ღონისძიება, როდესაც შ.პ.ს. „გ–ის“ (ს/ნ ........) 100% წილი გადავა შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ის“ (ს/ნ ......) საკუთრებაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარეობს, რაც მოიაზრებს მხარეთა თავისუფლებას თავიანთი მატერიალური თუ საპროცესო უფლებების განკარგვისას. მოცემულ შემთხვევაში, ის გარემოებები, რომ ორივე მხარისათვის მისაღებია გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა, გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიება არ ეწინააღმდეგება კანონს, არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს და ორივე მხარე შუამდგომლობს უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლას, საკმარისი საფუძველია შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის და საკასაციო სასამართლო არ ამოწმებს გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძვლებს, თანაზომიერებას, სასარჩელო მოთხოვნასთან შესაბამისობას და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეულ შესაძლო ზიანს და რისკებს.

ამდენად, მხარეთა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც, აეკრძალა შ.პ.ს. „გ–ს“ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისში, ....... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N....... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გარდა შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ზე“ გასხვისებისა და ს.ს. „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვისა, რომელიც იპოთეკურ კრედიტს გასცემს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ზე“ აღნიშნული უძრავი ქონების შესაძენად, გაუქმდეს და შეიცვალოს უზრუნველყოფის მეორე სახით _ შ.პ.ს. „გ–ს“ (ს/ნ ......) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ......(ნაკვეთი 62/6), ს/კ N........... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გარდა აღნიშნული უძრავი ქონების ს.ს. „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვისა, რომელიც იპოთეკურ კრედიტს გასცემს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ზე“ (ს/ნ ......) შ.პ.ს. „გ–ში“ (ს/ნ ........) 100% წილის შესაძენად. ასევე, მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. „გ–ის“ (ს/ნ .........) 100% წილის შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ის“ (ს/ნ ......) საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის №ას-150-2024 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 196-ე, 284-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ის“ დირექტორის თ.ჩ–ძის და შ.პ.ს. „გ–ი“-ს დირექტორის ქ.ქ–ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა შ.პ.ს. „გ–ს“ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისში, ........ (ნაკვეთი 62/6), ს/კ N...... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გარდა შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ზე“ გასხვისებისა და ს.ს. „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვისა, რომელიც იპოთეკურ კრედიტს გასცემს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ზე“ აღნიშნული უძრავი ქონების შესაძენად, შეიცვალოს უზრუნველყოფის მეორე სახით _ აეკრძალოს შ.პ.ს. „გ–ს“ (ს/ნ ......) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ......... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N.......გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გარდა აღნიშნული უძრავი ქონების ს.ს. „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვისა, რომელიც იპოთეკურ კრედიტს გასცემს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ზე“ (ს/ნ ........) შ.პ.ს. „გ–ში“ (ს/ნ .......) 100% წილის შესაძენად.

3. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა შ.პ.ს. „გ–ს“ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისში, ...... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N.......გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გარდა შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ზე“ გასხვისებისა და ს.ს. „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვისა, რომელიც იპოთეკურ კრედიტს გასცემს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ზე“ აღნიშნული უძრავი ქონების შესაძენად.

4. შ.პ.ს. „გ–ის“ (ს/ნ ...........) 100% წილის შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ის“ (ს/ნ ........) საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის №ას-150-2024 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი