Facebook Twitter

11 ივნისი 2024 წელი

№ას-150-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი - შ.პ.ს. „გ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ი“

II საკასაციო საჩივრის ავტორი – შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შ.პ.ს. „გ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი (ძირითადი სარჩელით) - ზიანის ანაზღაურება

დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “გ.თ.გ. ჯ–მა“ შპს „გ–ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა შ.პ.ს. „გ–ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ....... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N..... ყადაღის დადება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ის“ წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო მოპასუხე შ.პ.ს. „გ–ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ..... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N........

3. 2021 წლის 18 მაისს შ.პ.ს. „გ–ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის განჩინებით შ.პ.ს. „გ–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება შეიცვალა და შ.პ.ს. „გ–ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ....... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N..... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

5. 2021 წლის 11 ივნისს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–მა“ საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ამავე სასამართლოს 2021 წლის 07 ივნისის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად ყადაღის აღდგენის მოთხოვნით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ივლისის განჩინებით შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ის“ საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდა და საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შ.პ..ს „გ.თ.გ. ჯ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის განჩინება.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა შპს „გ–მა“ შპს „გ.თ.გ ჯ–ის“ მიმართ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნით.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ის“ სარჩელი მოპასუხე შ.პ.ს. ,,გ–ის“ მიმართ და შ.პ.ს. ,,გ–ის“ შეგებებული სარჩელი შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შ.პ..ს ,,გ–ს“ (ს/ნ ....) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ....... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N......, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება მხარეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო შ.პ.ს. „გ–მა“ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და საოქმო განჩინებები.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო შ.პ.ს. „გ–მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 მარტის განჩინებით შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ი“-ს წარმომადგენლის თ.ჩ–ძის და შ.პ.ს. „გ–ი“-ს დირექტორის ქ.ქ–ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შ.პ.ს ,,გ–ს“ (ს/ნ ......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისი, ..... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N........) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, შეიცვალა უზრუნველყოფის მეორე სახით _ აეკრძალა შ.პ.ს. „გ–ს“ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისში, .......... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N..... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გარდა შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ზე“ გასხვისებისა და ს.ს. „თ. ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვისა, რომელიც იპოთეკურ კრედიტს გასცემს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ზე“ აღნიშნული უძრავი ქონების შესაძენად. ამავე განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 07 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ის“ დირექტორის თ.ჩ–ძის და შ.პ.ს. „გ–ი“-ს დირექტორის ქ.ქ–ძის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა შ.პ.ს. „გ–ს“ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისში, ..... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N..... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გარდა შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ზე“ გასხვისებისა და ს.ს. „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვისა, რომელიც იპოთეკურ კრედიტს გასცემს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ზე“ აღნიშნული უძრავი ქონების შესაძენად, შეიცვალა უზრუნველყოფის მეორე სახით - აეკრძალა შ.პ.ს. „გ–ს“ (ს/ნ ........) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ........ (ნაკვეთი 62/6), ს/კ N.......გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გარდა აღნიშნული უძრავი ქონების ს.ს. „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვისა, რომელიც იპოთეკურ კრედიტს გასცემს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ზე“ (ს/ნ ......) შ.პ.ს. „გ–ში“ (ს/ნ ........) 100% წილის შესაძენად; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა შ.პ.ს. „გ–ს“ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისში, ...... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N........გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გარდა შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ზე“ გასხვისებისა და ს.ს. „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვისა, რომელიც იპოთეკურ კრედიტს გასცემს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ზე“ აღნიშნული უძრავი ქონების შესაძენად; შ.პ.ს. „გ–ის“ (ს/ნ ........) 100% წილის შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ის“ (ს/ნ ........) საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, გაუქმდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის №ას-150-2024 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

15. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2024 წლის 04 ივნისს ერთობლივი შუამდგომლობით მომართეს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ის“ დირექტორმა თ.ჩ–ძემ და შ.პ.ს. „გ–ის“ დირექტორმა ქ.ქ–ძემ, რომლებმაც განაცხადეს რომ უარს ამბობენ სარჩელზე, შეგებებულ სარჩელზე და ითხოვენ საქმის წარმოების შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც ამავე კოდექსის XLIX თავი შეიცავს.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამავე კოდექსის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მიხედვით (დისპოზიციურობის პრინციპი) მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

20. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეებმა უარი განაცხადეს სარჩელზე და შეგებებულ სარჩელზე, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის №2/7772-21 გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის №2ბ/4886-22 განჩინება და შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ის“ სარჩელზე და შ.პ.ს. „გ–ის“ შეგებებულ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

22. ვინაიდან, მხარემ უარი თქვა სარჩელზე, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის №ას-150-2024 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა შ.პ.ს. „გ–ს“ (ს/ნ ........) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ........ (ნაკვეთი 62/6), ს/კ N......... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გარდა აღნიშნული უძრავი ქონების ს.ს. „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვისა, რომელიც იპოთეკურ კრედიტს გასცემს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ზე“ (ს/ნ .......) შ.პ.ს. „გ–ში“ (ს/ნ .......) 100% წილის შესაძენად.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

24. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე კასატორებმა უარი თქვეს სარჩელზე და შეგებებულ სარჩელზე, შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ს“ (ს/ნ ......) სრულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8 000 ლარი, ხოლო შ.პ.ს. „გ–ს“ (ს/ნ ........) უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 4000 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე 272-ე, 273-ე, 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ის“ (ს/ნ .......) შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ და შ.პ.ს. „გ–ის“ (ს/ნ ......) შუამდგომლობა შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის №2/7772-21 გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის №2ბ/4886-22 განჩინება და შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ის“ სარჩელზე და შ.პ.ს. „გ–ის“ შეგებებულ სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება.

3. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის №ას-150-2024 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შ.პ.ს. „გ–ს“ (ს/ნ .......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ..... (ნაკვეთი 62/6), ს/კ N.......გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, გარდა აღნიშნული უძრავი ქონების ს.ს. „თ.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვისა, რომელიც იპოთეკურ კრედიტს გასცემს შ.პ.ს. „გ.თ.გ. ჯ–ზე“ (ს/ნ .....) შ.პ.ს. „გ–ში“ (ს/ნ .....) 100% წილის შესაძენად.

4. შ.პ.ს. ,,გ.თ.გ. ჯ–ს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ქ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი (საგადახდო დავალება №4549, გადახდის თარიღი: 08.01.2024, ს.ს. „თიბისი ბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.

5. შ.პ.ს. „გ–ს“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 4000 ლარი (3000 ლარი - გადახდის თარიღი: 16.04.2024, საგადახდო დავალება № 1, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ბანკი ქართუ“; 1000 ლარი - გადახდის თარიღი: 24.05.2024, საგადახდო დავალება №1, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ბანკი ქართუ“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.

6. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი