Facebook Twitter

საქმე №ას-1268-2020 21 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.ბ.ს.გ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მერია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელი დაკმაყოფილდა; მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2066,67 ლარის ანაზღაურება.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2019 წლის 21 მაისს მერიასა (დამკვეთი) და მოსარჩელე კომპანიას (მენარდე) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01.01.01/30/217 ხელშეკრულება (ნარდობის ხელშეკრულება). ხელშეკრულების ფარგლებში მენარდეს უნდა შეესრულებინა თბილისის მასშტაბით არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. სამუშაო უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად. ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;

2.2. ნარდობის ხელშეკრულების 9.2 მუხლის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა), ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,06%-ის ოდენობით;

2.3. ხელშეკრულების 9.7 მუხლის თანახმად, დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,06%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

2.4. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი ვერ დააკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველი აცნობებდა მიმწოდებელს შემოწმების შედეგების შესახებ დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზის მითითებით. შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით საკუთარი შეხედულებისამებრ განესაზღვრა მიმწოდებლისათვის გონივრული ვადა, რომლის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა ხელშეკრულების 9.7 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ვადის ბოლო თარიღიდან დეფექტების საბოლოო აღმოფხვრამდე;

2.5. დამკვეთის 2019 წლის 27 ივნისის წერილით მენარდეს დაევალა ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, უსახელო ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 27 ივნისიდან 27 ივლისის ჩათვლით პერიოდი;

2.6. 2019 წლის 30 ივლისს დამკვეთისგან უფლებამოსილმა სუბიექტმა - ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“ შეადგინა შეუსაბამობის აქტი, რომლის თანახმად, მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოიხატებოდა უსახელო ქუჩაზე დაგებული ასფალტის სისქის შეუსაბამობაში საპროექტო მოთხოვნებთან. ამავე აქტის თანახმად, კონტრაქტორმა კომპანიამ საკუთარი ხარჯით უზრუნველყო 120 კვ.მ-ზე ახალი 30 მმ სისქის წვრილმარცვლოვანი ფენილის დაგება, რის შედეგადაც შეუსაბამობა 2019 წლის 20 ივლისს გამოსწორდა;

2.7. დამკვეთის 2019 წლის 7 აგვისტოს წერილით მენარდეს ეცნობა, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,06%-ის ოდენობით - 2066,67 ლარი. დადგენილია, რომ დამკვეთმა მენარდეს პირგასამტეხლო კუთვნილი საზღაურიდან დაუკავა;

2.8. 2019 წლის 03 სექტემბერს მენარდემ დამკვეთს პირგასამტეხლოს გაუქმების მოთხოვნით მიმართა. დამკვეთის 2019 წლის 3 სექტემბრის წერილით მენარდეს დამატებით ეცნობა, რომ პირგასამტეხლო დარიცხულია ნარდობის ხელშეკრულების 9.2 მუხლის შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის და არა ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გადაცილებისათვის.

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებს და სადავო იყო მხოლოდ სასამართლოს მიერ სსკ-ის 417-419-ე მუხლების გამოყენების მართებულობა, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა აღნიშნულ ნაწილში შეამოწმა.

4. სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მხარეებმა პირგასამტეხლო გაითვალისწინეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, გარდა შესრულების ვადის დარღვევისა. ამასთან, ხელშეკრულების 9.7 მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს გადახდა მენარდეს დაეკისრებოდა მხოლოდ დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ვადის ბოლო თარიღიდან დეფექტების საბოლოო აღმოფხვრამდე (ხელშეკრულების 6.2 პუნქტი). სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მენარდემ, მართალია, გზის გარკვეულ მონაკვეთზე სამუშაოები ხარვეზით შეასრულა (ასფალტის სისქე არ შეესაბამებოდა საპროექტო მოთხოვნებს), თუმცა ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ 2019 წლის 30 ივლისის შეუსაბამობის აქტის საფუძველზე უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელემ შეუსაბამობის აქტით დადგენილი ხარვეზი აღმოფხვრა ვადაზე ადრე - 2019 წლის 20 ივლისს (დამკვეთის 2019 წლის 27 ივნისის წერილით მენარდეს უსახელო ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადა 2019 წლის 27 ივლისამდე ჰქონდა განსაზღვრული), რის შედეგადაც დამკვეთმა შესრულება მიიღო.

5. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შემსრულებლის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ხელშეკრულების არც 9.2 პუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობას ჰქონია ადგილი (ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) და არც 9.7 პუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობას (დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით, მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევა), რაც ხელშეკრულების მითითებული პუნქტებისა და სსკ-ის 419-ე მუხლის საფუძველზე, ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავდა დამკვეთის მხრიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დამკვეთმა მენარდეს კუთვნილი საზღაურიდან 2066,67 ლარი ისე დაუკავა, რომ ამ უკანასკნელს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა. ამდენად, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 2066.67 ლარის დაკავების ფაქტი ექცევა სსკ-ის 976.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში და მიღებული შესრულება ექვემდებარება დაბრუნებას.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო პალატამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოტივაცია, რომ საჯარიმო სანქცია და ნაკლის გამოსწორება ერთდროულად არ უნდა გამოყენებულიყო. საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი სახეზეა და აღნიშნულს თავად მოსარჩელე კომპანიაც არ ხდის სადავოდ. გამომდინარე აქედან, მოსარჩელეს საჯარიმო სანქცია - 2066,67 ლარი დაკისრებული აქვს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.

13. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის არასწორი განმარტების თაობაზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი; საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).

14. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი]. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

15. სსკ-ის 419-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განასხვავებენ პირგასამტეხლოს ისეთ სახეებს, როგორიცაა საურავი და ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთი სახეა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს ამ სახეს იცნობს. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 419 I მუხლის დანაწესი. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმამ კრედიტორის იმ ინტერესის ანაზღაურება უნდა მოახდინოს, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა. შესაბამისად, მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში ჯარიმის განსაზღვრა ხდება იმ ოდენობით, რათა მან ვალდებულების დარღვევის შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა მოახდინოს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საურავი უმეტესად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ვალდებული პირი არ ასრულებს ვალდებულებას დადგენილ დროში. ჯარიმისაგან განსხვავებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის საურავის სახით დადგენილი პირგასამტეხლოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი იძლევა ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის კუმულაციის შესაძლებლობას. საურავი იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ გააჩნია. საურავის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კონკრეტულ ოდენობაში ან პროცენტებში დადგენილი საურავი ერიცხება მოვალეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ამით აიძულებს შეასრულოს ვალდებულება. ჯარიმისაგან განსხვავებით, საურავის დროს ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი ფუნქცია უფრო ნათლად ჩანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი განაგრძობს დარიცხვას ვალდებულების დარღვევის შემდეგაც. საურავი ირიბი იძულებითი ხასიათის ღონისძიებაა: ვალდებულმა პირმა იცის, რაც უფრო მეტი დრო გავა და რაც უფრო გვიან შეასრულებს ვალდებულებას, მით მძიმე იქნება მისი ფინანსური ტვირთი (იხ. სუსგ საქმე №ას-1634-2019, 4 მარტი, 2020 წელი).

17. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდევინებაც და ვალდებულების შესრულებაც. თუკი, პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მაშინ კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდევინება მისი შესრულების სანაცვლოდ, მაგრამ, თუკი კრედიტორი მოინდომებს ვალდებულების შესრულებას, იგი კარგავს პირგასამტეხლოზე უფლებას (იხ. სუსგ საქმე №ას-780-737-2015, 22 ოქტომბერი, 2015 წელი). კანონმდებელი კრძალავს კრედიტორის მიერ მოვალისთვის იმ ვალდებულების შესრულების მოთხოვნას, რომლის შეუსრულებლობით (არაჯეროვანი შესრულებით) მოვალეს პირგასამტეხლო დაეკისრა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილი პირგასამტეხლოს გადახდევინებასთან ერთად კრძალავს არა შესრულების უნაკლო ნაწილის მიღების უფლებას, არამედ პირგასამტეხლოს დაკისრების თანადროულად შეუსრულებელი ან არასრულად შესრულებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობას (იხ. სუსგ საქმე №ას-952-2021, 31 მაისი, 2022 წელი).

18. განსახილველ შემთხვევაში ნარდობის ხელშეკრულების 9.2 მუხლის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა), ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,06%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების 9.7 მუხლის თანახმად, დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,06%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 6.2 პუნქტით კი განისაზღვრა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი ვერ დააკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველი აცნობებდა მიმწოდებელს შემოწმების შედეგების შესახებ დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზის მითითებით. შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით საკუთარი შეხედულებისამებრ განესაზღვრა მიმწოდებლისათვის გონივრული ვადა, რომლის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა ხელშეკრულების 9.7 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ვადის ბოლო თარიღიდან დეფექტების საბოლოო აღმოფხვრამდე.

19. დადგენილია, რომ მენარდეს სამუშაო უნდა შეესრულებინა 2019 წლის 27 ივლისის ჩათვლით. 2019 წლის 30 ივლისის შეუსაბამობის აქტის თანახმად, მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოიხატებოდა უსახელო ქუჩაზე დაგებული ასფალტის სისქის შეუსაბამობაში საპროექტო მოთხოვნებთან. ამავე აქტის თანახმად, კონტრაქტორმა კომპანიამ საკუთარი ხარჯით უზრუნველყო 120 კვ.მ-ზე ახალი 30 მმ სისქის წვრილმარცვლოვანი ფენილის დაგება, რის შედეგადაც შეუსაბამობა 2019 წლის 20 ივლისს გამოსწორდა.

20. ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ხელშეკრულების არც 9.2 პუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობას ჰქონია ადგილი (ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) და არც 9.7 პუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობას (დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით, მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევა), რაც ხელშეკრულების მითითებული პუნქტებისა და სსკ-ის 419-ე მუხლის საფუძველზე, გამორიცხავს დამკვეთის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი