საქმე №ას-424-2022 23 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ც–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ო–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ქონების რეალიზაციის გზით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით გ.ც–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბ.ო–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მხარეთა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: №.....), მდებარე დუშეთის რაიონში, ......., სოფელი ......., დაზუსტებული ფართობი 1861 კვ.მ., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობით (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო მიწის ნაკვეთი“); დადგინდა, რომ საზიარო უფლების გაუქმება მოხდეს სადავო უძრავ ქონებაზე ამ ქონების აუქციონზე გაყიდვის გზით და აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდეს შემდეგნაირად: ამონაგები თანხის ½ ნაწილი გადაეცეს მოსარჩელეს, ხოლო ½ ნაწილი - მოპასუხეს.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 30.07.2020 წელს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით მოსარჩელეს და მოპასუხეს. უძრავი ქონება მთლიანობაში შეადგენს 1861 კვ.მ.-ს, საიდანაც ½ ნაწილი საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელეს, ხოლო ½ ნაწილი - მოპასუხეს. ამონაწერის თანახმად, მითითებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: 1. ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 06.08.2009წ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საქმეზე N2/366-14, დამოწმების თარიღი: 27/03/2014წ., თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია (ტომი 1; ს.ფ. 17-18; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მარტის განჩინების (სამოქალაქო საქმე №2/366-14) საფუძველზე, დამტკიცდა მოპასუხესა (დასახელებულ საქმეში - მოსარჩელე) და მოსარჩელეს (დასახელებულ საქმეში - მოპასუხე) შორის მორიგება შემდეგი პირობებით: დუშეთის რაიონის, სოფელ ......... მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №......., ნაკვეთის წინა ნომერი: №........., დარეგისტრირდეს მოსარჩელისა და მოპასუხის საერთო საკუთრებად, საიდანაც, მოსარჩელის საკუთრება განისაზღვროს ½ წილით, ხოლო მოპასუხის საკუთრება - ½ წილით (ტომი 1; ს.ფ. 16);
2.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 სექტემბრის №005748120 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დუშეთის რაიონი, ......., სოფელ ..... მდებარე N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ფასადზე ღიობების თავისებური განლაგების, შენობების ურთიერთგანლაგებისა და განაშენიანებისაგან თავისუფალი (ცარიელი) მიწის ნაკვეთის სიმცირის გამო შეუძლებელია აღნიშნულ მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთის გამიჯვნა წილების შესაბამისად (1/2-1/2 წილი), ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე ისე, რომ არ დაირღვეს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს თანასაკუთრებაში არსებულ საზიარო საგანზე საზიარო უფლების გაუქმება მისი რეალიზაციის გზით. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 953-ე, 961-ე, 963-ე და 964-ე მუხლებით და ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობა.
4. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გააუქმა საზიარო უფლება ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის მხარეთა შორის წილების შესაბამისად განაწილებით.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
8. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
9. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
10. საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არ დგინდება, შესაძლებელია თუ არა სადავო ქონების ნატურით გაყოფა, საზიარო საგნის ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა საბაზრო ღირებულების შემცირების გარეშე.
11. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საგანს წარმოადგენს საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის რეალიზაციის გზით [სსკ-ის 961.1. მუხლი: თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება].
12. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით [სსკ-ის 963-ე მუხლი] და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით [სსკ-ის 964-ე მუხლი]. ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია [სსკ-ის 964.1 მუხლის პირველი წინადადება: თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით].
13. საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1148-1094-2014, 19 მარტი, 2015 წელი).
14. განსახილველ შემთხვევაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 სექტემბრის №005748120 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შეუძლებელია სადავო მიწის ნაკვეთის გამიჯვნა წილების შესაბამისად (1/2-1/2 წილი), ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე ისე, რომ არ დაირღვეს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3. ქვეპუნქტი).
15. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არ დგინდება სადავო ქონების ნატურით გაყოფის შეუძლებლობა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები [სსსკ-ის 4.1. მუხლი]. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს [სსსკ-ის 102.1 მუხლი]. ამდენად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
17. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ც–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს გ.ც–ძეს (პ/ნ N.........) დაუბრუნდეს ი/მ ნ.მ–ის (პ/ნ N....) მიერ 2022 წლის 21 აპრილს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი