Facebook Twitter

საქმე №ას-499-2024 29 მაისი, 2024 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ ქონების მართვის სააგენტო (აპელანტი მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „პ.ფ–ე“(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „პ-ფ–ეს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლოს - 220 ლარის გადახდა. მოსარჩელე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელს უარი ეთქვას 1980 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს შპს „პ.ფ–ესათვის“ დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში – სსსკ) 365-ე მუხლით (სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს, ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს) და განმარტა შემდეგი: მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით: სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „პ-ფ–ეს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლოს - 220 ლარის გადახდა. მოსარჩელე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელს უარი ეთქვაა 1980 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს შპს „პ.ფ–ესათვის“ დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. აპელანტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, ნაწილობრივ კერძოდ, რომლითაც მოსარჩელე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელს უარი ეთქვა 1980 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს შპს „პ.ფ–ესათვის“ დაკისრების ნაწილში; სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 1980 ლარია, რაც არ აღემატება 2000 ლარს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის განხილვის მოთხოვნით.

6. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება მიღებულ იქნა საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასების გარეშე, ვინაიდან მისთვის გაუგებარია თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე რომ პირგასამტეხლო “შეუსაბამოდ მაღალი” იყო. კერძო საჩივრის ავტორი, ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო დავის საგნის ღირებულებას არასწროად არის 1980 ლარი მითითებული, მაშინ როდესაც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან მოთხოვნას წარმოადგენდა 2220. სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა 220 ლარის გადახდა. შესაბამისად, სასამართლოს განჩინებაში უნდა მიეთითებინა არა 1980, არამედ 2000 ლარი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ აღემატება.

11. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

12. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივსამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).

14. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან).

15. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.

16. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობის შეფასება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივანის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვ.) ხდება და მხოლოდ აბსტარქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივანის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა).

17. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება მიღებულ იქნა საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასების გარეშე, ვინაიდან მისთვის გაუგებარია თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე რომ პირგასამტეხლო “შეუსაბამოდ მაღალი” იყო. კერძო საჩივრის ავტორი, ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის საგნის ღირებულება არასწორად არის 1980 ლარი მითითებული, მაშინ, როდესაც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან მოთხოვნას წარმოადგენდა 2220, სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა 220 ლარის გადახდა. შესაბამისად, სასამართლოს განჩინებაში უნდა მიეთითებინა არა 1980, არამედ 2000 ლარი.

18. პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განუმატავს მხარეს, რომ მითითებულ პრეტენზიაზე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებდა სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვის ეტაპზე, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი წარმოებაში არ იქნა მიღებული, რადგან ის არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის წინაპირობას. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივარში მითითებული საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნა საფუძველსმოკლებულია.

19. რაც შეეხება, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას დავის საგნის ღირებულებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით: სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „პ-ფ–ს“ სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლოს - 220 ლარის გადახდა. მოსარჩელე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელს უარი ეთქვა 1980 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს შპს „პ.ფ–ესათვის“ დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. აპელანტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ კერძოდ, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება 2000 ლარით, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი მაინც ვერ აკმაყოფილებს სსსკ-ის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის იმპერატიულ კრიტერიუმს, ვინაიდან ნორმაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

20. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება ქონებრივსამართლებრივ ნაწილში ვერ სცდება მოცემული კატეგორიის დავისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად ცნო იგი დაუშვებლად სსსკ 365-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე