Facebook Twitter

საქმე №ას-394-2024 29 მაისი, 2024 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ.შ–ძე (აპელანტი, მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.შ–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მ.შ–ძის სარჩელი თ.შ–იას მიმართ არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მ.შ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით მ.შ–ძეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით წარმოედგინა ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ან 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მ.შ–ძეს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.07.2023წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 (ათი) დღით. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტის წარმომადგენელმა, რომელმაც წარმოადგინა 11.05.2023წ. დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ტ.2. ს.ფ. 24-25) და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მ.შ–ძეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, ვინაიდან აღნიშნული შუადგომლობა აპელანტს საწყის ეტაპზე საჩივარში დაყენებული არ ჰქონია და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა წარმოედგინა ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ან 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი, ვინაიდან წარმოდგენილ მტკიცებულებას შემხებლობა არ ჰქონდა მიმდინარე დავასთან და შესაბამისად არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონისმიერი საფუძველი. (სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.) ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით კვლავ მომართა აპელანტის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით მ.შ–ძეს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 5.12.2023წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 (ათი) დღით და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა წარმოედგინა ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ან 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით აპელანტს კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 მარტის განჩინებით მ.შ–ძის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ 8.01.2024წ. განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის წარმომადგენელს თ.გ–ძეს ჩაჰბარდა პირადად, 2024 წლის 12 თებერვალს (ტომი 2, ს.ფ. 41). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, აპელანტისათვის ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 13 თებერვალს და ამოიწურა 2024 წლის 22 თებერვალს.

6. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, გაქარწყლებულად უნდა ჩაითვალოს. განსახილველ შემთხვევაში აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე განცხადებით ან შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა, მ.შ–ძემ წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ რამდენჯერმე არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, გადავადების და შემცირების შესახებ. აღნიშნული კი წარმოადგენს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის საერთაშორის სტანდარტის დარღვევას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სწორედ აღნიშნული განჩინების მართლზომიერება წარმოადგენს.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისა სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11. წინამდებარე საქმეში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით მ.შ–ძეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით წარმოედგინა ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ან 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მ.შ–ძეს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.07.2023წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 (ათი) დღით. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტის წარმომადგენელმა, რომელმაც წარმოადგინა 11.05.2023წ. დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ტ.2. ს.ფ. 24-25) და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მ.შ–ძეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, ვინაიდან აღნიშნული შუადგომლობა აპელანტს საწყის ეტაპზე საჩივარში დაყენებული არ ჰქონია და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა წარმოედგინა ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ან 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი, ვინაიდან წარმოდგენილ მტკიცებულებას შემხებლობა არ ჰქონდა მიმდინარე დავასთან და შესაბამისად არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონისმიერი საფუძველი. (სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.) ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით კვლავ მომართა აპელანტის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 იანვრის განჩინებით მ.შ–ძეს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 5.12.2023წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 (ათი) დღით და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა წარმოედგინა ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ან 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით აპელანტს კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ 8.01.2024წ. განჩინება ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის წარმომადგენელს თ.გ–ძეს ჩაჰბარდა პირადად, 2024 წლის 12 თებერვალს (ტომი 2, ს.ფ. 41). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, აპელანტისათვის ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 13 თებერვალს და ამოიწურა 2024 წლის 22 თებერვალს. აპელანტს აღნიშნულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების ან/და სხვა სახის შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

13. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

14. სსსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მითითებული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (იხ. სუსგ საქმე Nას-237-225-2017, 16 მარტი, 2017 წელი).

15. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფინანსური და მატერიალური საშუალება, განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლები ითვალისწინებს შეღავათებს სახელმწიფო ბაჟის გადახდაში. ეს ის შემთხვევებია, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით განსაზღვროს პროცესის მონაწილეთა მიმართ აღნიშნული მუხლის გავრცელების დასაშვებობა. კერძოდ, 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება; ხოლო, 48-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.

16. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იყო ფორმალური ხასიათის (ტ.1 ს.ფ.168-177), ვინაიდან აპელანტს მძიმე ფინანსური მდგომარეობის ამსახველი რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ვინაიდან მხოლოდ მხარის შუამდგომლობა ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე ვერ აკმაყოფილებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დადგენილ კანონისმიერ წინაპირობებს.

17. რაც შეეხება 11.05.2023წ. დადგენილებას დაზარალებულად ცნობის შესახებ (ტ.2.ს.ფ. 24-25) და აღნიშნულის საფუძველზე შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და განმარტავს, რომ დადგენილება მ.შ–ძის დაზარალებულად ცნობის შესახებ არ არის შემხებლობაში აღნიშნულ დავასთან ვერ აკმაყოფილებს სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ კანონისმიერ საფუძველს.

18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, იმ გარემოებას, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა არაერთხელ გაუგრძელდა. ამასთან, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თავდაპირველი განჩინების მიღებიდან (17.07.2023) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე (04.03.2024წ.) გასულია შვიდ თვეზე მეტი, შესაბამისად, ცალსახაა, რომ აპელანტს, როგორც ხარვეზის შესავსებად, ასევე, სარწმუნო მტკიცებულების წარმოდგენად, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას, საკმარისი ვადა მიეცა.

19. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობები სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა და გათავისუფლების შესახებ.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.შ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე