აქმე №ას-104-2024 22 მაისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - მ.პ–ძე, ლ.პ–ძე (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ბ.პ.ს.ე.ს–ი“, შპს „დ.ა–ა“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ბ.პ–ძის, მ.პ–ძის, ლ.პ–ძისა და ს.პ–ძის (შემდგომში მოსარჩელეები) სარჩელი სს „ბ.პ.ს.ე.ს–ისა“ და შპს „დ.ა–ას“ (შემდგომში მოპასუხეები) მიმართ აღნაგობის ხელშეკრულების დადებულად აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინებით, მოსარჩელეების, ლ.პ–ძისა და მ.პ–ძის (შემდგომში აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, ლ.პ–ძე და მ.პ–ძე, რომელთაც სასამართლო პროცესის თაობაზე ეცნობათ კანონმდებლობით დადგენილი წესით, არსებობდა მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აპელანტებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
6. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, მათ პროცესზე გამოცხადება ვერ შეძლეს საპატიო მიზეზით - ავტომანქანა, რომლითაც სააპელაციო სასამართლოში მიემგზავრებოდა მათი წარმომადგენელი, სატრანსპორტო გზის გაუმართაობის გამო, გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც შეუძლებელი გახდა მისი გზაზე დატოვება, რადგან საფრთხეს შეუქმნიდა როგორც ქვეით მოსიარულეებს, ისე ავტომობილებით მოძრავ პირებს. მას შემდეგ, რაც აპელანტთა წარმომადგენელმა შეძლო სასამართლოში გამოცხადება, სხდომა რამდენიმე წუთის დასრულებული იყო.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო შეაფასებს აპელანტების სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ არ ხდიან შემდეგ გარემოებებს: თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 8 ნოემბერს 11:30 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო აპელანტებისთვის (იხ. ტ. 2. ს.ფ 329-332); დადგენილია ასევე, რომ აღნიშნულ სხდომაზე აპელანტები არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებიათ სასამართლოსთვის.
11. კერძო საჩივრით აპელანტები სადავოდ ხდიან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მათი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - ავტომანქანის გაუმართაობით, რომელიც სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე დაზიანდა.
12. კერძო საჩივრის ავტორთა ამ არგუმენტის შეფასების მიზნით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს, თუმცა ამ მუხლის ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
15. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებმა ვერ წარმოადგინეს რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მათ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლეს მისგან დამოუკიდებელი, საპატიო მიზეზით. პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს კერძო საჩივრის ავტორთა მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ მათი წარმომადგენლის პროცესზე დროულად გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავტომანქანის (რომლითაც წარმომადგენელი სასამართლოში მიემგზავრებოდა) მწყობრიდან გამოსვლით. აღნიშნული არგუმენტი დაუსაბუთებელია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. საქმის მასალებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა (ან მათმა წარმომადგენელმა) სხდომის დაწყებამდე რაიმე სახით (თუნდაც ტელეფონით ან ელექტრონულად) აცნობეს სასამართლოს პროცესზე შესაძლო გამოუცხადებლობის მიზეზის (გზაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის) თაობაზე.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს არ წარუდგენიათ რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შეუძლებელი იყო მათი სააპელაციო სასამართლოს პროცესზე გამოცხადება ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოს ინფორმირება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ბ.პ–ძისა და ს.პ–ძის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, მათი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.პ–ძისა და ლ.პ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე