Facebook Twitter

საქმე №ას-390-2024 21 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – რ. შ–ძე, რ. შ–ძე, ქ.კ–ძე, ბ.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს ,,ფ–ო’’ (სს ,,თ.ბ–ის’’ უფლებამონაცვლე)

თავდაპირველი მოპასუხე - მ. შ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმება, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, უფლებამონაცვლედ ცნობა, ქონების საკუთრებაში აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს ,,თ.ბ–მა’’ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. შ–ძის, ქ.კ–ძის, ბ.კ–ძის, რ. შ–ძის, მ. შ–ძის მიმართ, თანხის დაკისრების, უფლებამონაცვლედ ცნობისა და ქონების საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე.

მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა რ. შ–ძემ, რ. შ–ძემ, ქ.კ–ძემ და ბ.კ–ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრის განჩინებით შპს ,,ფ–ოს’’ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა. N2/ბ-765-21 სამოქალაქო საქმეში სს ,,თ.ბ–ის (ს/კ .....) უფლებამონაცვლედ, 2021 წლის 13 სექტემბრის N67100 მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე დაშვებულ იქნა შპს ,,ფ–ო’’ (ს/კ .......).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - რ. შ–ძემ, რ. შ–ძემ, ქ.კ–ძემ და ბ.კ–ძემ და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმება, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინებით რ. შ–ძის, რ. შ–ძის, ქ.კ–ძისა და ბ.კ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კასატორებს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 588.36 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს ნ.თ–ძეს გაეგზავნა 2024 წლის 02 აპრილს და ჩაბარდა პირადად 2024 წლის 04 აპრილს.

2024 წლის 16 აპრილს (ფოსტაში წარდგენილია 2024 წლის 15 აპრილს) კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მიუთითა, რომ ხარვეზის შევსების მიზნით კასატორები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებენ სრულად, ამასთანვე კასატორების ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, ხოლო ბ.კ–ძე როგორც პირველი ჯგუფის ინვალიდი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, საქართველოს კანონი სახელმწიფო ბაჟის შესახებ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ’’ პუნქტიდან გამომდინარე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინებით რ. შ–ძის, რ. შ–ძის, ქ.კ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. რ. შ–ძეს, რ. შ–ძეს და ქ.კ–ძეს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) ან მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 588.36 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით რ. შ–ძეს, რ. შ–ძეს, ქ.კ–ძესა და ბ.კ–ძეს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სსსკ-ის 391.11 მუხლის შესაბამისად, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშისა და სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით;

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს ნ.თ–ძეს გაეგზავნა 2024 წლის 22 აპრილს და ჩაბარდა პირადად 2024 წლის 24 აპრილს.

2024 წლის 02 მაისს კასატორების წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა სსსკ-ის 391.11 მუხლის შესაბამისად, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშისა და სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; საკასაციო საჩივარში კასატორები მიუთითებენ, რომ ბაჟის გადაუხდელობა არ უნდა გახდეს საქმის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი, შესაბამისად არ უნდა დაირღვეს მოქალაქის სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. საკასაციო საჩივარს ერთვის რ. შ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NIV-100/ა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, ბ.კ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, რ. შ–ძეს, რ. შ–ძეს და ქ.კ–ძეს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) ან მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 588.36 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინებები კასატორების წარმომადგენელს ნ.თ–ძეს გაეგზავნა 2024 წლის 21 მაისს და ჩაბარდა პირადად 2024 წლის 24 მაისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი რ. შ–ძის, რ. შ–ძის და ქ.კ–ძის მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ. შ–ძეს, რ. შ–ძეს და ქ.კ–ძეს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და კასატორებს დაევალათ 10 დღის ვადაში წარმოედგინათ: ან მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 588.36 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორების წარმომადგენელს ნ.თ–ძეს გაეგზავნა 2024 წლის 21 მაისს და ჩაბარდა პირადად 2024 წლის 24 მაისს.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კასატორებისთვის - რ. შ–ძისთვის, რ. შ–ძისთვის და ქ.კ–ძისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 25 მაისს და ამოიწურა 03 ივნისს (იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორებს ან მათ წარმომადგენელს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. შ–ძის, რ. შ–ძის და ქ.კ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საკასაციო საჩივარი რ. შ–ძის, რ. შ–ძის და ქ.კ–ძის მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე