ას-205-2023
16 ნოემბერი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – შპს „ჩ. XXI ს–ე“, შპს „დ.გ–ი“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დოკუმენტაციის გადაცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.მ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ჩ. ... ს–ესა“ და შპს „დ.გ–ის“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხეები, კასატორები), შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1.შპს „დ.გ–ის“ და შპს „ჩ. ... ს–ის“ დამფუძნებელ პარტნიორს - მ.მ–ს გადაეცეს, მოპასუხე შპს „დ.გ–ისა“ და შპს „ჩ. ... ს–ის“ საბუღალტრო და მასთან დაკავშირებული კომპანიის ფინანსურ შემოსავალსა და ხარჯვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტები, რომელიც მოიცავს - 2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდს:
1.1.1. შპს „დ.გ–ის“ შემოსავლების სამსახურის (RS-ის) მონაცემები (მომხმარებელი და პაროლი ნახვის ფუნქციით);
1.1.2. საგადასახადო დოკუმენტები და ჩეკები;
1.1.3. შრომითი/მომსახურების ხელშეკრულებები, პარტნიორთა კრების ოქმები და მიღება ჩაბარების აქტები;
1.1.4. გასავლის და შემოსავლის ორდერები;
1.1.5. ორისის - ბაზა (2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე), ამ პროგრამით შედგენილი ბაზების ასლი;
1.1.6. ამავე კომპანიის საბანკო ვალის დამადასტურებელი დოკუმენტი (წვდომა საბანკო ანგარიშებზე ბანკიდან ცნობა);
1.1.7. ხ.გ–ძის პ.ნ. .... მიერ კომპანია შპს „დ.გ–ში“ თანხის 230000 ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
1.1.8. სს „ს.ჯ.დ–თვის“ დირექტორ ბ. თ–ას მიერ 10 სექტემბერს გაგზავნილი აუდიტორული დასკვნა;
1.1.9. შპს „ჩ. ... ს–ესა“ და შპს „დ.გ–ს“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება (სესხის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე პარტნიორთა კრების ოქმი);
1.1.10. შპს „დ.გ–სა“ და ბ. თ–ას შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება (სესხის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე პარტნიორთა კრების ოქმი);
1.1.11. ყველა თანამშრომლის მივლინებებთან დაკავშირებული ინფორმაცია (დოკუმენტაცია);
1.1.12. დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნები 2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.1.13. ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ბიზნეს საქმიანობასთან;
1.1.14. შპს „დ.გ–ის“ ყველა კრედიტორის შესახებ ინფორმაცია (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია);
1.1.15. 2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური ანგარიში (ბალანსი მოგება - ზარალის ანგარიშთან ერთად), წლების მიხედვით.
1.2. შპს „ჩ. ... ს–ესთან“ მიმართებაში (2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე):
1.2.1. შპს „ჩ. ... ს–ესთან“ შემოსავლების სამსახურის (RS-ის) მონაცემები (მომახმარებელი და პაროლი, ნახვის ფუნქციით);
1.2.2. საგადასახადო დოკუმენტები და ჩეკები;
1.2.3. შრომითი/მომსახურების ხელშეკრულებები, პარტნიორთა კრების ოქმები და მიღება ჩაბარების აქტები;
1.2.4. გასავლის და შემოსავლის ორდერები;
1.2.5. ორისის - ბაზა (2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე), ამ პროგრამით შედგენილი ბაზების ასლი;
1.2.6. ამავე კომპანიის საბანკო ვალის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
1.2.7. მივლინებებთან დაკავშირებული ინფორმაცია (დოკუმენტაცია);
1.2.8. საბანკო ამონაწერები 2015 წლიდან დღემდე (ვალი და სხვა, ნახვის ფუნქციით);
1.2.9. დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნები 2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.2.10. ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ბიზნეს საქმიანობასთან;
1.2.11. შპს „ჩ. ... ს–ის“ ყველა კრედიტორის შესახებ ინფორმაცია (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია);
1.2.12. 2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური ანგარიში (ბალანსი მოგება - ზარალის ანგარიშთან ერთად), წლების მიხედვით.
(იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი I, ს.ფ. 278-302).
2. მოპასუხებმა წარმოდგენილი დაზუსტებული შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, მ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს დაევალათ შპს „დ.გ–ის“ და შპს „ჩ. ...ს–ის“ დამფუძნებელ პარტნიორს - მ.მ–ისთვის გადაეცა მოპასუხე შპს „დ.გ–ისა“ და შპს „ჩ. ... ს–ის“ საბუღალტრო და მასთან დაკავშირებული კომპანიის ფინანსურ შემოსავალსა და ხარჯვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტები, რომელიც მოიცავს - 2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდს: შპს „დ.გ–ის“ შემოსავლების სამსახურის (RS-ის) მონაცემები (მომხმარებელი და პაროლი ნახვის ფუნქციით); საგადასახადო დოკუმენტები და ჩეკები; შრომითი/მომსახურების ხელშეკრულებები, პარტნიორთა კრების ოქმები და მიღება ჩაბარების აქტები; გასავლის და შემოსავლის ორდერები; ორისის - ბაზა (2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე), ამ პროგრამით შედგენილი ბაზების ასლი; ამავე კომპანიის საბანკო ვალის დამადასტურებელი დოკუმენტი (წვდომა საბანკო ანგარიშებზე ბანკიდან ცნობა); ხ.გ–ძის პ.ნ. .... მიერ, კომპანია შპს „დ.გ–ში“ თანხის 230 000 ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; სს „ს.ჯ.დ–თვის“ დირექტორ ბ. თ–ას მიერ 10 სექტემბერს გაგზავნილი აუდიტორული დასკვნა; შპს „ჩ. ... ს–ესა“ და შპს „დ.გ–ს“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება (სესხის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე პარტნიორთა კრების ოქმი); შპს „დ.გ–სა“ და ბ. თ–ას შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება (სესხის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე პარტნიორთა კრების ოქმი); ყველა თანამშრომლის მივლინებებთან დაკავშირებული ინფორმაცია (დოკუმენტაცია); დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნები 2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ბიზნეს საქმიანობასთან; შპს „დ.გ–ის“ ყველა კრედიტორის შესახებ ინფორმაცია (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია); 2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური ანგარიში (ბალანსი მოგება - ზარალის ანგარიშთან ერთად), წლების მიხედვით; შპს „ჩ. ... ს–ესთან“ მიმართებაში (2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე): შპს „ჩ. ... ს–ესთან“ შემოსავლების სამსახურის (RS-ის) მონაცემები (მომახმარებელი და პაროლი, ნახვის ფუნქციით); საგადასახადო დოკუმენტები და ჩეკები; შრომითი/მომსახურების ხელშეკრულებები, პარტნიორთა კრების ოქმები და მიღება ჩაბარების აქტები; გასავლის და შემოსავლის ორდერები; ორისის - ბაზა (2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე), ამ პროგრამით შედგენილი ბაზების ასლი; ამავე კომპანიის საბანკო ვალის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; მივლინებებთან დაკავშირებული ინფორმაცია (დოკუმენტაცია); საბანკო ამონაწერები 2015 წლიდან დღემდე (ვალი და სხვა, ნახვის ფუნქციით); დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნები 2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ბიზნეს საქმიანობასთან; შპს „ჩ. ... ს–ის“ ყველა კრედიტორის შესახებ ინფორმაცია (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია); 2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური ანგარიში (ბალანსი მოგება - ზარალის ანგარიშთან ერთად), წლების მიხედვით; მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ჩ. ... ს–ემ“ და შპს „დ.გ–მა“, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, შპს „ჩ. ... ს–ისა“ და შპს „დ.გ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ რეესტრის ამონაწერების მიხედვით, მოსარჩელე მ.მ–ი (პ/ნ ......) წარმოადგენს შპს „დ.გ–ის“ 23 % წილის და შპს „ჩ. ... ს–ეს“ 27.5 % წილის მფლობელ პარტნიორს.
6.1.2. მოპასუხე კომპანიის დირექტორები ბ. თ–ა და შ.ო–ია თავს არიდებენ პარტნიორისათვის დოკუმენტაციის გადაცემას.
6.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტზე და განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყოს საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგებთან შემხებლობაშია.
6.3. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილი იყო მოსარჩელე მხარის ინტერესი მიეღო გარკვეული სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია იმ კომპანიების თაობაზე, რომლის 23 და 27.5 პროცენტიანი წილის მესაკუთრესაც თავად წარმოადგენდა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხეს სამართალწარმოების ფარგლებშიც კი, არ გამოუვლენია ნება მ.მ–ისათვის მის დაინტერესებაში არსებული დოკუმენტაციის გადაცემაზე.
6.4.სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის იმ განმარტებაზე (რასაც ასევე აფიქსირებდა სააპელაციო საჩივარში), რომ გამოთხოვილი დოკუმენტაციის უმეტესი ნაწილი მოსარჩელეს უკვე გადაცემული ჰქონდა, ნაწილი მოთხოვნილი ინფორმაციისა კომპანიაში არ მოიპოვებოდა, ხოლო ნაწილი ინფორმაციის მიღების უფლება მოსარჩელეს არ ჰქონდა, რადგან იგი საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელე, მოპასუხე კომპანიების ერთერთი პარტნიორი იყო და შესაბამისად, მას ჰქონდა საზოგადოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გადაცემის თაობაზე მოთხოვნის უფლება. პალატის მითითებით, სპეციალური კანონი „მეწარმეთა შესახებ“ აწესებდა პარტნიორთა უფლებების იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელი იყო პარტნიორთა შეთანხმების შემთხვევაშიც კი. ასეთი სტანდარტის ფარგლებში მოიაზრებოდა პარტნიორის უფლება - თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე.
6.5. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ მოპასუხე მხარეების მიერ წარმოდგენილი იყო გარკვეული სახის მტკიცებულებები, თუმცა დადგენილი იყო, რომ აღნიშნული დოკუმენტები არ იყო სრულყოფილი და არ ასახავდა იმ ინფორმაციას, რისთვისაც საწარმოს პარტნიორი ითხოვდა სარჩელით მოპასუხე კომპანიებისაგან დოკუმენტების გადაცემას. შესაბამისად, წარდგენილი გარკვეული ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებები ვერ ჩაითვლებოდა კომპანიის პარტნიორისათვის კანონით მინიჭებული უფლებების სრულყოფილ რეალიზებად. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ კომპანიების დირექტორებმა უგულებელყვეს კანონით მათთვის დაკისრებული ვალდებულება - სრულყოფილად არ მიაწოდეს და გააცნეს მოსარჩელეს (საწარმოს პარტნიორს) მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტები, რის გამოც არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილებით კანონით დადგენილი ამ ვალდებულების შესრულების დავალების საფუძველი. ამასთან, პალატის მითითებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად არ ითვალისწინებდა საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წერილობითი მოთხოვნის აუცილებლობას, არამედ საკმარისი იყო გამოვლენილიყო საზოგადოების დირექტორის მხრიდან, საზოგადოების პარტნიორებისათვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გასაცნობად გადაცემის ნების არარსებობა, რაც განსახილველ შემთხვევაში უდავოდ სახეზე იყო.
6.6.სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტების იმ პოზიციაზეც, რომ დოკუმენტაციიდან გარკვეული ნაწილი საწარმოში შესაძლოა არც არსებულიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა, რომ მსგავსი დავის პირობებში, არ იყო აუცილებელი დადგენილიყო სადავო დოკუმენტაციაზე მოპასუხის მფლობელობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა კომპანიის პარტნიორის მიერ გარკვეული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაციის მოპოვება. კანონის თანახმად, პარტნიორს უნდა ჰქონოდა შეუზღუდავი წვდომა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საფინანსო და საბუღალტრო დოკუმენტებთან. იმ შემთხვევაში, თუ ამ დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი, რაიმე ობიექტური მიზეზის გამო, საწარმოს არ გააჩნდა, ეს გაირკვეოდა გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე.
6.7. სააპელაციო პალატამ ასევე შეაფასა აპელანტების არგუმენტი საწარმოს საქმიანობის ამსახველი გარკვეული დოკუმენტაციის გადაცემის დაუშვებლობის თაობაზე და მიუთითა, რომ საწარმოს პარტნიორს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდა უფლება კონტროლი გაეწია საწარმოს საქმიანობისათვის, რისთვისაც აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენდა შესაბამისი ინფორმაციის ფლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს პარტნიორი არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო ისეთ პირად, ვისთვისაც საწარმოს ჰქონდა მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გადაცემაზე
უარის თქმის უფლება.
6.8. ამდენად, პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მ.მ–ი წარმოადგენდა მოპასუხე საზოგადოებების პარტნიორს, მისი მოთხოვნა საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - შპს „ჩ. ... ს–ემ“ და შპს „დ.გ–მა“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
8. კასატორების მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორების განმარტებით, გამოთხოვილი დოკუმენტაციის უმეტესი ნაწილი მ.მ–ს უკვე გადაცემული აქვს და გაცნობილია. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც საქმეში წარმოდგენილია. შესაბამისად, სასამართლოს სათანადო წესით უნდა გამოეკვლია მტკიცებულებები და ამის საფუძველზე დაედგინა, რამდენად არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
8.2. კასატორების მოსაზრებით, მოსარჩელის ქმედებაში ვლინდება უფლების ბოროტად სარგებლობის ნიშნები და ცდილობს მაქსიმალურად შეავიწროვოს კომპანიის დირექტორები და რაც შეიძლება მეტი თანხა და დრო დაახარჯინოს. არ შეიძლება კომპანიას ჰქონდეს ვალდებულება ერთიდაიგივე ინფორმაცია და დოკუმენტაცია რამოდენიმეჯერ გადასცეს პარტნიორს.
8.3. კასატორების მითითებით, სააპელაციო პალატამ ფაქტიურად აღუსრულებელ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი, რამეთუ არის რიგი დოკუმენტები, რომელიც მათ არ გააჩნიათ და ამ ნაწილში, გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი იქნება. აგრეთვე, ზოგი მოთხოვნა ბუნდოვანია და გაურკვეველია. ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები არის ფართო დოკუმენტაცია და სუბიექტური შეფასების საგანია.
8.4. გარდა ამისა, კასატორების მოსაზრებით მოსარჩელე ითხოვს ისეთი ინფორმაციის გადაცემასაც, რომელმაც შეიძლება საწარმოს და სხვა პარტნიორებს მიაყენოს ზიანი. გასათვალისწინებელია, რომ პარტნიორები არ წარმოადგენენ კომპანიების ერთადერთ პარტნიორებს და მათ შეუძლიათ როგორც კომპანიას, ისე პარტნიორებს მიაყენონ ზიანი. თუ RS-ის პორტალზე ნებისმიერი მესამე პირის დაშვება მიაყენებს კომპანიას რაიმე სახის ზიანს, დადგება ამ საზოგადოების დირექტორების პასუხისმგებლობა. ამასთან, არაუფლებამოსილი პირის პორტალზე დაშვებამ, შესაძლოა, საზოგადოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ინფორმაციის გაცნობის უფლება არ შეიძლება გულისხმობდეს პარტნიორისთვის საზოგადოების ხელმძღვანელობის ბერკეტების გადაცემას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ჩ. ... ს–ისა“ და შპს „დ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2023 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, შპს „ჩ. ... ს–ისა“ და შპს „დ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია; შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებმა წარმოადგინეს ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საწარმოს პარტნიორის მიერ, კომპანიის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძვლიანობა.
13. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს, დაფუძნებას, კორპორაციული მართვის სისტემებს, პარტნიორისა და დირექტორის უფლება-მოვალეობებს აწესრიგებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი (მოცემულ გადაწყვეტილებაში მითითებული და შეფასებული იქნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით). აღნიშნული კანონი ძირითადად აგებულია დისპოზიციურ ნორმებზე და საზოგადოების მართვის შიდა კორპორაციული საკითხები თავად მხარეთა ნებას ექვემდებარება. სამეწარმეო სამართალში აღნიშნული ნების ავტონომია გამოიხატება წესდებაში და განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, რომელთა შესრულების ვალდებულებაც მხარეებს კანონით ეკისრებათ.
14. პალატა აღნიშნავს, რომ საწარმოს პარტნიორი, საზოგადოების წილის შეძენასთან ერთად იძენს მის წილთან დაკავშირებულ ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს, მათ შორის, ერთ-ერთ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს საზოგადოების კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ, კონტროლი გაუწიონ საზოგადოების ხელმძღვანელობას. მეთვალყურეობა შესაძლებელია თითოეული პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე (იხ. სუსგ.-ები საქმეებზე №ას-1571-2018, 02/08/2019 წ. და №ას-54-2022, 28/09/2022 წ.).
15. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელე მ.მ–ი წარმოადგენს შპს „დ.გ–ის“ 23%-იანი წილისა და შპს „ჩ. ... ს–ეს“ 27.5%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს, რომელიც გამოხატავს საწარმოში არსებული გარკვეული სახის ინფორმაციის და დოკუმენტაციის მიღების ინტერესს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყოს საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგს უკავშირდება. მეწარმე სუბიექტის (ამ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორის) ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტია (ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით), ხოლო 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით (დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს) აღიარებულია დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობა, ხელი შეუწყოს პარტნიორს სპეციალური კანონით (მათ შორის 3.10 მუხლით) გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში (მრავალთა შორის, იხ. სუსგ-ები: Nას-700-663-2013, 10.12.2013 წ.; Nას-800-759-2013, 24.01.2014 წ.; Nას-54-2022, 28.09.2022 წ.; ას-1340-2022, 27.01.2023 წ.).
16. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პარტნიორის ზემოაღნიშული უფლებების განხორციელების გამოსარიცხად, არარელევანტურია კასატორების მითითება მოთხოვნილი დოკუმენტაციის ნაწილის არარსებობის გამო, დაკისრებული ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისა და გადაწყვეტილების აღუსრულებლობის თაობაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთი მტკიცება ვერ გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერებას, ვინაიდან წინამდებარე დავის საგანს ვინდიკაციური მოთხოვნა არ წარმოადგენს და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის არ არის აუცილებელი დადგინდეს სადავო დოკუმენტაციაზე მოპასუხის მფლობელობის ფაქტი, ურომლისოდაც ვერ იქნება გამოტანილი გადაწყვეტილება ამ ნივთის გამოთხოვის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია კომპანიის მეწილის მიერ გარკვეული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაციის მოპოვება. კანონის მიხედვით, მეწილეს უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი წვდომა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დოკუმენტებთან. ამდენად, თუ ამ დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი, რაიმე ობიექტური მიზეზის გამო, საწარმოს არ გააჩნია, ეს გაირკვევა გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე (იხ. სუსგ.-ები საქმეებზე: №ას-1515-2022, 02/03/2023 წ.; ას-731-2021, 15/10/2021 წ.).
17. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერებას კასატორების ვერც ის მითითება გამორიცხავს, რომ გამოთხოვილი დოკუმენტაციის უმეტესი ნაწილი მ.მ–ს უკვე გადაცემული აქვს და გაცნობილია, რამეთუ საქმეში არ არის წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რაც შექმნიდა კასატორების მითითების გაზიარების შესაძლებლობას; ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საწარმოს პარტნიორი ამტკიცებს, რომ კომპანიის დირექტორები თავს არიდებენ მისთვის დოკუმენტების გადაცემას და სურს გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს კასატორთა მითითება, რამეთუ აღნიშნული ზღუდავს პარტნიორის უფლებას.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიით, სრულად ვერ გააქარწყლეს სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერება, რომლის კანონიერებაც წინამდებარე განჩინების მე-15 აბზაცში მითითებული სამართლებრივი დანაწესებიდან გამომდინარეობს და მოპასუხე მხარეებს ავალდებულებს, უზრუნველყოს შემოწმებისა და კონტროლის შესახებ პარტნიორის უფლების რეალიზაცია, თუმცა, მოსარჩელისათვის შემოსავლების სამსახურის (RS-ის) მონაცემების (მომხმარებელი და პაროლი ნახვის ფუნქციით) გადაცემის დავალების ნაწილში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა წარმოადგენს დასაბუთებული პრეტენზია.
19. ამ უკანასკნელ მოთხოვნასთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. ამავე კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით. დასახელებული ნორმების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების პორტალის მეშვეობით. მომსახურების პორტალს ჰყავს ავტორიზებული მომხმარებელი - გადასახადის გადამხდელის სახით, რომელიც ფლობს აღნიშნული პორტალის გამოსაყენებელ სახელწოდებასა და პაროლს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილში დასახელებულ ადრესატში იგულისხმება სწორედ გადასახადის ის გადამხდელი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული პორტალის ავტორიზებულ მომხმარებელს და ინტერნეტ-პორტალზე განხორციელებული ყველა ქმედება, სწორედ მისთვის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს. „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაში გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან. ამგვარად, ადრესატის მიერ საგადასახადო ორგანოს მხრიდან გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გაცნობის ფაქტი დასტურდება პროგრამულად, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, მაშინ როდესაც ადრესატი გაგზავნილი დოკუმენტის „ლინკს“ გახსნის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვებპორტალზე წვდომა გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს - გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ პირს. შესაბამისად პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის მიმღები ყოველთვის არის შესაბამისი ადრესატი, კონკრეტული გადასახადის გადამხდელი. პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გახსნისას ყოველთვის ივარაუდება, რომ მისი გაცნობაც ამავე ადრესატის მიერ ხდება (იხ. სუსგ. საქმეზე №ბს-308(კ-21); 30/09/2021 წ.). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ არაუფლებამოსილი პირის პორტალზე დაშვებამ, შესაძლოა საზოგადოებას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი www.rs.ge „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წარმოადგენს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაციის (მათ შორის, დეკლარირების) ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში განხორციელების საშუალებას; შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტისა და ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, პარტნიორისათვის გადაცემას შესაძლოა ექვემდებარებოდეს მისი მეშვეობით ნაწარმოები დოკუმენტაცია და არა უშუალოდ RS-ის მონაცემები (მომხმარებელი და პაროლი), რომელიც არ განეკუთვნება დოკუმენტთა კატეგორიას. შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია (სსკ-ის 393-ე მუხლი), რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამავე ნაწილში, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ შპს „ჩ. ... ს–ისა“ და შპს „დ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ შემოსავლების სამსახურის (RS-ის) მონაცემების (მომხმარებელი და პაროლი ნახვის ფუნქციით) გადაცემის შპს „ჩ. ... ს–ისა“ და შპს „დ.გ–ისათვის“ დავალების შესახებ და ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება მ.მ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. შესაბამისად, მ.მ–ს შპს „ჩ. ... ს–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 225 ლარის (75+150) ლარის გადახდა, ხოლო, შპს „დ.გ–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 225 ლარის (75+150) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჩ. ... ს–ისა“ და შპს „დ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ შემოსავლების სამსახურის (RS-ის) მონაცემების (მომხმარებელი და პაროლი ნახვის ფუნქციით) გადაცემის შპს „ჩ. ... ს–ისა“ და შპს „დ.გ–ისათვის“ დავალების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ.მ–ის სარჩელი შპს „ჩ. ... ს–ისა“ და შპს „დ.გ–ის“ მიმართ, შემოსავლების სამსახურის (RS-ის) მონაცემების (მომხმარებელი და პაროლი ნახვის ფუნქციით) მოსარჩელისათვის გადაცემის დავალების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
5. მ.მ–ს (......) შპს „ჩ. ... ს–ის“ (....) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 225 ლარის (75+150) ლარის გადახდა;
6. მ.მ–ს (....) შპს „დ.გ–ის“ (.....) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 225 ლარის (75+150) ლარის გადახდა;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე