Facebook Twitter

საქმე №ას-227-2024 24 მაისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ა.“, შპს „დ–ე“ (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ.ფ.გ.მ.ი ი.ს.ფ.ვ.დ.თ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ნივთების გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით შპს „დ.ფ.გ.მ.ი ი.ს.ფ.ვ.დ.თ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი შპს „ა–სა“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) და შპს „დ–ეს“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრებისა და ნივთების გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 107 000 ლარის გადახდა დაეკისრა; მეორე მოპასუხის (დირექტორი ჯ.თ–უ) მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და მოსარჩელეს გადაეცა ქ. ბათუმში, ....... მდებარე მაღაზია „დ–ში“ განთავსებული ინვენტარ მოწყობილობები: 1) კუთხიანი ვიტრინის კარადა 1ც. (7 მეტრის სიგრძის ტორტების შავი კარადა); 2.ვიტრინის კარადა (ტორტების შავი კარადა წინა-ფასადის 3.65 სმ) 1ც; 3. ვიტრინის კარადა 1ც. (5.15 სმ, შოკოლადის); 4. გამაცხელებელი რკინის კარადა 1ც. (250 სმ, ფქვილის პროდუქტების); 5. SALVA 5 ფენიანი ღუმელი გაზის KLX5G- 2ც; 6. ნაყინის განყოფილება (ARNAS-18-იანი) 1ც. (ნაყინის გასაყიდი აპარატი, მარკა ბუზქაფ BUZKAP); 7. ნაყინის განყოფილება 1 ც. (ნაყინის აპარატი, მარკა ბუზქაფ, არნას 12-იანი): 8. FBF180 მილიანი შიდა ფენებიანი ღუმელი 1ც. (მარკა FORNIFA); 9. მაგიდა 8 ც. (მარკა Dergah, კაკლის ხის); 10. Wintend ტენტი- (24.29მ. დ–ს ყვითელი და ფორთოხლისფერი); 11. BUGATTI PLUS სკამი - 18 ც. (თურქუაზის და ნაცრისფერი, ხის); 12. ბანერი განათებით დ–ს ლოგოთი - 4 ც. (მთლიანობაში 24 მ); 13. მინი კარი, 24.4 მ2- 7ც; 14. DET 180*60*25 სიმძლავრის პანელი 1 ც. (მარკა Panex, ნაცრისფერი); 15. D.T 140*40*25 სიმძლავრის პანელი 1 ც. (მარკა Panex, ნაცრისფერი); 16. გადაკრული MDF- 156 ც. (გამოყენებულია ჭერის დეკორაციაში); 17. 200*60*90 ნიჟარიანი ზედაპირი 1 ც. (პირველი სართულის ჭურჭლის გასარეცხად); 18. 200*60*90 ნიჟარიანი ზედაპირი 1 ც. (ჭურჭლის დასაწყობად); 19. 176*60*90 ნიჟარიანი ზედაპირი 1 ც. (მეორე სართულის ჭურჭლის გასარეცხად); 20. ELEKTROLUX მაცივარი ვერტიკალური 1 კარიანი მინის 40*60, 1 ც.; 21. ELEKTROLUX მაცივარი ვერტიკალური 1 კარიანი 40*60,1ც; 22. SALVA KXE–20-H გაფუების კარადა -2 ც (უჟანგავი ფოლადის); 23. MITSUBISHI კონდიციონერი SRF SOJXSI- 2 ც. (მეორე სართულზე); 24. MITSUBISHI კონდიციონერი PDT 125YNVG – 1 ც. (პირველ სართულზე); 25. კრემის აპარატი VOLMAR 60 ლტ- 1 ც; 26. შაქარწყლის აპარატი SENCOTER მრგვალი E120 – 5 ც; 27. ჭურჭლის სარეცხი მანქანა 1 ც; 28. 85*93*46 MDFLAM– ის კარადა - 6 ც. (შავი ფერის); 29. მიქსერი სიჩქარის კონტროლით 60 ლტ - 1 ც.; 30. HUNKAR ჩაის რეზერვუარი, 1 ც.; 31. CGN3-SH მაცივარი მაგიდის ტიპის – 2 ც. (მარკა Frenox); 32. PORTASHELF–ის თაროები 152x46 დასაშლელი - 10 ც.; 33. კარადა გამჭვირვალე მინის ნამცხვრებისთვის KHALIFA 650 – 2 ც.; 34. 47X70X85 სამუშაო უჟანგავი მაგიდა, უჯრებით - 1 ც.; 35. 167X70X85 სამუშაო უჟანგავი მაგიდა, - 1 ც.; 36. 214X70X85 სამუშაო უჟანგავი მაგიდა, უჯრებით - 1 ც.; 37. 280X70X85 სამუშაო უჟანგავი მაგიდა, უჯრებით -2 ც.; 38. ELEKTROLUX მაცივარი 1 კარიანი მინის 40*60 – 1 ც.; 39. ქოლგა - 6 ც. (გარეთა სივრცეში მდებარე); 40. MDF-ის კარადა - 6 ც.; 41. სკამი ბარის - 2 ც.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელე საწარმოს დირექტორმა ზ.ბ–მა და პირველი მოპასუხე საწარმოს დირექტორმა ი.ე.ბ–ამ 2017-2018 წლებში ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე ქ. ბათუმში დააფუძნეს, დაარეგისტრირეს ერთობლივი საწარმო, (ქ. ბათუმი, ...... გახსნეს მაღაზია „დ–“), რომელიც იყო ქ. რიზეში არსებული ძირითადი ფირმის შპს ,,დ.გ.ი.ს.ფ.დ.თ–ის“ მსგავსი საკონდიტრო საწარმო, მაღაზია, რომელიც თურქულ ტკბილეულს აწარმოებდა და ყიდდა. ქ. რიზედან ძირითადმა ფირმამ მოსარჩელე ფირმის დირექტორის - ზ.ბ–ის უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით ქ. ბათუმში საკონდიტრო მაღაზიისათვის საჭირო ინვენტარ-მოწყობილობები და დანადგარები შემოიტანა. ერთობლივი საქმიანობის მიზნებისათვის თურქეთიდან გამოგზავნილ, მაღაზიის რემონტისა და კეთილმოწყობისათვის საჭირო მასალებს პირველი მოპასუხე საწარმოს დირექტორი - ი.ე.ბ–ა იღებდა;

3.2. საჯარო რეესტრში, 2019 წლის 30 დეკემბერს, დარეგისტრირდა საწარმო შპს ,,გ.ბ–ი“ ს/კ.: ......, იურიდიული მისამართი ქ. ბათუმი, ........, მესაკუთრე ერთუღლურ ქობალი, დირექტორი რ.ქ–ძე, სამუშაო ადგილის მისამართი - ქ. ბათუმი, ........ 2020 წლის მაისის ბოლო რიცხვებში ქ. ბათუმი, ........., მაღაზია ,,დ–ში“ მოვიდა ახალი მეპატრონე შპს ,,დ–ე“ (მეორე მოპასუხე საწარმო), დირექტორი ჯ.თ–უ, რომელმაც გააგრძელა მაღაზიის ფლობა და პატრონობა. აღნიშნული ფირმები საკონდიტრო მაღაზიაში იყენებდნენ და იყენებენ ადრე პირველი მოპასუხის მიერ ქ. რიზედან შემოტანილ ინვენტარ-მოწყობილობებსა და დანადგარებს; მეორე მოპასუხე საკონდიტრო მაღაზია ,,დ–ში“ ვაჭრობს ფირმის სახელზე გაცემული საკასო აპარატის მეშვეობით, რომელიც მას შემოსავლების სამსახურმა მისცა;

3.3. საქმეში წარმოდგენილია აუდიტორული დასკვნა №61007004182, 16.11.2019 წ., რომელიც ეყრდნობა თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო დეკლარაციებს, თურქეთის რესპუბლიკის ზირაათ ბანკის მიერ გაცემულ გადახდებს, ანგარიშის ქვითრებს და სატრანსპორტო მომსახურების ანგარიშ-ფაქტურებს. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აუდიტორმა დაწერა დასკვნა, რომ დღეის მდგომარეობით (საქმის განხილვის დროისათვის) პირველ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 520 480.54 ლარი აქვს გადასახდელი;

3.4. სარჩელზე დართული 21.02.2020 წლის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ პირველი მოპასუხე კომპანია სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 27.02.2017 წელს, დირექტორი - ი.ე.ბ–ა, ..... /თურქეთი/; საწარმოს პარტნიორთა შორის წილობრივი საკუთრება გადანაწილებულია შემდეგი სახით: ი.ე.ბ–ა (...... /თურქეთი) – 1 %; გ.ქ–ძე (......) 10 %; ი.ა.ბ–ა (...., U150.... /თურქეთი) – 89 % (იხ. ტ. 2. ს/ფ. 21-22);

3.5. სარჩელზე დართული 03.06.2020 წლის ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან დასტურდება, რომ შპს ,,გ.ბ–ი“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 30.12.2019 წელს, რომლის დირექტორი საწარმოს წილის 100 %-იანი მესაკუთრე ერთუღლ ქობალია (იხ. ტ. 2, ს/ფ. 24);

3.6. სარჩელზე დართული 02.06.2020 წლის ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან დასტურდება, რომ მეორე მოპასუხე კომპანია სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 21.10.2019 წელს, რომლის დირექტორი საწარმოს წილის 100 %-იანი მესაკუთრე ჯ.თ–უა (იხ. ტ. 2, ს/ფ. 32);

3.7. სარჩელზე დართულია აუდიტორ ა.ბ–ძის მიერ 2019 წლის 16 ნოემბერს შედგენილი აუდიტორული დასკვნა, რომელშიც მითითებულია: დამკვეთის განმარტებით მოსარჩელე კომპანიამ 2017-2018 წლებში პირველ მოპასუხე კომპანიას თურქეთის რესპუბლიკიდან მიაწოდა საქონელი, რომლის ღირებულებაც პირველ მოპასუხეს სრულად არ გადაუხდია. დამკვეთის მოთხოვნით, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, აუდიტორს მოსარჩელის მიმართ, 2019 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, პირველი მოპასუხის დავალიანება უნდა განესაზღვრა... დამკვეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხისათვის 2017-2018 წლებში მიწოდებული საქონლისა და გაწეული სატრანსპორტო მომსახურების ღირებულებამ 723 773,03 ლარი შეადგინა (იხ. ტ. 2. ს/ფ. 39-43);

3.8. მოპასუხეები სარჩელში მითითებულ პირველ ფაქტობრივ გარემოებას არ დაეთანხმნენ და განმარტეს: 2017 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოხდებოდა ქ. ბათუმში, საკონდიტრო მაღაზიისათვის პირველ ეტაპზე საჭირო ინვენტარის, მოწყობილობებისა და დანადგარების შეძენა, მაღაზია საჭიროებდა რემონტს, საჭირო იყო მისი კეთილმოწყობა დახვეწილი გემოვნებით, რის გამოც მასალები თურქეთში შეიძინეს (იხ. ტ.3. ს/ფ. 1-8);

3.9. მოპასუხეები სარჩელის მე-2 ფაქტობრივ გარემოებებს ნაწილობრივ დაეთანხმნენ და განმარტეს, რომ მეორე მოპასუხემ 2020 წლის 28 თებერვალს შპს ,,გ.ბ–ისგან“ უფლებრივად უნაკლო ნივთები შეიძინა, რომლებითაც დღემდე სარგებლობს (იხ. ტ.3, ს/ფ. 1-8);

3.10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ მოსარჩელე საწარმო თურქეთში ქ. რიზეში 2001 წლიდან საკონდიტრო ნაწარმს, თურქულ ტკბილეულს, ქარხნული წესით უშვებდა, მითითებული საწარმოს დირექტორმა ზ.ბ–მა და პირველი მოპასუხე საწარმოს დირექტორმა ი.ე.ბ–ამ სიტყვიერად მოილაპარაკეს, რომ საქართველოში, კერძოდ ქ. ბათუმში გაეხსნათ ერთობლივი საკონდიტრო საწარმო. აღნიშნული მიზნებისათვის 2017 წლის თებერვალში ქ. ბათუმში დარეგისტრირდა პირველი მოპასუხე კომპანია (დირექტორი - ი.ე.ბ–ა). მათ ქ. ბათუმში ........ სამეწარმეო საქმიანობისთვის იქირავეს 300 კვ.მ. ფართი, შავი კარკასი. ზ.ბ–მა და ი.ე.ბ–ამ ნაქირავები ფართი გაარემონტეს და კეთილმოაწყვეს. სიტყვიერი მოლაპარაკების თანახმად მოსარჩელე კომპანიის შენატანი ერთობლივ საქმიანობაში იყო ქ. რიზედან ქ. ბათუმში სავაჭრო-საწარმო ობიექტისათვის შიდა მოწყობილობის ინვენტარ-დანადგარების შემოტანა - სულ 41 დასახელების მოძრავი ნივთი (აღნიშნული ფაქტობრივ გარემოებების გაამყარებს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტება - იხ. 31.10.2023 წლის ოქმი 13:45:57 – 13:48:24 სთ, 13:52:22 სთ.) და 107 000 (ას შვიდი ათასი) ლარი, რომელიც ფართის რემონტსა და კეთილმოწყობას მოხმარდა (იხ. 31.10.2023 წლის სხდომის ოქმი - 13:41:36 სთ);

3.11. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: ანგარიშფაქტურებით, ზედნადებებით, საბანკო ამონაწერებით, საბაჟო დეკლარაციებით, საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით, მოსარჩელისა და მოპასუხეთა წარმომადგენლების განმარტებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ ქ. რიზედან ქ. ბათუმში მაღაზიის გახსნისათვის საქონლის გამოგზავნა 2017 წლის აპრილიდან დაიწყო და 2018 წლის აპრილში ერთობლივი ძალებით მაღაზია „დ–“ გაიხსნა;

3.12. პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დაადასტურა, რომ მოსარჩელემ მაღაზიის რემონტისათვის 107 000 (ას შვიდი ათასი) ლარის ინვენტარი შეიტანა (იხ. 31.10. 2023 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 13:39:33);

3.13. დადგენილია, რომ მოსარჩელესა (დირექტორი - ზ.ბ–ი) და პირველ მოპასუხეს (დირექტორი - ი.ე.ბ–ა) შორის 2017-2018 წლებში დაწყებული ერთობლივი საქმიანობა შეწყდა ქ. ბათუმი, ...... მაღაზია „დ–ს“ გახსნიდან მალევე, ხოლო 10.06.2020 წელს კი მოსარჩელემ სასამართლოში დავა წამოიწყო;

3.14. დადგენილია, რომ დღეისათვის ქ. ბათუმში, ..... მდებარე მაღაზიაში სახელწოდებით ,,დ.“ - კომერციულ საქმიანობას მეორე მოპასუხე ეწევა და სწორედ ეს უკანასკნელი ფლობს სარჩელით მოთხოვნილ სადავო ნივთებს;

3.15. 2020 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულებით არ დასტურდება, რომ მეორე მოპასუხემ შპს „გ.ბ–ისგან“ ქ. ბათუმში, ..... მდებარე მაღაზია „დ–ში“ განთავსებული სადავო ნივთები შეიძინა. წარმოდგენილ ხელშეკრულებაში მითითებული მოძრავი ნივთები (დასახელება, მახასიათებლები, რაოდენობა) არ ემთხვევა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ სადავო ნივთებს, რომლებიც განთავსებულია ქ. ბათუმში, ...... მდებარე მაღაზია „დ–ში“ და ასევე ეს ნივთები აღწერილია აღმასრულებლის მიერ;

3.16. მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში, ....... მდებარე ფართში საკონდიტრო მაღაზია „დ–ს“ სახელით თურქული ტკბილეული იწარმოებოდა და იყიდებოდა. მითითებულ მაღაზიაში 2020 წლის მაისის თვიდან, ქ. ბათუმში, ......, მდებარე საკონდიტრო მაღაზია „დ–ში“ მეორე მოპასუხე საწარმო (დირექტორი ჯ.თ–უ) თურქულ ტკბილეულს აწარმოებს და ჰყიდის;

3.17. საქმეში წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციებისა და ანგარიშფაქტურების შესაბამისად, მოსარჩელე თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს რესპუბლიკაში პირველ მოპასუხეს სხვადასხვა დასახელების მოძრავ ნივთს - ჭურჭელს, ავეჯს, ტექნიკას და ა.შ. აწვდიდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 69-512);

3.18. აუდიტორ ა.ბ–ძის მიერ გაცემული 16.11.2019 წლის აუდიტორული დასკვნის მიხედვით, მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს 2017-2018 წლებში მიაწოდა 1 081 583,8 ლირის ღირებულების საქონელი და გაუწია 39 137 ლირის სატრანსპორტო მომსახურება. ჯამში აღნიშნულმა 1 120 720,3 ლირა შეადგინა, რაც საქონლის მიწოდებისა და მოსახურების გაწევის პერიოდის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, 723 773,03 ლარს შეადგენდა. ამ პერიოდის განმავლობაში პირველ მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადახდილი ჰქონდა 359 490 ლირა, შესაბამისი გაცვლითი კურსით 205 027,09 ლარი;

3.19. საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ მოსარჩელე საწარმოს დირექტორმა ზ.ბ–მა, ქ. ბათუმში არსებული საკონდიტრო მაღაზიის მოწყობისათვის სხვადასხვა დროს 107 000 ლარი გადმორიცხა, რაც ფართის რემონტისათვის და კეთილმოწყობისათვის გაიხარჯა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 513-777);

3.20. შპს ,,გ.ბ–სა“ (გამყიდველი) და მეორე მოპასუხე საწარმოს (მყიდველი) შორის, 28.02.2020 წელს, დაიდო საქონლის მიწოდების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების დროის განმავლობაში მყიდველისათვის 63 392,76 ღირებულების სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის საქონელი მიეწოდებინა, ხოლო მყიდველმა იკისრა ვალდებულება, გამყიდველისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ოდენობით გადაეხადა. აღნიშნულ ხელშეკრულებას თან ერთვის საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სადაც აღწერილია სხვადასხვა საქონლის დასახელება, თუმცა აღნიშნული ნივთები რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს არ შეიცავს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 145-156);

3.21. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.11.2020 წლის განჩინებით, მეორე მოპასუხეს აეკრძალა სადავო მოძრავი ნივთების გასხვისება, დაგირავება, მათზე ქირავნობის და იჯარის ხელშეკრულებების დადება. თუმცა შემდგომში, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, ამავე სასამართლოს 17.11.2022 წლის განჩინებით, სადავო მოძრავ ნივთებს ყადაღა დაედო (იხ. ტ. 8, ს.ფ. 43-59; ტ. 7, ს.ფ 54-64);

3.22. სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 23.12.2022 წელს სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღდა მეორე მოპასუხის მფლობელობაში არსებული სადავო მოძრავი ნივთები, თუმცა, ნივთების გარკვეული ნაწილი არ აღმოჩნდა ადგილზე, რის გამოც ვერ მოხდა მათი დაყადაღება, კერძოდ, ესენია:

1. SALVA 5 ფენიანი ღუმელი გაზის KXSG 2 ცალი;

2. Winded ტუმბო (სავარაუდო რაოდენობა არ არის, მეტრობა ვერ დადგინდა. კრედიტორის განმარტებით 1 ცალი ტუმბო არის 2,5 მეტრი);

3. BUGATTI PLUS სკამი 1 ცალი;

4. ბაპერი განათებით დ–ს ლოგინი 4 ცალი (მთლიანობაში 24 მ.);

5. SALVA KXE-20-H გაფუების კარადა 2 ცალი (უჟანგავი ფოლადის);

6. შაქარწყლის აპარატი SENCOTEL მრგვალი E120 2 ცალი;

7. PORTASHELF-ის თაროები 152x46 დასაშლელი 3 ცალი;

8. კარადა გამჭვირვალე მინის ნამსხვრევების KHALIFA 650 2 ცალი;

9. ქოლგა 4 ცალი (გარეთა სივრცეში მდებარე); ბარის სკამი 2 ცალი (იხ. ტ. 6, ს.ფ. 209-211);

3.23. მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სადავო მოძრავი ნივთების გარკვეული ნაწილის გასხვისების ფაქტზე, ხოლო 28.12.2023 წელს, მოსარჩელე საწარმო დაზარალებულად იქნა ცნობილი (იხ. ტ. 9, ს.ფ. 212-214, 259-260);

3.24. დადგენილია, რომ ვინდიცირების ობიექტია 41 (ორმოცდაერთი) დასახელების ნივთი, რომელთა სრული ჩამონათვალი მითითებულია სარჩელში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განჩინების საფუძველზე აღმასრულებელმა 2022 წლის 23 დეკემბერს აღნიშნული ინვენტარი აღწერა, რა დროსაც ადგილზე არ აღმოჩნდა 11 (თერთმეტი) დასახელების ნივთი, ხოლო ადგილზე აღმოჩნდა მხოლოდ 30 დასახელების შემდეგი მოძრავი ნივთი:

1. კუთხიანი ვიტრინის კარადა 1ც. (7 მეტრის სიგრძის ტორტების შავი კარადა) - ღირებულება - 36 143.97 ლარი;

2. ვიტრინის კარადა (ტორტების შავი კარადა წინა - ფასადის 3.65 სნ) 1ც. - ღირებულება - 18 536.38 ლარი;

3. ვიტრინის კარადა 1ც. ( 5.15 სმ, შოკოლადის) - ღირებულება 21 233.53 ლარი;

4. გამაცხელებელი რკინის კარადა 1ც. (2.50 სმ. ფქვილის პროდუქტების) - ღირებულება - 7 700.26 ლარი;

5. ნაყინის განყოფილება (ARNAS - 18-იანი) 1 ც. (ნაყინის გასაყიდი აპარატი, მარკა ბუზქაფ - BUZKAP) - ღირებულება - 24 595.98 ლარი;

6. ნაყინის განყოფილება 1ც. (ნაყინის აპარატი, მარკა ბუზქაფ, არნას 12 -იანი) - ღირებულება - 15 374.49 ლარი;

7. FBF 180 მილიანი შიდა ფენებიანი ღუმელი 1ც. (მარკა FORNIFA) ღირებულება - 21 964.68 ლარი;

8. მაგიდა 8 ც. (მარკა Dergah, კაკლის ხის) - ღირებულება - 1 861.33 ლარი;

9. მინი კარი, 24.4 მ2-7ც. - ღირებულება - 2 743.66 ლარი;

10. D.T 180*60*25 სიმძლავრის პანელი 1ც. (მარკა Panes ნაცრისფერი) ღირებულება - 1 610.74 ლარი;

11. D.T 140*40*25 სიმძლავრის პანელი 1ც. (მარკა Panex ნაცრისფერი) ღირებულება - 1 314.58 ლარი;

12. გადაკრული MDF 156ც. (გამოყენებულია ჭერის დეკორაციაში) ღირებულება - 22 549.38 ლარი;

13. 200*60*90 ნიჟარიანი ზედაპირი 1ც. (პირველი სართულის ჭურჭლის გასარეცხად) - ღირებულება - 841.64 ლარი;

14. 200*60*90 ნიჟარიანი ზედაპირი 1ც (ჭურჭლის დასაწყობად) ღირებულება - 932.71 ლარი;

15. 176*60*90 ნიჟარიანი ზედაპირი 1ც. (მეორე სართულის ჭურჭლის გასარეცხად) ღირებულება - 768.72 ლარი;

16. ELEKTROLUX მაცივარი ვერტიკალური 1 კარიანი მინის 40*60, 1ც.-

ღირებულება - 3 001.67 ლარი;

17. ELEKTROLUX მაცივარი ვერტიკალური 1 კარიანი 40*60, 1ც. ღირებულება - 2 891.02 ლარი;

18. MITSUBISHI კონდინციონერი SRF SOJXSI - 2ც. (მეორე სართულზე) - ღირებულება - 9 902.17 ლარი;

19. MITSUBISHI კონდინციონერი PDT 125YNVG - 1ც. (პირველ სართულზე) - ღირებულება - 6 229.26 ლარი;

20. კრემის აპარატი VOLMAR 60 ლტ - 1 ც. - ღირებულება - 43 863.40 ლარი;

21. 85*93*46 MDFLAM-ის კარადა - 6 ც. (შავი ფერის) - ღირებულება - 3839.02 ლარი;

22. მიქსერი სიჩქარის კონტროლით 60 ლტ - 1 ც. - ღირებულება - 7449.20 ლარი;

23. HUNKAR ჩაის რეზერვუარი, 1ც - ღირებულება - 1 232.76 ლარი.;

24. CGN3-SH მაცივარი მაგიდის ტიპის - 2 ც. (მარკა Frenox) - ღირებულება - 7 588.13 ლარი;

25. 47X70X85 სამუშაო უჟანგავი მაგიდა, უჯრებით - 1ც. - ღირებულება - 568.59 ლარი;

26. 167X70X85 სამუშაო უჟანგავი მაგიდა, - 1ც .- ღირებულება - 536.52 ლარი;

27. 214X70X85 სამუშაო უჟანგავი მაგიდა, უჯრებით - 1ც. - ღირებულება - 1 574.57 ლარი;

28. 280X70X85 სამუშაო უჟანგავი მაგიდა, უჯრებით - 2 ც - ღირებულება - 1 556.68 ლარი;

29. ELEKTROLUX მაცივარი 1 კარიანი მინის 40*60 - 1 ც. - ღირებულება 2 988.77 ლარი;

30. MDF-ის კარადა - 6 ც. - ღირებულება - 2 646.16 ლარი.

3.25. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 09.02.2023 წლის №000892923 დასკვნის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ,,შესაფასებელი ინვენტარის ჩამონათვალში“ მითითებული (გასხვისებული) მოძრავი ნივთების მთლიანი საბაზრო ღირებულება, დღეის მდგომარეობით, შეადგენს 130 245 ლარს. შესაფასებელი საქონლის დასახელება, რაოდენობა და მათი საორიენტაციო საბაზრო ღირებულებები მოცემულია დანართ №1-ში, რომლის თანახმად:

1. SALVA 5 ფეხიანი დუმელი გაზის KXSG - 2 ც. - ღირებულება - 55 000.00 ლარი;

2. writend ტენტი (24.29 მ დ–ს ყვითელი და ფორთოხლის ფერი) - 24.29 მეტრი - ღირებულება არ იქნა განსაზღვრული შესაფასებელი საქონლის შესახებ მოწოდებული არასაკმარისი მონაცემების (მოდელი/ვიზუალი/ზუსტი ზომა) გამო;

3. BUGGATI PLUS სკამი - 1ც. - ღირებულება არ იქნა განსაზღვრული შესაფასებელი საქონლის შესახებ მოწოდებული არასაკმარისი მონაცემების (მოდელი/ვიზუალი/ზუსტი ზომა) გამო;

4. ბანერი განათებით დ–ს ლოგოთი (მთლიანობაში 24 მ.) - ღირებულება არ იქნა განსაზღვრული შესაფასებელი ნაქონლის შესახებ მოწოდებული არასაკმარისი მონაცემების (მოდელი/ვიზუალი/ზუსტი ზომა) გამო;

5. SALVA KXE-20-H გაფუების კარადა - 2 ც. - ღირებულება 23 920.00 ლარი;

6. შაქარწყლის აპარატი SENCOTEL მრგვალი E120 - 5 ც. - ღირებულება -

23 925.00 ლარი;

7. ჭურჭლის სარეცხი მანქანა - 1 ც. - ღირებულება არ იქნა განსაზღვრული შესაფასებელი საქონლის შესახებ მოწოდებული არასაკმარისი მონაცემების (მოდელი/ვიზუალი/ზუსტი ზომა) გამო;

8. PORTASHEE-ის თარო 152X46 დასაშლელი - 3 ც. - ღირებულება არ იქნა განსაზღვრული შესაფასებელი ნაქონლის შესახებ მოწოდებული არასაკმარისი მონაცემების (მოდელი/ვიზუალი/ზუსტი ზომა) გამო;

9. კარადა გამჭვირვალე მინის ნამცხვრებისთვის KHAULIFA 650 - 2 ც. - ღირებულება 27 400.00 ლარი;

10. ქოლგა (გარეთა სივრცეში მდებარე) - 6 ცალი - ღირებულება არ იქნა განსაზღვრული შესაფასებელი ნაქონლის შესახებ მოწოდებული არასაკმარისი მონაცემების (მოდელი/ვიზუალი/ზუსტი ზომა) გამო;

11. სკამი ბარის - 2 ც. - ღირებულება არ იქნა განსაზღვრული შესაფასებელი საქონლის შესახებ მოწოდებული არასაკმარისი მონაცემების (მოდელი/ვიზუალი/ზუსტი ზომა) გამო (იხ. ტ. 9, ს.ფ. 31-37);

3.26. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებობდა ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ზეპირსიტყვიერი შეთანხმება.

4. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ. ერთობლივ საქმიანობაში მოსარჩელის შენატანს წარმოადგენდა 107 000 ლარი (კომერციული ფართის რემონტისათვის საჭირო ინვენტარისთვის გაღებული თანხა) და 41 დასახელების მატერიალურ-ტექნიკური ნივთი (ჩამონათვალი მითითებულია სარჩელში), ხოლო მოპასუხეების - მომსახურების გაწევა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებულ შემოსავალს გაიყოფდნენ.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის ურთიერთობა უნდა შეფასდეს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: (სსკ) 930-ე მუხლი: ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად), ასევე, ამ ურთიერთობისათვის 41 დასახელების ნივთის ფართში განთავსება - მიბარებად (სსკ-ის 763-ე მუხლი: მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი). დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე (სსკ-ის 938.1-ე მუხლის თანახმად: თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე; სსკ-ის 770-ე მუხლით კი: მიმბარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესანახად მიბარებული ნივთის დაბრუნება, - იმ შემთხვევაშიც, თუ შენახვის ვადა განსაზღვრული იყო (სუსგ №ას-656-2020, 05.02.2021წ.)).

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 930-ე, 931.1-ე, 932-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილენი იურიდიული პირის შეუქმნელად ერთიანდებიან საერთო მიზნის მისაღწევად. ასეთი გაერთიანება განპირობებულია ხელშეკრულების მონაწილეთა ურთიერთნდობით, კეთილსინდისიერებით და მიზნის მიღწევისათვის შესაბამისი პროფესიული უნარიანობით. იმის გათვალისწინებით, რომ ამხანაგობის შექმნა მის მონაწილეთა ურთიერთნდობას ეფუძნება.

7. კანონი უშვებს ასეთი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. სსკ-ის 938-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია ისეთ დროს ან ისეთ გარემოებაში, რომელიც საზიანო იქნება ერთობლივი საქმიანობისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ჰქონდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება და ამით ამხანაგობას ზიანი არ მისდგომია.

8. ერთობლივი საქმიანობა, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე აგებული ურთიერთობაა და ის მოითხოვს მისი მონაწილეებისაგან ისეთ მოქმედებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთო მიზნის რეალიზაციას (ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად - სსკ-ის 930-ე მუხლი). აქედან გამომდინარე ის, როგორც მრავალმხრივი გარიგება, წარმოადგენს რთულ სამართლებრივ კონსტრუქციას. საერთო მიზანი ლეგიტიმური და მიღწევადი უნდა იყოს.

9. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი, საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარ- ჩვევების გაერთიანებით ერთობლივად იმოქმედ– გარკვეული მიზნების მისაღწევად. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსი არ აკონკრეტებს ხელშეკრულების ამ ტიპისათვის განსაზღვრული მიზნის შინაარსს. ამდენად, გარიგების მხარეთა ინტერესს, შესაძლებელია, წარმოადგენდეს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი მიზანი, მათ შორის, გარკვეული მოგების მიღების სურვილი. საერთო მიზნის არსებობა კი გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს (იხ. სუსგ №ას-866-808-2017, 17.10.2017 წ.).

10. მართალია, საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) წევრების ინტერესები მიმართულია საერთო მიზნის მიღწევისაკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის მიმართ ისინი არ შეიძლება გამოდიოდნენ, როგორც კრედიტორი და მოვალე. ზუსტად ეს წარმოადგენს იმ შემთხვევას, როდესაც სასამართლომ უნდა გამიჯნოს საერთო საქმიანობის მიზნის მისაღწევად ამხანაგობის წევრების უფლებები და ნაკისრი ვალდებულებები იმ უფლება-ვალდებულებებისაგან, რომელიც შემდეგ მათ წარმოეშობათ ერთმანეთის მიმართ. კერძოდ, ერთ შემთხვევაში, საერთო საქმიანობასთან დაკავშირებით კეთილსინდისიერად შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს თითოეულ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობის ყოველი მონაწილისაგან (სსკ-ის 935-ე მუხლის მე-2 ნაწილი) არა უშუალოდ თავისი, არამედ მხოლოდ საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეთა სასარგებლოდ. მეორე შემთხვევაში, ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს (სსკ-ის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება). ამ უკანასკნელ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულია დანაწესი, რომლის თანახმად, პასუხისმგებლობის საკითხი დგება ერთმანეთის მიმართ. საერთო საქმიანობის შედეგად მიღებული ქონების განაწილება (მაგალითად, საერთო საქმიანობის შედეგად აშენებული მრავალბინიანი სახლის ბინები) წარმოადგენს საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეთა იმ უფლებების დაკმაყოფილებას, რომლისთვისაც იქმნება ამხანაგობა, ასევე, ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ამხანაგობის მონაწილეებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება ერთმანეთთან მიმართებით. ამდენად, საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება წარმოადგენს საშუალებას, რომლის მეშვეობითაც ხდება ყველა მონაწილის უფლებების დაკმაყოფილება. ამ შემთხვევებში ამხანაგობის მონაწილეები ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც კრედიტორი და მოვალე და მონაწილეობენ სასამართლოში არა ამხანაგობის, არამედ საკუთარი სახელით (იხ. სუსგ №ას-482-458-2013, 16.01.2014 წ.).

11. სსკ-ის 931-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, თუ რა საკითხებზე უნდა შეთანხმდნენ მხარეები ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების დადებისას, ანუ რას უნდა შეიცავდეს ამ სახის ხელშეკრულება. კერძოდ, მასში უნდა იყოს მითითებული: ა) მონაწილეთა დასახელება და მისამართი; ბ) მონაცემები ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ; გ) მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები; დ) მართვის ორგანოთა სტრუქტურა და ფუნქციები; ე) მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესი და პირობები; ვ) ხელშეკრულებიდან გასვლის წესი; ზ) საქმიანობის ხანგრძლივობა; თ) ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესი. ნორმის მოცემულ ჩამონათვალში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „გ“, „დ“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებში ასახული პირობები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნულ პირობებზე შეთანხმება წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების დადების არსებით პირობებს.

12. საქმის მასალებით არ დგინდება, თუ რა ვადით დაიდო მხარეთა შორის ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ. ერთობლივი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ განხორციელებული შენატანისა და მოპასუხეთა ქმედებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სავსებით სამართლიანია მოსარჩელის მოთხოვნა 107 000 ლარის დაკისრებისა და 41 დასახელების მოძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

13. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მეორე მოპასუხე სარგებლობს მაღაზიაში განთავსებული იმ დანადგარ-მოწყობილობებით, რომელიც იქ თავის დროზე პირველმა მოპასუხემ განათავსა.

14. მეორე მოპასუხე მიუთითებდა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მან სარჩელით სადავო მოძრავი ნივთები 28.02.2020 წ. შეიძინა შპს ,,გ.ბ–ისგან“, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნულ ხელშეკრულებას თან ერთვის საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სადაც აღწერილია სხვადასხვა საქონლის დასახელება, თუმცა აღნიშნული ნივთები რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს არ შეიცავს. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებით იმ გარემოების დადასტურებულად მიჩნევა, რომ მეორე მოპასუხემ შპს ,,გ.ბ–ისგან“ შეიძინა სწორედ სარჩელით სადავოდ გამხდარი მოძრავი ნივთები, შეუძლებელია. აღნიშნული კი ვერ დააბრკოლებს მოსარჩელის ვინდიკაციურ მოთხოვნას მეორე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე.

15. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილია ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ყველა წინაპირობა.

16. იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მოპასუხეს/მეორე აპელანტს სასამართლოსათვის არ მიუთითებია რელევანტური მტკიცებულება სადავო მოძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მეორე აპელანტი მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელი არ არის და ამ ქონების დაკავების უფლება მას არ გააჩნია.

17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის სადავო მოძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მეორე მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. ამასთან, მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მეორე მოპასუხესთან მიმართებით. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს კუთვნილ მოძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

18. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 170.1-ე, 172.1-ე მუხლებით და განმარტა, რომ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2) მოპასუხე უნდა ფლობდეს მოსარჩელის კუთვნილ ნივთს და 3) მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დასტურდება, რომ სადავო მოძრავი ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა და აღნიშნულ ნივთებს მეორე მოპასუხე ფლობს; აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურა მოპასუხეთა წარმომადგენელმა (იხ. 31.10.2023 წლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი). სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მეორე მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელის კუთვნილი ნივთების ფლობის ფაქტს, მეორე მხარეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ის იგივე მისამართზე მდებარე ფართში იმავე საქმიანობის მიზნებისათვის იყენებს არა მოსარჩელის მიერ თავის დროზე ერთობლივი საქმიანობის მიზნებისათვის შემოტანილ ინვენტარ-დანადგარებს, არამედ მის მიერ ეს ნივთები ჩანაცვლდა და შეძენილ იქნა ახალი (სხვა) ნივთები. მეორე მოპასუხეს აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მეორე მოპასუხის მფლობელობაშია მოსარჩელის მიერ ერთობლივი საქმიანობის მიზნებისათვის განკუთვნილ კომერციულ ფართში განლაგებული 41 დასახელების მოძრავი ნივთიდან 30 დასახელების მოძრავი ნივთი - ინვენტარ-დანადგარები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მეორე მოპასუხე უკანონოდ ფლობს მოსარჩელის კუთვნილ ნივთებს. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მეორე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.

19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ მოსარჩელე კომპანიის დირექტორის ზ.ბ–ის მიერ, ქ. ბათუმში არსებული საკონდიტრო მაღაზიის მოწყობისათვის სხვადასხვა დროს გადმორიცხული იქნა 107 000 ლარი, რაც გაიხარჯა ფართის რემონტსა და კეთილმოწყობაში.

20. პირველმა მოპასუხემ მარტივი წერილობითი შესაგებელი წარადგინა, რომლითაც სარჩელი არ ცნო. ამასთან, პირდაპირ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ - ,,2017 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მოხდებოდა ქ. ბათუმში, საკონდიტრო მაღაზიისათვის პირველ სართულზე საჭირო ინვენტარის, მოწყობილობების და ასევე დანადგარების შეძენა, მაღაზია საჭიროებდა რემონტს, საჭირო იყო მისი კეთილმოწყობა დახვეწილი გემოვნებით, რის გამოც მასალები შეძენილი იქნა თურქეთის რესპუბლიკიდან“.

21. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაგებელი არ უთითებს სარჩელის არც გამომრიცხავ და არც შემაფერხებელ გარემოებებზე, რაც, შესაბამისი მატერიალური ნორმის საფუძველზე, შესაძლებელს გახდიდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

22. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მარტივი შედავება „არ ვეთანხმები“ არ არის საკმარისი სარჩელის უარყოფისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიშობა ვითარება, როცა პირველი მოპასუხის შედავების არსი მიუთითებს იმაზე, რომ ფართი გარემონტდა და კეთილმოეწყო, მაგრამ არ სურს ამ თანხების დაბრუნება და არც უთითებს ამის მიზეზს (იხ. სუსგ №ას-1062-1022-2016, 19.02.2018 წ.).

23. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება სწორედ იმ ფაქტს, რომ მან პირველი მოპასუხის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაში (რომელიც იყო შავი კარკასის მდგომარეობაში), ერთობლივი საქმიანობის მიზნებისათვის შენატანის სახით 107 000 ლარის ხარჯები (გაარემონტა და კეთილმოაწყო ფართი) გაიღო, რითაც ამ ქონების ღირებულება გაიზარდა და შესაძლებელი გახდა მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება. ამ ფაქტების დასადასტურებლად, მოსარჩელე ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებს და ანგარიშფაქტურებს, რაც ვერანაირი მტკიცებულებით ვერ გააბა– პირველმა მოპასუხემ, უფრო მეტიც, არც კი უარყო მოსარჩელის მიერ ამ ოდენობით ხარჯების გაწევა.

24. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზება, პირველმა მოპასუხემ კი, არაკვალიფიციური შესაგებლის წარდგენისა და არაკვალიფიციური შედავების განხორციელების გამო, ვერ შეძლო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაბათილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ დაადასტურა თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი - 107 000 ლარის შენატანის განხორციელება. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, ამ ოდენობით შენატანის არარსებობის ფაქტის დადასტურება, კი სწორედ მოპასუხის ვალდებულებაა, რაც მან სათანადოდ ვერ უზრუნველყო.

25. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

25.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

25.2. მეორე კასატორის განმარტებით, მან სადავო უძრავი ნივთები შეიძინა, შესაბამისად, იგი ამ ნივთების კანონიერი მფლობელი და მესაკუთრეა, რაც შპს „გ.ბ–თან“ დადებული ხელშეკრულებითა და მისი დანართით დასტურდება. მეორე მოპასუხე კეთილსინდისიერი შემძენია, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია;

25.3. კასატორთა განმარტებით, სარჩელი წარმოებაში მიღებული იქნა ორდერის საფუძველზე, რაც საპროცესო დარღვევაა;

25.4. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის ზეპირი შეთანხმება არსებობდა. მათ შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულება, პირველმა მოპასუხემ კი ნასყიდობის საფასური სრულად გადაიხადა.

25.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და ისინი სამართლებრივად სწორად შეაფასა.

30. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი კასატორის პრეტენზია მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 107 000 ლარის დაკისრებას შეეხება, ხოლო მეორე კასატორის მტკიცებით, მან სადავო მოძრავი ნივთები შეიძინა და შესაბამისად, კანონიერად ფლობს მათ.

32. პირველ მოპასუხესთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო კვალიფიციური შესაგებლის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებაზე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017 წ., პ.201).

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის შესაგებელი უნდა გადმოსცემდეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გამართული/დასაბუთებული სასარჩელო განცხადებისა და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისაგან განსხვავებულ სურათს იმისათვის, რომ მიჩნეულ იქნეს არსებითად. შესაბამისად, მოპასუხის განსხვავებული განმარტებები უნდა შეფასდეს სარჩელთან და მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. სწორედ, აქედან გამომდინარე, მოპასუხის სტადიაზე განსახორციელებელი შემოწმება არ მოიცავს შესაგებლის (თავის თავში, განყენებულად) გამართულობას და დასაბუთებულობას (მოსარჩელის სტადიის მსგავსად), არამედ მიმართულია შესაგებლის არსებითობის გამოკვლევაზე (აღნიშნული მოიაზრებს მოპასუხის მითითებებისა და განმარტებების არსებითობას სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების მიმართ) (იხ. დამატებით: შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, GIZ, 2013, გვ.15,16). შესაგებელი იმდენად უნდა იყოს კონკრეტული, რამდენად კონკრეტულიცაა სარჩელი, მასში მითითებული გარემოებები (შდრ. იქვე, გვ.17,18).

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი მოპასუხე როგორც შესაგებელში, ასევე საკასაციო საჩივარში მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფით შემოიფარგლა და არ განუმარტავს კონკრეტული გარემოებები, მოსარჩელის ფულად მოთხოვნას სათანადოდ არ შედავებია. პირველი კასატორი მიუთითებს, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის არანაირი ზეპირი შეთანხმება არ არსებობდა, უბრალოდ მათ შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც სრულად გადახდილია.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველ მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ რეალურად მასსა და მოსარჩელეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არსებობდა და ნასყიდობის საფასური სრულად გადახდილია. საქმის გარემოებების თანმიმდევრულობა და ურთიერმიმართება ნათლად იძლევა იმ დასკვნის შესაძლებლობას, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) სახელშეკრულებო ურთიერთობა ჩამოყალიბდა ზეპირად. მოსარჩელეს კი ხელშეკრულებიდან გასვლა და შესაბამისად მისი შენატანის რესტიტუცია სურს.

36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის მიღწეული ზეპირი შეთანხმებით დგინდება ურთიერთობის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებად შეფასების არსებითი ნიშნები, კერძოდ: სუბიექტები ისახავენ ერთიან (საერთო) მიზანს; ასრულებენ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ მოქმედებებს; შენატანების საფუძველზე საერთო წილობრივი საკუთრების ქონებას ქმნიან; საქმიანობიდან წარმოშობილი ზიანისა და ხარჯების განაწილებას ერთობლივად კისრულობენ და ინაწილებენ მიღებულ შედეგებს. ირკვევა, რომ ზეპირი ხელშეკრულება მოიცავს მოსარჩელის ფინანსების საფუძველზე, პირველი მოპასუხის მიერ მომსახურების გაწევას, ტკბილეულის წარმოებას და გაყიდვას (სსკ-ის 932-ე მუხლი).

37. სსკ-ის 938.1-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია ისეთ დროს ან ისეთ გარემოებაში, რომელიც საზიანო იქნება ერთობლივი საქმიანობისათვის.

38. განსახილველ დავაში მოსარჩელე ითხოვს გადაცემული თანხის უკან დაბრუნებას, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულების დარღვევისას, 352-405 მუხლების წინაპირობების არსებობისას ხორციელდება. სსკ-ის 352.1-ე მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის) სამართლებრივ შედეგს. იგი გამოიხატება მხარეებისათვის მიღებული შესრულებისა და სარგებლის დაბრუნებით. ამავე კოდექსის 405-ე მუხლი კი, ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის წესსა და სავალდებულო წინაპირობებს, შესაბამისად, სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლები მხოლოდ ერთობლივად გამოიყენება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამხანაგობისათვის გადაცემული თანხის დაბრუნების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 352.1-ე მუხლს ეფუძნება. ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის გასარკვევად უნდა შემოწმდეს, შესრულებულია თუ არა მითითებული ნორმის წინაპირობები, კერძოდ, არსებობს თუ არა ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი და ხომ არ იკვეთება ხელშეკრულებიდან გასვლის გამომრიცხველი გარემოებები. სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადების მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმის შესაბამისად, ხელშეკრულებაზე უარი ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაჰენტი არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას და დამატებით განსაზღვრულ ვადაშიც არ ასრულებს მას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 352.1-ე მუხლის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთი-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ხელშეკრულებიდან გასვლა თითოეულ მხარეს მიღებულის დაბრუნების (უკუქცევის) ვალდებულებას წარმოუშობს, სწორედ ამით განსხვავდება ხელშეკრულების მოშლისაგან ხელშეკრულებიდან გასვლა, რადგან ეს უკანასკნელი რესტიტუციას უკავშირდება.

40. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის შესახებ სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილს (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) ეფუძნება. სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება მესაკუთრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და მისი უზრუნველყოფა ხდება სავინდიკაციო სარჩელის შეტანის გზით. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. ამასთან, ამ წინაპირობებს სასამართლო ზემომითითებული თანმიმდევრობით ამოწმებს და სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვეტს დავას. მოთხოვნის უფლების მფლობელია ნივთის მესაკუთრე, რომელსაც ეკისრება სადავო ნივთებზე საკუთრების უფლებისა და მოპასუხის მიერ ამ ნივთების ფლობის ფაქტის მტკიცების ტვირთი, ხოლო მოთხოვნის უფლების მოვალე ნივთის მფლობელია, რომელმაც, თავის მხრივ, მართლზომიერი მფლობელობა უნდა ადასტუროს.

41. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, რაც მან უნდა განახორციელოს უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით, რომლებიც ობიექტურად დაადასტურებს სარჩელში მითითებულ სადავო გარემოებებს. მოპასუხე კი მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა მოსარჩელის ვინდიკაციური მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. მეორე მოპასუხე მის მფლობელობაში არსებული სადავო მოძრავი ნივთების ვერც ყიდვას ადასტურებს და ვერც მათი ფლობის მართლზომიერებას.

43. საკასაციო სასამართლო კასატორთა პრეტენზიასთან დაკავშირებით სარჩელზე არაუფლებამოსილი პირის ხელმოწერასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს, შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურვავს - თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. სსსკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მხარის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში ხორციელდება კანონით დადგენილი წესით შედგენილი მინდობილობის ან ორდერის საფუძველზე, თუმცა კანონმდებელი აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მოსარგებლე პირთათვის, კერძოდ, სსსკ-ის 440-ე მუხლის თანახმად, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საფუძველს. კერძოდ, მითითებული მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი – მინდობილობა ან ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატი უფლებამოსილია, კლიენტის ინტერესები წარმოადგინოს და დაიცვას როგორც მინდობილობის, ასევე - ორდერის საფუძველზე. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მინდობილობის გაცემის წესს ადგენს სსსკ-ის 96-ე მუხლი, ხოლო, ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და გაცემული ორდერი უფლებას ანიჭებს ადვოკატს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში. ამდენად, ადვოკატის ორდერი, ისევე როგორც მინდობილობა, წარმოადგენს სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ადვოკატს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სსსკ-ის 98-ე მუხლში ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში (შდრ. სუსგ-ებს: №ას-1614-1608-2011, 21.05.2012წ; №ას-1086-2020, 12.04.2022წ; № ას-677-644-2014, 12.02.2015 წ; №ას-1226-2019, 23.12.2019 წ.).

44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში პრეტენზიის დაყენება, რომ სარჩელზე ხელმომწერილი პირი ორდერის საფუძველზე წარმოადგენდა მოსარჩელეს, უსაფუძვლოა და არ არის ისეთი საპროცესო დარღვევა, რაც გასაჩივრებული განჩინების შეცვლას გამოიწვევს. ამასთან, დაზუსტებულ სარჩელს ხელს მოსარჩელე კომპანიის დირექტორიც აწერს და მას თ.ქ–ძის სახელზე გაცემული მინდობილობაც ახლავს.

45. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

47. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა–სა“ და შპს „დ–ეს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ა–ს“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.03.2024 წელს #20971283695 საგადახდო დავალებით გადახდილი 5350 ლარის 70% - 3745 ლარი, ხოლო შპს „დ–ეს“ (ს/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.03.2024 წელს #20971308778 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ზ. ძლიერიშვილი