საქმე №ას-186-2024 16 მაისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ე–ბი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ს.ს–ვის (შემდეგში: მოსარჩელე, არასრულწლოვანი) სარჩელი შპს „ე–ბის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, საბავშვო ბაღი) წინააღმდეგ, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელე არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაციას; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურება.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე დაბადებულია 2018 წლის 14 მარტს. მისი მშობლები არიან: დედა - ე.რ–ვი და მამა - ს.ს–ვი. არასრულწლოვანი საბავშვო ბაღში ადრეულ და სკოლამდელ აღზრდა-განათლებას იღებდა 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის ივლისამდე. 2021 წლის ივლისში, მოსარჩელე ამავე საბავშვო ბაღში ირიცხებოდა ზაფხულის ჯგუფში, რომლიც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის (3 წლამდე, 3-დან 4 წლამდე და 4 წლის) 7-8 ბავშვისგან შედგებოდა.
3.2. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, საბავშვო ბაღის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით დიკსრიმინაციას. მოპასუხემ არასრულწლოვანი, ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა.
3.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ არასრულწლოვანს 24 თვის ასაკიდან აღენიშნებოდა განვითარების შეფერხება ქცევითი აშლილობით, სენსორული პრობლემები; 3 წლისა და 4 თვის ასაკში ვერ მეტყველებდა (მხოლოდ რამდენიმე მარცვალსა და ერთ-ორ სიტყვას ფლობდა), არ რეაგირებდა დაძახებაზე, აღმზრდელის ჩვენებით არ შედიოდა მასთან კონტაქტში, უყვარდა მარტო თამაში, თუმცა ქცევითი აშლილობა არ გამოიხატებოდა აგრესიით, ასოციალური ქცევით; პირიქით მოსარჩელე არის წყნარი და მშვიდი ბავშვი და მის ყოფა-ქცევასთან გამკლავების პრობლემა მოპასუხეს არასდროს შექმნია, ბავშვს არ აღენიშნებოდა ე.წ. ,,ტანტრუმები“ (როცა ბავშვი ხდება უმართავი) და საშიშ ქცევები (იხ. სპეციალისტის დასკვნა (21/10/2022წ. სხდომის ოქმი), მოწმეთა ჩვენებები). სპეციალისტის დასკვნით, ეს არის არა დაავადება, არამედ - მდგომარეობა, რომლის მიზეზები თანამედროვე მედიცინის მიერ არ არის დადგენილი. არასრულწლოვნის ამგვარი მდგომარეობის შესახებ ცნობილი იყო მოპასუხისათვის. 2021 წლის 20 ივლისს საბავშვო ბაღში მოეწყო ე.წ. „აუზის აქტივობა’’. მასში მონაწილეობა მიიღო ზაფხულის შერეული ჯგუფის თითქმის ყველა აღსაზრდელმა, თუმცა საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მონაწილოება მოსარჩელეს არ მიუღია. ამ დროს იგი სხვა ბავშვებისაგან იზოლირებულად იმყოფებოდა ჯგუფურ ოთახში ძიძასთან და თანაჯგუფელთან - კ.ა–თან ერთად. მოსარჩელე ამ დროს იყო სამი წლისა და ოთხი თვის. აპელანტი საბავშვო ბაღი ამის საფუძვლად უთითებს არასრულწლოვნის ასაკზე და მის ფიზიკური მონაცემებზე, ხოლო განსხვავებული მოპყრობის ნორმატიულ საფუძვლად - დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილ აკრძალვაზე - 4 წლამდე ბავშვები არ ჩასულიყვნენ აუზში.
3.4. საბავშვო ბაღის შინაგანაწესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შინაგანაწესი ვრცელდებოდა ბაღის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე, აღსაზრდელებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულო იყო შესასრულებლად. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბაღს, დასაქმებულებსა და აღსაზრდელებს შორის ურთიერთობაში აკრძალული იყო ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. შინაგანაწესის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით თანამშრომელი ვალდებული იყო ბავშვებისთვის მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
3.5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ რაიმე სახის რეგულაციას, აუზით სარგებლობისას აღსაზრდელების ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღის შინაგანაწესი არ შეიცავს. ამდენად, დაწესებულების შინაგანაწესით ასაკობრივი აკრძალვა დადგენილი არ იყო. ამასთან, მოსარჩელის მშობელი ზეპირი ფორმით არ ყოფილა ინფორმირებული ბაღში თუნდაც ასეთი პრაქტიკის არსებობის თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენელს დაესვა კითხვა, გაფრთხილებული ჰყავდათ თუ არა მოსარჩელის მშობელი, რომ ასაკობრივი ნიშნით არ უშვებდნენ ბავშვებს აუზში, რის გამოც მას სათანადო ეკიპირება (საცურაო კოსტუმები) არ უნდა მიეტანა, ან აპირებდნენ ამ სახის აქტივობის მოწყობას, რაზეც მოპასუხის დირექტორმა, ზ.ხ–მა განმარტა, რომ მშობელი გაფრთხილებული არ ყოფილა და ბაღი ზოგადად ასეთ შეტყობინებას არ იყენებდა, რადგან სამი წლის ასაკის ჯგუფისათვის ისედაც დაუშვებელი იყო აუზში ჩასვლა. სასამართლოს უნდა გამოეკვლია, ამგვარი მოპყრობა იყო თუ არა განპირობებული მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
3.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ არ ჰქონია ადგილი აუზის აქტივობით მისი დაინტერესებისათვის ინსტრუქციის მიცემის მცდელობასაც კი - მოსარჩელე არასრულწლოვანი და მისი ჯგუფელი - კ.ა–ია, ისე რომ არც შეუთავაზებიათ ამ აქტივობაში მონაწილეობის მიღება, უბრალოდ გამოთიშეს აუზის აქტივობასი მონაწილეთა სიიდან. საქმეზე დაკითხული სპეციალისტის (ბავშვთა ნევროლოგის) დასკვნით, ეს ფაქტი არ იყო კარგი ზოგადად არასრულწლოვნის მდგომარეობისათვის და უარყოფითად იმოქმედებდა მის ფსიქიკაზე, თუმცა არ დგინდება, ამან შემდგომში რა გავლენა იქონია ბავშვის მდგომარეობაზე.
3.7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ე.წ. “აუზის აქტივობა” მოპასუხის მიერ დაიგეგმა დიდი ხნით ადრე და სხვა ბავშვების მშობლები (იმავე წლის ივნისის ბოლო კვირიდან) გაფრთხილებულნი იყვნენ ბაღში საბანაო ეკიპირების მიტანის თაობაზე, თუმცა მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი არ ყოფილა ინფორმირებული არც ამ სახის აქტივობის დაგეგმვისა და შესაბამისი ეკიპირების მიტანის აუცილებლობის შესახებ, არც იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლებოდა არასრულწლოვანს მიეღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით დარღვეულია მოსარჩელის პიროვნული განვითარებისა და განათლების უფლებები, რომლებიც ძირითად კონსტიტუციურ უფლებებს განეკუთვნება და აკრძალულია მათი ხელყოფა/დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეზე გადადის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განუხორციელებია, კერძოდ, მოპასუხემ უნდა ამტკიცოს, რომ დაცულ უფლებაში ჩაურევლობისათვის გონივრული მისადაგების უზრუნველყოფა მისთვის დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეს წარმოადგენდა.
3.8. დადგენილია, რომ სადავო შემთხვევას - „აუზის აქტივობას“ ადგილი ჰქონდა 2021 წლის 20 ივლისს, მაშინ, როცა მოსარჩელე საბავშვო ბაღის ზაფხულის ე.წ. „შერეულ ჯგუფში“ ირიცხებოდა. მოპასუხის მითითებითა და საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ზაფხულის ჯგუფში სულ 7-8 ბავშვი იყო, რომლებსაც ზედამხედველობას ორი პირი - მენეჯერი და ძიძა უწევდნენ. არასრულწლოვანი მოპასუხე დაწესებულებაში ჩაირიცხა ერთი წლისა და სამი თვის ასაკში. საქმეზე არ დადგენილა, რომ მისი მოტორული უნარები და/ან ფიზიკური ჩვევები განუვითარებელი იყო მის ასაკთან შეუსაბამოდ. აუზის აქტივობიდან მისი გამორიცხვის საფუძვლად აპელანტმა ბაღმა მიუთითა ბავშვის უსაფრთხოებაე, თუმცა ვერ დაასაბუთა ის მომეტებული საფრთხე, რაც მოსარჩელეს ემუქრებოდა განსხვავებით ამ აქტივობაში მონაწილე სხვა ბავშვებისაგან (იხ. ფოტოსურათები ს.ფ.-ები: 39-45). რაც შეეხება ასაკობრივ სხვაობას, აქაც საყურადღებოა, რომ მოსარჩელე ამ დროს იყო 3 წლის და 4 თვის იყო, ხოლო აუზში მყოფი ბავშვები: ნ.გ–ა - 3 წლისა და 8 თვის (ს.ფ. 324), დ.გ–ძე - 4 წლის (ს.ფ. 320), ნ.გ–ძე - 4 წლის (ს.ფ.321), მ.ს–ძე - 3 წლის და 11 თვის (ს.ფ.322), თ.მ–ი - 3 წლისა და 9 თვის (ს.ფ.323). შესაბამისად, არსებითი ასაკობრივი სხვაობა მოსარჩელესა და ამ ბავშვებს შორის არ ყოფილა და მხოლოდ ორი ბავშვი იყო 4 წლის. ასევე, ის ფაქტი, რომ ამ დროს მოსარჩელე თანატოლებს სიმაღლეში მკვეთრად ჩამორჩებოდა, რაც მისი აუზში ჩასვლას შეაფერხებდა, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება. ამდენად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ აპელანტს არ ჰქონდა საფუძველი, მოსარჩელის ასაკის და/ან ჯანმრთელობის მდგომარებიდან გამომდინარე, შეეზღუდა მისი მონაწილეობა „აუზის აქტივობაში“. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით შესადარებელი პირები იყვნენ არსებითად იგივე მდგომარეობაში.
3.9. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა პოზიციებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე დაწესებულებამ ხელყო მოსარჩელის პიროვნული განვითარების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების მიღების უფლება და უთანასწორო და დიფერენციული მიდგომა განახორციელა მოსარჩელის ჯანმრთელობის ნიშნით. ამგვარი ქცევის ლეგიტიმურ მიზნად მოპასუხის მიერ მითითებული საფუძველი - არასრულწლოვანის უსაფრთხოების უზრუნველყოფა - კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ აკმაყოფილებს ობიექტური და გონივრული გამართლებისა და მისადაგების ფარგლებს, რადგან მოსარჩელე არ ყოფილა ისეთ მდგომარეობაში და/ან არ ჰქონია ჯანმრთელობის იმგვარი პრობლემა, რომლიც ასეთი ტიპის სააღმზრდელო პროცესში მისი ჩართვისათვის მოპასუხეს გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას მოსთხოვდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაამტკიცა, რომ მოსარჩელის აქტივობიდან გამორიცხვას, ჰქონდა რაიმე ობიექტური და გონივრული გამართლება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, მოსარჩელის მიმართ ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით, დისკრიმინაციულ მოპყრობა.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილდა და დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი დარღვევების გარეშე, სწორად შეაფასა მტკიცებულებები და დაადგინა სადავო გარემოებები.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
5.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინდა გარემოებები და დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი. კერძოდ, კასატორი არ ეთანხმება დასკვნას, რომ ასაკობრივი შეზღუდვა აუზისთვის არ იყო დაწესებული. მოწმეებმა, ბაღის აღმზრდელებმა და მენეჯერმა დაადასტურეს რომ ასაკობრივი შეზღუდვა წერილობითი ფორმით არ არსებობდა, თუმცა დირექციისგან ზეპირი მითითება იყო ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით. ასევე დაადასტურეს, რომ ბაღს ჩვეულებრივ მდგომარეობაში ჰქონდა პატარა და დიდი აუზი. პატარა აუზი იმ პერიოდისთვის არ ფუნქციონირებდა. შესაბამისად, ვინაიდან ზაფხულის პერიოდში ბაღში იქმნებოდა შერეული ჯგუფები, რაც ასაკობრივად განსხვავებული ბავშვებისგან შემდგარ ჯგუფს ნიშნავს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დიდ აუზში განისაზღვრა ასაკისა და სიმაღლის გათვალისწინებით ბავშვების აუზის აქტივობაში მონაწილეობა. კასატორის განცხადებით, მან წარმოადგინა ყველა მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მოსარჩელე ჩართული იყო ყველა აქტივობაში, შესაბამისად მის მიმართ ადგილი არ ჰქონია არც პირდაპირ და არც ირიბ დისკრიმინაციას.
5.3. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ აღმზრდელების მხრიდან მოსარჩელის აუზში არ ჩაშვების მიზანი მხოლოდ მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.
5.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად იქნა მიჩნეული შემდეგი არგუმენტაციით:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
8. საკასაციო სასამართლო, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.
9. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VII3 კარი ადგენს სამართალწარმოების წესს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე და განსაზღვრავს ასეთ საქმეებზე მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს, რომლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება ტვირთი ამტიცოს, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
11. იმისათვის, რომ დადგინდეს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციულ, კერძოდ - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არათანაბარ მოპყრობას, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს: 1) დაასახელა თუ არა მოსარჩელემ დისკრიმინაციული მოპყრობის მიმანიშნებელი ფაქტობრივი გარემოებები, რაც საკმარისია მოსარჩელის მხრიდან მითითების ტვირთის დასაკმაყოფილებლად და აჩენს, ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით, მისი დევნის, შევიწროებისა და დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე გონივრულ ეჭვს; 2) მხოლოდ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების იდენტიფიცირების შემდგომ, განსაკუთრებული მტკიცების ტვირთის მოქმედების ფარგლებში, სასამართლოს ამოცანაა, გამოარკვიოს წარმოადგინა თუ არა მოპასუხემ დისკრიმინაციული მოპყრობის გამაქარწყლებელი არგუმენტები და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ გონივრული მისადაგების უზრუნველყოფა მისთვის დაუძლეველ სირთულეს წარმოადგენდა.
12. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი - ”affirmanti, non negati, incumbit probatio”-“მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს მოდავე მხარეებზე მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილება, ანუ რომელმა მხარემ რა კონკრეტული გარემოება უნდა ამტკიცოს. სსსკ-ის 3633-ე მუხლის შესაბამისად, დისკრიმინაციის შესახებ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. აღნიშნული ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს იძლევა. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა. დისკრიმინაციის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობას, ამიტომ ეს ფაქტი, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა უნდა დაადასტურონ... (იხ. სუსგ-ები Nას-247-235-2017, 29.09.2017წ.; Nას-1189-2020, 4.02.2021 წ.; Nას-344-2022, 29.09.2022წ. ას-1147-2022, 29.05.2023წ.; Nას-36-2023, 28.04.2023წ.).
13. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება, ხოლო მე-12 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით, დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
14. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. ხოლო კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსის განურჩევლად.
15. ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-2 მუხლით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი ყველა ბავშვის წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ ყველა უფლებას, რაიმე დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სხედულებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაბადების, მისი მშობლების ან კანონიერი მეურვეების ანდა რაიმე სხვა გარემოებების მიუხედავად. მონაწილე სახელმწიფოები ყველა ზომას მიმართავენ ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრების სტატუსის, საქმიანობის, გამოთქმული შეხედულებების ან მრწამსის საფუძველზე ყველა ფორმის დისკრიმინაციის ან დასჯისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად.
16. ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2 და მე-3 მუხლებით, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით, ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებში დისკრიმინაცია არსებობს მიუხედავად იმისა, პირს რეალურად აქვს თუ არა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშანი, რომლის გამოც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება განხორციელდა, ხოლო მე-8 პუნქტის თანახმად, დისკრიმინაციად არ მიიჩნევა ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა და უპირატესობა განსაზღვრულ სამუშაოსთან, საქმიანობასთან ან სფეროსთან დაკავშირებით, რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს ემყარება. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირმა საქართველოს სახალხო დამცველს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
17. ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
18. სსსკ-ის 2511-ე მუხლით, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით. კერძოდ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების (მათი უპირატესი გათვალისწინების) მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს შემდეგი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვა და უსაფრთხოება; ბ) ბავშვისთვის განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა; გ) ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის, მისი შეურაცხყოფისა და საფრთხის თავიდან აცილება; დ) ბავშვის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, მისი პიროვნების, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და ინტერესების პატივისცემა; ე) ბავშვის მოსაზრებები; ვ) ბავშვსა და მის მშობელს ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელ სხვა პირს შორის ურთიერთობა; ზ) ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შენარჩუნების ან აღდგენის შესაძლებლობა; თ) ბავშვის მოსაზრების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მისი აღსრულების ეტაპზე ბავშვისთვის შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების კონკრეტული ღონისძიებები; ი) სხვა საკითხები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად გავლენას ახდენს ბავშვის უფლებებზე და საქმის სამართლიანი პროცესის პრინციპების დაცვით გადაწყვეტაზე. ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით დადგენილია ბავშვის უფლებების სათანადო დაცვა და უპირატესობა. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის’’ მე-5 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისათვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი ოჯახურ გარემოში პიროვნული განვითარების უფლება, ბავშვის სოციალური და კულტურული მახასიათებლები, მის მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობა და ბავშვის მოსაზრებები. მე-12 მუხლის შესაბამისად, ბავშვს უფლება აქვს ცხოვრობდეს უვნებელ გარემოში, სადაც მისი ჰარმონიული განვითარებისა და კეთილდღეობისათვის ყველა პირობაა შექმნილი.
19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, აკრძალულია როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი დისკრიმინაცია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ფორმულირების მიხედვით, პირდაპირი დისკრიმინაციის დასადგენად საჭიროა, სახეზე იყოს ,,განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ ან შედარებით ერთნაირ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ’’, რაც ამოცნობად მახასიათებლებს ეფუძნება. პირდაპირი დისკრიმინაციის დროს კუმულაციურად უნდა არსებობდეს შემდეგი: არასახარბიელო მოპყრობა, შედარებითობის ფაქტორი და პიროვნების იდენტიფიკატორი. პირდაპირი დისკრიმინაცია შეიძლება მრავალი ქმედებით გამოიხატოს, რომელიც გაიგივებული იქნება არასახარბიელო მოპყრობასთან. მაგალითად, ნაკლები ხელფასის ან პენსიის მიცემა, სოციალური დახმარების გაუქმება ან მის დანიშვნაზე საერთოდ უარის თქმა და ა.შ. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის’’ მე-14 მუხლის მოქმედების გავრცელებისთვის, ადგილი უნდა ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ანალოგიური მდგომარეობა” არ გულისხმობს, რომ შესადარებელი ჯგუფები იდენტური უნდა იყოს. ის ფაქტი, რომ განმცხადებლის მდგომარეობა სრულად ანალოგიური არ არის სხვა პირებთან მიმართებით და ადგილი აქვს სხვადასხვა ჯგუფების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, ხელს არ უშლის ამ შემთხვევაზე მე-14 მუხლის გავრცელებას. განმცხადებელმა უნდა აჩვენოს, რომ ის არსებითად მსგავს მდგომარეობაში არის იმ პირებთან შედარებით, რომლებიც სხვანაირ მოპყრობას ექვემდებარებიან (იხ. გადაწყვეტილება -კლიფტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Clift v. United Kingdom), N7205/07, 13 ივლისი, § 66 ECHR 2010). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (იხ.Willis v. the United Kingdom, N36042/97). უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (იხ. Konstantin Markin v. Russia, N30078/06). განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის შორის (იხ. Petrovic v. Austria, N20458/92). ირიბი დისკრიმინაცია განიმარტება, როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (იხ. D.H. and others v. the Czech Republic, N13378/05).
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ, ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად უთანასწორობა. კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/1/536; 2014 წლის 4 თებერვალი).
21. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი - ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ. „დაცულ სფეროს“. ამ ფაქტების საპირისპიროდ, ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს“ (იხ. სუსგ-ები Nას-247-235-2017, 29.09.2017წ.; Nას-319-302-2017, 28.07.2017წ.; Nას-344-322-2017, 11.11.2017წ.; Nას-142-134-2017, 18.04.2018წ.).
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში, მათ შორის თანასწორუფლებიანობის უზოგადესი კონსტიტუციური კონცეფცია ვრცელდება განათლების უფლებაზეც.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის (27-ე მუხლის პირველი პუნქტი) უზრუნველყოფს განათლების მიღების შესაძლებლობას ყველა ადამიანისთვის. განათლების, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების, კონსტიტუციურ რანგში აყვანა ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოში. განათლება წარმოადგენს სოციალური ცხოვრების განუყოფელ პროცესს, რომლის საშუალებითაც ინდივიდები თავიანთი შესაძლებლობებით და უნარებით სწავლობენ თვითგანვითარებას და ასევე სარგებლის მოტანას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
24. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2021 წლის 20 ივლისს, საბავშვო ბაღში მოეწყო ე.წ. „აუზის აქტივობა“. მასში მონაწილეობა მიიღო ზაფხულის შერეული ჯგუფის თითქმის ყველა აღსაზრდელმა. თუმცა საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს (ამ დროს იყო სამი წლის და ოთხი თვის იყო) მონაწილეობა არ მიუღია. ამ დროს იგი სხვა ბავშვებისგან იზოლირებულად იმყოფებოდა ჯგუფურ ოთახში ძიძასთან და თანაჯგუფელთან - კ.ა–თან ერთად. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხემ (კასატორმა) მიუთითა არასრულწლოვნის ასაკზე და მის ფიზიკურ მონაცემებზე, ხოლო განსხვავებული მოპყრობის საფუძვლად მიუთითა დაწესებულების შინაგანაწესით დაწესებულ აკრძალვაზე - 4 წლამდე ბავშვები არ ჩასულიყვნენ აუზში.
25. აღნიშნული შინაგანაწესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შინაგანაწესი ვრცელდება ბაღის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე, აღსაზრდელებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბაღს, დასაქმებულებსა და აღსაზრდელებს შორის ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. შინაგანაწესის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით თანამშრომელი ვალდებული იყო ბავშვებისთვის მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღნიშნული შინაგანაწესი არ შეიცავდა რაიმე სახის რეგულაციას, აუზით სარგებლობისას აღსაზრდელების ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაწესებულების შინაგანაწესით ასაკობრივი აკრძალვა დადგენილი არ იყო, ამასთან არც მოსარჩელის მშობელი იყო ზეპირი ფორმით ინფორმირებული ასეთი პრაქტიკის არსებობის თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენლისთვის დასმულ კითხვაზე, ჰყავდათ თუ არა გაფრთხილებული მშობელი, რომ ასაკობრივი ნიშნით ბავშვები არ დაიშვებოდნენ აუზში, რის გამოც მას სათანადო ეკიპირება (საცურაო კოსტიუმები) არ უნდა მიეტანა, ან აპირებდნენ ამ სახის აქტივობის მოწყობას, საბავშვო ბაღის დირექტორმა, ზ.ხა–მა განმარტა, რომ მშობელი გაფრთხილებული არ ყოფილა და ბაღი ზოგადად ასეთ შეტყობინებას არ იყენებდა, რადგან სამი წლის ასაკის ჯგუფისთვის ისედაც დაუშვებელი იყო აუზში ჩასვლა.
27. სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები.
27.1. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ნევროლოგთან კონსულტაცია გაიარა 2021 წლის 25 მაისს. შეფასდა შემდეგი ტესტებით: M-CHAT, CARS, VB-MAP. დახასიათებაში აღნიშნულია, რომ „შემოსვლისას ბავშვს არ ჰქონდა სახელზე რეაგირება, ინსტრუქციის გაგების უნარი, ძირითადად თამაშობდა მარტო, არ ჰქონდა ჩამოყალიბებული თვალის კონტაქტი. მარაგში არ ჰქონდა ორ-სამ სიტყვაზე მეტი, თუმცა იყო მარცვლები და ბგერები. ასევე აღენიშნებოდა ქცევითი აშლილობა და სენსორული პრობლემები. ...ამ ეტაპზე ბავშვს ჩამოყალიბებული აქვს მზერითი კონტაქტი, სახელზე რეაგირება, ლოდინის უნარი. აქვს ინსტრუქციული კონტროლი, ვიზუალური აღქმის და ნიმუშთან მისადაგების უნარი, აგრეთვე დათვალიერების უნარი. მეტყველება გაუმჯობესდა, მარაგში აქვს 30-ზე მეტის სიტყვა. ჩამოუყალიბდა თხოვნის უნარი, ვერბალური იმიტაცია (ექო), აგრეთვე, თამაშისა და ჯგუფური მეცადინეობის (ორი მოსწავლე) უნარები’’. არასრულწლოვანი 2021 წლის 21 მაისიდან გადიოდა ინტენსიურ-სარეაბილიტაციო კურსს ქცევით თერაპიაში, სენსორული ინტეგრაციის კურსს და ბოლო რამდენიმე თვე პროგრამაში ჩართული იყო პედაგოგი. ბავშვი აგრძელებდა სარეაბილიტაციო კურსს ცენტრში. მიეცა რეკომენდაცია სოციალური უნარების განვითარებისათვის, უნარების გენერალიზაციისათვის და საჭიროებდა საბავშვო ბაღის ჩართულობას.
27.2. საქმეზე სპეციალისტის სახით დაკითხულმა ნერვოლოგმა მ.ლ–ძემ განმარტა, რომ რეაბილიტაციის ცენტრში მისვლისას ბავშვს ჰქონდა განვითარების ეტაპების დაყოვნება, არ ჰქონდა თვალის კონტაქტი, უყვარდა მარტო თამაში, მარაგში ჰქონდა ერთი ორი სიტყვა, ქცევითი აშლილობა და სენსორული პრობლემები. მის მიერ მშობელს მიეცა რეკომენდაცია უზრუნველეყო ბავშვი ბაღის გარემოთი, თუმცა მას ბაღში სპეციალური მასწავლებელი არ ესაჭიროებოდა. სპეციალისტის მითითებით, ბაღის გარემო აუცილებელი იყო არასრულწლოვანის სოციალიზაციისათვის და იგი ჩართული უნდა ყოფილიყო ყველა აქტივობაში. არასრულწლოვანი აგრესიული ქცევით არ გამოირჩეოდა, პირიქით - იგი წყნარი ბავშვი იყო და თავისუფლად შეეძლო ბაღში წასვლა. სპეციალისტმა ასევე განმარტა, რომ ბავშვი ბაღში დაგეგმილ ყველა აქტივობაში უნდა ჩართულიყო. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი არ ერთვება აქტივობაში, იგი პედაგოგმა უნდა დააინტერესოს და აქტივობაში მისი ჩაბმა უზრუნველყოს. მისი მითითებით, მოსარჩელეს არ სიამოვნებდა კონკრეტული სიხშირის ბგერები და ამას ყურებზე ხელის აფარებით ან უკან შებრუნებით გამოხატავდა. იგი უმართავი ბავშვი არ იყო და არ ჰქონდა ისეთი მდგომარეობა, რომ თავად საშიში ყოფილიყო რაიმეთი გარშემომყოფთათვის. ამასთან, კითხვებზე, - რა გავლენას იქონიებდა არასრულწლოვანზე „აუზის ეპიზოდი’’ და რა რეკომენდაციას გასცემდა მოსარჩელის ამ აქტივობაში ჩართვასთან დაკავშირებით, - სპეციალისტმა განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი, ზოგადად, არასრულწლოვანის მდგომარეობისათვის კარგი არ იყო და უარყოფითად იმოქმედებდა მის ფსიქიკაზე, შესაბამისად, იგი აუცილებლად ეტყოდა, რომ ბავშვი აუზში უნდა ჩასულიყო; შემდგომში რა გავლენა იქონია არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ამ ფაქტმა, უცნობია (16:05:30-16:05:57სთ). სპეციალისტი ასევე უთითებს, რომ ბაღმა უნდა უზრუნველყოს აქტივობების ისე გადანაწილება, რომ მეორე ჯგუფი არ ხედავდეს და არ ელოდებოდეს მისი აქტივობის მოსვლის დროს (იხ. სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
27.3. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ.ზ–მა (მოპასუხე დაწესებულებაში არასრულწლოვნის აღმზრდელმა) განმარტა, რომ მოსარჩელე ერთი წლის და სამი თვის იყო, როდესაც ბაღში მიიყვანეს. იგი იყო წყნარი და მშვიდი, ყოველთვის თავისთვის თამაშობდა, ურთიერთობაში სხვა ბავშვებთან არ შედიოდა და დაძახებაზეც არ რეაგირებდა, ერთ ადგილას იჯდა და არ ბეზრდებოდა არც ადგილი და არც სათამაშო. აღნიშნულის თაობაზე მოწმემ მშობელს შეატყობინა, თუმცა ადმინისტრაციისათვის არაფერი უთქვამს. ბავშვი ყველა აქტივობაში ერთვებოდა. სამი წლის ბავშვები პატარა აუზში ჩადიოდნენ, რომლის სიმაღლე დაახლოებით 20-25 სმ იყო და ბავშვებს წყალი კოჭამდე წვდებოდათ (14:58:08-14:58:20). მაშინ როცა მოსარჩელე ბაგაში იყო აუზი ბაღს ფიზიკურად არ ჰქონდა. ამასთან, ბაგაში რაიმე სახის შეზღუდვა ბავშვების აქტივობებში ჩართვაზე არ იყო დაწესებული (იხ. სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის სხდომის ოქმი).
27.4. მოწმის სახით დაკითხულმა შ.გ–მა, რომელიც საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგია, განმარტა, რომ მოსარჩელე მის ჯგუფში სწავლობდა, სადაც სამ წლამდე და სამი წლის ბავშვები ირიცხებოდნენ, თუმცა მას ზაფხულის ბაღში არ უმუშავია. მოწმემ განმარტა, რიმ ბავშვი კონტაქტში არ შემოდიოდა და დაძახებაზე არ რეაგირებდა, თუმცა აგრესიული არ იყო, ბრაზდებოდა მაშინ, როდესაც სათამაშოს გამოართმევდი, ჰქონდა ამოჩემებული ნივთები, რომლებიც ხშირად სახლიდან მოჰქონდა. მისი კვება პრობლემატური არ იყო, თავიდან პედაგოგები კვებავდნენ, ხოლო წლის ბოლოსთვის მშრალ საკვებს უკვე თავისით იღებდა. ბავშვი ჩართული იყო ყველა აქტივობაში, თუმცა თავად ხან გამოხატავდა მასში მონაწილეობის სურვილს, ხან - არა. მაგალითად, ერთ-ერთი სახის აქტივობაში - „ეზოში მატარებლით გასვლა“ მოსარჩელე თავად არ ებმებოდა და მხოლოდ მასწავლებელი თუ მოჰკიდებდა ხელს, მაშინ გადიოდა. ბაღს არ ჰქონია აქტივობა, რომელშიც არასრულწლოვნის ჩართულობა არ იყო უზრუნველყოფილი. მის მშობელს რაიმე სახის პრეტენზია აღმზრდელ-პედაგოგთან არ გამოუხატავს. მშობელს პრეტენზია მხოლოდ წლის ბოლოს ჰქონდა, როდესაც დირექტორმა შეატყობინა, რომ სპეციალური პედაგოგი უნდა მიეყვანა, რადგან თავად თვლიდა, რომ მას ასეთი პედაგოგი არ სჭირდებოდა. საბავშვო ბაღს აქვს ორი აუზი: გასაბერი - პატარებისათვის და კარკასული - დიდებისთვის. აღმზრდელმა განმარტა, მისთვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელე თერაპიის კურსზე დადიოდა, თუმცა კონკრეტულად რა სახის თერაპია იყო, არ იცის. ბაღში ჯგუფები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით იყო დაყოფილი, მაგალითად 3-დან 4 წლამდე და არა თვეების მიხედვით (იხ. სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის სხდომის ოქმი).
27.5. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ასევე საბავშვო ბაღის მენეჯერი მ.კ–ია, რომლიც „აუზის ეპიზოდის“ უშუალო მონაწილეა. მისი განმარტებით, ზაფხულის ბაღში იგი ძიძას-თ.გ–ძეს ეხმარებოდა. საბავშვო ბაღში ჰქონდათ წესი, რომლის თანახმად, სამ წლამდე ბავშვები აუზში არ უნდა ჩასულიყვნენ. მან (მოწმემ), თავად მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების აუზში ჩაყვანის თაობაზე და აუზში მხოლოდ სამი წლის და სამ წელზე ზემოთ ბავშვები ჩაიყვანა. თ.გ–ძე ჯგუფში დარჩა 2 ბავშვთან - მოსარჩელესთან და კ–თან ერთად. საღამოს მას დაუკავშირდა ბავშვის დედა და უსაყვედურა, რომ მისი შვილი აუზში სხვა ბავშვებთან ერთად არ იყო, თუმცა იგი მშობელს შეჰპირდა, რომ თუ თავად მივიდოდა ბაღში და დაეხმარებოდა, შეძლებდნენ ბავშვის აუზში ჩაყვანას. მან არასრულწლოვანი აუზში არ ჩაიყვანა ბავშვის ასაკიდან და მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ვინაიდან პატარა აუზი გაფუჭებული იყო, დიდ აუზში ბავშვის ჩაყვანა ბაღის შინაგანაწესს დაარღვევდა. მოწმე სიტყვიერად შეუთანხმდა ხელმძღვანელს ბავშვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. შეკითხვაზე - შესთავაზა თუ არა მან მოსარჩელეს აუზში ჩასვლა - მოწმემ განმარტა, რომ მას ბავშვისთვის ამის თაობაზე არ უკითხავს (15:56:26-15:56:36). ზაფხულის ჯგუფში სულ 7-8 ბავშვი იყო, ხოლო აუზის ეპიზოდში მონაწილეობა მხოლოდ ორმა ბავშვმა არ მიიღო. აღნიშნული აქტივობა მას წინასწარ არ დაუგეგმავს, რადგან ის ივლისის თვის ყოველდღიურ აქტივობას წარმოადგენდა. ბავშვებს საცურაო კოსტუმები ბაღში ჰქონდათ, რადგან ივლისამდე ერთი კვირით ადრე ყველა მშობელს შეატყობინეს, რომ მოეტანათ ეს ნივთები (2023 წლის 1 მარტის სხდომის ოქმი, 16:06:14-16:06:44 სთ).
27.6. სასამართლოს შეკითხვაზე, თუ რატომ არ იცოდა მოსარჩელის მშობელმა აუზისათვის საჭირო ნივთების მიტანის აუცილებლობის შესახებ, მოწმემ განმარტა, რომ მან არ იცის, რატომ არ იყო მოსარჩელე ამ საკითხზე ინფორმირებული. მოწმემ, კითხვაზე - თუ როგორ გადაამოწმა მან ბავშვების ასაკი - განმარტა: იცოდა, რომ მათ შორის სხვაობა დაახლოებით 5-6 თვე იყო და ბავშვების ფიზიკური მონაცემები გაითვალისწინა და სიმაღლე მიიღო მხედველობაში. მოწმის მითითებით, აუზის მხარეს, ჯგუფურ ოთახს, სადაც ს. იმყოფებოდა, ჰქონდა ფანჯრები, თუმცა არ ახსოვს ფანჯრები ღია იყო თუ არა. ამ დროს მოსარჩელე სამაგიდო აქტივობებით იყო დაკავებული. ბავშვს რაიმე პრეტენზია აღნიშნულზე არ გამოუხატავს, არც უტირია (იხ. სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის სხდომის ოქმი).
27.7. „აუზის ეპიზოდის“ უშუალო მონაწილეა ასევე მოწმე თ.გ–ძე, რომლიც ბაღში 4 წელი მუშაობს. ზაფხულის ჯგუფში იგი ძიძის ფუნქციას ასრულებდა. მოწმემ განმარტა, რომ არასრულწლოვანი ჩართული იყო სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა: ხატვა, მუსიკა, სამაგიდო თამაშები და სხვა, სადაც ბავშვებთან ერთად იღებდა მონაწილეობას. მოსარჩელეს რაიმე აქტივობა აკრძალული არ ჰქონია. ძიძისათვის მისი მდგომარეობა ცნობილი იყო. ზაფხულის ჯგუფში მხოლოდ ერთი აუზი ჰქონდათ დიდი ბავშვებისთვის, პატარა აუზი დაზიანებული იყო. დიდ აუზში კი 4 წლის და ზემოთ ბავშვებს უშვებდნენ მხოლოდ. მოსარჩელის სიმაღლე დაახლოებით 1 მეტრი და 20 სმ-ია. ბავშვების აუზში ჩასვლაზე გადაწყვეტილება მ.კ–იამ მიიღო. ზაფხულის ჯგუფი შერეული ჯგუფი იყო და მასში სხვადასხვა ასაკის ბავშვები ირიცხებოდნენ. მოწმის ფუნქციებში შედის ბავშვისათვის ყურადღების მიქცევა, კვება, ჩაცმა, მოწესრიგება და ეზოში გაყვანა. იგი თავად არ იღებდა გადაწყვეტილებას, თუ რა სახის აქტივობით უნდა დაკავებულიყვნენ ბავშვები, ამას აღმზრდელი, მენეჯერი და დირექტორი წყვეტდნენ.
27.8. მოწმის განმარტებით, ჯგუფში დარჩენილნი კ. და მოსარჩელე ამ დროს სამაგიდო თამაშებით ერთობოდნენ. კითხვაზე, - გამოხატა თუ არა მოსარჩელემ სურვილი აუზში ჩასასვლელად, - მოწმემ განმარეტა, რომ ასაკობრივად იგი პატარა იყო, მაშინ სათამაშოს წართმევაც კი არ იცოდა და ამ სურვილს იგი ვერ გამოხატავდა. ბავშვს ფანჯრიდან გახედვა არ უცდია, ამასთან, იგი ფანჯარას ვერ მისწვდებოდა, რადგან საამისოდ დაბალი იყო. ბავშვს აუზიდან ამოსული ბავშვები არ დაუნახავს და არც უტირია; ფანჯრები დახურული იყო და ბავშვების ხმა არ შემოდიოდა. კონდიცირება ბაღს არ ჰქონდა, თუმცა ფილტრის აპარატები ედგათ, რომლიც ტემპერატურას არეგულირებდა. მოწმემ განმარტა, რომ აუზში სანის ჩასაყვანად თვითონაც უნდა ჩასულიყო. აუზის აქტივობა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. მოსარჩელე ფიზიკურად სუსტი ბავშვი იყო, მისთვის ეზოში ხელი უნდა ჩაგეკიდა, რომ არ წაქცეულიყო; მას დახმარება სჭირდებოდა თუნდაც საქანელაზე ასვლაში და შემდეგ იქვე უნდა ყოფილიყო, რომ არ გადმოვარდნილიყო (იხ. სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის სხდომის ოქმი).
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეს არც კი უცდია არასრულწლოვნის აუზის აქტივობით დაინტერესება - მოსარჩელე და კ.ა–ია, აქტივობაში მონაწილეობის შეთავაზების გარეშე, გამოთიშეს აუზში ჩამსვლელთა მონაწილეთა სიიდან. საქმეზე დაკითხული ბავშვთა ნერვოლოგის დასკვნით, აღნიშნული შემთხვევა არ იყო კარგი ზოგადად არასრულწლოვნის მდგომარეობისთვის და უარყოფითად იმოქმედებდა მის ფსიქიკაზე, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში არ დგინდება აღნიშნულის შემდგომი გავლენა ბავშვის მდგომარეობაზე.
29.საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ აღნიშნული აქტივობა მოპასუხემ დიდი ხნით ადრე დაგეგმა და სხვა ბავშვების მშობლები გააფრთხილა ბაღში საბანაო ეკიპრების მიტანის შესახებ, თუმცა მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი ამის თაობაზე არ იყო ინფორმირებული, ასევე - არც იმის შესახებ, თუ რატომ არ შეიძლებოდა მოსარჩელეს (ბავშვს) მიეღო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა.
30.საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ დაირღვა არასრულწლოვანი მოსარჩელის პიროვნული განვითარებისა და განათლების უფლებები, რომლებიც კონსტიტუციურ უფლებებს განეკუთვნება და აკრძალულია მათი ხელყოფა/დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით. შესაბამისად მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს (კასატორს), რომელმაც შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა უარყოს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობა.
31. დადგენილია, რომ სადავო შემთხვევას - „აუზის აქტივობას“ ადგილი ჰქონდა 2021 წლის 20 ივლისს, მაშინ, როცა მოსარჩელე საბავშვო ბაღის ზაფხულის ე.წ. „შერეულ ჯგუფში“ ირიცხებოდა. მოპასუხის მითითებითა და საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ზაფხულის ჯგუფში სულ 7-8 ბავშვი იყო, რომლებსაც ზედამხედველობას ორი პირი - მენეჯერი და ძიძა უწევდნენ. მოსარჩელე მოპასუხე დაწესებულებაში ჩაირიცხა ერთი წლისა და სამი თვის ასაკში. საქმეზე არ დადგენილა, რომ არასრულწლოვნის მოტორული უნარები და/ან ფიზიკური ჩვევები განუვითარებელი იყო მის ასაკთან შეუსაბამოდ. აუზის აქტივობიდან მისი გამორიცხვის საფუძვლად კასატორი უთითებს ბავშვის უსაფრთხოებაზე, თუმცა ვერ ასაბუთებს იმ მომეტებულ საფრთხეს, რაც მოსარჩელეს ემუქრებოდა განსხვავებით ამ აქტივობაში მონაწილე სხვა ბავშვებისაგან (იხ. ფოტოსურათები ს.ფ.-ები: 39-45). რაც შეეხება ასაკობრივ სხვაობას, აქაც საყურადღებოა, რომ მოსარჩელე ამ დროს იყო 3 წლის და 4 თვის, ხოლო აუზში მყოფი ბავშვები: ნ.გ–ა - 3 წლისა და 8 თვის (ს.ფ. 324), დ.გ–ძე - 4 წლის (ს.ფ. 320), ნ.გ–ძე - 4 წლის (ს.ფ.321), მ.ს–ძე - 3 წლის და 11 თვის (ს.ფ.322), თ.მ–ი - 3 წლისა და 9 თვის (ს.ფ.323), ანუ არსებითი ასაკობრივი სხვაობა მოსარჩელესა და ამ ბავშვებს შორის არ ყოფილა და მხოლოდ ორი ბავშვი იყო 4 წლის. ასევე, ის ფაქტი, რომ ამ დროს მოსარჩელე თანატოლებს სიმაღლეში მკვეთრად ჩამორჩებოდა, რაც მისი აუზში ჩასვლას შეაფერხებდა, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება. კასატორის მითითება ცნობილ ტრაგიკულ შემთხვევაზე, რომელიც ჩაქვის ერთ-ერთი სასტუმროს აუზში 5 წლის ბავშვის დახრჩობას ეხება, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ვერ ასაბუთებს მის პოზიციას და ვერ გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობას. ინდივიდუალური მძიმე შემთხვევების იმგვარად განზოგადება, რაც კონკრეტულ პირთა უფლებების შეზღუდვას უკავშირდება, ამ შემთხვევაში კი სკოლამდელი ასაკის ბავშვის კონკრეტულ აქტივობაში, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩართვის არიდებას, დაუსაბუთებელია. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს მშობლისთვის ე.წ. “აუზის აქტივობაზე” წინასწარ ინფორმაცია არ მიუწოდებია და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვის “აუზის აქტივობისაგან” განრიდება დაუსაბუთებლად მოხდა.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა საფუძველი, რომ მოსარჩელის ასაკის და/ან ჯანმრთელობის მდგომარებიდან გამომდინარე, შეეზღუდა მისი მონაწილეობა „აუზის აქტივობაში“. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, შესადარებელი პირები იყვნენ არსებითად იგივე მდგომარეობაში.
33. თანასწორობის პრინციპი ილახება მაშინ, როდესაც სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული, დიფერენციული მოპყრობა. პრეზუმირებულია, რომ შესადარებელი პირები არიან თანასწორი პირები, თუმცა შესაძლებელია არსებობდეს ისეთი გარემოება, რომელიც მიუთითებდეს პირთა განსხვავებულად განხილვის საჭიროებაზე. ამდენად, ყოველგვარი განსხვავება არ შეიძლება დისკრიმინაციად შეფასდეს. შესაბამისად, თუკი განსხვავებულ მოპყრობას აქვს ლეგიტიმური მიზანი და ექცევა გონივრული და ობიექტური გამართლების ფარგლებში, სახეზე დისკრიმინაცია არ იქნება. აქედან გამომდინარე, არათანაბარი მოპყრობა რომელიც ობიექტურად დასაბთებულია და არის კანონიერი მიზნის მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება არ წარმოადგენს დისკრიმინაციას.
34. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაწესებულების მხრიდან არასრულწლოვანის მშობლის არაინფორმირებულობამ და სავარაუდო საფრთხის ალბათობის არასწორმა შეფასებამ რეალურად ბავშვის პიროვნული განვითარების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების მიღების უფლების ხელყოფა გამოიწვია და გამოვლინდა, ჯანმრთელობის ნიშნით, მოარჩელისადმი უთანასწორო და დიფერენციული მიდგომა. აღნიშნული ქცევის ლეგიტიმიურ მიზნად მოპასუხემ/კასატორმა არასრულწლოვნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს ობიექტური და გონივრული გამართლებისა და მისადაგების ფარგლებს, რადგან ბავშვი არ ყოფილა ისეთ მდგომარეობაში და/ან არ ჰქონია ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, რომელიც სააღმზრდელო პროცესში კონკრეტული ტიპის აქტივობაში მისი ჩართვისთვის მოპასუხისაგან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. სააღმზრდელო დაწესებულებამ ზედმეტად მძაფრად აღიქვა ბავშვისთვის მოსალოდნელი საფრთხე და მის მიერ მოძიებული “გამოსავალი” არ წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებით ნაკარნახევ გადაწყვეტას, ამიტომ დასაბუთებულია სარჩელი.
35.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით მოპასუხემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ქმედებას ჰქონდა რაიმე ობიექტური გამართლება.
36. სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
37. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით. კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება განპირობებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი (იხ. სუსგ-ები Nას-1156-1176-2011, 20.01.2012წ.; Nას-593-568-2016, 14.07.2017წ.;).
38. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით გადასახდელი თანხის ოდენობას, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით. სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა დამოკიდებულია პირის ფსიქიკურ სფეროზე ნეგატიური ზემოქმედების ხარისხსა და ხასიათზე, რასაც, თავის მხრივ, კონკრეტული პირის სუბიექტური თავისებურებები განაპირობებს. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი გარემოებები, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (სუსგ №ას-660-660-2018, 20.07.2018წ.; Nას-645-2019, 26.07.2019წ.; Nას-332-2020, 29.09.2022წ.; Nას-1584-2022, 9.11.2023წ.;). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობა - 2 000 ლარი (მოსარჩელე მოითხოვდა 10 000 ლარს) გონივრული და სამართლიანია, ადეკვატურად და პროპორციულად უზრუნველყოფს დისკრიმინაციული მოპყრობის მორალურ კომპენსაციას
39. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
40. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ მოტივაციასთან დაკავშირებით, რაც მისი დაუშვებლად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე–ბის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ე–ბს“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. ხ–ის მიერ 28.02.2024 წელს #20755652571 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
თ. ზამბახიძე