საქმე №ას-947-2021 30 ნოემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე-პ.ჯ–ია“ (მოსარჩელე)
მესამე პირი – სს „ს.რ–ა“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 27.04.2021 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს „ე-პ.ჯ–იამ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“ ან „სააგენტო“) მიმართ (მესამე პირი - სს „ს.რ–ა“) და მოითხოვა სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 13.04.2009 წლის N1-3/175 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.01.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საწარმოთა მართვის სააგენტოს 13.04.2009 წლის N1-3/175 ბრძანება მესამე პირის კაპიტალში მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ს/კ ....... - (სარეგისტრაციო ზონა - ტყიბული (კოდი 39), სექტორი - ქ. ტყიბული (კოდი ..), კვარტალი - N 01; ნაკვეთის N.., ფართობი - 21 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, მისამართი - ტყიბული, ...... ქუჩა) შეტანის ნაწილში და აღნიშნული ქონების მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით - მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.01.2019 წლის გადაწყვეტილება, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 11.03.2021 წელს, 13:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სასამართლო უწყება ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და განემარტა სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები (ტ.II, ს.ფ. 92). აპელანტს გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია.
4.2. სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4.3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 387.1, 229-ე, 233.1 მუხლებით. სააპელაციო პალატის შეფასებით, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რადგან: სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოწვეული აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, არც გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტმა გაასაჩივრა საჩივრით და განმარტა, რომ აპელანტის წარმომადგენელი მ.ბ–ი იმავე დროს მონაწილეობდა სხვა ადმინისტრაციული საქმის განხილვაში, მის ნაცვლად სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო გ.გ–ი, რომელსაც სასამართლო სხდომაზე დააგვიანდა საავტომობილო გზაზე შექმნილი საცობის გამო.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.04.2021 წლის განჩინებით - საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 11.03.2021 წელს, 13:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე.
6.2. დადგენილია, რომ 13:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომა დაიწყო 13:38:20 საათზე, ანუ თითქმის 40 წუთის დაგვიანებით, იმ მიზეზით, რომ სხდომის დაწყებამდე სასამართლო თავად ცდილობდა აპელანტთან დაკავშირებას და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დადგენას. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა საჩივარში მითითებულ გარემოებები გზაზე შექმნილი საცობის გამო წარმომადგენლის დაგვიანების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის არსებობის თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, გარდა იმისა, რომ მხარეს ჰქონდა საკმარისი დრო, გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე, საყურადღებოა, რომ ასეთი ფაქტობრივი გარემოების თაობაზე აპელანტს სასამართლო სხდომის დაწყებამდე სასამართლოსათვის არ შეუტყობინებია. გასათვალისწინებელია, რომ საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება საჩივრის ავტორს წარმოდგენილი არ აქვს, საჩივარს არ ერთვის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოიწვია საავტომობილო გზაზე შექმნილმა საცობმა, წარმოდგენილი არ არის ასევე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მ.ბ–ი სხვა საქმეში მონაწილეობის გამო, ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და აპელანტის ინტერესები უნდა დაეცვა გ.გ–ს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობები.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 27.04.2021 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
7.1. აპელანტის წარმომადგენელი მ.ბ–ი სადავო სხდომის დროს მონაწილეობდა სხვა ადმინისტრაციული საქმის განხილვაში. ვინაიდან სასამართლოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებულია პროცესის მხარეები და დრო, აპელანტს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მ.ბ–ის ნაცვლად, სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო გ.გ–ი. წარმომადგენლებს ზოგადი ხასიათის მინდობილობებით შეუძლიათ ნებისმიერ პროცესზე დაიცვან სააგენტოს ინტერესები და იმ შემთხვევებში, როდესაც სხდომის თარიღები ერთმანეთს ემთხვევა, უშუალო ხელმძღვანელი მიუთითებს, ვინ უნდა ჩაანაცვლოს ძირითადი წარმომადგენელი. მინდობილობა სასამართლოს წარედგინება უშუალოდ პროცესზე. შესაბამისად, წინასწარ არ არის განსაზღვრული, თუ რომელი წარმომადგენელი მიიღებს პროცესში მონაწილეობას.
7.2. 11.03.2021 წელს, 13:22 საათზე, მ.ბ–ს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ სასამართლოდან და განუმარტეს, რომ ამ დრომდე აპელანტის წარმომადგენელი არ იყო გამოცხადებული სხდომაზე, რის პასუხადაც წარმომადგენელმა სასამართლოს აცნობა, რომ სხდომაზე გამოცხადდებოდა გ.გ–ი. უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტს სასამართლოსთვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ.
7.3. რაც შეეხება უშუალოდ დაგვიანების მიზეზს, სააგენტო მდებარეობს თბილისში, ....... გამზირზე და სააპელაციო სასამართლომდე მისასვლელი გზა გადატვირთულია ავტომანქანებით, რაც შეუძლებელს ხდის იმის განსაზღვრას, ზუსტად რა დრო დასჭირდება დანიშნულების ადგილზე მისვლას. გ.გ–ი, რომელსაც გადატვირთული მოძრაობის გამო დააგვიანდა სხდომაზე, ცდილობდა, დაჰკავშირებოდა სასამართლოს, თუმცა უშედეგოდ. სააგენტომ ზემოაღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე სადავო პერიოდში არსებული საცობის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წერილით ეცნობა, რომ სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოში არ მოიპოვებოდა რაიმე ცნობა მითითებულ საგზაო მონაკვეთზე სადავო პერიოდში არსებულ საცობთან დაკავშირებით. ვინაიდან წერილი არ იძლეოდა საცობის თაობაზე ინფორმაციას, იგი სასამართლოსთვის წარდგენილი არ ყოფილა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, როგორც კანონით დასაშვებად მიჩნეული კატეგორიის საქმეზე (სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი დასაშვებად მიიჩნევს საკასაციო საჩივარს განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე), განისაზღვრა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინების კანონიერება.
10. სსსკ-ის 387-ე მუხლი არეგულირებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
11. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სუსგ №ას-738-2019, 19.12.2019წ., პუნ. 16).
12. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში 11.03.2021 წელს, 13:00 საათზე დანიშნულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სხდომის თაობაზე სატელეფონო შეტყობინებით, კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა 24.02.2021 წელს და განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები (ტ.1, ს.ფ. 81; ტ.2, ს.ფ. 92). სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
13. რაც შეეხება გამოუცხადებლობის მიზეზს, სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ №ას-738-2019, 19.12.2019წ. პუნ. 19).
14. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
15. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (სუსგ Nას-780-780-2018, 22.10.2019წ. პუნ. 32). ზემოაღნიშნული წინაპირობები კუმულაციურია და მხოლოდ ერთობლივად არსებობის შემთხვევაში ქმნის საფუძველს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისთვის.
16. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ აპელანტი მხარე ვერ ადასტურებს მის მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებებს საქმეში ჩართული წარმომადგენლის სხვა პროცესში მონაწილეობის, მისი სხვა წარმომადგენლით ჩანაცვლების და სადავო პერიოდში გზაზე არსებული სატრანსორტო შეფერხების თაობაზე, რამაც სხდომაზე მიმავალ წარმომადგენელს ხელი შეუშალა სასამართლოში დროულად გამოცხადებაში. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც სააპელაციო სასამართლომაც მართებულად აღნიშნა, 11.03.2021 წელს, 13:00 საათზე დანიშნული სხდომა დაიწყო 13:38:20 საათზე, ანუ თითქმის 40 წუთის დაგვიანებით. შესაბამისად, აპელანტს საკმარისი დრო ჰქონდა, თუნდაც გარკვეული დაგვიანების შემთხვევაში, სხდომის დაწყებამდე გამოცხადებულიყო სასამართლოში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რთულია საუბარი იმაზე, კონკრეტულ დღესა და დროს რა ვითარება იყო გზებზე და რამდენად იყო შესაძლებელი ავტოტრანსპორტით დროულად გადაადგილება სააპელაციო სასამართლომდე. ამასთან, არ დგინდება წინაპირობა მასზე, რომ განსაზღვრულ დროს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ მხარეს არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის, ეს კი თავისთავად გამორიცხავს ფაქტობრივი შემადგენლობის კუმულაციურად არსებობას. ქალაქში არსებული გადატვირთული მოძრაობა თავისთავად ვერ მიიჩნევა სასამართლო სხდომებზე დროულად გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან მხარე ვალდებულია, დაიცვას წინდახედულობის ყველა ნორმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მის მიმართ არასასურველი შედეგი (შდრ. სუსგ-ებები: Nას-908-853-2012; 02.07.2012წ.; Nას-867-2021, 07.10.2021წ.). მხარემ წინასწარ უნდა გაითვალისწინოს ყველა შემაფერხებელი გარემოება, იმ პროცესუალური შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც მოჰყვება მის გამოუცხადებლობას (შდრ. სუსგ №ას-1051-985-2010, 23.12.2010წ.; №ას-517-490-2015, 02.07.2015წ.).
17. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
18. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტით (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.03.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 27.04.2021 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ზურაბ ძლიერიშვილი