05 დეკემბერი 2023 წელი №ას-1393-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ა.დ–ვა“
მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - შ.პ.ს. „ი.თ.ჯ“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სარჩელი ს.ს. „ა.დ–ვა“-ს მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. ს.ს. "ა.დ–ვას" დაეკისრა გამოთხოვილი საგარანტიო თანხის 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ანაზღაურება ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ (APB/20092838 საავანსოს გადახდის საბანკო გარანტია).
1.2. ს.ს. "ა.დ–ვას" დაეკისრა გამოთხოვილი საგარანტიო თანხის 180 683.99 (ასოთხმოციათას ექვსასოთხმოცდასამი) ლარის ანაზღაურება ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ (APB/20-092837 საავანსო გადახდის საბანკო გარანტია).
1.3. ს.ს. "ა.დ–ვას" დაეკისრა გამოთხოვილი საგარანტიო თანხის 1 850 000 (ერთი მილიონ რვაასორმოცდაათი ათასი) ლარის ანაზღაურება ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ (APB/19-092030 საავანსოს გადახდის საბანკო გარანტია).
1.4. ს.ს. "ა.დ–ვას" დაეკისრა გამოთხოვილი საგარანტიო თანხის 309 927 (სამასცხრაათას ცხრაას ოცდაშვიდი) ლარის ანაზღაურება ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ (ჩPB/19-004716 ხელშეკრულების შესრულების გარანტია).
1.5. ს.ს. "ა.დ–ვას" დაეკისრა გამოთხოვილი საგარანტიო თანხის 249 775 (ორასორმოცდაცხრაათას შვიდას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ანაზღაურება სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ (ხელშეკრულების შესრულების გარანტია ჩPB/20-005438).
1.6. ს.ს. "ა.დ–ვას" დაეკისრა ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის წლიური საპროცენტო სარგებლის 10% მოცულობით 2021 წლის 25 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.7. ს.ს. "ა.დ–ვას" დაეკისრა ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 180 683.99 (ასოთხმოციათას ექვსასოთხმოცდასამი) ლარის წლიური საპროცენტო სარგებლის 10% მოცულობით 2021 წლის 25 თებერვლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.8. ს.ს. "ა.დ–ვას" დაეკისრა ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 1 850 000 (ერთი მილიონ რვაასორმოცდაათი ათასი) ლარის წლიური საპროცენტო სარგებლის 10% მოცულობით 2021 წლის 14 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.9. ს.ს. "ა.დ–ვას" დაეკისრა ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 309 927 (სამასცხრაათას ცხრაას ოცდაშვიდი) ლარის წლიური საპროცენტო სარგებლის 10% მოცულობით 2021 წლის 14 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.10. ს.ს. "ა.დ–ვას" დაეკისრა ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით 249 775 (ორასორმოცდაცხრაათას შვიდას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარის წლიური საპროცენტო სარგებლის 10% მოცულობით 2021 წლის 14 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ს.ს. ,,ა.დ–ვამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
3. 2023 წლის 26 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ხ.კ–ძემ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა გარანტორის _ ს.ს. „ა.დ–ვის“ ს/ნ...... მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და ყადაღის დადება ს.ს. „ა.ჯ–ის“ ს/ნ...... საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ან/და საბანკო ანგარიშებზე 4 090 385,99 ლარის ფარგლებში.
4. შუამდგომლობის დასასაბუთებლად განმცხადებელმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: გარანტი ს.ს. „ა.დ–ვა“ უხეშად არღვევს და თავს არიდებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და მის მიერ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ბენეფიციარის მრავალი მიმართვის მიუხედავად, მას არ ჩაურიცხავს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხები, მაშინ როცა განმეორებითი მიმართვა დაუყოვნებლივ ანაზღაურებას ექვემდებარება. ცალსახაა, რომ ს.ს. „ა.დ–ვა“ თავს არიდებს სახელმწიფოსათვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვას. იმის გათვალისწინებით, რომ გარანტი არ ასრულებს საბანკო გარანტიით ნაკისრ ვალდებულებას, რისკი იმისა, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება, მაღალია.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის გაჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
5.1. სააპელაციო პალატამ განმარტა უზრუნველყოფის ინსტისტუტის მიზანი და დანიშნულება, მისი გამოყენების პრინციპები და განსახილველ შემთხვევიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნის შინაარსისა და ოდენობისა, მხედველობაში იყო მისაღები მოპასუხე სუბიექტის უნარი უზრუნველყოფის არარსებობის პირობებში სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობასთან მიმართებით. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარე საქართველოს ბაზარზე მოქმედი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა, პალატის შეფასებით, დაუსაბუთებელი იყო იმ გარემოებაზე აპელირება, რომ თითქოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, შეუძლებელი გახდებოდა სადაზღვევო კომპანიიდან დაკმაყოფილებული ფულადი მოთხოვნის ამოღება.
5.2. პალატამ განმარტა, რომ სადაზღვევო საქმიანობა მიეკუთვნება ლიცენზირებად საქმიანობას, რომელსაც გასცემს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა აღნიშნული საქმიანობის დასაწყებად შესაბამისი კაპიტალის ქონაა. ამდენად, სადაზღვევო კომპანიების კონტროლი ხდება სახელმწიფოს მხრიდან და ისინი არ მოიაზრებიან, როგორც ჩვეულებრივი მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ სახსრები და ქონება. კომპანიას გააჩნია კაპიტალი (კომპანიის მთლიანი ქონება), ხოლო საზედამხედველო კაპიტალი არის ის კაპიტალი, ჯანმრთელი ქონება, რომლის არსებობასაც საფრთხე არასდროს ემუქრება, შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია დაცულია მოსალოდნელი თუ მოულოდნელი რისკებისაგან, აღნიშნულის მონიტორინგს კი ყოველთვიურად ახორციელებს საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური.
5.3. ამდენად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა კონკრეტულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, რამეთუ სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემადგენლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებასთან, თუ აღუსრულებლობის საშიშროებასთან მიმართებით. პალატის შეფასებით, ს.ს. „ა.დ–ვა“, როგორც მეწარმე სუბიექტი, წარმოადგენს დაზღვევის სფეროში მოქმედ ერთ-ერთ სტაბილურ/მოწინავე კომპანიას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაუჭირდებოდა მოთხოვნილი თანხის გადახდა, ან კიდევ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდისათვის თავის არიდების მიზნით გაასხვისებდა კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას, წილებს, გადამალავდა ფინანსებს და შეწყვეტდა სამეწარმეო საქმიანობას.
6. 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება განმცხადებლის წარმომადგენელ ხ.კ–ძეს ჩაბარდა 2023 წლის 28 სექტემბერს (იხ. ტ.1. ს.ფ. 108). 2023 წლის 04 ოქტომბერს ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარმოადგინა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით:
6.1. საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ დღეის მდგომარეობით ა.დ–ვა წარმოადგენს „ვალდებულების დაფარვაზე უნარიან სუბიექტს და ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია“, და მიუთითა, რომ ინტერნეტ სივრცეში თავისუფლად მოიპოვება ინფორმაცია ს.ს. ,,ა.დ–ვის’’ ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით, კერძოდ 2021 წლის 31 დეკემბრის RSM Georgia (არესემი) აუდიტორულ დასკვნაში ნათლად ჩანს, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სადაც ვკითხულობთ, რომ „კომპანია აღიარებს საჭირო საზედამხედველო კაპიტალის დეფიციტს“. (იხ, დასკვნის https://ardi.ge/storage/financial/56/Audit გვ.10). ამასთან, კომპანიის ფინანსური კრიზისი კარგად ჩანს ს.ს.ი.პ. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდის (ყველასათვის ხელმისაწვდომია და საჯაროა აღნიშნული ინფორმაცის) სტატისტიკურ მონაცემებში, კერძოდ მის ერთ-ერთ განშტოებაში ,,ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში" (საბანკო გარანტია), მონაწილე სადაზღვევო კომპანიების ჩამონათვალში სადაზღვევო კომპანია არდი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც არ აკმაყოფილებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 6 აგვისტოს N33 ბრძანების მოთხოვნებს და ასევე ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა, რომელსაც დროებით შეჩერებული/აკრძალული აქვს ახალი ვალდებულების აღება. შეჩერების/აკრძალვის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 22 ნოემბრიდან.
6.2. ზემოხსენებული სამართლებრივი აქტით დამტკიცებულია „მზღვეველის მიერ აღებული ნეტო ვალდებულებებისა და საზედამხედველო კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის წესი.“ აღნიშნული შემუშავებულია მზღვეველის გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით. ანუ მზღვეველი გადახდისუნარიანი რომ იყოს, უნდა აკმაყოფილებდეს ზემოხსენებული სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ს.ს.ი.პ. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ნაჩვენებია, რომ ს.ს. ,,ა.დ–ვა’’ არ აკმაყოფილებს ზემოხსენებული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ნორმებს. აღნიშნული სამართლებრივი აქტის გათვალისწინებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა ნიშნავს, რომ რისკი და ალბათობა იმისა, რომ ს.ს. ,,ა.დ–ვა’’ მომავალში გახდება გადახდისუუნარო უფრო დიდია.
6.3. მისი მითითებით, მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს გაეთვალისწინებინა ზემოხსენებული გარემოებები და გადაწყვეტილების მიღებისას, როდესაც საფრთხე სახელმწიფო ფულად ასიგნებს ემუქრებოდა, უფრო გულისყურით მისდგომოდა აღნიშნულ საკითხს. ცალსახად დასტურდებოდა საფრთხე, რომ ფონდის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩებოდა. ამასთან, მან მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას და სამართლიანი გადაწყვეტილება არაფერია თუ იგი აღსრულებას არ ექვემდებარება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
6.4. დამატებით, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება სხვა საქმეზე, იგივე მხარეებს შორის არსებულ დავაზე სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, რომლითაც ს.ს. ,,ა.დ–ვას’’ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (კონკრეტული საკადასტრო კოდების მითითებით) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2023 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი წარმოებაში მიიღო.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
8.1. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებაში განვითარებული მსჯელობა სადაზღვევო საქმიანობის სპეციფიკასთან მიმართებით და დაადგინა, რომ ს.ს. ,,ა.დ–ვა’’ ვერ მიიჩნევა ისეთი სახის ორგანიზაციად, რომელსაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაუჭირდება მოთხოვნილი თანხის გადახდა, ან კიდევ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდისათვის თავის არიდების მიზნით გაასხვისებს კუთვნილ უძრავ ქონებას ან შეწყვეტს სამეწარმეო საქმიანობას.
პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს არ უქმნიდა მყარ შინაგან რწმენას, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე თავს აარიდებდა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებას, ხოლო იმ შემთხვევაშიც, თუ მხარე ნებაყოფლობით არ შეასრულებდა გადაწყვეტილებას, არ იქმნებოდა იმის გონივრული ეჭვი, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბერკეტები უმოქმედო აღმოჩნდებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისას. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა კონკრეტულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, რამეთუ სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემადგენლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებასთან, თუ აღუსრულებლობის საშიშროებასთან მიმართებით.
8.2. პალატამ ყურადღება მიაპყრო მოწინააღმდეგე მხარის ს.ს. ,,ა.დ–ვას’’ მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე და მასზე დართულ მტკიცებულებებზე, რომლის თანახმად, ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ს.ს. „ა.დ–ვას“ მიერ აუცილებელი სადაზღვევო რეზერვის სახით გამოყენებული ბრუტო რეზერვი შეადგენს 40 934 901.00 ლარს, რომელიც მუდმივად რეზერვირებულია სადაზღვევო-საგარანტიო შემთხვევის გაცხადების მომენტიდან მის ანაზღაურებამდე. აღნიშნული რეზერვირებული თანხის გარდა, მას საბანკო ანგარიშებზე განთავსებული აქვს სხვა ფულადი რესურსებიც (დაახლოებით 30 მილიონი ლარი), რომელიც ასევე ემსახურება სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმდინარე სადაზღვევო ანაზღაურებების გაცემას. ამასთან, ნებაყოფილობით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ფულადი რესურსის მიღებას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოების ფარგლებში. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გაცხადებული შიში და საფრთხე დაკისრებული თანხის გადახდის შეუძლებლობის შესახებ პრაქტიკულად გამორიცხულია, სადაზღვევო რეზერვისა და თავისუფალი ფინანსური რესურსის გარანტიების გამო.
სადაზღვევო კომპანიამ მიუთითა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ავტომატურად იწვევს ფულადი რესურსებისა თუ ქონების ორმაგ რეზერვირებას, რაც უმძიმეს ტვირთად აწვება კომპანიას და საბოლოო ჯამში სამართლიანი სასამართლოს უფლებას უსპობს ბიზნეს სუბიექტს. საგარანტიო რეზერვების გარდა, ს.ს. „ა.დ–ვას“ პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილია სადაზღვევო რეზერვების გადაზღვევით. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიას რომ არ გააჩნდეს საკმარისი აქტივები ვალდებულებებთან მიმართებით, ეს არ ნიშნავს, რომ მას დარღვეული აქვს თანაფარდობა, რადგან მისი დაცვა ხდება დამატებითი საფინანსო რესურსებით – გადაზღვევით. ს.ს. ,,ა.დ–ვის’’ შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულების რისკი გადაზღვეულია ევროპის უმსხვილეს გადამზღვეველ ორგანიზაციაში, რომელიც წერილობით ადასტურებს, რომ ს.ს. „ა.დ–ვას" აქვს უწყვეტი გადაზღვევა საბანკო გარანტიების მიმართულებით (სადაზღვევო გარანტია), პროპორციული და არაპროპორციული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლებიც გაცემული იყო 2017- 2022 წლებში (ორივე წლის ჩათვლით) შემდეგ ქვესახეობებში: საბაჟო გარანტია; სატენდერო წინადადების გარანტია; ხელშეკრულების შესრულების გარანტია; საავანსო ანგარიშსწორების გარანტია; ხარისხის გარანტია. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით, ავტომატური გადაზღვევის ლიმიტი ერთ რისკზე შეადგენს 2,500,000,00 ლარს და ს.ს. "ა.დ–ვის" შეკავება (წილი) არ აღემატება 150,000 ლარს. ამდენად, განსახილველ დავაზე გაცემული საგარანტიო პოლისებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულება ავტომატურად გადაზღვეულია უმსხვილესი გადამზღვეველი ორგანიზაციის მიერ, რომლის შესახებ ინფორმირებულია ზედამხედველობის სამსახური. თანხის გადახდის ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, გადამზღვეველი მოახდენს სადაზღვევო ანაზღაურების ავტომატურ ჩარიცხვას მიმართვიდან შემჭიდროებულ ვადაში (7-10 დღე). ზემოაღნიშნულს ადასტურებს გადაზღვევის ხელშეკრულების სერთიფიკატი. ხოლო ს.ს.ი.პ. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2023 წლის 12 ოქტომბერს გაცემული ცნობით კი, დგინდება, რომ 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით გაცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის რეზერვის გაანგარიშებული ოდენობა შეადგენს: ბრუტო - 40 934 900,95 ლარს და ნეტო - 10 612 921,79 ლარს.
დამატებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ს.ს. ,,ა.დ–ვის’’ მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებზე, რომელთა მიხედვით, მას საბანკო ანგარიშებზე განთავსებული აქვს სოლიდური ოდენობის თანხები, რომელთა ოდენობა 12 900 000 ლარს აღემატება და მისი აქტივი ყოველთვიურად იზრდება.
8.3. პალატამ მიუთითა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები განმტკიცებდა და ადასტურებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრს განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას მასზედ, რომ ს.ს. ,,ა.დ–ვა’’ წარმოადგენს მსხვილ კომპანიას, რომლის მიმართაც არ არსებობს გადახდისუუნარობის საფრთხე. ხოლო მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები ან ფაქტები, რომლებიც სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველი გახდებოდა. რაც შეეხება მის მიერ წარმოდგენილ სასამართლოს განჩინებას, რომელიც მიღებულია სხვა საქმეზე, აღნიშნულს ვერ ექნება გავლენა განსახილველი საჩივრის შედეგზე, ვინაიდან სასამართლო ყოველი კონკრეტული დავის განხილვისას ითვალსიწინებს და მხედველობაში იღებს ამ საქმის კონკრეტულ გარემოებებს და მტკიცებულებებს, ამასთან, წარმოდგენილი განჩინება გასაჩივრებულია და არ არის კანონიერ ძალაში შესული.
8.4. ამდენად, ვინაიდან საჩივარში მითითებული გარემოებები საფუძვლად ვერ დაედებოდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, პალატამ მიიჩნია, რომ უარი უნდა ეთქვა ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საჩივრის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად უნდა გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
11. სსსკ 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.
13. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ. №ას-802-2022, 04.07.2022წ). ამგვარი დასაბუთებული ვარაუდი კი უნდა შექმნას განმცხადებელმა.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია რა მხარეთა თანასწორობის პრინციპზე, ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. კანონმდებლის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის დაწესება არ გულისხმობს მის ავტომატურ გამოყენებას ნებისმიერი სარჩელის მიმართ, არამედ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხდება ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს განსაკუთრებული მსჯელობის შედეგად (იხ. სუსგ. №ას-985-925-2012, 19.07.2012წ).
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განმცხადებელს სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობის წარდგენის ეტაპზე მართებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითების ტვირთი, რომელიც სასამართლოს აღუძრავს გონივრულ ეჭვს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა კონკრეტულ შემთხვევაში მართლაც წარმოშობს სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკს.
16. ამრიგად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობა უნდა ემყარებოდეს არა აბსტრაქტულ, ჰიპოთეტურ რისკებს, რომლებიც თანაბრად შეიძლება არსებობდეს ყველა მიკუთვნებითი სარჩელის განხილვისას, არამედ კონკრეტული საქმისათვის დამახასიათებელ და მისგან გამომდინარე რისკებს, რომელთა განხორციელების რეალურობაზეც მეტყველებს მომხდარი თუ მიმდინარე მოვლენები ან მოპასუხის წინარე ქმედებები.
17. განსახილველ შემთხვევაში, საჩივარი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ს.ს. ,,ა.დ–ვა იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ის ვერ აკმაყოფილებს სადაზღვევო კომპანიებისთვის სამართლებრივი აქტით დადგენილ გადახდისუნარიანობის კრიტერიუმებს, რაც ნიშნავს, რომ დიდია რისკი და ალბათობა იმისა, რომ ს.ს. ,,ა.დ–ვა’’ მომავალში გახდება გადახდისუუნარო.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ადგენს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს და კონკრეტული ფაქტის არსებობის სარწმუნოდ დადასტურებას ავალებს იმ მხარეს, რომელმაც იგი თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა.
ამდენად, საჩივრის ავტორს საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად უნდა დაედასტურებინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ს.ს. ,,ა.დ–ვა’’ განიცდის ისეთ ფინანსურ სირთულეებს, რომლებიც სამომავლოდ ობიექტურად ხელს შეუშლის გადაწყვეტილების აღსრულებას.
19. ამ მხრივ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრების არარსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა და სასამართლოს ვერ შეუქმნა რწმენა მის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე.
20. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ს.ს. ,,ა.დ–ვა’’, როგორც მეწარმე სუბიექტი წარმოადგენს დაზღვევის სფეროში მოქმედ ერთ-ერთ სტაბილურ კომპანიას. როგორც განჩინებაშია მითითებული, სადაზღვევო საქმიანობა ლიცენზირებადი საქმიანობაა და დაზღვევის ზედამხედველობა და კონტროლი ხდება სახელმწიფოს მხრიდან, ისინი არ მოიაზრებიან ჩვეულებრივ მეწარმე სუბიექტებად, რომლებსაც შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ სახსრები და ქონება. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას გააჩნია კაპიტალი (კომპანიის მთლიანი ქონება), ხოლო საზედამხედველო კაპიტალი არის ის კაპიტალი, ჯანმრთელი ქონება, რომლის არებობასაც საფრთხე არასდროს ემუქრება, კომპანია დაცულია, მოსალონდნელი თუ მოულოდნელი რისკებისაგან. შესაბამისად, ის ვერ მიიჩნევა ისეთი სახის ორგანიზაციად, რომელსაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაუჭირდება მოთხოვნილი თანხის გადახდა, ან კიდევ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდისთვის თავის არიდების მიზნით, გაასხვისებს კუთვნილ უძრავ ქონებას, ან შეწყვეტს სამეწარმეო საქმიანობას.
21. განსახილველი საკითხის შეფასებისას, ასევე საყურადღებოა, მოწინააღმდეგე მხარის ს.ს. „ა.დ–ვის“ პოზიცია და მასზე დართული მტკიცებულებები, რომლის თანახმად, სადაზღვევო რეზერვის სახით გამოყენებული რეზერვი შეადგენს 40 943 901,00 ლარს. აღნიშნული რეზერვირებული თანხის გარდა მას საბანკო ანგარიშებზე განთავსებული აქვს სხვა ფულადი რესურსებიც (დაახლოებით 30 მილიონი ლარი), რაც ასევე ემსახურება მიმდინარე სადაზღვევო ანაზღაურებების გაცემას. საგარანტიო რეზერვების გარდა, ს.ს. „ა.დ–ვის“ პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილია სადაზღვევო რეზერვების გადაზღვევით და ვალდებულების რისკი გადაზღვეულია ევროპის უმსხვილეს გადამზღვეველ ორგანიზაციაში. ამასთან, საბანკო ამონაწერებით დასტურდება, რომ კომპანიას საბანკო ანგარიშებზე განთავსებული აქვს სოლიდური ოდენობის თანხები - 12 900 000 ლარზე მეტი და მისი აქტივი ყოველთვიურად იზრდება.
22. მოცემული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ მოწინააღმდეგე მხარე სტაბილური და ფინანსურად ძლიერი კომპანიაა, რომლის აქტივები მნიშვნელოვნად აღემატება გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხას. ამდენად, სასამართლოს ექმნება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საჩივრის ავტორის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშეცაა შესაძლებელი. მით უფრო იმ პირობებში, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები ან ფაქტები, რომლებიც სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველი გახდებოდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებული თანხის კომპანიის რეზერვებსა თუ საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებთან შეფარდება, საფუძველს აცლის განმცხადებლის ვარაუდს, სადაზღვევო კომპანიის მიმართ საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე.
24. პალატას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისაგან თავის არიდების რისკი და გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებისათვის ხელისშემშლელი გარემოებები. სარჩელის აღძვრა და სასამართლოს წესით უფლების დაცვა კი იმთავითვე არ ნიშნავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას, მით უფრო მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე და შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი სადაზღვევო ბაზარზე მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი სტაბილური სადაზღვევო კომპანიაა და მხარეთა შორის არსებული დავის მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე არ დაემუქრება.
25. საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ გამოდგება მოსარჩელის მიერ ვერც იმ გარემოებაზე მითითება, რომ იგივე მხარეეებს შორის არსებულ სხვა დავაზე, სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენა. ამ შემთხვევაში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სასამართლო ყოველი კონკრეტული დავის განხილვისას ითვალისწინებს და მხედველობაში იღებს ამ საქმის კონკრეტულ გარემოებებს და მტკიცებულებებს, შესაბამისად, აღნიშნულს ვერ ექნება გავლენა განსახილველი საჩივრის შედეგზე. ამასთან, წარმოდგენილი განჩინება გასაჩივრებულია და არ არის კანონიერ ძალაში შესული.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით საჩივრის ავტორს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 191-ე, 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 284-ე, 285-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საჩივარი.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და ამავე სასამართლოს 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი