საქმე№ას-459-2023
11 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ზ.გ–ძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - შ.კ–ი
შეგებებული კასატორი – შპს „ე–ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენლები - გ.უ–ი, ნ.ჭ–ი, ფ.ფ–ძე
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
შეგებებული კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ზ.გ–ძემ, 2020 წლის 29 ივლისს, სასარჩელო განცხადებით მიმართა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - შპს ე–ის“ მიმართ და მოითხოვა:.ბათილად იქნას ცნობილი შპს „ე–ის“ 2020 წლის 02 მარტის N02/03/2020-1 ბრძანება ზ.გ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; შპს „ე–ს“ დაევალოს მოსარჩელე ზ.გ–ძის აღდგენა შპს „ე–იში“ ტოლფას - მენეჯერის პოზიციაზე; შპს „ე–ს“ ზ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს 2020 წლის 01 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - მოსარჩელის ყოველთვიური ხელზე ასაღები შრომის ანაზღაურების 1960 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით, ზ.გ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.გ–ძემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, ზ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ზ.გ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შპს „ე–ის“ დირექტორის 2020 წლის 02 მარტის ბრძანება; არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე; სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ შპს „ე–ს“ ზ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 9800 ლარის ოდენობით; შპს „ე–ის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 392 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საკასაციო საჩივარი წარადგინა ზ.გ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით, ზ.გ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2023 წლის 19 ივნისს, შპს „ე–იმ“ წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით, შპს „ე–ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აპრილის განჩინებით, ზ.გ–ძის საკასაციო საჩივარი და შპს „ე–ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა განსახილველად.
2024 წლის 06 ივნისს, ზ.გ–ძის წარმომადგენელმა - შ.კ–მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე.
პალატამ შეამოწმა, ზ.გ–ძის წარმომადგენლის შ.კ–ის რწმუნებულება/მინდობილობა და დარწმუნდა, რომ აქვს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და ზ.გ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის და ამავე სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის განჩინებებით ზ.გ–ძის საკასაციო საჩივარი და შპს „ე–ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2024 წლის 08 აპრილის განჩინებით, ზ.გ–ძის საკასაციო საჩივარი და შპს „ე–ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა განსახილველად.
დადგენილია ასევე, რომ კასატორი - ზ.გ–ძე უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
სსსკ-ის მე-2 მუხლით განსაზღვრულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ასევე გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ზ.გ–ძემ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლება, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე ზ.გ–ძის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
რაც შეეხება შპს „ე–ის“ შეგებებულ საკასაციო საჩივარს, პალატა მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველი სსსკ-ის 379-ე მუხლის შესაბამისად, ზ.გ–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, ვინაიდან ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლი იმპერატიული შინაარსისაა, რაც მისი სხვაგვარი გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა. აღნიშნული გამომდინარეობს თავად შეგებებული საკასაციო საჩივრის არსიდან, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი ორგანულად არის დაკავშირებული ძირითად საკასაციო საჩივართან. სწორედ ამის გამო, თუკი საკასაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს საკასაციო საჩივარს, მაშინ შეგებებული საკასაციო საჩივარი კარგავს თავის დანიშნულებას და ძირითადი საკასაციო საჩივრის ბედს იზიარებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1277-2020, 18 დეკემბერი, 2020 წელი; საქმე №ას-1110-2021 7 თებერვალი, 2022 წელი).
საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს -ზ.გ–ძეს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში (იხ. სუსგ საქმე Nას-171-2022, 13 მარტი, 2023 წელი).
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის არსებითად განხილვამდე ზ.გ–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შეგებებულ კასატორს შპს „ე–ის“ სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 450 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ.გ–ძის წარმომადგენლის, შ.კ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და ზ.გ–ძის მიერ, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, აღნიშნულ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;
2. შპს „ე–ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5. კასატორს - ზ.გ–ძეს (პირადი ნომერი .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შ.კ–ის მიერ (პირადი ნომერი .......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2023 წლის 05 მაისს, სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი (საგადასახადო დავალება №16985744462; ბანკის კოდი BAGAGE22, სახაზინო კოდი 300773150; მიმღების ბანკი - „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22).
6. შეგებებულ კასატორს - შპს „ე–ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი .......) დაუბრუნდეს შეგებებულ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2023 წლის 13 ივნისს, სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი საგადასახადო დავალება №558; ბანკის კოდი BAGAGE22, სახაზინო კოდი 300773150; მიმღების ბანკი - „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22) და 2023 წლის 06 ივლისს, სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი (საგადასახადო დავალება №129; ბანკის კოდი BAGAGE22, სახაზინო კოდი 300773150; მიმღების ბანკი - „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22).
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე