Facebook Twitter

ბს-09-09(კ-08) 3 აპრილი, 2008წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ძ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხე)

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. ძ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის მიერ 2007 წლის 10 აპრილს მიღებული ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მისი სამუშაოზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება და მოპასუხისათვის ნაცდური დროის ხელფასის ანაზღაურების დავალდებულება.

მოსარჩელემ სარჩელში დაასაბუთა, რომ არ არსებობდა მისი სამუშაოდან გათავისუფლების კანონისმიერი საფუძველი, რადგანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში რეალური რეორგანიზაცია არ განხორციელებულა, ამასთან არ გაუქმებულა ..... საშტატო ერთეული, რომელიც მას ეჭირა სამინისტროში. მოსარჩელის მოსაზრებით, მართალია სამინისტროს სტრუქტურაში გაუქმებული იქნა კანცელარია, მაგრამ შეიქმნა ახალი სამსახური, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, მასში შედის საქმის წარმოების განყოფილება, სადაც გათვალისწინებულია საქმისწარმოების მთავარი სპეციალისტის ახალი შტატი, რომელსაც განესაზღვრა იმ ფუნქციების ნაწილი, რაც გააჩნია კანცელარიის ....; ამიტომ ლ. ძ-ემ ჩათვალა, რომ მისი შტატი შენარჩუნებულია და მოპასუხემ უკანონო ბრძანება მიიღო, იგი რეორგანიზაციისა და შტატის შემცირების მოტივით გაათავისუფლა რა სამუშაოდან.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განხორციელდა რეალური რეორგანიზაცია. კერძოდ, აჭარის ა/რ მთავრობის 2007 წლის 6 მარტის ¹21 დადგენილებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა 92 საშტატო ერთეულიდან შემცრდა 61 ერთეულამდე. ამასთან, გაუქმდა ის შტატი, რაც ლ. ძ-ეს ეჭირა, რამდენადაც გაუქმებული იქნა მინისტრის აპარატში შემავალი სტრუქტურული ერთეული, კანცელარია და შესაბამისად გაუქმდა კანცელარიის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაც.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ძ-ის სარჩელი აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და მოპასუხისათვის ნაცდური დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ ქმედების დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ლ. ძ-ე მუშაობდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მინისტრის აპარატის კანცელარიაში მთავარი სპეციალისტის საშტატო თანამდებობაზე.

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 17 აგვისტოს ¹11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 6 მარტის ¹21 დადგენილების საფუძველზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა 92-დან შემცირდა 61 საშტატო ერთეულამდე, რასაც სადავოდ არ ხდის მოსარჩელე. რეორგანიზაციისა და ამ საფუძვლით მოსალოდნელი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხემ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად გააფრთხილა სამინისტროს მუშაკები და მათ შორის ლ. ძ-ც, რასაც ასევე მოსარჩელე სადავოდ არ მიიჩნევს.

სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული იქნა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, მინისტრის აპარატი, მასში შემავალ კანცელარიის განყოფილებასთან ერთად და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 10 აპრილის ¹17 ბრძანებით დამტკიცებული იქნა სამინისტროს ახალი სტრუქტურა შესაბამისი საშტატო ერთეულებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება როგორც მხარეთა განმარტებებით, ისე საქმეზე წარმოდგენილი 2007 წლის 21 იანვრის მდგომარეობისა და 2007 წლის 10 აპრილის შესაბამისი საშტატო განრიგებით.

სასამართლომ არ გაიზიარა ლ. ძ-ის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ მომხდარა იმ საშტატო ერთეულის გაუქმება, რაც მას ეჭირა სამინისტროში. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული იქნა სამინისტროს კანცელარია და მასში არსებული კანცელარიის უფროსის და მთავარი სპეციალისტის თანამდებობები, შემდეგ კი შეიქმნა ახალი სტრუქტურა, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, მასში შემავალი საქმის წარმოების განყოფილებით, ხოლო ამ განყოფილებაში შეიქმნა საქმის წარმოების მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული, რომელიც არ წარმოადგენს იმ საშტატო თანამდებობას, რაც გათავისუფლებამდე ეკავა მოსარჩელეს.

სასამართლომ ჩათვალა, რომ რეორგანიზაციის შედეგად მანამდე არსებული თანამდებობის გაუთვალისწინებლობა და ამ თანამდებობიდან ფუნქციურად შესაბამისი სხვა თანამდებობის შექმნა არ ნიშნავს რეორგანიზაციამდე არსებული თანამდებობის შენარჩუნებას, ანუ მის არსებობას ახალი სახელწოდებით, არამედ ეს მიჩნეული უნდა იქნეს შესაბამისი ფუნქციების მქონე ახალი თანამდებობის შემოღებად.

სასამართლომ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი. ამ ნორმის თანახმად, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამავე კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. კანონის 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად კი მოხელე შეიძლება გათავისუფლებული იქნას სამსახურიდან დაწესებულების შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების შემთხვევაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ შემთხვევაშია ბათილი, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად არღვევს მისი მომზადების ან გამოცემის კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ის ნაწილი, რომელიც მისი სამუშაოდან გათავისუფლებას უკავშირდება, არ ეწინააღმდეგება კანონს და სრულ შესაბამისობაშია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილ წესებთან, რის გამოც მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. ძ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ლ. ძ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ აჭარის არ მთავრობის 2007 წლის 06 მარტის ¹21 დადგენილების საფუძველზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით.

სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ გაუქმდა მინისტრის აპარატი, მასში შემავალ კანცელარიის განყოფილებასთან ერთად და აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 20 აპრილის ¹17 ბრძანებით დამტკიცდა ახალი სტრუქტურა – ადმინისტრაციული დეპარტამენტი თავისი საშტატო ერთეულებით. მასში შემავალი საქმის წარმოების განყოფილების ...... საშტატო ერთეული არანაირად არ არის იგივე თანამდებობა, რაც ლ. ძ-ეს ეკავა. ფაქტობრივად და სამართლებრივად სახეზეა შესაბამისი ფუნქციების მქონე ახალი თანამდებობის არსებობა.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად ლ. ძნელაძე გაფრთხილებულ იქნა სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეს გააჩნდა სრული სამართლებრივი შესაძლებლობა გაეთავისუფლებინა ლ. ძ-ე დაკავებული თანამდებობიდან და მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება ზაკ-ის მე-601 მუხლის მოთხოვნებს. საქართველოს ასკ-ის 22-ე, 32-ე მუხლების თანახმად აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არანაირ ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს.

სასამართლოს მოსაზრებით შესაბამის თანამდებობაზე ადმინისტრაციული ორგანო თუ ვის მიიღებს და დანიშნავს ეს მისი დისკრეციული უფლებაა და სასამართლო მიუხედავად აპელანტის დადებითი მახასიათებლებისა, არ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი.

ლ. ძ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ მოპასუხემ სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაარღვია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-13 მუხლი. ამ მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპია ,,მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა”. კასატორის მითითებით, იგი უმაღლესი განათლების მქონე ეკონომისტია, რომელსაც აქვს მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება და სტაჟი, ხოლო ის პირი, რომელიც მისი გათავისუფლების შედეგად მის თანამდებობაზე გადაიყვანეს საშუალო პროფესიული განათლების მქონეა.

კასატორის მოსაზრებით, რეალურად მისი შტატი არ შემცირებულა.

საკასაციო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია ,,საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლზე, რომლის თანახმად სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მისი მითითებით ამ მუხლზე დაყრდნობით ითხოვდა იძულებით ნაცდურის ანაზღაურებასაც.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართევლოს კანონის 96-ე მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.

კანონი განსაზღვრავს, რომ რეორგანიზაცია არ ქმნის ე.ი. ავტომატურად არ იწვევს მოხელის სამსახურიდან განთავისუფლებას. თუ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება ხელმძღვანელობამ უნდა იხელმძღვანელოს ამავე კანონის 97-ე მუხლით. მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.

კასატორის მოსაზრებით, რეორგანიზაცია თავის მხრივ გულისხმობს ცვლილებებს, რომლებიც უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ იცვლება დაწესებულების საშტატო ერთულთა რიცხოვნობა, (მცირდება შტატები) ან ხდება დაწესებულებაში არსებულ განყოფილებათა ფუნქციური ცვლილება. ანუ იცვლება მოხელეთა ფუნქციები, ფაქტიურად ყალიბდება ახალი შტატი, ან ახალი თანამდებობა.

კასატორის მითითებით, შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირება თავის მხრივ გულისხმობს, რომ კონკრეტული თანამდებობა შეიკვეცა და აღარ არსებობს. მართალია სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობები შემცირდა, თუმცა კონკრეტულად ლ. ძ-ის არ შემცირებულა. იმის დასადასტურებლად, რომ ფაქტიურად ლ. ძ-ის თანამდებობა არ შემცირებულა, პირველი ინსტანციის სასამართლოს წარედგინა სამი უკანასკნელი საშტატო განრიგი: 2006 წლის 2 იანვრის; 2006 წლის 31 იანვრის; ასევე 2007 წლის 10 აპრილის საშტატო განრიგი. მათი ურთიერთშედარებით ჩანს: 2006 წლის საშტატო განრიგებში მინისტრის აპარატში არის კანცელარია, სადაც არის კანცელარიის უფროსის და 3 მთავარი სპეციალისტის შტატი, აქედან ერთი თანამდებობაა უშუალოდ მთავარი სპეციალისტის; შემდეგ მოდის მთავარი სპეციალისტი კადრები და მთავარი სპეციალისტი არქივის. 2007 წლის 10 აპრილის საშტატო განრიგში ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ის საქმისწარმოების განყოფილება, სადაც არის 2 მთავარი სპეციალისტის შტატი, ხოლო თანამებობა მთავარი სპეციალისტი კადრები და არქივარიუსი შემცირდა. კასატორი თვლის, რომ მისი შტატით გათვალისწინებული თანამდებობა არ არის შემცირებული და თავისთავად ცხადია ამ თანამდებობის დასახელების (მთავარი სპეციალისტი) ქვეშ მოიაზრება ფუნქციურად ის სამუშაო, რასაც იგი ასრულებდა. ამდენად, მისი გათავისუფლება არ შეიძლება მომხდარიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-97-ე მუხლზე დაყრდნობით.

მის ადგილას დანიშნული იქნა პირი, რომელიც მანამდე ასრულებდა არქივის გამგის მოვალეობებს. ესე იგი საშტატო განრიგის მიხედვით მისი თანამდებობა გახლდათ მთავარი სპეციალისტი არქივი, იგი გაუქმებული იქნა მაგრამ თანამშრომელი შემცირების ნაცვლად გადმოიყვანეს მის ადგილას, ხოლო იგი გაათავისუფლეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ ლ. ძ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ლეილა ძნელაძის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად ლ. ძ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.