Facebook Twitter

№ა-6343-შ-174-2021

05 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

შუამდგომლობის ავტორი – შპს „ე-მ“

წარმომადგენლები - გ.გ–ია, ლ.ხ–ია

მოწინააღმდეგე მხარეები – შპს "E-M" , მ. ბ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის ქ. ობნინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის N2-29/21 დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის ქ. ობნინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის N2-29/21 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს „E-M“ და მ.კ. ძე ბ–ძეს სოლიდარული წესით დაეკისრათ შპს „ე–ის“ სასარგებლოდ 1 523 452 რუბლის 83 კაპიკის ოდენობის, 13 933 რუბლის ოდენობის სასამართლოს ხარჯის ფულადი სახსრების გადახდა. შპს „E-M“ და მ.კ. ძე ბ–ძეს დაეკისრა შპს „ე–ის“ სასარგებლოდ 1 146 591 რუბლის 30 კაპიკის ოდენობის დავალიანების თანხის 0.066 % ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2021 წლის 05 მარტიდან, ვალდებულების ფაქტობრივი შესრულების დღემდე.

რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის ქ. ობნინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის N2-29/21 დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ, ასევე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 16 აპრილს. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ დასახელებული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით, შპს „ე–ის“ შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს. მან შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, ასევე, მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა მოხდა საპროცესო ნორმების დარღვევით, ვინაიდან არ მიეცა სასამართლოში მისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 01 ივლისის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ განხორციელდა მინსკის 1993 წლის კონვენციის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის ქალაქ ობნინსკის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი დახმარების მოთხოვნა, სამოქალაქო წესით - მ. ბ–ძის დაკითხვის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შპს „ე–ის“ შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის ქ. ობნინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის N2-29/21 დაუსწრებელი გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ხოლო 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით. კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები.

კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიულ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით.

კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში „კონვენცია“). კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.

revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (სუსგ №ა-952-შ-23-2016, 06.07.2015წ.). ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (სუსგ №ა-2761-შ-69-2016, 07.07.2017წ.,პუნ.13). უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც კონვენციის 55-ე მუხლში (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ა) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; ბ) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; გ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; დ) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ე) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ისე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მიუთითებს, საპროცესო დარღვევაზე. კერძოდ, მას არ მიეცა სასამართლოში მისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. მხარემ ვერ წარმოადგინა ზემოთ აღნიშნული შემთხვევის ან საქმის განხილვის მსვლელობისას, საპროცესო კანონმდებლობის სხვა დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. უფრო მეტიც, აღნიშნულის საპირისპიროდ, პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 01 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმზე, რომლითაც დასტურდება, რომ მინსკის 1993 წლის კონვენციის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის ქალაქ ობნინსკის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი დახმარების მოთხოვნის ფარგლებში, გამოიკითხა (სასამართლომ ჩამოართვა ახსნა-განმარტება) მ. ბ–ძე.

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არ არსებობს მის ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის რაიმე სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქის ქ. ობნინსკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის N2-29/21 დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „E-M“ და მ.კ. ძე ბ–ძეს სოლიდარული წესით დაეკისრა შპს „ე–ის“ სასარგებლოდ 1 523 452 რუბლის 83 კაპიკის ოდენობის, 13 933 რუბლის ოდენობის სასამართლოს ხარჯის ფულადი სახსრების გადახდა. შპს „E-M“ და მ.კ. ძე ბ–ძეს დაეკისრა შპს „ე–ის“ სასარგებლოდ 1 146 591 რუბლის 30 კაპიკის ოდენობის დავალიანების თანხის 0.066 % ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2021 წლის 05 მარტიდან, ვალდებულების ფაქტობრივი შესრულების დღემდე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე