საქმე №ას-383-2024 24 მაისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ს.ნ. და გ.კ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ჩ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ.ჩ–იას (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე) სარჩელი სს „ს.ნ. და გ.კ–ია“ (შემდეგში: მოპასუხე, მოსარგებლე, აპელანტი, კასატორი) თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 36 000 აშშ დოლარის გადახდა;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
3.1 განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისთვის კომპენსაციის 36 000 აშშ დოლარის დაკისრებას, ვინაიდან ხაზობრივი ნაგებობის არსებობით, მიწის ნაკვეთზე ვრცელდება შეზღუდვა, რის გამოც მას, როგორც მესაკუთრეს, ეზღუდება საკუთრებით სარგებლობის უფლება.
3.2 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 180-ე მუხლი, მოსარჩელეს თანხა უნდა ანაზღაურებოდა აუცილებელი გზის უფლებით მის მიწის ნაკვეთზე გამავალი მოპასუხის სარგებლობაში არსებული მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონიდან გამომდინარე თმენის ვალდებულებისთვის.
3.3 სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელის მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა მაგისტრალური მილსადენის დაცვის I ზონაში. ამ ზონაში იკრძალება: ა) ხეების დარგვა; ბ) ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენისთვის ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებულიობიექტისათვის ზიანის მიყენება; გ) ნებისმიერი სახის საქმიანობა რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მაგისტრალური მილსადენის პატრულირებას და სხვა საექსპლოატაციო საქმიანობას; დ) ნებიმისერი დანიშნულების ჭაბურღილის მოწყობა; ე) ნებისმიერი ფორმით მიწის საფარის ამაღლება ან დადაბლება; ვ) მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებულ ობიექტებზე ზემოქმედება ან მათი დაზიანება; ზ) 30 სმ-ზე მეტი სიღრმის ახალი საირიგაციო ან სადრენაჟო არხების აგება; თ) რაიმე სახის მასალის, მათ შორის ნაგვის ან ნარცენების განთავსება - ნაგავსაყრელის მოწყობა; ასევე ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობა, რაც მოიცავს ნებისმიერ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა: კერძოდ ა) ნებისმიერი სახის შენობის ან ნაგებობის მშენებლობა; ბ) ასაფეთქებელი ნივთიერებებით სარგებლობა; გ) ნებისმიერი სახის შედუღება ან ცეცხლის ალის ანთება; დ) ადვილად აალებადი, კოროზიული ან ტოქსიკური სითხეების შენახვა ან დაღვრა; ე) ფურაჟის, სასუქის და სხვა მასალების შენახვა; ვ) მანქანების ან სხვა მოძრავი აგრეგატების გასაჩერებლად სადგომების მოწყობა; ზ) დაღვრილი ნავთობის შეგროვების და გავრცელების შეკავების მიზნით წყობილი საცავების, არხების ან თხრილების შეცვლა ან დაზიანება; თ) მაგისტრალური მილსდენის დამცავი ნაგებობების შეცვლა ან დაზიანება; ი) ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ზონის დატბორვა; კ) იმ სახეობის ნარგავების დარგვა, რომლებიც არ არის ნებადართული ამ წესის N1 დანართში მოცემული ნარგავების განთავსების სქემის შესაბამისად. N1 დანართის თანახმად: I ზონაში დასაშვებია განთავსდეს ნარგავები სქემის მიხედვით: მილსადენის თავზე ცოცხალი ღობეების აღდგენის მიზნით ბუჩქები: კუნელი, კვიდო, მაყვალი. მიწის საფარის გამაგრების მიზნის ბუჩქნარი, მათ შორის კენკროვანი მცენარეები. II ზონაში - 4 მეტრზე - სასოფლო სამეურნეო კულტურების წარმოება, ბუჩქების დარგვა: ქაცვი, მაყვალი, ძეძვი, ეფედრა, ტყის ყურძენი, ძახველი, თხილი, კვიდო, ასკილი, თრიმლი, ჭანჭყატი, იალღუნი და სხვა დაბალტანიანი ხეები: არყი, ბალამწარა, ანწლი, კუნელი, ჯაგრცხილა, ნეკერჩხალი, მინდვრის გაშლილი ვარჯის მქონე ფოთლოვანი ჯშები: მურყანი (თხმელა), იფანი, წიფელი, თელა (სხვადასხვა სახეობები), სოჭი, ცაცხვი, ნეკერჩხალი მაღალმთის, თუთა (თეთრი, შავი) მუხები: მუხა ჭალის (გრძელყუნწა), მუხა ქართული, ფშატი, ფიჭვი, ელდარის ნაძვი.
3.4 მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე, მდებარე: მცხეთა, საგურამო, ს.კ ....., დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, 2010 წლის 6 აპრილის მონაცემით, საჯარო რეესტრში რაიმე ვალდებულება ან შეზღუდვა რეგისტრირებული არ ყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, 7200 კვმ ფართობიდან 5396 კვმ-ზე, მოსარგებლის (მოპასუხე კორპორაციის) სასარგებლოდ დაწესდა მიწით სარგებლობის შეზღუდვა. საჯარო რეესტრში უფლების შეზღუდვის აღრიცხვის მიუხედავად, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენით ვერ უარყო, რომ მისი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებობდა „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ 1200 მმ დიამეტრის და „ვლადიკავკაზ-თბილისის“ 500-700 მმ დიამეტრის მოქმედი მაგისტრალური გაზსადენები. ამ გაზსადენების არსებობა ასევე დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო გეგმვით/აზომვითი ნახაზებით და რუკით.
3.5 მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი პროდუქტების) დაცვის წესისა და მთის დაცვის ზონების დადგენი შესახებ“ 2013 წლის 24 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება N365-ის მე-5 მუხლი არეგულირებს მაგისტრალური მილსადენების დაცვის ზონებში მოქმედ შეზღუდვებსა და რეგულირების პირობებს. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონაში იკრძალება შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით დაცვის პირველ ზონაში იკრძალება ნებისმიერი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა. აგრეთვე ამავე ზონაში ოპერატორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე იკრძალება გარკვეული სამუშაოების ჩატარება ან ნაკვეთის სხვაგვარი სარგებლობა. აკრძალვების ფორმა განისაზღვრება ამავე დადგენილებით.
3.6 მოცემულ საქმეზე მოპასუხის (აპელანტის) მიერ შედავებულია მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეზღუდვის - აუცილებელი გზის უფლების დაწესების - გამო, როგორც კომპენსაციის დანიშვნა, ისე - კომპენსაციის მოცულობა.
3.7 სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, 7200 კვმ ფართობიდან 5396 კვმ-ზე, მოსარგებლის (მოპასუხე კორპორაციის) სასარგებლოდ დაწესდა მიწით სარგებლობის შეზღუდვა. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე კორპორაციის არგუმენტი, რომ სასამართლოს მიერ ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღებამდე მიწის ნაკვეთზე უკვე ვრცელდებოდა უფლებრივი შეზღუდვა. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მესაკუთრის (მოსარჩელის) უფლების შეზღუდვის გამო იმ პირმა, ვის სასარგებლოდაც დაწესდა შეზღუდვა, უნდა გადაუხადოს მესაკუთრეს სამართლიანი კომპენსაცია.
3.8 კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება, ხოლო საპირისპირი დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა კომპენსაციის უფრო ნაკლები ოდენობით დაკისრების მიზანშეწონილობას, მოპასუხეს არ წარუდგენია.
3.9 მოსარჩელემ კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნა დაამყარა ორი ექსპერტიზის დასკვნაზე, მათ შორის შპს „ს–ის“ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაზე.
3.10 განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გაზიარებულ ექსპერტიზის დასკვნაში დეტალურად არის შესწავლილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლო ეფექტები და მითითებულია შემდეგი: „შესაფასებელი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების დასადგენად გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება, კერძოდ, ნაკვეთის სიახლოვეს გადის მოქმედი (დამკვეთის განმარტებით სავარაუდოდ 1200 მმ დიამეტრის მილი) გაზსადენის მილი. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა, დამკვეთის განმარტების თანახმად, შესაფასებელ მიწის ნაკვეთზე უფლებების რაიმე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა არ ვრცელდება. სავარაუდოა, რომ მოქმედი გაზსადენის მილის სიახლოვე და შესაბამისი შეზღუდვები 30-50%-დე შეამცირებს ნაკვეთის საბაზრო ღირებულებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშოდ მიღებული 10 აშშ დოლარი შემცირდება 50%-ით და ნაკვეთის 1კვ.მ-ს საორიენტაციო საბაზრო ღირებულება იქნება 5 აშშ დოლარი. მთელი ნაკვეთის 7200X5=36 000 აშშ დოლარი”. ექსპერტიზის წარმოდგენილი დასკვნებიდან მოსარჩელის მიწის ნაკვეთის თავისებურებები, როგორც სუბიექტური ისე ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, ყველაზე უფრო ადეკვატურად შეფასებულია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შპს „ს–ის“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის აქტში.
3.11 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, თუკი აუცილებელი გზის ვალდებულებით დატვირთულ მიწის ნაკვეთს აქვს ღირებულებითი დანიშნულება, თმენისთვის კომპენსაცია შესაძლებელია განისაზღვროს მისი საბაზრო ფასით, რადგან უძრავი ქონების შეფასების კრიტერიუმს სწორედ მისი საბაზრო ფასი წარმოადგენს. ხაზობრივი ნაგებობის არსებობისას, მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე გავრცელებული შეზღუდვების გამო მიწის სათანადო დანიშნულებით გამოყენება შეზღუდულია, რისი გათვალისწინებითაც უნდა განისაზღვროს თმენის ფულადი კომპენსაცია.
3.12 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ შეზღუდვის გავრცელების ფარგლების საფუძველზე უნდა განისაზღვროს კომპენსაცია, რის გამოც შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას, მიწის ნაკვეთზე სრულად თუ ნაწილობრივ ვრცელდება შეზღუდვა.
3.13 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის ფულადი მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3.14 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ ვინაიდან მოსარჩელემ შეძენისას იცოდა/უნდა სცოდნოდა ამ ნაკლის შესახებ, მას აღარ ჰქონდა მოპასუხისთვის კომპენსაციის მთხოვნის უფლება. ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის გადაწყვეტილებაზე (საქმე N ას-529-603-2013), რომლის თანახმად მესაკუთრის ნაკვეთზე გამავალი მაგისტრალური მილის გამო, მესაკუთრეს ეზღუდებოდა საკუთრებით სრულყოლი სარგებლობა. ეს მაგისტრალი ასევე ათეული წლებია განთავსებული იყო მიწის ნაკვეთზე და მესაკუთრემ უძრავი ქონება ასეთ მდგომარეობაში შეიძინა. ასევე, დადგენილია, რომ თავდაპირველ მესაკუთრეს - სახელმწიფოს მილის თაობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესი სასამართლო დაეყრდნო სსკ-ის 180-ე მუხლს და განმარტა, რომ ამ ნორმით გათვასლიწინებული თმენის ვალდებულება არ არის უსასყიდლო. ამავე დროს კომპენსაცია განისაზღვრა არა იმ ფარგლებში, როგორც ამას განმცხადებელი ითხოვდა, არამედ არსებული რეალობის გათვალისწინებით, გონივრულ ფარგლებში. საკასაციო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნა, მართალია, განმცხადებელმა ნაკლიანი ნივთი შეიძინა სახელმწიფოსაგან და მას ამაზე პრეტენზია არ განუცხადებია, თუმცა, ეს გარემოება არ ართმევს მას უფლებას, იდავოს თმენის ვალდებულებით გამოწვეულ კომპენსაციაზე.
3.15 მოპასუხის მიერ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი (ხანდაზმულობია) შესაგებლის წარდგენის პასუხად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშა არ შეიძლება ხანდაზმულობას დაუკავშირდეს, შესაბამისად ამ მხრივ საპროცესო თავდაცვა გაუმართლებელი იყო (იხ. სუსგ N ას-965-2019, 10.04.2020წ.).
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.
4.2. კასატორს წარმოდგენილი აქვს ვრცელი საკასაციო საჩივარი (იხ. ტ.2, გვ. 143-172) და არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე ახალი გაზსადენის გაყვანამდე მიწის ნაკვეთი თავისუფალი იყო ყოველგვარი შეზღუდვებისგან. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ აუცილებელი გზის მოპოვების საქმის განხილვის დროს მდებარეობდა „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის 1200 მმ დიამეტრის მოქმედი მაგისტრალური გაზსადენი და ვლადიკავკაზ-თბილისის 500-700 მმ დიამეტრის მოქმედი მაგისტრალური გაზსადენები. აღნიშნული გაზსადენები დღესაც მდებარეობს, არის მოქმედი და მათ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ბუნებრივი გაზით ქვეყნის შეუფერხებელი გაზმომარაგების და ასევე, რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკაში ბუნებრივი ტრანზიტის საკითხებში.
4.3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის N963 ბრძანებულებით, ასევე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილებით და „სნიპებით“, მაგისტრალური გაზსადენების მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე მაგისტრალური გაზსადენებიდან გამომდინარე შეზღუდვების გავრცელებისთვის საკმარისია მხოლოდ მაგისტრალური გაზსადენების ფიზიკურად არსებობა. შეზღუდვები რეალურად არსებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელი არ არის შეზღუდვების საჯარო რეესტრში ან რაომელიმე სხვა ორგანოში დარეგისტრირდეს.
4.4. კასატორი არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, თითქოს განსაზღვრული შეზღუდვა არ ატარებს ლეგიტიმურ მიზანს და აღნიშნულით კი არ შეიზღუდა მოსარჩელის უფლება, არამედ საკუთრების უფლება ფაქტობრივად ჩამოერთვა და საკუთრების არსმა ამ შემთხვევაში აზრი დაკარგა. კასატორი უთითებს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა სასამართლომ განსაზღვრა .
4.5. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობას, ვინაიდან მესაკუთრის მდგომარეობა არ გაუარესებულა.
4.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
8. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ.; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.; N ას-1027-2020, 27.11.2020წ.; N ას-634-2021, 4.11.2021წ.; N ას-1363-2021, 5.04.2022წ.; N ას-1183-2022, 23.12.2022წ.; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-859-2023, 20.10.2023წ.)
9. საკასაციო სასამართლო, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და არ იზიარებს მოპასუხის საკასაციო პრეტენზიას, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 180-ე მუხლი. მოსარჩელეს უნდა მიეღო შესაბამისი ანაზღაურება აუცილებელი გზის უფლებით მისი მიწის ნაკვეთის თმენის ვალდებულებისთვის.
10. სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისთვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მანდ ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნად მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხარეთა შეთანხმებით შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე შეზღუდვის ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აქვს უფლება მიიღოს კომპენსაცია აუცილებელი გზის თმენისთვის.
11. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელის მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა მაგისტრალური მილსადენის დაცვის I ზონაში. ამ ზონაში იკრძალება: ა) ხეების დარგვა; ბ) ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენისთვის ან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებულიობიექტისათვის ზიანის მიყენება; გ) ნებისმიერი სახის საქმიანობა რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მაგისტრალური მილსადენის პატრულირებას და სხვა საექსპლოატაციო საქმიანობას; დ) ნებიმისერი დანიშნულების ჭაბურღილის მოწყობა; ე) ნებისმიერი ფორმით მიწის საფარის ამაღლება ან დადაბლება; ვ) მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებულ ობიექტებზე ზემოქმედება ან მათი დაზიანება; ზ) 30 სმ-ზე მეტი სიღრმის ახალი საირიგაციო ან სადრენაჟო არხების აგება; თ) რაიმე სახის მასალის, მათ შორის ნაგვის ან ნარცენების განთავსება - ნაგავსაყრელის მოწყობა; ასევე ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობა, რაც მოიცავს ნებისმიერ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა: კერძოდ ა) ნებისმიერი სახის შენობის ან ნაგებობის მშენებლობა; ბ) ასაფეთქებელი ნივთიერებებით სარგებლობა; გ) ნებისმიერი სახის შედუღება ან ცეცხლის ალის ანთება; დ) ადვილად აალებადი, კოროზიული ან ტოქსიკური სითხეების შენახვა ან დაღვრა; ე) ფურაჟის, სასუქის და სხვა მასალების შენახვა; ვ) მანქანების ან სხვა მოძრავი აგრეგატების გასაჩერებლად სადგომების მოწყობა; ზ) დაღვრილი ნავთობის შეგროვების და გავრცელების შეკავების მიზნით წყობილი საცავების, არხების ან თხრილების შეცვლა ან დაზიანება; თ) მაგისტრალური მილსდენის დამცავი ნაგებობების შეცვლა ან დაზიანება; ი) ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ზონის დატბორვა; კ) იმ სახეობის ნარგავების დარგვა, რომლებიც არ არის ნებადართული ამ წესის N1 დანართში მოცემული ნარგავების განთავსების სქემის შესაბამისად. N1 დანართის თანახმად: I ზონაში დასაშვებია განთავსდეს ნარგავები სქემის მიხედვით: მილსადენის თავზე ცოცხალი ღობეების აღდგენის მიზნით ბუჩქები: კუნელი, კვიდო, მაყვალი. მიწის საფარის გამაგრების მიზნის ბუჩქნარი, მათ შორის კენკროვანი მცენარეები. II ზონაში - 4 მეტრზე - სასოფლო სამეურნეო კულტურების წარმოება, ბუჩქების დარგვა: ქაცვი, მაყვალი, ძეძვი, ეფედრა, ტყის ყურძენი, ძახველი, თხილი, კვიდო, ასკილი, თრიმლი, ჭანჭყატი, იალღუნი და სხვა დაბალტანიანი ხეები: არყი, ბალამწარა, ანწლი, კუნელი, ჯაგრცხილა, ნეკერჩხალი, მინდვრის გაშლილი ვარჯის მქონე ფოთლოვანი ჯშები: მურყანი (თხმელა), იფანი, წიფელი, თელა (სხვადასხვა სახეობები), სოჭი, ცაცხვი, ნეკერჩხალი მაღალმთის, თუთა (თეთრი, შავი) მუხები: მუხა ჭალის (გრძელყუნწა), მუხა ქართული, ფშატი, ფიჭვი, ელდარის ნაძვი.
12. მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე, მდებარე: მცხეთა, საგურამო, ს.კ ......, დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, 2010 წლის 6 აპრილის მონაცემით, საჯარო რეესტრში რაიმე ვალდებულება ან შეზღუდვა რეგისტრირებული არ ყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარგებლის (კასატორის) სასარგებლოდ, მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთზე დაწესდა მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეზღუდვა, 7200 კვმ ფართბიდან 5396 კვმ-ზე. საჯარო რეესტრში უფლების შეზღუდვის აღრიცხვის მიუხედავად, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ უარყო, რომ მისი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებობდა „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ 1200 მმ დიამეტრის და „ვლადიკავკაზ-თბილისის“ 500-700 მმ დიამეტრის მოქმედი მაგისტრალური გაზსადენები. ამ გაზსადენების არსებობა ასევე დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო გეგმვით/აზომვითი ნახაზებით და რუკით.
13. მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი პროდუქტების) დაცვის წესისა და მთი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ 2013 წლის 24 დეკემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება N365-ის მე-5 მუხლი არეგულირებს მაგისტრალური მილსადენების დაცვის ზონებში მოქმედ შეზღუდვებსა და რეგულირების პირობებს. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაგისტრალური მილსადენის დაცვის ზონაში იკრძალება შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით დაცვის პირველ ზონაში იკრძალება ნებისმიერი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მაგისტრალური მილსადენის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა. აგრეთვე ამავე ზონაში ოპერატორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე იკრძალება გარკვეული სამუშაოების ჩატარება ან ნაკვეთის სხვაგვარი სარგებლობა. აკრძალვების ფორმა განისაზღვრება ამავე დადგენილებით.
14. საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინებაში/გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის გამო, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია და აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 180-ე მუხლი.
15. აღნიშნული სამართლებრივი ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი (არასახელშეკრულებო) ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომელთა არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ამ შემთხვევაში სარკინიგზო ჩიხის) ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით (ამ შემთხვევაში მეზობელი საკინიგზო ლიანდაგებით) სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. (იხ. სუსგ-ები: №ას-102-100-2011, 24.04., 2011წ.; №ას-70-68-2014, 6.04.2015წ.; № ას-870-2018, 17.05.2019 წ.; №ას-1022-2019, 30.07.2021წ.; Nას-1160-2022, 16.01.2024წ; Nას-1620-2023, 30.04.2024წ.;)
16. ამასთან, აუცილებელი გზით სარგებლობის თმენის ვალდებულება უკავშირდება მართლზომიერ ქმედებას, რაც კანონით არის დადგენილი და მესაკუთრეს საკუთრებაში არსებულ მიწაზე სხვა პირის მიერ აუცილებელი გზით სარგებლობისათვის „თმენის ვალდებულებას“ აკისრებს. შესაბამისად, კომპენსაციას ექვემდებარება ისეთი ქონებრივი დანაკლისი, რომლის მიზეზიც არის საკუთრების უფლების ან მფლობელობის შეზღუდვა, რაც განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით. კომპენსაციის ოდენობის დადგენისათვის კი, მნიშვნელოვანია, გაირკვეს ამ შეზღუდვის ფარგლები და ის ინტერესი, რაც მესაკუთრეს ან მფლობელს ექნებოდა ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც, მნიშვნელოვანია, არა კონკრეტული მესაკუთრის ინტერესის სუბიექტური აღქმა, არამედ შესაბამისი მიწის ნაკვეთის საშუალო მესაკუთრის ინტერესი (იხ. სუსგ-ები საქმე Nას-803-762-2013, 10.10.2014 წ.; Nას-171-2021, 30.03.2022წ.; Nას-395-2021, 20.04.2022წ.).
17. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტებულია, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა ლეგიტიმურია მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებში. კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. ამასთან, ანაზღაურება თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს (იხ. სუსგ-ები საქმე Nას-1762-2019, 5.10.2020 წ.; Nს-568-2021, 26.11.2021წ; Nას-171-2021, 30.03.2022წ, Nას-1160-2022, 16.01.2024;). თმენა კი ეხება არა მხოლოდ მატერიალურ უფლებაში ჩარევას, როგორიცაა: შემოსავლის შემცირება, საკუთრების უფლებით ჩვეულებრივი სარგებლობით უფლების შეზღუდვა, უძრავი ქონების საფასურის შეცვლა საუარესოდ და ა. შ - ასევე არამატერიალურ უფლებებში ჩარევასაც. შესაბამისად, კომპენსაციას ექვემდებარება არა მხოლოდ აუცილებელი გზის ფარგლებში არსებული თმენის ვალდებულება, ასევე ის შეზღუდვა, დანაკარგი, დანაკლისი, თუ ზემოქმედება, რისი თმენის ვალდებულებაც მესაკუთრეს აუცილებელი გზის დაწესებიდან გამომდინარე წარმოეშობა.
18. დაკისრებული კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელემ სსსკ-ის 105-ემუხლის შესაბამისად, წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება, ხოლო საპირისპირო დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა კომპენსაციის უფრო ნაკლები ოდენობის დაკისრების საფუძველს, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეზღუდვის დაწესების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, მიწის ნაკვეთზე რაიმე შეზღუდვა საჯარო რეესტრში აღრიცხული არ იყო. შესაბამისად, მოპასუხის არგუმენტი, რომ სასამართლოს მიერ 2010 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების მიღებამდე მიწის ნაკვეთზე უკვე ვრცელდებოდა უფლებრივი შეზღუდვა უსაფუძვლოა.
19. მოსარჩელის მოთხოვნის, კომპენსაციის 36 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, საფუძველი იყო ორი ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის შპს “ს–ის” მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლებზეც იმსჯელეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა.
20. სსსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონდე გარემოებების არსებობის, არ არსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 102-ე მუხლი კი განსაზღვრავს შეჯიბრებითბის არსს, რომლის მიხედვით მოსარჩელეს ეკისრება სარჩელის საფუძვლად არსებული გარემოებების დადასტურების ვალდებულება, ხოლო მოპასუხეს საწინააღმდეგო გარემოებების დადასტურება.
21. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გაზიარებულ ექსპერტიზის დასკვნაში დეტალურად არის შესწავლილი მიწის ნაკვეთის მდებარეობა, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლო ეფექტები და, რაც ამ საქმისთვის მნიშვნელოვანია მასში მითითებულია შემდეგი: “შესაფასებელი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების დასადგენად გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება, კერძოდ, ნაკვეთის სიახლოვეს გადის მოქმედი (დამკვეთის განმარტებით სავარაუდოდ 1200 მმ დიამეტრის გაზსადენის) მილი. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერიდან და დამკვეთის განმარტების თანახმად, შესაფასებელ მიწის ნაკვეთზე უფლებების რაიმე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა არ ვრცელდება, სავარაუდოა, რომ მოქმედი გაზსადენის მილის სიახლოვე და შესაბამისი შეზღუდვები 30-50%-მდე შეამცირებს ნაკვეთის საბაზრო ღირებულებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საანგარიშოდ მიღებული 10 აშშ დოლარი შემცირდება 50%-ით და ნაკვეთის 1 კვმ-ს საორიენტაციო საბაზრო ღირებულება იქნება 5 აშშ დოლარი. მთელი ნაკვეთის 7200X5=36000 აშშ დოლარს“.
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებიდან, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის თავისებურებები, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, ყველაზე ადეკვატურად შეფასებულია შპს „ს–ის“ მიერ შედგენილ დასვკნაში.
23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ თუკი აუცილებელი გზის ვალდებულებით დატვირთულ მიწის ნაკვეთს აქვს ღირებულებითი დანიშნულება, თმენისთვის კომპენსაცია შესაძლოა განისაზღვროს მისი საბაზრო ფასით, რადგან უძრავი ქნების შეფასების კრიტერიუმს სწორედ მისი საბაზრო ფასი წარმოადგენს. ხაზობრივი ნაგებობის არსებობისას, მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე გავრცელებული შეზღუდვების გამო მიწის სათანადო დანიშნულებით გამოყენება შეზღუდულია, რისი გათვალისწინებითაც უნდა განისაზღვროს თმენის ფულადი კომპენსაცია. სწორედ შეზღუდვის გავრცელების ფარგლების საფუძველზე უნდა განისაზღვროს კომპენსაციის ოდენობა, რის გამოც შესაძლებელია გათვალისწინებული იქნას მიწის ნაკვეთზე გავრცელებული შეზღუდვა.
24. სსკ-ის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. უფლების ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა, ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევაში შესაძლებელია. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. ამდენად, მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს მისი შეზღუდვის შესაძლებლობას, რის მაგალითსაც სსკ-ის 180-ე მუხლით რეგლამენტირებული აუცილებელი გზის უფლება წარმოადგენს.
25. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს: „სამოქალაქო კოდექსის 180-ე პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომელთა არსებობის შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ – ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ-ები: N ას-102-100-2011, 24.05.2011წ; N ას-70-68-2014, 6.04. 2015 წ; N ას-870-2018,17.05.2019წ;Nას-1022-2019,30.07.2021წ; N ას-558-2023, 30.11.2023წ.)
26. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. კანონმდებლობით, მოთხოვნის სპეციფიკის მიხედვით დადგენილია ხანდაზმულობის განსხვავებული ვადები. სხვადასხვა ვადაა დაწესებული სახელშეკრულებო, დელიქტური, პერიოდულად შესასრულებელი მოთხოვნიდან წარმოშობილი, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულ თუ სხვა მოთხოვნათა რეალიზაციისთვის.
27. სსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, 1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. 2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 3. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს, ხოლო 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
28. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის უფლების შეზღუდვა საკუთრების უფლების თანმდევია, ის გრძელდება მანამ, სანამ მესაკუთრე არ დაკმაყოფილდება, რაც სავსებით მართებულად განმარტა სააპელაციო სასამართლომ (იხ. წინამდებარე განჩინების 3.15 ქვეპუნქტში).
29. საკასაციო სასამართლომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი შეამოწმა ძირითადი საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). შესაბამისად, კასატორის სამართლებრივად უმნიშვნელო შედავებაზე მსჯელობას აღარ განავითარებს.
30. სსსკ-ის 408.3-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენით უნდა წარიმართოს.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია კასატორის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება, როგორც დასაბუთებული და კანონიერი.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარდაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ნ. და გ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.ნ. და გ.კ–იას“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.02.2024 წელს #881 საგადახდო დავალებით გადახდილი 4760.82 ლარის 70% - 3332.57 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ზ. ძლიერიშვილი