Facebook Twitter

13 ივნისი , 2024 წელი,

#ას-203-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „დ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „დ.ჯ–იას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კასატორი, მიმწოდებელი ან მენარდე) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, შემკვეთი, შემსყიდველი ან სამინისტრო) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს პირგასამტეხლოს - 32 296.83 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, სახელშეკრულებო ვადის დარღვევას რეალურად ჰქონდა ადგილი, თუმცა იგი გამოწვეული იყო მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზით. კერძოდ, მწარმოებელი კომპანიის მიერ შეკვეთილი საქონელი დროულად არ იქნა მიწოდებული, ვალდებულება 37 დღის დაგვიანებით შესრულდა და ამ პერიოდის ვადაგადაცილებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეებს შორის 2022 წლის 15 თებერვალს #139 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება) დაიდო, რომლის საგანს დანართი N1 და N2 განსაზღვრული სამინისტროს გასამხედროვებული დანაყოფებისთვის საველე საზაფხულო და ზამთრის უნიფორმის შესყიდვა წარმოადგენდა. ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულება - 631 365 ლარით, ხოლო მიწოდების ვადა შეთანხმების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღით განისაზღვრა (იხ. შეთანხმების 3.1 პუნქტი).

4.4. მოპასუხეს არაუგვიანეს 2022 წლის 16 მაისისა სამინისტროსთვის შემდეგი საველე საზაფხულო და ზამთრის უნიფორმა უნდა მიეწოდებინა:

1) 277 საზაფხულო უნიფორმა (ხალათი, შარვალი, კეპი) მულტიკამი, ჯამური ღირებულება - 27 700 ლარი;

2) 3045 უნიფორმა საველე საზაფხულო (ხალათი, შარვალი) კომუფლირებული ლურჯი ციფრული, საერთო ღირებულებით - 3045 ლარი;

3) 1345 კეპი კომუფლირებული ლურჯი ციფრული, საერთო ღირებულებით - 20175 ლარი;

4) 2000 კეპი კომუფლირებული ლურჯი ციფრული, საერთო ღირებულებით - 200000 ლარი;

5) 600 ლურჯი ფერის საზაფხულო უნიფორმა (ხალათი, შარვალი), საერთო ღირებულებით - 60000 ლარი;

6) 309 საველე ზამთრის ქურთუკი მათბუნებელით (ციფრული კომუფლირებული ლურჯი), საერთო ღირებულებით - 49440 ლარი.

4.5. შესყიდვის ობიექტი მიღებულად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ჩაითვლებოდა. რომლის გაფორმებაზე უფლებამოსილ პირად სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მარაგებით უზრუნველყოფის სამმართვლოს მარაგებით მართვის სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილი პირი მიიჩნეოდა (იხ. შეთანხმების 6.1. პუნქტი).

4.6. 2022 წლის 27 ივნისს მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, შესრულდა - 581 925 ლარის სამუშაო, კერძოდ:

სამინისტროს 2022 წლის 22 ივნისს, ნაცვლად იმავე წლის 16 მაისისა (37 დღის დაგვიანებით), შემდეგი საქონელი მიეწოდა:

1) 27 700 ლარის, 277 საზაფხულო უნიფორმა (ხალათი, შარვალი, კეპი) მულტიკამი;

2) 3045 (საერთო ღირებულებით - 3045 ლარი) უნიფორმა საველე საზაფხულო (ხალათი, შარვალი) კომუფლირებული ლურჯი ციფრული;

3) 1345 (საერთო ღირებულებით - 20175 ლარი) კეპი კომუფლირებული ლურჯი ციფრული;

4) 2000 (საერთო ღირებულებით - 20 0000 ლარი) კეპი კომუფლირებული ლურჯი ციფრული;

5) 600 (საერთო ღირებულებით - 60000 ლარი) ლურჯი ფერის საზაფხულო უნიფორმა (ხალათი, შარვალი);

4.7. შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში - 2022 წლის 8 აპრილს, მოპასუხემ სამინისტროს მხოლოდ 309 (საერთო ღირებულებით - 49 440 ლარი) საველე ზამთრის ქურთუკი, მათბუნებელით (ციფრული კომუფლირებული ლურჯი) მიაწოდა.

4.8. შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0.15% (იხ. ხელშეკრულების 9.3 პუნქტი).

4.9. მოსარჩელემ ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის შედეგად მოპასუხეს პირგასამტეხლოს ანგარიშში - 35 040.76 ლარის ანაზღაურება მოსთხოვა (იხ. 2022 წლის 29 ივნისის წერილი).

4.10. მოპასუხის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის ბრალეულობის გამომრიცხველი მტკიცებულება, საქმეში არ წარდგენილა.

5. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება მხარეებს შორის ნასყიდობის სამართალურთიერთობის არსებობა (სსკ-ის 477-ე მუხლი), კერძოდ, გამყიდველი ვალდებული იყო, მყიდველისათვის მიეწოდებინა გასამხედროვებული დანაყოფებისთვის საველე საზაფხულო და ზამთრის უნიფორმები, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ - მიეღო საქონელი და გადაეხადა შეთანხმებული ნასყიდობის ფასი.

6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებით, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია, გამოყენების ფარგლები და შემცირების წინაპირობები.

7. დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების საგნის განსაზღვრულ ვადაში მიწოდების ვალდებულება დაარღვია. ამასთან, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალეულობას გამორიცხავდა საქმეში არ წარდგენილა.

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის შედეგად დაეკისრა პირგასამტეხლო - 32296.83 ლარი.

8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...",

9. “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

10. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება;

11. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასათვალისწინებელია პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასმაართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა შემდეგი: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (შდრ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.

13. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.. მართალია, ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შეთანხმებით, მოპასუხეს არაუგვიანეს 2022 წლის 16 მაისისა სამინისტროსთვის საველე საზაფხულო და ზამთრის უნიფორმა უნდა მიეწოდებინა, მოსარჩელის ინტერესიც სწორედ მითითებული ვადის დაცვით შეთანხმებული რაოდენობის საველე საზაფხულო და ზამთრის უნიფორმის მიღება წარმოადგენდა.

14. საყურადღებოა, რომ მოპასუხემ დადგენილი ვადის დაცვით ვალდებულება სრული მოცულობით ვერ შეასრულა და მოსარჩელეს ვადაგადაცილებით მიაწოდა 581925 ლარის ღირებულების პროდუქცია.

საკასაციო სასამართლო მყარად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა დაანგარიშდეს ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების გათვალისწინებით რაც მთლიანობაში შეადგენს 32296.83 ლარს.

შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, კონკრეტული საქმის ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე განსაზღვრულია კანონიერად და უცვლელადაა დასატოვებელი.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1615 ლარის (საგადახდო დავალება #6516, გადახდის თარიღი 29.01.2024წ), 70% - 1130.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „დ.ჯ–იას“ (ს/ნ .........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1615 ლარის (საგადახდო დავალება #6516, გადახდის თარიღი 29.01.2024წ), 70% - 1130.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე