20 ივნისი, 2024 წელი,
საქმე № ას-266-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ბ....“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ლ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ლ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე მეორე აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს „ბ....“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, 1-ლი აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრამდე (2020 წლის 19 ივნისი) პირგასამტეხლოს - 111 619 ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან (2020 წლის 19 ივნისი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს - 76.81 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრამდე საიჯარო ქირის დავალიანების - 30 000 აშშ დოლარისა და 2020 წლის ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად - 500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო:
4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის განჩინებით, პირველ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადის დაცვით, დაედგინა დავის საგნის ღირებულება ეროვნულ ვალუტაში და სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი) და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
4.2. 2023 წლის 27 აპრილს მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, მიუთითა სააპელაციო საჩივრის ფასი და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იშუამდგომლა.
4.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე უარყოფილ იქნა; მოპასუხეს/აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე 2023 წლის 17 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. ამავე განჩინებით აპელანტს კვლავ განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
4.4. აღნიშნული განჩინება მოპასუხის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა - 2023 წლის 27 სექტემბერს, საქმეში მითითებულ მისამართზე.
4.5. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 30 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2023 წლის 28 სექტემბერს დაიწყო და იმავე წლის 9 ოქტომბერს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში მოპასუხეს/აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და სააპელაციო სასამართლოსთვის არც ხარვეზის გამოსწორების მიზნით განსაზღვრული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით არ მიუმართავს.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან მოპასუხემ/აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ/აპელანტმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან, მათთვის ცნობილი ინფორმაციით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე მათი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის განხილვაც დაინიშნა, რომელიც არაერთხელ გადაიდო. მიუხედავად არაერთი სხდომის დანიშვნისა სასამართლომ მათი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
8. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ/აპელანტმა ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 70.1 მუხლით მოწესრიგებულია მხარისთვის უწყების ჩაბარების საკითხი, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. დადგენილია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2023 წლის 8 მაისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2023 წლის 27 სექტემბერს (იხ. ხელწერილი) და განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 60.2-ე მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და სამართლებრივ დასკვნებს და განმარტავს:
არსებითია, რომ მოპასუხისთვის/აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2023წლის 28 სექტემბერს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2023 წლის 9 ოქტომბერს ამოიწურა (ორშაბათი, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
12. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2011წ.) ასევე - საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.
13. ამრიგად, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
14. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინება სხდომების განსაზღვრის შემდგომ, ძველი თარიღით მიიღო.
14.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე უარყოფილ იქნა; მოპასუხეს/აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე 2023 წლის 17 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. ამავე განჩინებით აპელანტს კვლავ განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინება მოპასუხის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა - 2023 წლის 27 სექტემბერს, საქმეში მითითებულ მისამართზე. აპელანტს კი, აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და სააპელაციო სასამართლოსთვის არც ხარვეზის გამოსწორების მიზნით განსაზღვრული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით არ მიუმართავს, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის მითითებაც დაუსაბუთებელია.
14.2. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სასამართლო სხდომის დანიშვნის შემდგომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ამ მხრივ საკასაციო სასამართლო მის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოპასუხემ, ასევე მოსარჩელემ, ამ უკანასკნელის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 მაისის განჩინებით, მიღებულ იქნა განსახილველად და იმავე სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, სწორედ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაინიშნა სასამართლო სხდომებიც, შესაბამისად, მისი ეს პრეტენზიაც უსაფუძვლოა.
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ....“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე