Facebook Twitter

25 ივნისი 2024 წელი

№ას-162-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე

კასატორი - ი.წ–ი

მხარდამჭერი - ე.პ

მოწინააღმდეგე მხარეები - მ.შ–ი, ნ.ფ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (სარჩელით), ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ფ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ი.წ–ის (მხარდამჭერი - ე.პ) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ს/კ N ........) გამოთხოვისა და ამ ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

2. მოპასუხე - ი.წ–მა შეგებებული სარჩელი აღძრა ნ.ფ–ისა და მ.შ–ის მიმართ და მოითხოვა: ი.წ–სა და მ.შ–ს შორის 2017 წლის 11 ოქტომბერს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ნასყიდობის საგნის - N ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ........) საჯარო რეესტრში ი.წ–ის საკუთრებად აღრიცხვა; ასევე, ხსენებულ უძრავ ქონებაზე ნ.ფ–სა და მ.შ–ს შორის დადებული 2019 წლის 18 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ.ფ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ი.წ–ის შეგებებული სარჩელი - უარყოფილი იქნა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი.წ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ნ.ფ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.წ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 თებერვლის განჩინებით, ი.წ–ის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. 2024 წლის 11 ივნისს მხარეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე.

9. მხარეთა მორიგების პირობების დამტკიცების მიზნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2024 წლის 25 ივნისს 14:00 საათზე დაინიშნა სასამართლო ზეპირი მოსმენით სხდომა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მორიგების პირობები უნდა დამტკიცდეს, ხოლო მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ და თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ. ს.უ.ს.გ. საქმეზე №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ - საპროცესო უფლებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.

12. მორიგება თავისუფალი ნების გამოვლენაა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად და იგი, თავისი ბუნებით, სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასზე ვრცელდება გარიგების ნამდვილობის ყველა ის მოთხოვნა, რაც სამოქალაქო კოდექსითაა გათვალისწინებული.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ქმედუუნარო მოქალაქის, აგრეთვე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები, მეურვეები და მზრუნველები, რომლებიც წარუდგენენ სასამართლოს თავიანთი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს. კანონიერი წარმომადგენლები წარმოსადგენ პირთა სახელით ასრულებენ ყველა საპროცესო მოქმედებას, რომელთა შესრულების უფლებაც მიკუთვნებული აქვთ წარმომდგენთ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებით.

14. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მოწინააღმდეგე მხარეების (ნ.ფ–ის, მ.შ–ის) მხრიდან მორიგების აქტი ხელმოწერილია მათი წარმომადგენლის - მ.ფ–ის მიერ, ხოლო კასატორის (ი.წ–ის) მხრიდან ხელს აწერს ამ უკანასკნელის მხარდამჭერი - ე.პი (იხ. ი.წ–ის მხარდამჭერ პირად ე.პის დანიშვნის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 მარტის N2/3334-24 გადაწყვეტილება; ასევე, მინდობილობები). ამდენად, პალატა ასკვნის, რომ მორიგების პირობები მიღწეულია საამისოდ უფლებამოსილ პირთა შორის.

15. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო თავისი განცხადებით ან მხარეთა ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის განსხვავებული შეთანხმება არ არსებობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 მარტის განჩინებით (საქმე №2/11392-19) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

19. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ" ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ” პუნქტით, 284-ე-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.წ–ის (მხარდამჭერი - ე.პ), ნ.ფ–ისა და მ.შ–ის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:

2.1. ნ.ფ–ი თანახმაა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, .........., ს/კ N ........, გაყიდული იქნას კასატორ - ი.წ–ის მიერ და კასატორმა იმოქმედოს, როგორც შუამავალმა, მესაკუთრესა და მყიდველს შორის.

2.2. ი.წ–ი კისრულობს ვალდებულებას, მორიგების აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში, მოძებნოს სადავო ქონების (ს/კ N........) მყიდველი და მოახდინოს მისი რეალიზაცია მესაკუთრის (ნ.ფ–ის) მეშვეობით. ნ.ფ–ი თანახმაა, ი.წ–მა ცალმხრივად აწარმოოს სადავო ქონების მომავალ მყიდველთან მოლაპარაკებები, როგორც ნასყიდობის ფასთან, ისე - მის გადაცემასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ი.წ–ი კისრულობს ვალდებულებას, უზრუნველყოს სადავო უძრავი ნივთის (ს/კ N .......) მისივე მოთხოვნის საფუძველზე დადებული ყადაღისაგან გათავისუფლება, რათა დროულად განხორციელდეს ნასყიდობის გარიგების დადება.

2.3. ნ.ფ–ი კისრულობს ვალდებულებას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად გამოცხადდება წინასწარ შეთანხმებულ დროს. დროისა და ადგილის შესახებ ნ.ფ–ს ან მის წარმომადგენელ - მ.ფ–ს, ი.წ–მა, წინასწარ, გონივრული ვადის დაცვით უნდა აცნობოს სატელეფონო შეტყობინებით, რომლის მიღებაც, სავალდებულო წესით უნდა დაუდასტუროს შეტყობინების მიმღებმა საპასუხო შეტყობინებით.

2.4. მხარეები თანხმდებიან, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა განაწილდება შემდეგნაირად:

2.4.1. ნ.ფ–ს (პ/ნ ........) გადაეცემა გაყიდული უძრავი ქონების ღირებულებიდან - 15 000 (თხუთმეტიათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, გადაცემის დროს, დოლარის შესყიდვის კურსის გათვალისწინებით.

2.4.2. ი.წ–ს, მხარდამჭერ - ე.პ–ის თანდასწრებით, გაყიდული უძრავი ქონების ღირებულებიდან გადაეცემა 15 000 (თხუთმეტიათასი) აშშ დოლარს ზემოთ დარჩენილი თანხა, შესაბამისი ხელწერილით.

2.5. მხარეები თანხმდებიან, რომ თანხის გადაცემაზე შეადგენენ მიღება-ჩაბარების აქტებს, რომელსაც ხელმოწერით დაადასტურებენ მხარეები და მათი წარმომადგენლები.

2.6. ვინაიდან ნ.ფ–ს ი.წ–ის მხრიდან შეზღუდული ჰქონდა წინამდებარე სადავო უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება და ხსენებულ ქონებას ამჟამადაც ფლობს ი.წ–ი, მყიდველისათვის როგორც ნივთობრივად, ისე - უფლებრივად უნაკლო ქონების გადაცემასა და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფინანსურ ვალდებულებებთან (ნასყიდობის გარიგების დადებასთან, კომუნალურ ხარჯებთან და სხვა) დაკავშირებით, ვალდებულება და პასუხისმგებლობა ეკისრება ი.წ–ს და ყველა ხარჯს გადაიხდის თავად ეს უკანასკნელი, ხოლო ნ.ფ–ი თავისუფლდება და არ აგებს პასუხს ამ ვალდებულებებზე. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე დათქმა სავალდებულო წესით აისახოს ნასყიდობის ხელშეკრულებაში.

2.7. ი.წ–ის მიერ წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული ნებისმიერი ვალდებულების დარღვევა, მიიჩნევა ამ მორიგების აქტის დარღვევად და ი.წ–ის მიერ ნ.ფ–ის სარჩელის აღიარებად. რაც გულისხმობს იმას, რომ ი.წ–ის (პ/ნ ........) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას სადავო უძრავი ნივთი, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, .........., მიწის უძრავი ქონების ს/კ N ...... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე ნ.ფ–ს (პ/ნ ........). ამ მიზნით, ნ.ფ–ი, უფლებამოსილი იქნება, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რათა განახორციელოს იძულებითი აღსრულება - ი.წ–ის სადავო უძრავი ქონებიდან კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გამოსახლება.

2.8. ნ.ფ–ის მიერ ამ განჩინების 2.3. პუნქტის (მორიგების აქტის მე-3 პუნქტი) შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუკი ეს არ იქნება გამოწვეული საპატიო მიზეზით, ამავე განჩინების 2.2. პუნქტით (მორიგების აქტის მე-2 პუნქტი) დადგენილი ვადა გადაიწევს ი.წ–ის მიერ ახალი მყიდველის მოძებნამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვით. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ნ.ფ–ი უფლებამოსილი იქნება, მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის მიღების მოთხოვნით.

3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის №2/11392-19 გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის №2ბ/4634-22 განჩინება.

4. მხარეთა მორიგების გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შეწყდეს წარმოება №ას-162-2024 სამოქალაქო საქმეზე.

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 მარტის №2/11392-19 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე, ყადაღა დაედო ნ.ფ–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების შესაბამის წილს, მდებარე: თბილისი, ........., ს/კ N......

6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი