საქმე №ას-501-2024 28 ივნისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (მოსარჩელე)
მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოსარჩელის მხარეს) - ბ.ო–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - სადაზღვევო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ (შემდგომ - სამინისტრო, დამზღვევი, მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.უ–ის“ (შემდგომ - მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია, მოპასუხე, კასატორი) მიმართ 17 865 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2022 წლის 29 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების თანახმად, სამინისტროს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალება ავტომანქანა „ტოიოტა“, სახელმწიფო ნომრით ......, დაიზღვა. 2022 წლის 26 მაისს, ქ. თბილისში, ......, ავტოსაგზაო შემთხვევისას, დაზღვეული ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ბ.ო–ძე (შემდგომ - მძღოლი, მესამე პირი), შეეჯახა ავტომობილ BMW-ს, სახელმწიფო ნომრით ......., რომელსაც მართავდა თ.ი–ია. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, საჯარიმო ქვითარი გამოიწერა ავტომობილ „ტოიოტას“ მიმართ, საგზაო ნიშნის – „დაუთმე გზის“ დაუმორჩილებლობისათვის.
3. მოსარჩელის განმარტებით, საგზაო ნიშანი, „დაუთმე გზა“, არ იყო განთავსებული თვალსაჩინოდ, მას ეფარებოდა იქვე არსებული ხეების ტოტები, რის გამოც მძღოლმა ვერ დაინახა. დაზიანებული ავტომობილების შეკეთების ღირებულება, დაზღვეული ავტომაქანის შემთხვევაში, შეადგენს 12 890 ლარს, ხოლო ავტომობილ BMW-ის – 4 975 ლარს. მძღოლმა აანაზღაურა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მეორე მძღოლისათვის მიყენებული ზიანი 9 000 ლარი. სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებს, როგორც დამზღვევის, ისე მეორე მძღოლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
მოპასუხის შესაგებელი
4. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, მოსარჩელის მითითება - საგზაო ნიშანი, „დაუთმე გზა,“ არ იყო განთავსებული თვალსაჩინოდ და მას ეფარებოდა იქვე არსებული ხეების ტოტები, გაქარწყლებულია ექსპერტიზის დასკვნით, ფოტომტკიცებულებებითა და ვიდეომასალით, რომლებიც გადაღებულია როგორც უშუალოდ შემთხვევის დროს, ასევე – შემთხვევის შემდეგ. დგინდება, რომ დამნაშავე მძღოლს არ ჰქონდა შემაფერხებელი გარემოება, ხილვადობა იყო საკმარისი უსაფრთხო გადაადგილებისთვის, სავალი გზის ზედაპირი იყო მშრალი, მაგრამ ავტომობილის მართვისას მან გამოიჩინა უყურადღებობა, გულგრილობა, მეტისმეტი დაუდევრობა, მძღოლმა არ დაიცვა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნები, რასაც მოჰყვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. ამდენად, დგინდება, რომ შემთხვევა გამოწვეულია დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, რაც ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით – სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა 17 865 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხესვე დაეკისრა 1250.55 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ შესრულებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე ვალდებულება; სადაზღვევო შემთხვევისას დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა; მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს იმ საფუძვლით, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით; ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეულ პირად მიჩნეული იქნა დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე. შედავებული არ არის, რომ არ დასტურდება მძღოლის მხრიდან სიჩქარის გადაჭარბების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია მხოლოდ ის გარემოება, რაზეც აპელანტი სარჩელშივე (და სააპელაციო საჩივარშიც) ამახვილებდა ყურადღებას სუბიექტური და ობიექტური თვალსაზრისით - იგი მოძრაობდა მთავარ თუ მეორეხარისხოვან გზაზე, ანუ საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ მძღოლისათვის იყო თუ არა ხილვადი და აღქმადი, რადგან, მისივე განმარტებით, მთავარი და მეორე ხარისხოვანი გზების სხვა განმასხვავებელი ნიშანი არ არსებობდა - გზები თავისი პარამეტრებით ერთმანეთის ტოლი იყო და ეს გარემოება საქმის მასალებით სადავოდ არ გამხდარა. აპელანტს საგზაო მონიშვნა ან ნიშანი მთავარი გზის აღსანიშნავად საერთოდ არ შეუმჩნევია. მან ფიზიკურად ვერც „დაუთმე გზის“ ამკრძალავი ნიშანი ვერ დაინახა, რადგან შემთხვევის დროს არსებული აყვავებული და გაფოთლილი ხეების ტოტების გამო არ ჩანდა არცერთი ამკრძალავი ნიშანი.
9. სწორედ ზემოაღნიშნული გარემოების გაანალიზებისათვის პალატამ მიუთითა ავტოსაგზაო შემთხვევისა და ექსპერტიზის დროს შორის არსებულ ინტერვალზე (26 მაისი და 14 ოქტომბერი). შემთხვევის დროიდან ექსპერტიზამდე თითქმის ხუთი თვე იყო გასული და მოიცავდა გაზაფხულს,ზაფხულსა და შემოდგომას, რომელიც საქართველოში, კერძოდ, თბილისში ბუნების სეზონური ცვალებადობით გამოირჩევა. სწორედ ამ გარემოებას უსვამდა ხაზს აპელანტი ერთმნიშვნელოვნად, როდესაც განმარტავდა, რომ შემთხვევის დროს არსებული აყვავებული და გაფოთლილი ხეების ტოტების გამო არ ჩანდა არცერთი ამკრძალავი ნიშანი. ამ ფაქტორის გათვალისწინებით კი, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ვერ მიიჩნია ის გარემოება, რომ 14 ოქტომბერს ექსპერტის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, საგზაო ნიშნის, „დაუთმე გზა,“ ხილვადობა იქნებოდა ზუსტად ისეთივე, როგორიც 26 მაისს.
10. პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ერთობლიობა ქმნიდა მძღოლის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას, დამზღვევის მხრიდან არ იკვეთებოდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევა და არამართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, რომელიც არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას, არ დგინდება, მძღოლის ბრალეულობის ხარისხი. ამასთან, სადავო არ გამხდარა, დაზიანებული ავტონაწილებისა და შესაბამისი სარემონტო მომსახურების ღირებულების შესახებ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა, რის გამოც მოპასუხე არ არის უფლებამოსილი, უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე. შესაბამისად, დაზღვეული ავტომანქანის შეკეთების ღირებულების -17 865 ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა პალატამ კანონიერად მიიჩნია და დააკმაყოფილა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
12. სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა მძღოლის ბრალის ხარისხი მარტივ გაუფრთხილებლობად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მან უხეში გაუფრთხილებლობა გამოიჩინა. აპელანტის დაუსაბუთებელი მითითების საპირწონედ მოპასუხემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ავტოსაგზაო შემთხვევასა და ექსპერტიზას შორის დროის ინტერვალის გამო. ამ დროს მტკიცებულება ერთადერთია, რომელითაც შესწავლილი და დასურათებულია შემთხვევის ადგილი. დასკვნით დგინდება, რომ საგზაო ნიშნის შემჩნევისათვის დამაბრკოლებელი გარემოება ხეები არ არის. აღსანიშნავია, ისიც, რომ თუნდაც მძღოლს ვერ შეემჩნია საგზაო ნიშანი, საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესაბამისად, ისედაც მას უნდა დაეთმო გზა. გარდა ამისა, დადგენილია, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სწორედ დაზღვეული მძღოლი დაჯარიმდა სამართალდარღვევისათვის. ამრიგად, ვლინდება უხეში გაუფრთხილებლობის დამადასტურებელი აუცილებელი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.
16. კასატორი მიუთითებს კანონით გათვალისწინებულ ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველზე, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გამოსარიცხად მოსარჩელის უხეშ გაუფრთხილებლობაზეც მიუთითებს. საკასაციო პალატა იზიარებს გაუფრთხილებლობის ხარისხის განსაზღვრის თაობაზე კასატორის პრეტენზიას შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსკ-ის 829-ე მუხლიდან (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) გამომდინარე, დამზღვევის მიერ განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით სადაზღვევო შემთხვევის გამოწვევა მზღვევლის ვალდებულებისაგან გათავისუფლების კანონიერი საფუძველია. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მზღვეველი არ თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ დამზღვევმა შემთხვევა გამოიწვია მარტივი გაუფრთხილებლობით. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-254-2023, 07.06.2023წ.; №ას-865-2023, 29.09.2023წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ.: სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.; №ას-499-2023, 07.06.2023წ.). თავის მხრივ, წინდახედულება განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი არ ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ყველასთვის ცხადი უნდა იყოს.
18. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა, მზღვეველმა კი უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).
19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2022 წლის 26 მაისს თბილისში, ........ ქუჩა №29-ში, ავტოსაგზაო შემთხვევისას სამინისტროს ბალანსზე რიცხული და მოპასუხე სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ....., რომელსაც მართავდა მესამე პირი, შეეჯახა BMW მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით ......... ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეულ პირად მიჩნეულ იქნა მესამე პირი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე. სამართალდარღევის ოქმი არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
20. მოსარჩელე არ ეთანხმება მისი მხრიდან ჩადენილი სამართალდარღვევის მხოლოდ უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასებას იმ საფუძვლით, რომ „დაუთმე გზა“, ამკრძალავი ნიშანი, ვერ დაინახა, რამდენადაც, შემთხვევის დროს არსებული აყვავებული და გაფოთლილი ხეების ტოტების გამო, არ ჩანდა ნიშანი. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ „შემთხვევის ადგილის, ავტომობილების დაზიანებების, გზის საფარის და დოკუმენტების შესწავლის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევაში დამნაშავე ავტომობილის მძღოლს არ ჰქონდა შემაფერხებელი გარემოება, ხილვადობა იყო საკმარისი უსაფრთხო გადაადგილებისთვის, სავალი გზის ზედაპირი იყო მშრალი.“ ექსპერტმა დაადგინა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება, უნდა შეესრულებინა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნები და მისი ქმედებები არ გამოიწვევდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას.
21. სააპელაციო პალატამ ექსპერტიზის დასკვნა არ გაიზირა იმ საფუძვლით, რომ ის ავტოსაგზაო შემთხვევიდან 5 თვის შემდეგ იყო ჩატარებული, შესაბამისად, პალატამ ექსპერტიზის დასკვნა უარყო იმ ვარაუდით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სეზონის (გაზაფხული) მიხედვით, აყვავებული და გაფოთლილი ხეების ტოტები დაფარავდა ნიშანს, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას (შემოდგომით) ფოთლები ნიშანს არ ფარავდა. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიუთითებს, როდესაც ექსპერტიზის დასკვნის გასაბათილებლად საპირისპირო მტკიცებულება საქმეში წარმოადგენილი არ არის, ზემოხსენებული ვარაუდი ვერ გამოდგება მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლად. მით უფრო, მიუხედავად დროის სხვაობისა, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნას თან ახლავს ანალიზი, დასურათება და ვიდეომასალა. დასურათებაში კარგად ჩანს, რომ ხეებსა და სავალი ნაწილის გვერდით გაშენებულ მცენარეულ საფარს, ხეებს კვლავ აქვს ფოთლები. ექსპერტის კვლევა არ ეყრდნობა იმგვარ პერიოდში გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას, რომ გაფოთლილი ხეების მფარავი ეფექტი გამორიცხულიყო. ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ კასატორმა ექსპერტიზის ჩასატარებლად საექსპერტო დაწესებულებას მიმართა 2022 წლის 14 ივნისს და სხვადასხვა დოკუმენტებთან ერთად წარუდგინა ფოტომასალა, რაც გამოყენებულია კიდეც კვლევის პროცესში.
22. სსსკ-ის 102-ე-105-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება ვერ გამოდგება ექსპერტიზის დასკვნის გასაბათილებლად, რომელიც დარღვევას ადგენს და რომელიც სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტის მიერ არის შედგენილი. მოპასუხეს სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით შეეძლო, სასამართლოსათვის შეეთავაზებინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი დაარწმუნებდა, რომ წინდახედულების გამოჩენის შემთხვევაშიც კი, საგზაო ნიშნის დანახვა შეუძლებელი იყო. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ მძღოლის განმარტება, რომ ვერ დაინახა საგზაო ნიშანი, რადგან ხის ტოტები ეფარებოდა და კარგად არ ჩანდა, არ არის საკმარისი ზემოხსენებული მტკიცებულების გასაბათილებლად. მით უმეტეს, აღსანიშნავია, რომ „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი, ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მოსაზრება არ იგულისხმება. ამდენად, ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლების ვალდებულება, მტკიცებულებათა შეფასების ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (იხ.: სუსგ №ას-671-2023, 12.09.2023წ.; ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 117-121. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი). კასატორის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საპირწონედ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი კონკრეტული მტკიცებულება, რაც დადასტურებდა მისი პოზიციის მართებულობას.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის მძღოლის მიერ მნიშვნელოვანი საგზაო მოძრაობის - ამკრძალავი ნიშნის უგულებელყოფამ. გზაჯვარედინზე ამგვარი წესის უგულებელყოფა და, ნაცვლად გზის სავალი ნაწილის დათმობისა, ავტომობილის ექსპლუატაციის გაგრძელება და მოძრაობის სახიფათო მონაკვეთზე შემხვედრი ავტომობილთან შეჯახება, დადგენილი წესრიგის დარღვევაა უხეში დაუდევრობის მაღალი სტანდარტით. წინდახედულების ობიექტური მასშტაბით შეფასებისას, აღნიშნული მიიჩნევა სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი ყურადღებიანობის მოთხოვნების დარღვევად. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ერთობლიობა ქმნის მძღოლის მოქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საფუძველს, დამზღვევის მხრიდან ვლინდებოდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის მძიმე დარღვევა და მართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე.
24. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული გადწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
25. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
26. განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოსარჩელეს დაეკისრება 893 ლარის გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი ადაწყვეტილება;
3. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაეკისროს 893 ლარის გადახდა სს „ს.კ.უ–ის“ სასარგებლოდ;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე