ას-1519-2023
21 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი..“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასატმეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ი..-ის“ (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 30 650.40 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება (იხ. სარჩელი: ს.ფ. 3-17).
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3065.04 ლარის გადახდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 15325 ლარის ოდენობით.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2020 წლის 25 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემსყიდველი) და შპს „ი..-ს“ (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N414. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მოსამსახურეებისათვის საწვიმარი ლაბადების სახელმწიფო შესყიდვა. ინფორმაცია საქონლის დასახელების, ტექნიკური მახასიათებლების, რაოდენობისა და ერთეული ღირებულების შესახებ მოცემული იყო მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ფასთა ცხრილში და საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებში, რომელიც თან ერთვოდას ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს.
5.2. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 113 520 ლარს. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის ვადად განისაზღვრა: შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 90 კალენდარული დღე (არაუგვიანეს 23 სექტემბრისა). ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და
ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 11.3 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, სსიპ „საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ დასკვნა ფორსმაჟორის დადასტურების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორსმაჟორული გარემოებების ზეგავლენისგან.
5.3. მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაო, მართალია,
შესრულდა, მაგრამ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი ნაცვლად 2020 წლის 23 სექტემბრისა, მოპასუხის მიერ მიწოდებულ იქნა ეტაპობრივად, არასრული ოდენობით 2020 წლის 12 ოქტომბრიდან - 19 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში - 26 კალენდარული დღის დაგვიანებით და 2020 წლის 12 ოქტომბრიდან - 16 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში - 54 კალენდარული დღის დაგვიანებით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატამ განმარატა რომ, მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
5.4. სააპელაციო პალატამ საქალაქო სასამართლოს დასკვნა პირგასამტეხლოს 10-ჯერ შემცირების ნაწილში, უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ მოპასუხეს კონკრეტული მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად გავრცელებულმა პანდემიამ შეუშალა ხელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შესრულებაში, არ წარმოუდგენია. პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არამართებულად შემცირდა და ვალდებულების დაერღვევის თანაზომიერ და პროპორციულ ოდენობად მიიჩნია პირგასამტეხოს 0.25%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 15 325 ლარი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორის მითითებით, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და როდესაც სასამართლო ერევა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, მან უნდა დაასაბუთოს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობა. მოცემულ შემთხვევაში, არ არის დასაბუთებული რა ფაქტობერივი გარემოებების გაზიარებით შეამცირა სასამართლომ ხელშეკრულების შესაბამისად დაანგარიშებული პირგასამტეხლო. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირგასამტეხლოს გათვალისწინება ხელშეკრულებით განხორციელდა არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ, მას უნდა უზრუნველეყო ვალდებულების ჯეროვანი შესრულება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
11. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.
12. სადავო არ არის მხარეთა შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები. უდავოა ასევე მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა. სადავოა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).
14. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
15. საკასაციო პალატა პირველ რიგში შეაფასებს, თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ და აღნიშნავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან.
16. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილი შესაგებელი შეიცავს მსჯელობას პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე, იმაზე მითითებით, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს რეკომენდაციას ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო განსაზღვრონ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ გავრცელებულმა პანდემიამ შეუშალა ხელი ვალდებულების დროულად შესრულებაში.
17. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ პირგასატმეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას.
19. პალატას მიაჩნია, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის და ის არ უნდა ატარებდეს სიმბოლურ ხასიათს. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.
20. განსახილველ შემთხვევაში, იმის განსაზღვრისას, დარიცხული პირგასამტეხლო არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი, პალატა პირველ რიგში შეაფასებს მოპასუხის მიერ აღნიშნულის დასადასტურებლად შესაგებელში მითითებული გარემოებების საფუძვლიანობას, კერძოდ, პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობით განსაზღვრის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია და გავრცელებული პანდემიის გამო ვალდებულების დროულად შეუსრულებლობა, წარმოადგენს თუ არა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევის საფუძველს. პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული დოკუმენტაცია არ ატარებს სავალდებულო ხასიათს და მასში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სტანდარტული პირგასამტეხლოს ოდენობა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გამოთვლა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების სპეციფიკიდან და საქმეში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს და მისი განსაზღვრა ვერ იქნება დამოკიდებული მითითებულ რეკომენდაციაზე. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას, გავრცელებული პანდემიის გამო ვალდებულების დროულად შესრულების შეუძლებლობაზე, აღნიშნული ასევე არ წარმოადგენს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს, ვინაიდან, მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2020 წლის 25 ივნისს, ხოლო პანდემია 2020 წლის დასაწყისიდან არსებობდა. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს ხელშეკრულების გაფორმებისას და შესრულების ვადაზე შეთანხმებისას შეეძლო გაეთვალისწინებინა აღნიშნული გარემოება. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს მოპასუხის სახით წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ შემსყიდველი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საწვიმარი ლაბადების მიწოდება, რომლის შესრულების განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა მოსარჩელეს და მიმწოდებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვებოდა ვალდებულების შესრულება. ხელშეკრულების მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.5% (ზემოაღნიშნული დაანგარიშების ბაზის გათვალისწინებით), არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხემ ვადის დარღვევით შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების 9.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.
21. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს არ მიიჩნევს საკმარის საფუძვლად პირგასამტეხლოს შესამცირებლად და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.5% არ მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, პალატა შეამოწმებს მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გამოთვლის წესი შეესაბამება თუ არა სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას.
22. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად განისაზღვრა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 90 კალენდარული დღე, არაუგვიანეს 23 სექტემბრისა. სადავო არ არის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, დარღვევით მიწოდების თარიღები და ვადადარღვეული დღეების რაოდენობა, ასევე დგინდება რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის პერიოდში პროდუქცია პრაქტიკულად არ მიწოდებულა. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებულია ხელშეკრულების საერთო საორიენტაციო ღირებულებიდან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ განჩინებასა და გადაწყვეტილებაში განმარტებულია შემდეგი: ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016).
23. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს ვალდებულების თითოეული შესრულების პერიოდისათვის ვადის დარღვევით მიწოდებული პროდუქციის ოდენობისა და მისი ღირებულების გათვალისწინებით, კერძოდ: მოპასუხის მიერ პირველივე მიწოდება განხორციელდა ვადის დარღვევით, ნაცვლად არაუგვიანეს 2020 წლის 23 სექტემბრისა, მიწოდება განხორციელდა 2020 წლის 12 ოქტომბერს და მიწოდებულ იქნა 37500 ლარის პროდუქცია, ხოლო მიწოდების ვადის გადაცილებამ შეადგინა 19 დღე (23 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით). შესაბამისად, (19 დღის დაგვიანებით) მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა ხელშეკრულების სრული ღირებულება, რისი გათვალისწინებითაც, 2020 წლის 12 ოქტომბრისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 10745.64 ლარს (113 520 ლარის 0.5%X19 დღეზე). შპს „ი...-მა“ მომდევნო - 25000 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება განახორციელა 2020 წლის 16 ოქტომბერს. 2020 წლის 12 ოქტომბრიდან 2020 წლის 16 ოქტომბრამდე ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაა 4 დღე, მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება კი 76020 ლარი (113520 ლარს გამოკლებული 12 ოქტომბერს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 37500 ლარი). შესაბამისად, აღნიშნული პერიოდისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 1520.4 ლარი (76020 ლარის 0.5%X4 დღეზე). 2020 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელეს მიეწოდა 13250 ლარის ღირებულების პროდუქცია, ამდენად, 2020 წლის 16 ოქტომბრიდან 2020 წლის 19 ოქტომბრამდე ვადადარღვეული დღეების რაოდენობამ შეადგინა 3 დღე, მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულებამ კი 51020 ლარი (76020 ლარს გამოკლებული 16 ოქტომბერს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 25000 ლარი). შესაბამისად, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 765.3 ლარი (51020 ლარის 0.5%X3 დღეზე). 2020 წლის 04 ნოემბერს მოსარჩელეს მიეწოდა 15670 ლარის ღირებულების პროდუქცია. 2020 წლის 19 ოქტომბრიდან 2020 წლის 04 ნოემბამდე ვადადარღვეული დღეების რაოდენობამ შეადგინა 16 დღე, ხოლო მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულებამ 37770 ლარი (51020 ლარს გამოკლებული 19 ოქტომბერს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 13250 ლარი). შესაბამისად, ამ პერიოდისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 3021.16 ლარი (37770 ლარის 0.5%X16 დღეზე). 2020 წლის 16 ნოემბერს მოსარჩელეს მიეწოდა 22100 ლარის ღირებულების პროდუქცია. 2020 წლის 04 ოემბრიდან 2020 წლის 16 ნოემბრამდე ვადადარღვეული დღეების რაოდენობამ შეადგინა 12 დღე, ხოლო მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულებამ 22100 ლარი (37770 ლარს გამოკლებული 04 ნოემბერს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 15670 ლარი) 22100 ლარი, შესაბამისად, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 1326 ლარი (22100 ლარის 0.5%X12 დღეზე).
24. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ არამართებულად იქნა გამოთვლილი პირგასამტეხლო ყველა მიწოდების პერიოდისათვის მთლიანი ხელშეკრულების ღირებულებიდან.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 17378.5 ლარის ოდენობით (10745.64+1520.4+765.3+3021.16+1326).
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1393.88 (521.35+572.53+300) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ი..-ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 17378.5 ლარის ოდენობით;
5. შპს „ი..-ს“ (....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1393.88 (521.35+572.53+300) ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე