საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1000-954(კ-06) 8 იანვარი, 2007 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა
კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ს. ბ-ის სარჩელის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2006 წლის 7 დეკემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1000-954(კ-06) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე, ს. ბ-ის სარჩელის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი). აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ.ს.ფ. 64-65/.
ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მომართა საკასაციო სასამართლოს /იხ. ს.ფ. 67-70/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საქართველოს კონტროლის პალატას საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხარვეზი არ შეავსო, რადგან კასატორის მიერ წარმოდგენილი მომართვა არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1. “ე” პუნქტის მოთხოვნებს, რამდენადაც არ შეიცავს არგუმენტაციას თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.