Facebook Twitter

საქმე №ას-274-2024 27 ივნისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ვ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

კერძო საჩივრის დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თანხის დაკისრების მოთხოვნით გ.ვ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) თ.მ–ის (შემდეგში - მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 110 000 აშშ დოლარისა და 330 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

6. სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 369-ე, 374.1 მუხლები).

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებას მოსარჩელე კერძო საჩივრით ასაჩივრებს და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის დროის შესახებ სასამართლომ მას არც კი შეატყობინა, რაც დაუშვებელია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259.1 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

10. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება 2023 წლის 16 ივნისს მოპასუხეს პირადად ჩაბარდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი დასახელებულ გადაწყვეტილებაზე მან სასამართლოში 2023 წლის 9 ოქტომბერს შეიტანა.

გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინა ეგრედ წოდებული ფორმალური შინაარსის შესაგებელი, რომლითაც სარჩელში აღწერილი გარემოებანი სათანადო წესით სადავო არ გაუხდია.

საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე გარდა თ.მ–ის ხელმოწერისა ასახულია მისი პირადი ნომერიც (........) და ეს გარემოება დამატებით ადასტურებს ფოსტის მუშაკის მხრიდან გზავნილის ჩაბარების ფარგლებში თ.მ–თან კონტაქტს.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კერძო საჩივარი რელევანტურ პრეტენზიას არ შეიცავს.

11. სსსკ-ის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2023 წლის 17 ივნისს და 2013 წლის 30 ივნისს დასრულდა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში მოპასუხეს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, როგორც ზემოთ აღინიშნა, აღნიშნული მან დაგვიანებით, 2023 წლის 9 ოქტომბერს წარადგინა.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 61.3 მიხედვით, საოროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

13. სსსკ-ის 374-ე მუხლით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

14. კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების შინაარსი, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სრულიად ასაბუთებს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვებას ექვემდებარება.

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე