13 ივნისი, 2024 წელი,
საქმე №ას-365-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „კ.ა–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 14 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შპს „კ.ა–ის" (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) წინააღმდეგ მ.მ–მა (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
- მოსარჩელემ განმარტა, რომ მასსა და მოპასუხეს შორის 2022 წლის 20 მაისს ავტომობილის იმპორტის შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება ან სადავო ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც მოპასუხის ვალდებულებაში შედიოდა - ამერიკის შეერთებული შტატებიდან ავტომობილის (რომლის რეკვიზიტებია: მარკა - Tesla, მოდელი - Model X, გამოშვების წელი - 2020, საიდენტიფიკაციო ნომერი #........) შესყიდვა, ტრანსპორტირება და საქართველოში იმპორტი.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება, მათ შორის დაზღვევის თანხა, მოსარჩელემ სრულად გადაიხადა. მიუხედავად იმისა, რომ აუქციონზე შეძენისას ავტომანქანას გასაღებიც ჰქონდა და ე.წ. „ბამპერიც“ (რაც ფოტოსურათებშიც ნათლად ჩანდა), საქართველოში მისი ტრანსპორტირებისა და ფოთის პორტში გადაცემისას, მითითებული ნაწილები მოსარჩელეს არ მიუღია.
არაერთი წერილობითი მიმართვის საფუძველზე მოპასუხემ მხოლოდ გასაღების დაკარგვით გამოწვეული ზიანი აანაზღაურა, ხოლო სადაზღვევო პოლისის წარდგენისა და ბამპერის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი განუცხადა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ ფიზიკური პირისგან 14 000 ლარის ღირებულების მეორადი „ბამპერი“ შეიძინა და ამ გარემოებამ სასამართლოში წინამდებარე სარჩელის წარდგენა გამოიწვია.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
- დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- ფოთის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 14 000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
5. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით მოითხოვა:
- სასამართლოში მათი გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან სხდომაზე მიწვევის შესახებ უწყება არ ჩაჰბარებიათ. სასამართლოს მიერ შევსებული გზავნილითაც დგინდება, რომ მათ, მხოლოდ სააპელაციო საჩივარი გაეგზავნათ (თანდართული მასალებით) და შესაგებლის წარსადგენად 5 დღის ვადა განესაზღვრათ.
შესაბამისად, მოპასუხე ობიექტურად არ იყო ინფორმირებული სხდომის დღის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი სასამართლოში აუცილებლად გამოცხადდებოდა. ვინაიდან, საქმეზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 233.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება (სასამართლო სხდომაზე მხარე მოწვეული არ ყოფილა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით) გამოიკვეთა, ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს ქმნიდა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
6.1. საქმეზე წარმოდგენილი სასამართლო უწყების ასლით, გზავნილის ასლითა და საფოსტო უკუგზავნილით სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და სასამართლო სხდომის დანიშვნის შემდეგ, სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, გზავნილიც (სააპელაციო საჩივარი თანდართული მასალებით) და 2023 წლის 1 ნოემბრის 16.00 საათზე დანიშნული სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიწვევის შესახებ უწყებაც, მოპასუხეს ფოსტის საშუალებით გაეგზავნა, რომელიც უფლებამოსილ პირს - საწარმოს მენეჯერ თ.გ–ს ჩაჰბარდა და, გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზეც ეცნობა.
6.2. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მე-4, 102-103-ე და 105-ე მუხლებზე მიუთითა და საქმის მასალებისა და წარმოდგენილი საჩივრის შესწავლის საფუძველზე არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სხდომაზე მიწვევის შესახებ სასამართლო უწყება (სადაც გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებზე იქნებოდა მითითებული) არ ჩაჰბარებია, რადგან, გზავნილთან ერთად მისთვის უწყების ჩაბარების თაობაზე საფოსტო დაწესებულების მიერ შედგენილ უკუგზავნილში დაფიქსირებული ინფორმაცია მოპასუხემ ვერ გააქარწყლა.
ასეთ შემთხვევაში კი, პრეზუმირებული იყო, რომ სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ უწყება მას კანონით დადგენილი წესით გაუგზავნა და ჩააბარა.
7. ხსენებული განჩინება მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და, განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
- სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ სასამართლო უწყება მოპასუხეს არ ჩაბარებია. სააპელაციო საჩივართან ერთად ამ უკანასკნელისთვის უწყების გაგზავნის პირობებში, სასამართლოს შეეძლო, სასამართლო სხდომის კასატორის ინფორმირების საკითხი ტელეფონით გადაემოწმებინა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, 2024 წლის 6 ივნისის განჩინებით საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო პალატის სხდომაზე მოპასუხის/კასატორის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება,
მსგავსი პრინციპით სსსკ-ის 387.2 მუხლი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება, დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნეს სააპელაციო საჩივარში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები:
1.მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება;
2.მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა;
3.სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით.
10. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და სასამართლო სხდომის დანიშვნის შემდეგ, სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, გზავნილიც (სააპელაციო საჩივარი თანდართული მასალებით) და 2023 წლის 1 ნოემბრის 16.00 საათზე დანიშნული სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიწვევის შესახებ უწყებაც, მოპასუხეს ფოსტის საშუალებით გაეგზავნა, რომელიც უფლებამოსილ პირს - საწარმოს მენეჯერ თ.გ–ს ჩაბარდა; მასვე ეცნობა გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზეც.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2023 წლის 1 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე/უფლებამოსილი წარმომადგენელი და მოსარჩელემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე იშუამდგომლა, რაც სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად დააკმაყოფილა (სსსკ-ის 387.2, 230.2 მუხლები).
11. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი.
გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
12. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ვერ განაპირობებს კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სააპელაციო საჩივართად ერთად სასამართლო უწყება მას არ ჩაჰბარებია, რადგან აღნიშნულის დასასაბუთებლად ის მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლება, ხოლო საქმის მასალებით საწინააღმდეგო გარემოება დასტურდება.
რაც შეეხება სასამართლოს მხრიდან სხდომის შესახებ მოპასუხის ინფორმირების დამატებით სატელეფონო კომუნიკაციით გამორკვევის საკითხს, ასეთი ხასიათის საპროცესო ვალდებულება სასამართლოს არ აკისრია, რამდენადაც საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების ბარათი ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს, რომ სხდომაზე მოწვევის შესახებ უწყება ადრესატს მიღებული აქვს. როგორც აღინიშნა ამ გარემოების გაქარწყლების მტკიცების ტვირთიც მოპასუხემ ვერ დაძლია.
13. სსსკ-ის 230-ე მუხლი ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას სწორედ მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში. ასეთ ვითარებაში დამტკიცებულად ითვლება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო არ იკვლევს და არ აფასებს საქმეში არსებულ მასალებს, მათ შორის, არც მოპასუხის შესაგებელს.
მოპასუხის გამოუცხადებლობა ქმნის პრეზუმფციას, რომ იგი სადავოდ არ ხდის (არ ედავება) სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სწორედ ეს ვარაუდი განაპირობებს იმას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
ამასთან, მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ასევე ის, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა მივიჩნიოთ, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 340-ე, 730-ე, 734-ე, 742-ე, 709-ე, 394.1, 409-ე, 412-ე შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას და საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
14. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „კ.ა–ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე