6 ივნისი, 2024 წელი,
საქმე №ას-445 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ.ფ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ფ–იასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) და სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, დამსაქმებელი ან სკოლა) შორის 2021 წლის 15 სექტემბერს დადებული #19 შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შრომითი ხელშეკრულება), მოსარჩელე სკოლაში დარაჯის პოზიციაზე დასაქმდა. ხელშეკრულების ვადა - ერთი წლით, სამუშაო დრო - 48 საათიანი სამუშაო კვირით, სამუშაო დღეებს შორის დასვენების ხანგრძლივობა მინიმუმ - 12 საათით, ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება კი - 250 ლარით განისაზღვრა.
1.1. ხელშეკრულების დანართით, სამუშაო დრო დღეგამოშვებით, 9:00 საათიდან მომდევნო დღის 9:00 საათამდე განისაზღვრა, ორ საათიანი შესვენების უფლებით - 24:00 საათიდან 01:00 საათამდე და 15:00 საათიდან 16:00 საათამდე.
2. სკოლის შინაგანაწესით, რომელიც ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლდა (იხ.1.1 მუხლი) დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ან/და შინაგანაწესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
გ) დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევა;
ლ) სკოლის ტერიტორიაზე ან სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა;
ნ) მოსწავლის/დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომდგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მოსწავლის ფიზიკური დასჯა;
ო) სამსახურში დაგვიანება ან გაუფრთხილებლად სამუშაოს გაცდენა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო ადგილის გაუფრთხილებლად დატოვება;
ს) სკოლაში კონფლიქტური სიტუაციის შექმნა;
ზ) მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქიატრიული ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შეტანა, რეალიზაცია, სკოლის ტერიტორიაზე მოხმარება ან/და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა (იხ. 13.1-13.2 მუხლები).
2.1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის კი, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) საყვედური;
დ) სასტიკი საყვედური;
ე) არაუმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
ვ) სამსახურიდან გათავისუფლება (იხ. 13.3 მუხლი).
3. „2022 წლის 6 მაისს, დილის 8 საათსა და 15 წუთზე სკოლა იყო დაკეტილი, ადგილზე არ იმყოფებოდა დარაჯი.
4. დამსაქმებლის 2022 წლის 13 მაისის წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ განიხილიებოდა - 2022 წლის 6 მაისის დისციპლინური გადაცდომის საკითხი და, მოსაზრებისა და მტკიცებულების წარმოსადგენად - 5 დღე განესაზღვრა.
4.1. წერილი მოსარჩელეს 2022 წლის 18 მაისს ჩაბარდა, თუმცა საკუთარი მოსაზრება არ წარუდგენია.
5. დამსაქმებლის 2022 წლის 19 მაისის #100 ბრძანებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ბრძანება), შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
გათავისუფლებას სკოლის შინაგანაწესის 13.1 მუხლის „ა-ბ-ლ-ნ-ო-ს“ ქვეპუნქტები, 13.2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, 13.3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და 13.11 პუნქტი დაედო საფუძვლად.
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურება მოთხოვნით.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მოითხოვა სარჩელის უარყოფა უსაფუძვლობის მოტივით.
8. სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა დარაჯის თანამდებობაზე; 2022 წლის 19 მაისიდან სამსახურში აღდგენამდე მოპასუხეს ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის - 250 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
9. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი უარყოფილ იქნა.
11. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება.
11.1. კასატორის მტკიცებით, შრომითი ურთიერთობა უკანონოდ შეწყდა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი, სარჩელის უარყოფით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ/კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.
14. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) და 2.2 (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით), 48.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება), 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
15. განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებული იყო მოპასუხის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებდა, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობა რეალურად უხეშად დაარღვია, რადგანაც, საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ მხოლოდ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში.
16. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე აღძრულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
17. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, დასაქმებულის ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით.
შრომის სამართალში პრინციპი - „Ultima Ratio“, ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას.
ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოსაყენებელია ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს, შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს უნდა აირჩეს პასუხისმგებლობის ზომის პროპორციული მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (შდრ. სუსგ №ას-1350-2019, 27.11.2019წ; №ას-368-2019, 31.07.2019წ., პ.23; №ას-416-399-2016, 29.06.2016წ.).
18. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მოპასუხეა ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს მოსარჩელის მიერ მასზე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის ფაქტები, რაც მითითებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ წინაპირობად იქნება მიჩნეული (სუსგ №ას-1483-2019, 19.12.2019წ.).
19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ერთადერთ გონივრულ და პროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენდა. კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას საფუძვლად დაედო დასაქმებულის მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა (2022 წლის 5 მაისს მოსარჩელე სამუშაო საათებში არ იმყოფებოდა ადგილზე. 6 მაისს სკოლა დილის რვა საათზე იყო დაკეტილი, ვერ გავიდნენ მასთან კავშირზე) და სამსახურში ხმამაღალი საუბარი რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვალდებულების დარღვევის ჩადენის სიხშირის ასევე გადაცდომის მინიმალური უარყოფითი შედეგების გათვალისწინებით ქმნიდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ნაცვლად, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას. ამავე საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ კასატორის მიმართ დისციპლინალური პასუხისმგებლობის რაიმე ზომა მანამდე არ ყოფილა გამოყენებულა.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში როდესაც, არ დასტურდება კასატორის მიმართ დისციპლინალური პასუხისმგებლობის რაიმე ზომის არსებობა, სახდელის სახით პირდაპირ უკმაცრესი ღონისძიების - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება არ არის მართებული და პროპორციული მოქმედება დამსაქმებლის მხრიდან. საკასაციო სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში როდესაც კანონმდებელმა დამსაქმებელს დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრისას მიანიჭა ფართო დისკრეცია, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა მუშაკის მხრიდან არამართლზომიერი ქცევის ჩადენისას გაითვალისწინოს გადაცდომის სიხშირეც და მაქსიმალურად იზრუნოს, რომ პასუხისმგებლობის პირველ ჯერზე დაკისრების პირობებში შეუფარდოს სამსახურიდან გათავისუფლებაზე ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიება.
21. საბოლოოდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დავის ფარგლებში ვერ შეძლო, სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით დაემტკიცებინა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების აუცილებლობა და კანონიერება. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დავაზე გამოიკვეთა დამსაქმებლის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესსაც (სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის სშკ-ის 38-ე მუხლის 8-ე ნაწილი) და განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
23. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის ვალდებულება - განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე (სსსკ-ის 201.1 მუხლი). ამასთან, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (სსსკ-ის 201.4 მუხლი). გარდა ამისა, სსსკ-ის 4.1 (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) და 102-ე მუხლები (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით) იმის ნათელი დადასტურებაა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენით გამოიხატება.
მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, მას უფლებას ართმევს, ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს შეასრულოს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (შდრ. იხ.: სუსგ №ას-664-635-2016, 2.03.2017).
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გამოკვეთილი მოცემულობა იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხე სარჩელში მითითებულ ფაქტს, კერძოდ, მოსარჩელის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის ვაკანტურობას დაეთანხმა და ამ მიმართებით სათანადო ხასიათის შედავება არ წარმოუდგენია.
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან, დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არის უკანონო, შესაბამისად, სამუშაოზე აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
26. ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნები ექვემდებარება სრულად დაკმაყოფილებას.
27. სსსკ-ის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამდენად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ.ფ–იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ.ფ–იას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი გ.ფ–იასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის 2022 წლის 19 მაისის #100 ბრძანება;
5. გ.ფ–ია აღდგენილ იქნეს სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დარაჯის თანამდებობაზე;
6. 2022 წლის 19 მაისიდან გ.ფ–იას სამსახურში აღდგენამდე სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლას ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის - 250 ლარის გადახდა დაეკისროს გ.ფ–იას სასარგებლოდ;
7. სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა;
8. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე