Facebook Twitter

20 ივნისი, 2024 წელი,

საქმე №ას-1622-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს ,,ჯ.მ–ი'' (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.გ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - შპს ,,მ–ო“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე უძრავი ქონება, საიდენტიფიკაციო კოდებით - N...., N....., N....., N..... (შემდეგში - უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები ან სადავო ნაკვეთები) - ჯ.გ–ის (შემდეგში - მოსარჩელე) საკუთრებად იყო დარეგისტრიებული.

მოსარჩელის უფლებამონაცვლეა მ.გ–ი (შემდეგში - უფლებამონაცვლე)

2. შპს ,,ჯ.მ–ის“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე, კასატორი ან საწარმო) მთავარი მარკშეიდერის 2021 წლის 18 თებერვლის ცნობაში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთები ....ს ზეგანზე მდებარეობს, რომელთა მიმდებარედ დაფუძნებიდან დღემდე პირველ მოპასუხეს სამთო მოპოვებითი სამუშაოები არ უწარმოებია. ნაკვეთების ქვეშ მიწისქვეშა სამთო მოპოვებითი სამუშაოები სახელმწიფო საწარმო ჭიათურმანგანუმმა 1971-1983 წლებში აწარმოა, ხოლო, 2005 წელს, ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის მახლობლად, ამავე საწარმომ მიწისზედა მოპოვებითი (კარიერული წესით) სამუშაო შეასრულა. შემდგომ პერიოდში, სამთო მოპოვებით სამუშაოებს სხვადასხვა კომპანიები ასრულებდნენ, თუმცა, ამ კომპანიების მიერ ნაწარმოები სამუშაოების შედეგად, არცერთი მიწის ნაკვეთი სამთო ქანების ძვრის საზღვრებში არ მოხვედრილა.

3. პირველი მოპასუხის ლიცენზიის ფარგლებში ჭიათურის რაიონის სოფელ ..... სამთო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელსაც, პირველ მოპასუხესთან შეთანხმებით, შპს „მ–ო“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე) მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდა.

4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2020 წლის სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ცენტრის ,,სამთო-გეოლოგ პროექტის“ საექსპერტო დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, გამოწვეული დეფორმაციების სიდიდისა და ხასიათის დადგენის მიზნით საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა, დამხმარე ნაგებობები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ვიზუალურად დათვალიერდა.

განხორციელდა სამთო სამუშაოების შედეგად გამოწვეული დეფორმაციების ფოტოგრაფირება, განხორციელებული სამთო სამუშაოების მოცულობისა და მისგან გამოწვეული დეფორმაციების გეოდეზიური აგეგმვა. მიუხედავად წარმოებული სამთო სამუშაოებიდან გასული გარკვეული პერიოდისა, დეტალურად გაანალიზდა მათი წარმოების ტექნოლოგიური პარამეტრების სიდიდე, ზემოქმედების არეალი და ღია სამთო სამუშაოების წარმოების საყოველთაოდ აღიარებულ წესებთან, ნორმატიულ აქტებთან და სახელმწიფო კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობა.

შენობა ნაგებობებსა და მიწის ნაკვეთზე შემდგომი უარყოფითი ზეგავლენის დადგენის მიზნით მოხდა გამოწვეული დეფორმაციებისა და ზიანის გავრცელების არეალის თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურასა და კვლებებზე დაყრდნობით შეფასება. გარდა ამისა, შესწავლილ იქნა მიმოწერა მოსარჩელესა და მოპასუხეთა წარმომადგენლებს შორის, ტელეკომპანია ობიექტივის ვიდეო მასალები.

საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის, დამხმარე ნაგებობებისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ვიზუალურმა დათვალიერებამ აჩვენა, რომ სერიოზული საშიში დეფორმაციები აქვს მიღებული საცხოვრებელ შენობა-ნაგებობას, რომლის დეფორმაციები შესასვლელიდან იწყება და საცხოვრებლის შიგნით, ძირითადად წინა მხარეს, ვრცელდება რაც იმაზე მიუთითებს, რომ დეფორიაციები სამთო სამუშაოების შედეგებმა გამოიწვია, რომლის მდებარეობა შენობა-ნაგებობის ფასადის მხარეს ემთხვეოდა და მისგან 60მ-ით იყო დაშორებული.

დეფორმირებული იყო დამხმარე შენობა-ნაგებობა. განსაკუთრებით დიდი ზიანი მიადგა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, რომელიც სამთო სამუშაოების მიმართულების ფრონტალურ მხარეს მდებარეობდა. ხსენებულ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთშიც და სამთო სამუშაოების ყოველგვარი კანონზომიერების დარღვევით ნაწარმოებ და შექმნილ ქვაბულის მიმდებარე ტერიტორიაზეც არსებული დეფორმაციების ხასიათი აჩვენებდა, რომ ისინი მთლიანად მეორე მოპასუხის მიერ ნაწარმოები სამთო სამუშაოების შედეგად იყო გამოწვეული.

ამავე საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის, დამხმარე ნაგებობებისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე დეფორმაციების გამომწვევ მიზეზს მეორე მოპასუხისა და პირველი მოპასუხის მიერ წარმოებული სამთო სამუშაოები წარმოადგენდა.

5. სამთო-გეოლოგიური დასკვნის შემდგენმა ექსპერტმა გ.მ–ძემ აჩვენა, რომ სამუშაოები უშუალოდ მორე მოპასუხემ აწარმოა, თუმცა დასკვნით ნაწილში დაფიქსირებული მსჯელობა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის, დამხმარე ნაგებობებისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე დეფორმაციების გამომწვევ მიზეზს მეორე მოპასუხესთან ერთად პირველი მოპასუხის მიერ წარმოებული სამთო სამუშაოები წარმოადგენდა, იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ საბადოების ექსპლუატაციაზე პირველი მოპასუხე იყო პასუხისმგებელი.

6. შპს ,,უ.ქ.ე–ის“ 2020 წლის 16 დეკემბრის დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეფასდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე შემდეგი უძრავი ქონება, კერძოდ:

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით #......, დაზუსტებული ფართობი 4 427კვ.მ;

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით #....., დაზუსტებული ფართობი 1 500კვ.მ;

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით #....., დაზუსტებული ფართობი 450კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01/2;

მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით #......, დაზუსტებული ფართობი 500კვ.მ.

ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება 134 400 ლარს შეადგენდა. მრავალწლიანი ნარგავების ღირებულება აუდიტის დასკვნით 57 833 ლარად შეფასდა.

დასახელებული დასკვნით შესაფასებელი ობიექტის აღწერაში აღნიშნულია, რომ შესაფასებელი ობიექტი მდებარეობს მისამართზე, ჭიათურა, სოფელი ..... ამ მისამართზე განთავსებულია სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ....) ფართობით 450 კვმ და მასზედ მდებარე ორსართულიანი გარემონტებული კაპიტალური საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით - 180კვ.მ.

გარდა ამისა, ცალკე მდებარეობს სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ფართობით 4 427კვ.მ, 1 500კვ.მ და 500 კვ.მ, რაც ჯამურად 6 227კვ.მ-ს შეადგენს. აღნიშნულ ქონებაზე მესაკუთრეს ზიანი მიადგა პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის მიერ წარმოებული ღია კარიერული სამუშაოების შედეგად. სახლი მიწით 38 000 ლარად შეფასდა, ხოლო, 6 427კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთები - 96 400 ლარად.

7. 2020 წლის 16 დეკემბრის დასკვნაში დაფიქსირებულ შეფასებებთან დაკავშირებით შპს ,,უ.ქ.ე–ის“ ექსპერტებმა განმარტეს, რომ შეფასება ინტერნეტ სივრცეში უძრავი ქონების ბაზარზე გამოქვეყნებულ განცხადებებში დაფიქსირებული ფასების გათვალისწინებით განახორციელეს. რეალურად დადებული გარიგებები და მათში დაფიქსირებული ნასყიდობის ფასები არ შეუსწავლიათ და შეუფასებიათ.

8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 23 აპრილის დასკვნის თანახმად:

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უძრავი ქონების (ს/კ N......, შემდეგში - პირველი უძრავი ქონება) საბაზრო ღირებულება იმჟამინდელი მდგომარეობით საორიენტაციოდ 27 400 ლარს შეადგენდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უძრავი ქონების (ს/კ N......., შემდეგში - მეორე უძრავი ქონება) საბაზრო ღირებულება იმჟამინდელი მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 6 600 ლარს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უძრავი ქონების (ს/კ N......, შემდეგში - მესამე უძრავი ქონება) საბაზრო ღირებულება იმჟამინდელი მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 2 300 ლარს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უძრავი ქონების (ს/კ N..... შემდეგში - მეოთხე უძრავი ქონება) საბაზრო ღირებულება იმჟამინდელი მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 1 500 ლარს.

დასკვნაში მითითებულია, რომ იგი მოიცავდა შემფასებლის პროფესიონალურ აზრს მის მიერ დადგენილი ღირებულების მაჩვენებელთან მიმართებით (ობიექტის სავარაუდო გასაყიდი ფასი) და არ შეიძლებოდა იმის გარანტიად მიჩნეულიყო, რომ შეფასებული ქონება ხელიდან ხელში ზუსტად შეფასებული ღირებულების მიხედვით გასხვისდებოდა.

ღირებულების საბოლოო მაჩვენებელი წარმოადგენდა მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად მიღებულ შედეგს და არ წარმოადგენდა იმის გარანტიას, რომ ბაზარზე შეიძლება არ არსებობდეს სხვა შეთავაზებები ან გარიგების ფაქტები, რომლებიც განსხვავდებიან თანხობრივი მაჩვენებლებით. შემფასებლის მიერ მიღებული ღირებულების საბოლოო მაჩვენებელი მხოლოდ შეფასების თარიღისთვის იყო მოქმედი.

შემფასებელი არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებდა ეკონომიკური, იურიდიული, ბუნებრივი და სხვა ფაქტორების ცვლილებებზე, რომლებიც ამ თარიღის შემდეგ შეიძლება წარმოიშვას და გავლენა იქონიოს საბაზრო სიტუაციასა და შესაფასებელი ობიექტის ღირებულებაზე. ანალოგებზე მონაცემები მოპოვებული იყო საჯარო რეეტრის ელექტრონული ბაზის, საგაზეთო გამოცემების, ინტერნეტის და „რიელტური" ფირმების მეშვეობით, რომელთა ინფორმაციასაც ყველაზე მაღალი ნდობის ფაქტორი გააჩნიათ.

საქონლის საბაზრო ღირებულება მიღებული იყო, აღნიშნული პერიოდისათვის მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში მსგავსი) საქონლის მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად დადებული გარიგების საფუძველზე. საქონლის ბაზრად ითვლება მიმოქცევის სფერო, რომელიც განისაზღვრება გამყიდველის/მყიდველის შესაძლებლობებით, მნიშვნელოვანი დანახარჯის გარეშე გაყიდოს/შეიძინოს საქონელი გამყიდველისთვის/მყიდველისათვის უახლოეს ტერიტორიაზე საქართველოში.

ექსპერტის მიერ საქონლის საბაზრო ღირებულება დადგენილია შედარების მეთოდით, რაც დაფუძნებულია შესაფასებელი ობიექტის მსგავსი გაყიდული ობიექტის ფასის შედარებაზე. ყურადღება გამახვილებულია ანალოგიური ქონების ყიდვა-გაყიდვის საბაზრო ინფორმაციაზე, რომელიც ტიპიურ საბაზრო პირობებში განხორციელდა და შეფასების თარიღთან მაქსიმალურად მიახლოებულია.

9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 23 აპრილის დასკვნის შემდგენი ექსპერტის განმარტებით, დასკვნის შედგენისას სადავო ქონების საბაზრო ღირებულების დასადგენად, გარდა ინტერნეტ სივრცეში უძრავი ქონების ბაზარზე გამოქვეყნებულ განცხადებებში დაფიქსირებული ფასებისა, საჯარო რეესტრში რეალურად დადებული გარიგებებით იხელმძღვანელა, რაზედაც მათ უწყებას წვდომა გააჩნია.

10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 10 მაისის დასკვნის თანახმად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მეორე-მესამე ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობის საექსპლუატაციო მედეგობა საგრძნობლად დაქვეითებულია. მისი ტექნიკური მდგომარეობა ფასდება არადამაკმაყოფილებლად და აღდგენა-გაძლიერებას შენობა დეტალური გამოკვლევის საფუძველზე დამუშავებული პროექტით ექვემდებარება.

რაც შეეხება დასმულ კითხვებს:

1). ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... პირველი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სქემატური გეგმის მიხედვით, შეუძლებელია ერთმნიშვნელოვანი მსჯელობა მათ მიერ გამოკვლეულ შენობაზე სამთო სამუშაოების გავლენის არსებობის ან არარსებობის შესახებ. გავლენაზე მსჯელობა შესაძლებელია სამთო-მოპოვებითი სამუშაოების სრული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე.

2). იმჟამინდელი მდგომარეობით პირველ უძრავ ქონებაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციისათვის ვარგისია, მაგრამ საცხოვრებელი სახლი აუცილებლად საჭიროებს აღდგენა-გამაგრებას.

3). პირველ უძრავ ქონებაზე განთავსებული შენობა ნაშენებია სეისმური ნორმების დარღვევებით. უძრავ ქონებაზე ნეგატიური ზეგავლენა შეეძლო მოეხდინა სხვადასხვა მიზეზთა ერთობლიობას:

1). ფუძე გრუნტების გაწყლიანებას შენობის ირგვლივ შემონაკირწყლის არ ქონის გამო;

2). ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრებს;

3). ჭიათურმანგანუმის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მიერ წარმოებული მიწისქვეშა სამთო აფეთქებით სამუშაოებს;

4). ასაკობრივ ცვეთას;

5). მეორე მოპასუხის მიერ წარმოებულ მიწისზედა მოპოვებით (კარიერული წესით) სამუშაოებს.

11. მოპასუხეთათვის სოლიდარულად 192 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

12. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად 44 800 ლარის გადახდა დაეკისრათ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემაც და მოპასუხეებმაც.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

- თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს 17 250 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ.

14.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ცენტრის „სამთო-გეოლოგ პროექტის“ საექსპერტო დასკვნითა და მისი შემდგენი ექსპერტის, გ.მ–ძის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიცემული განმარტებით მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - მისი კუთვნილი უძრავი ქონების მეორე მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაზიანების ფაქტის დადასტურება.

ზემოაღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა არათუ გამორიცხავდა დაზიანებაში მეორე მოპასუხის მონაწილეობას, არამედ თავადაც უთითებდა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ნეგატიური ზეგავლენა შეეძლო მოეხდინა სხვადასხვა მიზეზთა ერთობლიობას, მათ შორის მეორე მოპასუხის მიერ წარმოებულ მიწისზედა მოპოვებით (კარიერული წესით) სამუშაოებს.

14.2. ვინაიდან სადავოს არ წარმოადგენდა ფაქტი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის საკარმიდამო მიწის სიახლოვეს ღია კარიერულ სამუშაოებს მეორე მოპასუხე პირველ მოპასუხესთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 998-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით) მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით მეორე მოპასუხე პასუხს აგებდა უშუალოდ ზიანის წარმომშობი სამუშაოების წარმოებისთვის (სსკ-ის 992-ე მუხლი), ხოლო, პირველი მოპასუხე პასუხისმგებელი იყო, მისი ლიცენზიის ფარგლებში სამუშაოს წარმოების მიზნით შერჩეული პირის (მეორე მოპასუხი) მიერ მიყენებული ზიანისთვის (სსკ-ის 998-ე მუხლი).

14.3. ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნა სადავო საკითხთან მიმართებით ამომწურავ ხასიათს ატარებდა, ვინაიდან, კვლევა ჩატარებული იყო არა მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში უძრავი ქონების ბაზარზე გამოქვეყნებულ განცხადებებში შეთავაზებული ფასების გათვალისწინებით, არამედ მომსახურების ბაზარზე იდენტური, საქონლის მოთხოვნის და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად, უკვე დადებული გარიგების საფუძველზე.

ექსპერტის მიერ საქონლის საბაზრო ღირებულება დადგინდა შედარების მეთოდით, რაც საჯარო რეესტრში დაცული, შესაფასებელი ობიექტის მსგავსი გაყიდული ობიექტის ფასის შედარებაზე დაფუძნდა.

რაც შეეხებოდა უძრავი ქონების შეფასების თაობაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, შპს ,,უ.ქ.ე–ის“ ექსპერტების მიერ 2020 წლის 16 დეკემბერს გაცემულ დასკვნას, როგორც ამ დასკვნის შემდგენმა ექსპერტებმა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტეს, შეფასება მოახდინეს, მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში უძრავი ქონების ბაზარზე გამოქვეყნებულ განცხადებებში დაფიქსირებული ფასების გათვალისწინებით, ხოლო რეალურად დადებული გარიგებები და მათში დაფიქსირებული ნასყიდობის ღირებულება არ შეუსწავლიათ და გამოუკვლევიათ.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა უფრო წონადი, სარწმუნო, კვალიფიციური და გასაზიარებელი იყო, რის გამოც, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე პირველი უძრავი ქონების (450კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, მასზედ განთავსებული დაზიანებული საცხოვრებელი სახლითა და დამხმარე ნაგებობით) საბაზრო ღირებულება 27 400 ლარით უნდა განსაზღვრულიყო, ხოლო სხვა მიწის ნაკვეთების - 9 800 ლარით, ე.ი. ჯამურად - 37 200 ლარით.

იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი ჰქონდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე მოსარჩელის უძრავ ქონებაზე - საცხოვრებელ სახლზე, დამხმარე ნაგებობასა და მიწის ნაკვეთებზე ზიანის მიყენების ფაქტს, დამდგარ შედეგსა და მოპასუხის ქმედებას (წარმოებულ სამუშაოებს) შორის მიზეზობრივი კავშირი იკვეთებოდა. ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 10 მაისის დასკვნის თანახმად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მიეკუთვნებოდა მეორე-მესამე ხარისხის; დაზიანებული შენობის საექსპლუატაციო მედეგობა საგრძნობლად იყო დაქვეითებული და მისი ტექნიკური მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებელი, გარდა ამისა, უძრავ ქონებაზე ნეგატიური ზეგავლენა სხვადასხვა მიზეზთა ერთობლიობამ გამოიწვია, მათ შორის: 1). სეისმური ნორმების დარღვევებით შენობის აშენებამ, შენობის ირგვლივ შემონაკირწყლის არ ქონის გამო ფუძე გრუნტების გაწყლიანებამ და ასაკობრივმა ცვეთამ; 2). ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებმა; 3). ჭიათურმანგანუმის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მიერ წარმოებულმა მიწისქვეშა სამთო აფეთქებითმა სამუშაოებმა; 4). მეორე მოპასუხის მიერ წარმოებულმა მიწისზედა მოპოვებითმა (კარიერული წესით) სამუშაოებმა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სსკ-ის 415-ე მუხლის თანახმად, საკარმიდამო ნაკვეთსა და მასზედ განთავსებული ნაგებობების დაზიანებასთან დაკავშირებით მოპასუხეთა ბრალი ოთხჯერ უნდა შემცირებულიყო და პირველი უძრავი ქონების დაზიანებისთვის მოპასუხეთა მიერ ასანაზღაურებელი თანხა 6850 ლარით (27 400 : 4 = 6 850) უნდა განსაზღვრულიყო.

რაც შეეხებოდა მეორე, მესამე და მეოთხე მიწის ნაკვეთზე არსებულ დაზიანებებს, ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ამ ნაკვეთებთან მიმართებით მეორე მოპასუხის წარმოებული მიწისზედა მოპოვებითი (კარიერული წესით) სამუშაოების გარდა, სხვა მოტივებით ზიანის წარმოშობის ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სსკ-ის 992-ე და 998-ე მუხლების თანახმად, მითითებული ქონების დაზიანებისთვის, მოპასუხეებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიუროს 2021 წლის 23 აპრილის დასკვნით განსაზღვრული ოდენობის თანხა, ჯამურად 9 800 ლარის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდათ.

15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელის უფლებამონაცვლემ, რომლის საკასაციო საჩივარიც ხარვეზის შეუვსებლობის გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 01 აპრილის განჩინებით განუხილველად დარჩა.

16. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი პირველმა მოპასუხემ შემოიტანა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით მოითხოვა:

- კასატორის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად მოსარჩელის საკუთრება არ დაზიანებულა. უფრო მეტიც, კასატორს არასდროს უწარმოებია მოსარჩელის საკუთრების ქვეშ სამუშაოები. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საწარმოს სპეციალური მმართველის, ნ.ჩიქოვანისა და მთავარი მარკშეიდერის მიერ ხელმოწერილი ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ დაფუძნებიდან დღემდე პირველ მოპასუხეს სადავო უძრავ ქონებებთან სამთო მოპოვებითი სამუშაო არ უწარმოებია. სასამართლომ არც მარკშეიდერის პლანშეტიდან მოპოვებული სამთო მასის ჩამოქცევის ზოლის საზღვრები არ მიიღო მხედველობაში, რომლებსაც მოსარჩელის ქონებასთან საერთოდ არ აქვთ შემხებლობა.

- იმ გარემოების დასადგენად, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულებას ობიექტურად არ ასახავდა, პირველმა მოპასუხემ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა. ამის შედეგად შემფასებლების მიერ დაშვებული შეცდომა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

18. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

19. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

20. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეთათვის 17 250 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონიერება, რადგან მეორე მოპასუხე საკასაციო საჩივრით გადაწყვეტილების ხსენებულ ნაწილს ასაჩივრებს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფას მოითხოვს, ხოლო, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის მიერ შემოტანილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განჩინებით განუხილველად დარჩა (სსსკ-ის 264-ე მუხლი).

21. განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება), 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლებშია წარმოდგენილი.

22. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (იხ.: სუსგ №ას-203-2020, 24.12.202; №ას-769-737-2016, 20.06.2018; №ას-176-163-2015, 4.10.2016; Nას-1426-2018, 11.04.2019).

ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ზემომითითებული ყველა წინაპირობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-748-2020, 19.11.2020; №ას-72-72-2018, 15.02.2018; №ას-809-776-2016, 04.04.2017).

23. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში მოსარჩელეს წარმოადგენს.

ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესების წონასწორობის აღდგენაზე (სუსგ №ას-1322-2018, 4.04.2019). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ მოპასუხემ მას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით ზიანი მიაყენა და ეს ზიანი სწორედ იმ ოდენობისაა, რაც სარჩელითაა მოთხოვნილი.

24. მოპასუხეთა მხრიდან მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი მოსარჩელემ სათანადოდ დაასაბუთა. ასეთი დასკვნის საფუძველს ქმნის მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებები და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეული გარემოებები, რომელთა წინააღმდეგ მოპასუხეს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ეს გარემოებები საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

ამრიგად, მოპასუხეთა მხრიდან მისთვის სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობების (მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი) არსებობა მოსარჩელემ სრულყოფილად დაადასტურა, რაც, ამ ფაქტის უარმყოფელი სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით მოპასუხეებმა ვერ გააქარწყლეს (სსსკ-ის 102.1 და 102.2 მუხლები).

25. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება სრულადაა გასაზიარებელი, რადგან მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეპირისპირების შედეგად სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა მართებულად მიანიჭა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიუროს 2021 წლის 23 აპრილის დასკვნას, რომლის თანახმად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე პირველი უძრავი ქონების (450კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, მასზედ განთავსებული საცხოვრებელი სახლითა და დამხმარე ნაგებობით) საბაზრო ღირებულება დასკვნის შედგენის დროისთვის საორიენტაციად 27 400 ლარს, ხოლო, დანარჩენი მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება ჯამურად 9 800 ლარს შეადგენდა.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

27. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

29. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ჯ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს ,,ჯ.მ–ს“ (ს/ნ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 863 ლარის (საგადახდო დავალება #440, გადახდის თარიღი - 24.01.2024) 70% - 604.1 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე