Facebook Twitter

№ას-789-2024 27 ივნისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ზ.ბ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე), ბ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ლ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ო.ლ–ძე, ვ.ლ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.05.2023 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ლ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე", "შეგებებული სარჩელით მოპასუხე") წარადგინა სარჩელი ბ.გ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "პირველი მოპასუხე") და ზ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "შეგებებული სარჩელით მოსარჩელე", "მეორე მოპასუხე", პირველ მოპასუხესთან ერთობლივად - "მოპასუხეები", , "კასატორები"), მესამე პირები - ო.ლ–ძე, ვ.ლ–ძე, მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს შორის 09.08.2018 წელს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა შეგებებული სარჩელით მოპასუხისა და მასთან მცხოვრები პირების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, მდებარე ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ......, ს/კ ........., გამოთხოვა.

2. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 16.08.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.300-313). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.04.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე; აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა დარჩა განუხილველად (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ.197-210). განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.02.2022 წლის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სასამართლოს (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ.265-275).

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.05.2023 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეებს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.3, ს.ფ. 327-342).

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის სსსკ-ის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.

8. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

10. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

11. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელმა - ბ.ბ–ძემ (იხ.: მინდობილობები გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით, ტ.3, ს.ფ. 365-369) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 29-ე დღეს, 21.06.2023 წელს მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.05.2023 წლის გადაწყვეტილება კასატორების წარმომადგენელს ბ.ბ–ძეს გაეგზავნა მის მიერ საქმის მასალებში მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე - ქ. ქუთაისი, ........ (იხ. მისამართი, ტ.3, ს.ფ.64, 83).

14. აღნიშნული გზავნილი ჩაიბარა მისმა თანამშრომელმა მ.გ–ამ 01.02.2024 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.3, ს.ფ. 346).

15. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. კერძოდ, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

16. კასატორების წარმომადგენელმა 01.03.2024 წელს წარადგინა განცხადება სასამართლოში, რომელშიც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების ჩამბარებელი პირი არ წარმოადგენს სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ პირს, ის არ არის კანცელარიის თანამშრომელი და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების განმეორებით მისთვის ჩაბარება. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მ.გ–ამ ვერ გაიხსენა გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღი, გადაწყვეტილება შეერია საბუღალტრო დოკუმენტებში (იხ.: განცხადება, ტ.3, ს.ფ. 347).

17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი, რომელიც გაიგზავნა საქმეში მოპასუხეების/მათი წარმომადგენლის მიერ მითითებულ მოპასუხეების წარმომადგენლის სამუშაო ადგილის მისამართზე, ჩაჰბარდა უფლებამოსილ პირს - თანამშრომელს. წარმომადგენელი თავად ადასტურებს, რომ მის სამუშაო ადგილზე კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი გამოყოფილი არ არის. შესაბამისად, გზავნილის ჩაბარების დასტურზე აღნიშნული თანამშრომელი, რომელმაც მიიღო გზავნილი და იკისრა მისი ადრესატისათვის გადაცემის ვალდებულება, მიიჩნევა უფლებამოსილ სუბიექტად. საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ საქმის მასალებში მოიპოვება ჩაბარების დასტური, რომელიც იმავე მისამართზე იმავე პირს (მ.გ–ა) ჩაჰბარდა და აღნიშნულ დასტურზეც მის სტატუსად ასევე თანამშრომელია მითითებული (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.3, ს.ფ. 295). იმ ეტაპზე მითითებული თანამშრომლის უფლებამოსილება მოპასუხეებს/კასატორებს/წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდიათ.

18. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა 2024 წლის 02.02.2024 დაიწყო და ამავე წლის 22 თებერვალს ამოიწურა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს კანცელარიაში საკასაციო საჩივარი დარეგისტრირდა 07.03.2024 წელს, ანუ სსსკ-ის 397-ე მუხლით საკასაციო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილი 21 დღიანი ვადის დარღვევით. იმავე დღითაა დათარიღებული თავად საკასაციო საჩივარიც.

19. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

21. სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო საჩივარს ერთვის კასატორების მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ბ–ძის და ბ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ზ.ბ–ძეს (პირადი ნომერი .......) და ბ.გ–ს (პირადი ნომერი .....) უკან დაუბრუნდეთ ბ.ბ–ძის (პირადი ნომერი ........) მიერ 23.02.2024წ. საგადახდო დავალებით N7003 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი და 07.03.2024წ. საგადახდო დავალებით N5000 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე