საქმე №ას-683-2024 27 ივნისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.დ–ვა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.03.2024 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.09.2023 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „თ.დ–ვის“ სარჩელი ა.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე", „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ 4090 ლარის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა (იხ.: დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ს.ფ.35-42). დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.12.2023 წლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ.60-63). დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მისი ძალაში დატოვების განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.01.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი და აპელანტს განესაზღვრა ვადა მის შესავსებად. ამავე სასამართლოს 05.03.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ.: განჩინება, ს.ფ.87-92). განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.06.2024 წლის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს განესაზღვრა 5 დღე მის შესავსებად. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ.: განჩინება, ს.ფ.102-104).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
6. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.06.2024 წლის განჩინება გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს - მ.ზ–ძეს (იხ.: მინდობილობა, ს.ფ.47) მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა პირადად 14.06.2024 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ს.ფ.106).
7. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
9. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 15.06.2024 წელს და ამოიწურა 19.06.2024 წელს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი 19.06.2024 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
10. სსსკ-ის 63-ე მუხლით საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-ას-590-2024, 29 მაისი, 2024 წელი; №ას-524-2024, 20 მაისი, 2024 წელი; №ას-322-2024, 17 აპრილი, 2024 წელი). სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) განუხილველი დარჩება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე, 420-ე, 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.გ–ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.03.2024 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე