საქმე №ას-374-2024 14 ივნისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „მ.დ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით რ.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, შემკვეთი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყვეტილად იქნა აღიარებული მოსარჩელესა და შპს “მ.დ–ს” (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემსრულებელი/მენარდე) შორის 2020 წლის 27 თებერვალს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 958.85 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ლარში გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადი პირგასამტეხლოს 993.60 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ლარში გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
2.1. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2020 წლის 27 თებერვალს წერილობითი ფორმით დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება; რომლის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისთვის საკუთრებაში უნდა გადაეცა ქ.თბილისში, ..... არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ: ...... ასაშენებელ მრავალსართულიან სახლში, ,,ბ’’ ბლოკში მდებარე 2 სადარბაზოს, 3 სართულზე, ბინა N75, ფართით 82.80 კვ.მ.
2.2. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით, მყიდველისათვის ძირითადი ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასაცემი 82.80 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ღირებულება განისაზღვრა 49 680 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში, საიდანაც მყიდველს უკვე გადახდილი აქვს 5 958.85 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ ნაწილს დანართი N1-ის შესაბამისად - ყოველთვიური გადახდით 496 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში ოდენობით.
2.3. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, „მყიდველის“ მიერ „გამყიდველისათვის“ ნასყიდობის საგნის საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში, მშენებლობის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა საკუთრებაში ნასყიდობის საგანი; ამასთანავე შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენდა ნასყიდობის საგანი, უნდა აშენებულიყო და მშენებლობა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში, ხოლო ჩაბარება (ექსპლუატაციაში მიღება) უნდა მომხდარიყო დასრულებიდან 6 თვეში; გამყიდველი ვალდებული იყო მყიდველისთვის გადაეცა ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ქონება.
2.4. დადგენილია, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების ფარგლებში ავანსის სახით მოსარჩელეს მოპასუხისათვის გადახდილი აქვს 496 აშშ დოლარი, ხოლო ჯამში - 5 958.85 აშშ დოლარი. ასევე, დადგენილია, რომ გამყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დღემდე არ შეუსრულებია (მშენებლობა არათუ არ დასრულებულა, დაწყებულიც არ არის), რის გამოც, მოსარჩელემ უარი განაცხადა დარჩენილი თანხის მოპასუხისათვის გადახდაზე.
2.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა წარმოადგენს პირველად მოთხოვნას, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მხარეთა მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა.
2.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის არსებული გარიგება სახელდებულია ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებად, საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ნივთის შექმნის და მასზე საკუთრების უფლების მეორე მხარისთვის გადაცემის ვალდებულებას, წარმოადგენს არა ნასყიდობის წინარე ურთიერთობას, არამედ - ნარდობას.
2.7. სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანია, თუ რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა, „გამყიდველის“ მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე და რამდენად არსებობს შესრულების უკუქცევის საფუძველი „მყიდველის“ მიერ „გამყიდველისათვის“ გადახდილი თანხის დაბრუნებით;
2.8. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხესთან კომუნიკაციის არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ, 2022 წლის 17 ივლისს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მენარდე კომპანიას და განუსაზღვრა ერთი თვის ვადა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, გადახდილი თანხის უკან დასაბრუნებლად.
2.9. სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ გაიზიარა მოპასუხის (შემკვეთის) პოზიცია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია.
2.10. სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობაში საკუთარი ბრალეულობის გამორიცხვის დასადასტურებლად აპელანტმა მიუთითა მხარეთა შორის დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების კონკრეტულ პირობაზე (ხელშეკრულების „4.2“და „8.1“ მუხლები), რომლითაც მხარეებმა გაითვალისწინეს ე.წ. „საშეღავათო პერიოდი“ და მიიჩნევს, რომ კოვიდ პანდემიასთან (COVID-19) დაკავშირებული ფორსმაჟორული გარემოებების გამო სახეზეა მენარდის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. სადავო გარემოების დადგენისთვის, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2020 წლის 27 თებერვლის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების „4.2“ პუნქტზე, რომლის თანახმად „ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით მშენებლობისა და ჩაბარების ვადების შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა გამყიდველის მხრიდან ჩაითვლება საპატიოდ, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა სხვადასხვა ობიექტური გარემოების ან/და ხელშეკრულების „8.1“ პუნქტით განსაზღვრული მდგომარეობის გამო („იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ გამყიდველისათვის ან მყიდველისათვის ვალდებულების შესრულება შეუძლებელი გახდა მისი ნების მიღმა არსებული, წინასწარ გაუთვალისწინებელი და აუცდენელი გარემოების გამო და იმთავითვე აშკარაა, რომ ასეთი შეუძლებლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში იარსებებს, მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო“) გაგრძელდება არა უმეტეს 12 თვისა და მიუთითებს: იმისათვის რომ განისაზღვროს, ამოქმედდა თუ არა მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების 4.2 მუხლით განსაზღვრული 12 თვიანი საშეღავათო პერიოდი, უნდა შეფასდეს, რამდენად ჰქონდა ადგილი ხელშეკრულების „8.1“ პუნქტით განსაზღვრულ მდგომარეობას, რაც თავის შინაარსით გულისხმობს ფორსმაჟორული გარემოებების არსებობას.
2.11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, კოვიდ-პანდემიასთან (COVID-19) დაკავშირებული რეგულაციების გამო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების და მასში განხორციელებული შესაბამისი ცვლილებების საფუძველზე, მშენებლობის სექტორში, ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვის ვადების გათვალისწინებით, მიიჩნევს რომ კოვიდპანდემიიდან (COVID-19) გამომდინარე სავალდებულო რეკომენდაციების მოქმედების პირობებში, შესაძლებელია მსჯელობა არა ვალდებულების შესრულების შეუძლებლობაზე, არამედ გარკვეული პერიოდით შესრულების გაძნელების თაობაზე, რამდენადაც სამშენებლო საქმიანობა დასაშვები იყო, მაგრამ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას კომპანიას ევალებოდა სავალდებულო რეგულაციების დაცვა.
2.12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ეკონომიკურ საქმიანობაში დაწესებული რეგულაციები და სხვადასხვა სახის დაბრკოლებები სამოქალაქო ბრუნვაში, იმ პერიოდში, როცა სამშენებლო საქმიანობა აკრძალული აღარ იყო, უნდა შეფასდეს არა ფორსმაჟორის გამო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის, არამედ - შესრულების გაძნელების გამო შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების სამართლებრივი ინსტიტუტის ფარგლებში. ამასთან, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს შეუძლებლობა და შესრულების გართულება. ფორსმაჟორული გარემოებების დროს შესრულება ხდება შეუძლებელი. შეუძლებლობის შემთხვევაში კი შესრულების ვალდებულება კანონის ძალით ქარწყლდება. ამ დროს არ არის საჭირო ხელშეკრულების მისადაგების ინსტიტუტის გამოყენება. შესრულების გართულების შემთხვევაში კი, ხელშეკრულების მხარეს შეუძლია, მეორე მხარეს მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი.
2.13. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელის (შემკვეთის) მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა ხელშეკრულებიდან გასვლისთვის კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის დადასტურება, რაც მან უზრუნველყო, ხოლო მოპასუხემ (მენარდემ) მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რაც სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლების შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებასა და მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნებას გამორიცხავდა ან/და დააბრკოლებდა, სასამართლოს ვერ წარუდგინა.
2.14. უდავო გარემოებაა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვადა (27.08.2021წ.) ისე გავიდა, რომ საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლის მშენებლობა არც კი დაწყებულა (იხ. სამშენებლო ადგილის / პოლიგონის ფოტო საქმეში); მხარეები წერილობითი კომუნიკაციის შემდეგაც ვერ შეთანხმდნენ. შესაბამისად, მოსარჩელეს (შემკვეთს) წარმოეშვა უფლება, გასულიყო ხელშეკრულებიდან, დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშეც. საგულისხმოა, ის გარემოებაც, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვის დროს, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 27 აგვისტოს ამოიწურა 12 თვიანი საშეღავათო პერიოდიც, რომელზედაც აპელანტი (მოპასუხე/მენარდე) უთითებდა, მოპასუხეს არ გამოუხატავს მზაობა ვალდებულების შესრულებაზე და არც მშენებლობის დასრულების სავარაუდო პერიოდზე მიუთითებია.
2.15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს, ასევე ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და შესრულების მიმართ კრედიტორის ინტერესი გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მოსარჩელის ხელშეკრულებიდან გასვლის კანონისმიერი წინაპირობები. უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად განხორციელებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების რეალიზაცია კი სსკ-ის 352-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის საფუძველზე წარმოშობს ე.წ. რესტიტუციის მოთხოვნის უფლებას - ხელშეკრულების ორივე მხარემ ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ მიღებული შესრულება და სარგებელი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 5 958.85 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა იგი.
2.16. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მენარდის პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით, ასევე განმარტა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნების, მისი ფუნქციის და გამოყენების ფარგლების თაობაზე, სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას.
2.17. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.12-ე მუხლის თანახმად, მხარეებმა წერილობით შეათანხმეს, რომ მშენებლობისა და ჩაბარების ვადების დარღვევა გამოიწვევდა პირგასამტეხლოს სახით საერთო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის დარიცხვას. მართალია, როგორც შესაგებლით, ასევე სააპელაციო საჩივარში, აპელანტი ვადაგადაცილების საპატიო მიზეზების გამო სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებაზე უთითებდა, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოში მას შედავება ასევე წარმოდგენილი ჰქონდა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ დიდ ოდენობასთან დაკავშირებითაც, რის თაობაზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მართებულდ დააკმაყოფილა.
2.18. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობისას სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა დავის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, ძირითადი ვალდებულების მოცულობა, პირგასამტეხლოს მიზანი და მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად დაანგარიშებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, მისი როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, აპელანტის/მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მართებულად განსაზღვრა 996.60 ლარით.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.
3.2. კასატორის განმარტებით, მხარეებს შორის 2020 წლის 27 თებერვალს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ორივე მხარეს უნდა შეესრულებინა თავისი წილი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა გადაეცა უძრავი ქონება, ხოლო შემკვეთს უნდა გადაეხადა ნასყიდობის საფასური. კასატორის (მენარდის) განმარტებით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსრულებელ კომპანიას წარმოეშვა უამრავი ისეთი პრობლემა, რომლის წინასწარ გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო (Covid 19-დან გამომდინარე რეგულაციები, საზღვრების ჩაკეტვა, რაც აისახა სამშენებლო მასალის შემოტანის შეუძლებლობაზე). აქედან გამომდინარე, აღნიშნული გარემოება იყო ფორსმაჟორული, რომლის შედეგადაც კომპანიისთვის შეუძლებელი გახდა მშენებლობის დროულად დაწყება და დამთავრება.
3.3. კასატორის განმარტებით, კომპანიის მიერ მშენებლობის დასრულების ვალდებულების აღებისას მისთვის უცნობი იყო ფორსმაჟორული გარემოებების თაობაზე, რომლებმაც შემდეგ გავლენა იქონიეს მისი მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე. მოსარჩელეს კი მთელი თავისი მსჯელობა აგებული აქვს იმ გარემოებაზე, რომ თითქოსდა მოპასუხე თავისი ნებით არ ასრულებდა მშენებლობას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
3.4. კასატორის შეფასებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ხსენებული გარემოებები და მიიღეს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მოპასუხე (მენარდე კომპანია) მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ უბრუნებს მოსარჩელეს (შემკვეთს) ნასყიდობის საფასურს.
3.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის (მენარდე კომპანიის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
6. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეს/კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
7. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლა და თანხის დაბრუნება სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები), 352.1 (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ) და სსკ-ის 417-ე და 418.1 მუხლებით (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს. ამასთან, ვინაიდან სწორედ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების საკითხის დადებითად გადაწყვეტაზეა დამოკიდებული მისი თანამდევი მატერიალურ შედეგის - ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხის დაბრუნების საკითხი, გამოსაკვლევია, თუ რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა „გამყიდველის“ მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე და რამდენად არსებობს შესრულების უკუქცევის საფუძველი „მყიდველის“ მიერ „გამყიდველისათვის“ გადახდილი თანხის დაბრუნებით;
9. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2020 წლის 27 თებერვალს წერილობითი ფორმით დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისთვის საკუთრებაში უნდა გადაეცა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ........., მიწის ნაკვეთზე ს/კ: ......, ასაშენებელ მრავალბინიან სახლში, “ბ” ბლოკში მდებარე მე-2 სადარბაზოს, მე-3 სართლზე, ბინა N75, ფართი 82.80 კვ.მ.
10. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად განამრტავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთლსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმის მოთხოვნის შეუსრულებლობა კი ვადის დარღვევაა.
11. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა არის პირველადი მოთხოვნა, რომლის შეუსრულებლობა იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. აღნიშნულს მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა.
12. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელმოწერილი უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს, გათვალისწინებული შესრულების მოთხოვნა წარმოადგენს პირველად მოთხოვნას, ხოლო შეუსრულებლობა იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას, ხელშეკრულებიდან გასვლას.
13. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის საფუძველზე მოპასუხემ (მენარდემ) იკისრა ვალდებულება, მისთვის შემკვეთის მიერ ნარდობისსაგნის (ბინის) საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში, მშენებლობის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში ნარდობის ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა საკუთრებაში ნარდობის საგანი; ამასთანავე შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენდა ნასყიდობის საგანი უნდა აშენებულიყო და მშენებლობა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში, ხოლო ჩაბარება (ექსპლუატაციაში მიღება) უნდა მომხდარიყო დასრულებიდან 6 თვეში; მენარდე/შემსრულებელი კომპანია ვალდებული იყო, შემკვეთისათვის გადაეცა ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ქონება.
14. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს ავანსი 496 აშშ დოლარი, ხოლო ჯამში - 5 958,85 აშშ დოლარი. შემსრულებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, მშენებლობა არათუ დასრულებული, დაწყებულიც არ არის, რის გამოც დარჩენილი თანხის გადახდაზე შემკვეთმა უარი განაცხადა.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს არა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებას არამედ ნარდობას.
16. საკასაციო სასამართლოსდადგენილი აქვს სტაბილური სასამართლო პრაქტიკა,რომ ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ნივთის შექმნის და მასზე საკუთრების უფლების მეორე მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, წარმოადგენს არა ნასყიდობის წინარე ურთიერთობას, არამედ - ნარდობას (იხ. სუსგ-ები Nას-194-2019, 27.05.2019წ.; Nას-849-2022, 22.11.2022წ.; Nას-129-2023, 10.07.2023წ.) „წინარე ხელშეკრულება არის ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგება, რომლითაც მხარეები კისრულობენ სხვა ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, ანუ მხარეები სამართლებრივად იბოჭავენ თავს მომავალში ე.წ. ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულებით. წინარე ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს პირობას საგნის და ვადის თაობაზე, რომელშიც მხარეები კისრულობენ ძირითადი ხელშეკრულების დადებას. წინარე ხელშეკრულების საგანი სხვა უნდა იყოს და ძირითადის — სხვა. წინარე ხელშეკრულების საგანი არის მხარის ვალდებულება, დადოს ხელშეკრულება, ანუ იკისროს მომავალში რაიმე ვალდებულება, მაშინ როცა ძირითადი ხელშეკრულებით ეს ვალდებულება უშუალოდ წარმოიშობა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქონების აშენებისა და საკუთრების გადაცემის თაობაზე დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია მკაფიოდ იდენტიფიცირებადი ასაშენებელი/გადასაცემი საგანი და შემხვედრი ვალდებულებაც (ანაზღაურების) შესრულებულია, სწორედ მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე მეტყველებს და ამ ტიპის გარიგებას წინარე ხელშეკრულებასთან ვერ გავაიგივებთ“ (იხ. სუსგ-ები Nას-625-625-2018, 31.10.2018წ.; Nას-849-2022, 22.11.2022წ.).
17. მოსარჩელემ (შემკვეთმა) მოითხოვა ხელშეკრულებიდან გასვლის გამო გადაცემული თანხის დაბრუნება და პირგასამტეხლოს დაკისრება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 355-ე მუხლზე (ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით) და განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის გაცხადება შესაძლებელია კონკლუდენტური მოქმედებითაც, მათ შორის, გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნით (შეად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელ.ვერსია, მუხლი 355, II. გასვლის გაცხადების წინაპირობები http://www.gccc.ge). ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი); გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მოცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი – ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ.: მ. თოდუა/ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 56; ჰ. ბიოლინგი / პ.ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ. 39; შდრ: სუსგ №ას-1003-924-2017, 1.12.2017.პ.34; Nას-1166-2019, 06.04.2020; Nას-1516-2019, 26.06.2020წ.; Nას-606-2020, 6.11.2020წ.; Nას-612-2020; 11.03.2021წ.; Nას-141-2021, 27.05.2021წ.; Nას-742-2021; 2.12.2021წ.; Nას-885-2023, 3.10.2023წ.; Nას-1116-2023, 27.12.2023წ.; Nას-1130-2023, 21.01.2024წ.; Nას-211-2024, 26.04.2024წ. ).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ აფუძნებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით უნდა გაიზომოს. ზოგადად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ვალდებულება დაირღვა. ვალდებულება, რომლის დარღვევაც ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს წარმოადგენს, უნდა იყოს ნამდვილი, ვადამოსული და უპრეტენზიო. თუ ვალდებულებები ჯერ კიდევ არ არის შესასრულებელი, მხარე ვერ გავა ხელშეკრულებიდან, რადგან მას არ ექნება ამის საფუძველი. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების, საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში იგულისხმება ვალდებულების დარღვევა, ხოლო ფორმალურში - დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება) და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინება.
19. სსკ-ის 355-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. შესაბამისად, შეტყობინება ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე წარმოადგენს მიღებასავალდებულო ნების გამოვლენას, რომლის ნამდვილობისთვისაც საჭიროა მეორე მხარესთან მისი მისვლა. რაც შეეხება დამატებითი ვადის დაწესების ვალდებულებას, იგი სწორედ სახელშეკრულებო ურთიერთობის შენარჩუნებას ემსახურება და, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა, კანონი სავალდებულოდ აწესებს მოვალისათვის კიდევ ერთი შესაძლებლობის მიცემას, რათა მან შეძლოს ვალდებულების შესრულება. სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუკი აშკარაა, რომ დამატებითი ვადის დაწესებას შედეგი არ ექნება.
20. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხესთან კომუნიკაციის არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2022 წლის 17 ივლისს, მოსარჩელემ (შემკვეთმა) წერილობით მიმართა მოპასუხეს და განუსაზღვრა ერთი თვის ვადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, გადახდილი თანხის უკან დაბრუნებისთვის.
21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის (მენარდის) პოზიციას, რომლის თანახმადაც მას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია. მოპასუხემ მიუთითა წინარე ხელშეკრულების 4.2 და 8.1 მუხლებით გათვალისწინებულ პირობაზე, რომლითაც მხარეებმა გაითვალისწინეს ე.წ. “საშეღავათო პერიოდი” და მიიჩნევს, რომ კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული ფორსმაჟორული გარემოებებზი გამო, არსებობს შემსრულებლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.
22. მნიშვნელოვანია 2020 წლის 26 თებერვლის წინარე ხელშეკრულების 4.2 პუნქტი, რომლის თანახმად, „ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით მშენებლობისა და ჩაბარების ვადების შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა გამყიდველის მხრიდან ჩაითვლება საპატიოდ, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა სხვადასხვა ობიექტური გარემოების ან/და ხელშეკრულების „8.1“ პუნქტით განსაზღვრული მდგომარეობის გამო („იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ გამყიდველისათვის ან მყიდველისათვის ვალდებულების შესრულება შეუძლებელი გახდა მისი ნების მიღმა არსებული, წინასწარ გაუთვალისწინებელი და აუცდენელი გარემოების გამო და იმთავითვე აშკარაა, რომ ასეთი შეუძლებლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში იარსებებს, მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო“) გაგრძელდება არაუმეტეს 12 თვისა და მიუთითებს: იმისათვის რომ განისაზღვროს, ამოქმედდა თუ არა მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების 4.2 მუხლით განსაზღვრული, 12 თვიანი, საშეღავათო პერიოდი, უნდა შეფასდეს, რამდენად ქონდა ადგილი ხელშეკრულების „8.1“ პუნქტით განსაზღვრულ მდგომარეობას, რაც თავის შინაარსით გულისხმობს ფორსმაჟორული გარემოებების არსებობას.
23. სსკ-ის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. 401-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად კი, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
24. იურიდიულ მეცნიერებაში აღიარებულია, რომ შეცვლილი გარემოებები ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში – vis major) და შესრულების გართულების (Hardship) ორ ფუნდამენტურ, საბაზისო კონცეფციას აფუძნებს თანამდევი სამართლებრივი შედეგებით, კერძოდ, შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით ფუძნდება, რომელიც თანამდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას მოიაზრებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადაპტაციის შეუძლებლობისას, დაზარალებული მხარისათვის უცვლელად ხელმისაწვდომი რჩება ხელშეკრულებიდან გასვლის/ შეწყვეტის (გრძელვადიან ურთიერთობაში) მოთხოვნები. კრედიტორის სურვილი, გადახედოს ხელშეკრულების პირობებს, გასათვალისწინებელია, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტა (ex nunc შედებით)/გასვლა (ex ante მნიშვნელობით) რჩება დაზარალებული მხარის დაცვის შეუცვლელ მექანიზმად. რაც შეეხება შესრულების გართულების სამართლებრივ შედეგებს, არაერთი მართლწესრიგისა თუ უნიფიცირებული სამართლის მიხედვით, უპირველესად, ვექტორი მიმართულია მხარეთა მოპალარაკების პრიორიტეტულობაზე. თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, მხარე უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს ხელშეკრულების ადაპტაციის ან ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით. ხელშეკრულების ადაპტაციის მიზნებისათვის სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შესრულების გართულების ბუნება და სიმძიმის ხარისხი.
25. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, მოპასუხის/კასატორის არგუმენტთან დაკავშირებით კოვიდ-პანდემიასთან (COVID-19) დაკავშირებული რეგულაციების გამო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების და მასში განხორციელებული შესაბამისი ცვლილებების საფუძველზე, მშენებლობის სექტორში, ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვის ვადების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კოვიდპანდემიიდან (COVID-19) გამომდინარე სავალდებულო რეკომენდაციების მოქმედების პირობებში, შესაძლებელია მსჯელობა არა ვალდებულების შესრულების შეუძლებლობაზე, არამედ გარკვეული პერიოდით შესრულების გაძნელების თაობაზე, რამდენადაც სამშენებლო საქმიანობა დასაშვები იყო, მაგრამ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას კომპანიას ევალებოდა სავალდებულო რეგულაციების დაცვა.
26. ეკონომიკურ საქმიანობაში დაწესებული რეგულაციები და სხვადასხვა სახის დაბრკოლებები სამოქალაქო ბრუნვაში, იმ პერიოდში, როცა სამშენებლო საქმიანობა აკრძალული აღარ იყო, უნდა შეფასდეს არა ფორსმაჟორის გამო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის, არამედ - შესრულების გაძნელების გამო შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების სამართლებრივი ინსტიტუტის ფარგლებში (შესრულების გართულების და ფორსმაჟორის ფუნქციურ განსხვავებასთან დაკავშირებით იხ. ჩიტაშვილი, ნ., შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე, თბილისი, 2014, გვ. 51-52).
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ხელშეკრულებიდან გასვლისთვის კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობის დადასტურდება, რაც მან დაძლია. ხოლო კასატორმა (მენარდე კომპანიამ) მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რაც სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლების შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებასა და მოსარჩელისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას გამორიცხავდა ან/და დააბრკოლებდა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა.
28. უდავო გარემოებაა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვადა (27.08.2021წ.) ისე გავიდა, რომ საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლის მშენებლობა არც კი დაწყებულა (იხ. სამშენებლო ადგილის / პოლიგონის ფოტო სამქეში); მხარეთა შორის წერილობითი კომუნიკაციის ფარგლებშიც ასევე ვერ მოხდა შეთანხმების მიღწევა. შესაბამისად, მოსარჩელეს (შემკვეთს) წარმოეშვა უფლება, გასულიყო ხელშეკრულებიდან, დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშეც. საგულისხმოა, ის გარემოებაც, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვის დროს, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 27 აგვისტოს ამოიწურა ხელშეკრულებით განსაზღვრული 12 თვიანი საშეღავათო პერიოდიც, რომელზედაც კასატორი ამყარებდა თავის მტკიცებას (იხ. წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტი), მოპასუხეს არ გამოუხატავს მზაობა ვალდებულების შესრულებაზე და არც მშენებლობის დასრულების სავარაუდო პერიოდზე მიუთითებია.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია რომ მოსარჩელისთვის (შემკვეთისათვის) უფლებრივი და ნივთობრივი ნაკლისგან თავისუფალი საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულებას მოპასუხე (მენარდე/შემსრულებელი კომპანია) ვერ ასრულებს, ასევე ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და შესრულების მიმართ კრედიტორის ინტერესის გათვალისწინებით, სახეზეა მოსარჩელის ხელშეკრულებიდან გავლის კანონისმიერი წინაპირობები. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 5 958.85 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია.
30. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ დაკისრებასთან დაკავშრებით და განმარტავს, რომ სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე (იხ. სუსგ-ები: №ას-848-814-2016, 28.12.2016 წ. №ას-1451-1371-2017, 13.11.2018წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 09.03.2023 წ.; Nას-265-2024, 26.04.2024წ.).
32. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.12 მუხლის თანახმად, მხარეებმა წერილობით შეათანხმეს, რომ მშენებლობისა და ჩაბარების ვადების დარღვევა გამოიწვევდა პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის დარიცხვას. მართალია, როგორც შესაგებლით, ასევე სააპელაციო/საკასაციო საჩივრებში, მოპასუხე/კასატორი ვადაგადაცილების საპატიო მიზეზების გამო სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებაზე უთითებდა, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოში მას დამატებითი შედავება ასევე წარდგენილი ჰქონდა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ დიდ ოდენობასთან დაკავშირებითაც, რის თაობაზეც, მოპასუხის შედავების არსებობის პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მართებულად დააკმაყოფილა.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია მენარდის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „მ.დ–ს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.ს–ის მიერ 05.04.2024 წელს #1219 საგადახდო დავალებით გადახდილი 933 ლარის 70% - 653.1 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური