საქმე №ას-331-2024 28 ივნისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ს.გ.წ.კ–ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ს.გ.წ.კ–იამ“ (შემდგომ - დამზღვევი, მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.ე.ჯ–იის“ (შემდგომ - მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია, მოპასუხე, აპელანტი) მიმართ 19 585.80 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის - 389 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მხარეებს შორის, 2019 წლის 17 მაისს დადებული სადაზღვევო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ CT-051703 ხელშეკრულებით მოსარჩელის ბალანსზე არსებული ავტომანქანა, სახ. ნომრით ......., დაიზღვა. 2019 წლის 19 ივნისს, უფლებამოსილი პირი, კ.ჩ–ძე (შემდგომ - მძღოლი), ფხიზელი, დასაშვები სიჩქარით მართავდა დაზღვეულ ავტომანქანას, როდესაც მძღოლის მარტივი გაუფრთხილებლობით წარმოიშვა ავტოსაგზაო შემთხვევა, კერძოდ, გვერდით მოძრაობდა დიდი სატვირთო ავტომობილი, რომელიც მკვეთრად მანევრირებდა და მასთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, მძღოლმა შეცვალა მიმართულება, თუმცა დროულად ვერ შენიშნა მის წინ გაჩერებული ავტომობილი MITSUBISHI DELICA, სახ. ნომრით .... და დაეჯახა. მოსარჩელემ ამ უკანასკნელი ავტომობილის მძღოლს აუნაზღაურა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი.
3. 2019 წლის 24 ივნისს, მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა დაზღვეულ ავტომობილზე ავტოსაგზაო შემთხვევიდან გამომდინარე სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე. მოპასუხემ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე.
მოპასუხის შესაგებელი
4. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოსარჩელის ავტომანქანის მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. ამდენად, მზღვეველი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 19 585,80 ლარის, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის - 587,58 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის - 389 ლარის გადახდა.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 784 ლარის, ამ უკანასკნელისათვის ანაზღაურება.
8. პალატის მითითებით, მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება, რომ უფლებამოსილი მძღოლი მოძრაობდა ინტენსიური მოძრაობის მაგისტრალზე, როდესაც უკნიდან დაეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, გადაადგილდა და დაეჯახა მის წინ მდგომ სხვა ავტომანქანას. დადგენილია, რომ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეულ პირად მიჩნეულ იქნა დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი, რაც ამ უკანასკნელს სადავოდ არ გაუხდია. საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი („მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“) და მე-11 პუნქტების („იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელად დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა“) მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ იარსებებდა.
9. წარმოდგენილი სარჩელი არსებითად ემყარება იმ გარემოებას, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის წინაპირობა შექმნა დაზღვეული ავტომობილის გვერდით მკვეთრად მოძრავმა დიდმა სატვირთო ავტომობილმა, ხოლო მძღოლმა მასთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით შეცვალა მიმართულება, თუმცა დროულად ვერ შენიშნა მის წინ გაჩერებული ავტომობილი და შეეჯახა. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოება მძღოლის ბრალეულობის მარტივ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა, რისი მტკიცების ტვირთიც მოსარჩელე მხარეს აწევს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საპატრულო პოლიციის სამხრე კამერის ჩანაწერებზე მიუთითა. სააპელაციო პალატამ გამოიკვლია პოლიციელის სამხრე კამერის ჩანაწერი და დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნულ ჩანაწერში დიდი სატვირთო ავტომობილის არსებობის შესახებ განმარტა მხოლოდ თავად მძღოლმა, რომელიც საქმის შედეგით დაინტერესებულ მხარეს (მოსარჩელის თანამშრომელს) წარმოადგენს. შესაბამისად, მისი ახსნა-განმარტება ვერ გამოდგებოდა სადავო გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის საკმარის საფუძვლად. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის განსჯით, მოსარჩელემ ვერ წარადგინა სათანადო და განკუთვნადი მტკიცებულებები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მძღოლის წინ მდგარი ავტომობილისათვის უკნიდან შეჯახება გამოწვეული იყო გვერდზე მოძრავი დიდი სატვირთო ავტომობილის მკვეთრი მანევრით, როდესაც მძღოლმა მასთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, შეცვალა მიმართულება, თუმცა დროულად ვერ შენიშნა მის წინ გაჩერებული ავტომობილი და შეეჯახა. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მძღოლი მოძრაობდა რა ინტენსიური მოძრაობის ზოლში, უჩვეულოდ მაღალი ხარისხით დაარღვია სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები და უკნიდან შეეჯახა გაჩერებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას (რომელიც, თავის მხრივ, ინერციით შეეჯახა მის წინ მდგომ სხვა ავტომანქანას), რაც ვერ შეფასდებოდა მარტივ გაუფრთხილებლობად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მოპასუხის უარი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე საფუძვლიანად მიიჩნია, ვინაიდან მოსარჩელე კომპანიის უფლებამოსილი მძღოლი ავტოსაგზაო შემთხვევისას მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, რაც მზღვეველს ანიჭებდა უფლებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 829-ე მუხლის საფუძველზე, უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას, როგორც უხეში გაუფრთხილებლობის განმარტების, ისე მტკიცების ტვირთის განაწილების კუთხით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უხეში გაუფრთხილებლობა მარტივი გაუფრთხილებლობისგან გამიჯნულია და განმარტებულია, რომ მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, ასევე, როდესაც პირის ფსიქიკური დამოკიდებულება ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ არ არის იმ ხარისხის ბრალეულობა, რაც მის უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევის საფუძველს ქმნის. ქართველი კანონმდებელი, მსგავსად გერმანელი და შვეიცარიელი კანონმდებლისა, მარტივ გაუფრთხილებლობას არ მიიჩნევს სსკ-ის 829-ე მუხლის გამოყენების, ე.ი მზღვევლის სადაზღვევო ანაზღაურებისაგან განთავისუფლების საფუძვლად.
13. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება არცერთი ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, დაედგინა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა. სასამართლო საქმის განხილვის დროს არაერთხელ აპელირებდა იმაზე, რომ ბრალის თეორიის მიხედვით, უკნიდან შეჯახება წარმოადგენდა ბრალეულ დარღვევას (რაც, ფაქტობრივად, სადავო არც იყო, სადავო იყო ბრალის ხარისხი და არა მისი არსებობა/არარსებობა). შესაბამისად, ფაქტობრივად აცხადებდა იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უკნიდან შეჯახება იყო აუცილებლად უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება (რასაც დააყრდნო კიდეც გადაწყვეტილება), რომელიც არ შეესაბამება საკასაციო სასამართლოს განმარტებებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.
17. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ შესრულებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე ვალდებულება; სადაზღვევო შემთხვევით დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.
18. მზღვეველი სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს იმ საფუძვლით, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით.
19. სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან ვლინდებოდა უხეში გაუფრთხილებლობა თუ მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ.: სუსგ №ას-1479-2019, 21.01.2020წ.; №ას-1091-2022, 23.02.2023წ.; №ას-1198-2023, 10.01.2024წ.).
20. სამოქალაქო კანონმდებლობა არ ქმნის უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-865-2023, 29.09.2023წ.; №ას-422-2023, 9.11.2023წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ.: სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.; №ას-499-2023, 7.06.2023წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის დაუთმობლობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელი მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1091-2022, 23.02.2023წ.). ამდენად, დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევები ვიწროდ უნდა განმარტოს, იმგვარად, რომ მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება არ წახალისდეს და ამით საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.
21. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2019 წლის 19 ივნისს დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი დასაშვები სიჩქარით, ფხიზელი მართავდა ავტომანქანას TOYOTA HILUX-ს, სახელმწიფო ნომრით ...., როდესაც შემთხვევისას შეეჯახა ავტოსატრანსპორტო საშუალებას MITSUBISHI DELICA სახელმწიფო ნომრით - ...... ავტოსატრანსპორტო შემთხვევაში, სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი, რაზეც გაფორმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელიც მხარეს არ გაუსაჩივრებია. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, რამდენადაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და უკანა მხრიდან შეეჯახა გაჩერებულ ავტომობილს.
22. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას და მიუთითებს, რომ მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა არ შეიძლება გახდეს წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევად მიჩნევის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როცა უფლებამოსილი მძღოლი ავტომანქანას მართავდა ფხიზელი, დასაშვები სიჩქარით. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც მძღოლის უჩვეულოდ მაღალი ხარისხით უყურადღებობასა და დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევას დაადასტურებდა, მზღვეველს არ წარმოუდგენია, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მას ევალებოდა.
23. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა სათანადო და განკუთვნადი მტკიცებულებები იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შეჯახება გამოწვეული იყო გვერდზე მოძრავი დიდი სატვირთო ავტომობილის მხრიდან შესრულებული მკვეთრი მანევრით, საკასაციო პალატის განსჯით, როდესაც სააპელაციო პალატამ პოლიციელის სამხრე კამერის ჩანაწერი სათანადო მტკიცებულებად არ მიიჩნია, ხოლო შემთხვევის ადგილი ვერ დააფიქსირა კამერამ, მოსარჩელისათვის სხვა მტკიცებულების წარდგენის ტვირთვის დაკისრება გაუმართლებელია. მართალია, სსსკ-ის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, პოზიტიური მტკიცების ტვირთი ევალება იმ მხარეს, რომლის ინტერესებშიცაა ამ ფაქტის დადასტურება, თუმცა მისთვის ობიექტურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულების წარდგენა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სხვა მტკიცებულების წარდგენა მოსარჩელეს არ ხელეწიფებოდა.
24. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ერთობლიობა იძლევა მძღოლის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას, დამზღვევის მხრიდან არ ვლინდებოდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევა და არამართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლების კასატორის მიერი განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსსაც, რადგანაც ასეთი მიდგომა შესაძლებლობას ქმნის, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევის ნებისმიერი მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდეს და მზღვეველმა არ აანაზღაუროს წარმოშობილი ზიანი (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-595-2022, 28.04.2023წ.). კიდევ ერთხელ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უმნიშვნელოვანესია სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ მზღვეველები პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებაზე არაკეთილსინდისიერად არ წახალისდნენ და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს (იხ.: სუსგ №ას-1479-2019, 21.01.2020წ.; №ას-595-2022, 28.04.2023წ.). განსახილველ შემთხვევაში კი, აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევის დამადასტურებელი დამატებითი ფაქტორების გარეშე, მხოლოდ დაზღვეული ავტომანქანის მეორე ავტომანქანისათვის უკნიდან შეჯახების უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევა, ნორმით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევის ვრცლად განმარტება იქნებოდა.
26. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს.
27. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
28. განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრება მოსარჩელის მიერ სარჩელსა და საკასაციო საჩივრისათვის გაღებული სახელმწიფო ბაჟის - 1 368.3 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ს.გ.წ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ს.გ.წ.კ–იის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ დაეკისროს 19 585,80 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის - 389 ლარის გადახდა შპს „ს.გ.წ.კ–იის“ სასარგებლოდ;
5. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ დაეკისროს 1 368.3 ლარის გადახდა შპს „ს.გ.წ.კ–იის“ სასარგებლოდ;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე