საქმე №ას-384-2024 14 ივნისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ფ.ჭ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა, ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფ.ჭ–ძემ (შემდეგ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი), შპს „ჯ.ა.დ–ის“ (შემდგომ - მეორე მოპასუხე), ბ.ო–ის (შემდგომ - მესამე მოპასუხე) და სს „ბ.მ.ვ.გ.ს.ს.თ–ის“ საქართველოს წარმომადგენლობას (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა და ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; თბილისში, ..... მდებარე №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში, მეშვიდე სართულზე, +19,20 ნიშნულზე, 96.12 კვ.მ საცხოვრებელი ბინის (№000761923 ექსპერტიზის დასკვნის დანართი №4) მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე და ამ უკანასკნელის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთი გათავისუფლდა №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღისაგან, რაც პირველმა მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით, პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40.1 მუხლსა და ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე და განმარტა, რომ უძრავი ნივთი აშენებულია მენარდის (მეორე მოპასუხის) მიერ და შემკვეთის მიერ ნარდობის საზღაური გადახდილია, შესაბამისად, მენარდეს შემკვეთისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება წარმოეშვა, რასაც არც ეს უკანასკნელი უარყოფს, თუმცა შემკვეთს ვერ გადაეცა ქონება ობიექტურ გარემოებათა გამო, რაც გამოწვეულ იქნა თავდაპირველად საჯარო რეესტრში საჭირო დოკუმენტაციის დროულად წარუდგენლობით, ხოლო შემდგომ უკვე ქონების დაყადაღებით და საგადასახადო ვალდებულების რეგისტრაციით. ამდენად, სადავო ნივთი არ ეკუთვნის მოვალეს (წინამდებარე საქმეში მეორე მოპასუხეს), არამედ ექვემდებარება შემკვეთისათვის (მოსარჩელისათვის) საკუთრებაში გადაცემას. ამასთან, სასამართლოს მითითებით, მართალია, ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში მოვალის სახელზე, თუმცა მსგავს ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეს შესრულებული აქვს ფულადი ვალდებულება - გადახდილი აქვს შეთანხმებული საზღაური, უპირატესობა მოპასუხეებთან მიმართებით მოსარჩელეს უნდა მიენიჭოს.
5. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც თავისი არსით ნარდობის გარიგება იყო, არ მოითხოვდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 183-ე მუხლით დადგენილი წერილობითი ფორმის დაცვასა და შემძენზე განსაზღვრული საკუთრების უფლების, თუნდაც სამომავლო უფლების რეგისტრაციას.
6. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქმეში არ გამოკვეთილა და არც აპელანტი მხარე არ მიუთითებს, რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც სასამართლოს მოსარჩელისა და მოპასუხე კომპანიის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველს შეუქმნიდა. წინამდებარე საქმის ფაქტები და დადგენილ გარემოებათა ქრონოლოგია, ქმნის იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი – ქონების გათავისუფლება რეგისტრირებული ყადაღისაგან.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება პირველმა მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. კასატორის სადავოდ ხდის მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოწინააღმდეგე მხარის მიერ თანხის ჩარიცხვას და მიუთითებს, რომ ამ უაკანასკნელის მიერ ხელშეკრულების არსებითი პირობა - თანხის გადახდა მეორე მოპასუხისათვის არ დასტურდება, რაც იმთავითვე გამორიცხავს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვებას.
9. კასატორი სსკ-ის 477-ე, 183-ე, 311.1 მუხლებზე მითითებითვე განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი ადასტურებს არა მხოლოდ ქონებაზე უფლების წარმოშობას, არამედ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებისა და აღნიშნული ქონების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნის კანონიერება.
15. ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 და 32.2 მუხლებიდან (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს).
16. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაპყრობს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკისკენ, კერძოდ, ამ კატეგორიის დავებზე სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (იხ.: სუსგ №73-2019, 24.12.2020წ.).
17. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხელშეკრულების არსებითი პირობა - თანხის გადახდა მეორე მოპასუხისათვის არ დასტურდება, რაც იმთავითვე გამორიცხავს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვებას.
18. საკასაციო პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ 2016 წლის 7 სექტემბერს, ერთი მხრივ, მეორე მოპასუხეს, როგორც გამყიდველს და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს, როგორც მყიდველს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამყიდველმა აიღო ვალდებულება, მყიდველისათვის გადაეცა საკუთრების უფლება მშენებარე მრავალბინიან სახლში, №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, მდებარე - ქ. თბილისში, ......... სართული, ბინა საოფისე ფართიდან 105 კვ.მ. ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარით (ახალი საკადასტრო კოდი №........). ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვითაც ნასყიდობის საგნის ღირებულება (40 000 აშშ დოლარი) გადაიხდებოდა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარემ 2016 წლის 8 სექტემბერს 40 000 აშშ დოლარი გ.ც–ძის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა. უდავოა, რომ ეს უკანასკნელი მეორე მოპასუხე კომპანიის დირექტორი და 100% წილის მესაკუთრეა. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მეორე მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოწინააღმდეგე მხარის მიერ თანხის გადახდის ფაქტი და როგორც წარდგენილი შესაგებლით, ასევე, სასამართლოს სხდომაზე გამოხატული პოზიციით მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვალდებულების შესრულებაზე მიუთითა. აღნიშნული ფაქტი არც კასატორს გაუხდია სადავოდ წარდგენილი შესაგებლით და მხოლოდ მეორე მოპასუხის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების არსებობის გამო ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებისა და ყადაღის კანონიერების მტკიცებით შემოიფარგლა, რაც ზემოაღნიშნული გარემოებებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373.2 მუხლის (თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი) (იხ.: №ას-1986-2018, 28.12.2020წ.) საფუძველზე გამორიცხავს კასატორის პრეტენზიის საფუძვლიანობას, შესაბამისად, დგინდება, მოსარჩელის მიერ მეორე მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რის საფუძველზეც მეორე მოპასუხეს შემხვედრი ვალდებულების შესრულების - ქონების მოსარჩელისათვის გადაცემის ვალდებულება წარმოეშვა.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულია მოსარჩელესა და მეორე მოპასუხე კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნარდობად მიჩნევის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს შეფასებაც (იხ.: სუსგ №ას-1596-2018, 18.11.2020წ.).
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ხელშეკრულების არსის გამორკვევისთვის განმსაზღვრელია არა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფორმა და სახელწოდება, არამედ, თუ რა მიზანს ისახავდნენ კონტრაჰენტი მხარეები. სსკ-ის 52-ე მუხლი ადგენს განსჯის შედეგად ნების დადგენის პრინციპს და გამორიცხავს ნების სიტყვასიტყვითი გაგების პრინციპის გამოყენებას. გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენა მოითხოვს იმის გარკვევას, თუ რა იგულისხმეს გარიგების მონაწილეებმა გამოხატულ ნებაში, ეს კი იძლევა შესაძლებლობას, რომ უპირატესობა მიენიჭოს მათ ნებას და არა გარიგებაში სიტყვიერად გამოხატულს (falsa demonstratio non nocet - მცდარი სახელწოდება არ ახდენს გავლენას მხარეთა შეთანხმების შინაარსზე), ამასთან, ნების გამოვლენის ინტერპრეტაციისათვის აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, თუ რა საბოლოო შედეგს ისახავდა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მიზნად (იხ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, გვ. 305) (იხ. სუსგ №ას-625-625-2018, 31.10.2018წ.; №ას-611-2020, 26.01.2022წ.).
20. პალატის მოსაზრებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით საკითხი ეხება საცხოვრებელი ბინის აშენებას და ამასთან, მკაფიოდ არის იდენტიფიცირებადი მოსარჩელისათვის მხარეთა შეთანხმების შესაბამისი, ასაშენებელი საცხოვრებელი ფართი, აშკარაა მხარეთა შორის სწორედ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, შესაბამისად, ვინაიდან უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც თავისი არსით ნარდობის გარიგება იყო, არ მოითხოვდა სსკ-ის 183-ე მუხლით განსაზღვრული საკუთრების უფლების, თუნდაც სამომავლო უფლების, რეგისტრაციას (იხ.: სუსგ №ას-871-821-2015, 5.02.2016წ.; №ას-611-2020 26.01.2022წ.).
21. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 629.2 მუხლზე (თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები) და აღნიშნავს, რომ, ვინაიდან შემკვეთის მიერ გადახდილია შეთანხმებული საზღაური, მენარდეს წარმოეშვა შემკვეთისათვის მხარეთა შორის განსაზღვრული საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება, თუმცა, მისი გადაცემა ვერ მოხდა ქონებაზე ყადაღის არსებობის გამო. ამასთან, დადასტურებული არ არის, რომ კრედიტორის უფლება მოსარჩელის უფლებაზე ადრე წარმოიშვა.
22. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულად დაკმაყოფილდა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარჩელის სარჩელი.
23. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ სუსგ №ას-871-821-2015, 5.02.2016წ.; №ას-611-2020 26.01.2022წ.).
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
28. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე