საქმე №ას-654-2024
28 ივნისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „M g.“ (აპელანტი, მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ძე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შეთანხმების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტილად აღიარება 2022 წლის 29 ივნისიდან, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მ.მ–ძის სარჩელი შპს ,,M g.“-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
1.1. შპს ,,M g.”-ს (ს/ნ ........) მ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის აპრილში ასანაზღაურებელი - 4900 (ოთხი ათას ცხრაასი) ლარის და არაუგვიანეს 16 მაისს ასანაზღაურებელი - 9800 (ცხრა ათას რვაასი) ლარის გადახდა, რაც ჯამურად შეადგენს 14 700 (თოთხმეტი ათას შვიდასი) ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
1.2. შპს ,,M g.”-ს მ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის არაუგვიანეს 16 ივნისს ასანაზღაურებელი 9 800 (ცხრა ათას რვაასი) ლარის გადახდა (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
1.3. შპს ,,M g.”-ს (ს/ნ .......) მ.მ–ძის (პ/ნ .......)
სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის 17 ივნისიდან 29 ივნისამდე ასანაზღაურებელი - 3 920 (სამი ათას ოცი) ლარის შრომითი ანაზღაურების გადახდა (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე). საერთო ჯამში სახელფასო დავალიანება 28 420 (ოცდარვა ათას ოთხას ოცი) ლარის ოდენობით (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
1.4. შპს ,,M g.”-ს მ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის მარტის თვეში ასანაზღაურებელი თებერვლის თვის სახელფასო ანგარიშსწორების 9 800 (ცხრა ათას რვაასი) ლარის ( კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 05 დღით დაყოვნებისათვის, (ჩაირიცხა 2022 წლის 22 მარტს) პირგასამტეხლოს გადახდა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის ოდენობით - საერთო ჯამში 34.3 (ოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარი;
1.5. შპს ,,M g.”-ს მ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის აპრილის თვეში ასანაზღაურებელი მარტის თვის სახელფასო ანგარიშსწორების 9 800 (ცხრა ათას რვაასი) ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) 02 (ორი) დღიანი დაყოვნებისათვის (ჩაირიცხა ნახევარი 2022 წლის 19 აპრილს) პირგასამტეხლოს გადახდა თითოეულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის ოდენობით - საერთო ჯამში 13.72 (ოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარი;
1.6. შპს ,,M g.”-ს მ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო ანგარიშსწორების, 2022 წლის აპრილის თვეში ასაღები მარტის თვის დარჩენილი სახელფასო სარგოს - 4 900 (ოთხი ათას ცხრაასი) ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) დაყოვნების ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს გადახდა დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის ოდენობით, 2022 წლის 19 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.7. შპს ,,M g.”-ს მ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო ანგარიშსწორების, 2022 წლის მაისის თვეში ასაღები სახელფასო სარგოს - 9 800 (ცხრა ათას რვაასი) ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) დაყოვნების ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს გადახდა დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის ოდენობით, 2022 წლის 17 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.8. შპს ,,M g.”-ს მ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო ანგარიშსწორების, 2022 წლის ივნისის თვეში მისაღები სახელფასო სარგოს - 9 800 (ცხრა ათას რვაასი) ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს გადახდა დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის ოდენობით, 2022 წლის 17 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.9. შპს ,,M g.”-ს მ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო ანგარიშსწორების, 2022 წლის 17 ივნისიდან 29 ივნისამდე სახელფასო სარგოს - 3 920 (სამი ათას ოცი) ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) დაყოვნების ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს გადახდა დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის ოდენობით, 2022 წლის 29 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შპს ,,M g.“-ის შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ შპს ,,M g.“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით შპს „M g.“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
3. აღნიშნული განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „M g.“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით შპს „M g.“-ს საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და შპს „M g.“-ს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 07 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა. დასაბუთებული საკასაციო საჩივრის დედანი უფლებამოსილი პირის მიერ პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერითა და დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნის (კასაციის განაცხადი) მითითებით; ბ. დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 და არაუმეტეს 8 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
4. აღნიშნული ვადის დაცვით, კასატორმა მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის დედანი უფლებამოსილი პირის მიერ პირადი ხელმოწერითა და დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნის (კასაციის განაცხადი) მითითებით და ასევე, 1671 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი.
5. დაზუსტებულ საკასაციო მოთხოვნაში (კასაციის განაცხადი) კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებაზე და შესაბამისად მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ასევე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ განუხილველი უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ იგი დაინტერესებულმა მხარემ არ გაასაჩივრა. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა (გაგრძელება) დაუშვებელია (სსსკ-ის 369.1 მუხლი), ხოლო ვადის დარღევით საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას. იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრების ვადის გასვლის მიუხედავად, მხარე მაინც გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით, სააპელაციო სასამართლო საჩივარს განუხილველად დატოვებს სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა, შპს „M g.“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა (ტ.2. ს.ფ. 10) მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუქნტი, რომლის მიხედვითაც შპს „M g.“-ს შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა აპელანტის მიერ არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, კანონიერ ძალაშია შესული.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება ან შეცვლა დაუშვებელია იმ წესით, რაც დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონიერ ძალაში შესვლამდე (სსსკ-ის 364-ე, 391-ე მუხლები). აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო ან საკასაციო წესით დაუშვებელია, ხოლო, თუ დაინტერესებული პირი მაინც შეიტანს სააპელაციო ან საკასაციო საჩივარს, სასამართლომ იგი განუხილველად უნდა დატოვოს.
10. როგორც ზემოთ აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც შპს „M g.“-ს შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა კანონიერ ძალაშია შესული. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი დაზუსტებულ საკასაციო მოთხოვნაში უთითებს, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთანავე, ითხოვს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას. ამდენად, ცალსახაა, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, კასატორის მიერ არ გასაჩივრებულა სააპელაციო საჩივრით, აღნიშნული მოთხოვნა „პირდაპირი“ ანუ „ნახტომისებური კასაციის“ პრინციპის დაუშვებლობიდან გამომდინარე უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3, 401-ე, 284-ე 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „M g.“-ს საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებაზე, შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, დარჩეს განუხილველი
2.. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე